ბალფურის დეკლარაცია
ბალფურის დეკლარაცია — 1917 წლის 2 ნოემბერს გამოქვეყნებული დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ბრიტანეთის იმპერია მხარს უჭერდა ისრაელის მიწაზე (პალესტინაში) „ებრაელი ხალხისათვის ეროვნული კერის“ ჩამოყალიბებას.
პალესტინაში ებრაელთა ლეგალურად დასახლების უფლებაზე 1917 წლიდან დაიწყო მოლაპარაკება დიდი ბრიტანეთის მთავრობასა და სიონისტურ ფედერაციას შორის, რომელსაც ძალიან აქტიურად წარმოადგენდა ამ ფედერაციის პრეზიდენტი, შემდგომში ისრაელის სახელმწიფო პირველი პრეზიდენტი ხაიმ ვაიცმანი. 1917 წლის 2 ნოემბერს, დიდი ბრიტანეტის მთავრობის სახელით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორდმა ბალფურმა სიონისტური ფედერაციისათვის გასაცნობი საბოლოოდ შეთანხმებული ტექსტი გაუგზავნა ცნობილი ბანკირების, როტშილდების ბრიტანული შტოს წარმომადგენელს, ლორდ როტშილდს.
დეკლარაციის ტექსტი
რედაქტირებააღსანიშნავია, რომ 1917 წლის 4 ივნისს, საფრანგეთის მთავრობამაც მისცა წერილობითი დაპირება სიონისტებს, რომელთაც ნაჰუმ სოკოლოვი წარმოადგენდა, რომ იგი მხარს დაუჭერდა ებრაელი ერის აღორძინებას იმ მიწაზე, საიდანაც ისრაელის ხალხი განიდევნა მრავალი საუკუნის წინ. ამ დოკუმენტმა, თუმცა ის ბუნდოვანი იყო (განსაკუთრებით გეოგრაფიულად: კონკრეტულად არ ზუსტდებოდა ის მიწა, რომელსაც გულისხმობდნენ ტექსტის ავტორები), გარკვეული იმპულსი მისცა დიდი ბრიტანეთის მთავრობას, საკუთარი გარანტიები (ასევე საკმაოდ ბუნდოვანი) მიეცა სიონისტებისათვის.
„ბალფურის დეკლარაციის“ გამოქვეყნებით, ლონდონი ცდილობდა დაესწრო ბერლინისათვის, რომელიც ასევე ცდილობდა ებრაელობის მხარდაჭერის მოპოვებას. გერმანიის მთავრობამაც გამოაქვეყნა ანალოგიური დეკლარაცია 1918 წლის 5 იანვარს, რომელსაც ისრაელში გამოცემული ენციკლოპედია „ნელთბილს“ უწოდებს (Sela 1999,160)
ბრიტანულ დოკუმენტს მეტი მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან სწორედ ბრიტანელებმა დაიპყრეს პალესტინა და „ბალფურის დეკლარაცია“ პრაქტიკაში მათ განახორციელეს.
ბრიტანეთის მთავრობამ ეს დოკუმენტი გამოაქვეყნა იმ იმედით, რომ ამერიკის ებრაელობის მხარდაჭერას მოიპოვებდა აშშ-ის მსოფლიო ომში ჩასაბმელად. გარდა ამისა, ლონდონი მიიჩნევდა, რომ ამით დააჯერებდა რუსეთის ებრაელობას, გავლენა მოეხდინათ რუსეთის მთავრობაზე ომში მონაწილეობის გასაგრძელებლად.
რაც შეეხება შორს მიმავალ გეოპოლიტიკურ გეგმებს, ბრიტანეთის მთავრობა, როგორც ჩანს, მიიჩნევდა, პალესტინაში ებრაული კერის შექმნა გაზრდიდა ლონდონის გავლენას ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიაზე. უნდა ითქვას, რომ „ბალფურის დეკლარაციამ“ თავიდანვე არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია. ის სიხარულით მიიღო მსოფლიო ებრაელობამ, მაგრამ არ ცნო არც ერთი არაბული ქვეყნის მთავრობამ. ზოგიერთი არაბი მოღვაწე იმასაც კი ამბობდა, რომ „ბალფურმა მისცა მიწა, რომელიც მას არ ეკუთვნოდა, ხალხს, რომელსაც მასზე უფლება არ ჰქონდა“. მეორე მსოფლიო ომის შემდგომი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბევინს უთქვამს, რომ „ბალფურის დეკლარაცია იყო ბრიტანული საგარეო პოლიტიკის უდიდესი შეცდომა მეოცე საუკუნეში“.
1918 წელს, „ბალფურის დეკლარაცია“ საფრანგეთმა და იტალიამ ცნეს. ის შეიტანეს სევრის ხელშეკრულებაში (1920 წ). 1922 წელს მას დაეთანხმა აშშ-ის კონგრესი. 1922 წელსვე ის აისახა ერთა ლიგის მიერ რატიფიცირებულ დოკუმენტში, რომლის ძალითაც, პალესტინის მართვის მანდატი მიეცა დიდ ბრიტანეთს. ამრიგად, „ბალფურის დეკლარაციამ“ საერთაშორისო ვალდებულების ხასიათი შეიძინა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Original article reprinting the declaration from The Times, November 9, 1917[მკვდარი ბმული]
- Balfour Declaration lexicon entry Knesset website (ინგლისური)
- Happy Birthday Balfour Declaration- 91 Years Later- Jerusalem Post დაარქივებული 2011-06-24 საიტზე Wayback Machine.
- Text of the 1922 White Paper დაარქივებული 2001-11-07 საიტზე Wayback Machine. from the Avalon Project
- Donald Macintyre, The Independent, 26 May 2005, "The birth of modern Israel: A scrap of paper that changed history" დაარქივებული 2008-08-30 საიტზე Wayback Machine.
- Avi Shlaim. The Balfour Declaration and Its Consequences. ციტირების თარიღი: 2007-06-21.
- Balfour: 117 words that changed the face of the Middle East დაარქივებული 2013-06-20 საიტზე Wayback Machine.
- From the Balfour Declaration to Partition … to Two States? დაარქივებული 2013-07-03 საიტზე Wayback Machine.
- Theodore Herzl and Rev. William Hechler and the Zionist Beginnings
- http://www.jewish-american-society-for-historic-preservation.org/images/Brandeis_Blackstone_article.doc
ლიტერატურა
რედაქტირება- რ. გაჩეჩილაძე — ახლო აღმოსავლეთი. სივრცე, ხალხი, პოლიტიკა. თბილისი — 2008