ჭიათურის მიწერილი სანადირო მეურნეობა
ჭიათურის მიწერილი სანადირო მეურნეობა — მიწერილი სანადირო მეურნეობა საქართველოს სსრ ჭიათურის რაიონში. რაიონის მონადირეთა საზოგადოებაზე მიწერილი იყო 12 000 ჰექტარი სანადირო სავარგული. მას აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა საჩხერის რაიონი, დასავლეთით — ზესტაფონის, თერჯოლისა და ტყიბულის რაიონები, ჩრდილოეთით — ამბროლაურის რაიონი, სამხრეთით — ორჯონიკიძის რაიონი. იგი იმერეთის მაღლობზე იყო მოთავსებული. ეს ადგილები ტყით ძლიერ ღარიბი იყო.
სანადირო ცხოველებიდან ძლიერ მცირე რაოდენობით მოიპოვებოდა შველი, კურდღელი, მაჩვი, ტურა, მელა და სხვ.; გადამფრენი ფრინველებიდან — მწყერი და ტყის ქათამი. რაიონის მონადირეები არ იყვნენ დაკმაყოფილებული ადგილობრივი სანადირო ობიექტებით და მეტწილად მეზობელ რაიონებში ნადირობდნენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვ. ბურჯანაძე, მონადირის ცნობარი, გვ. 198, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1969.