ჭაჭუნის ვაკის მეორე გორასამარხი
ჭაჭუნის ვაკის მეორე გორასამარხი — ყვარლის მუნიციპალიტეტის, სოფელი ჭაჭუნის არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს დედოფლისწყაროს დასავლეთით 50-52 კილომეტრზე, მდინარე ივრის მარცხენა ნაპირას, დალის მთის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე. თარიღდება ადრინდელ და შუა ბრინჯაოს ხანით. 1985, 1989, 1990 და 1991 წლებში გაითხარა 14 გორასამარხი. პირველი ჯგუფის შესწავლილი ოთხი ქვაყრილიანი გორასამარხიდან სამი გაძარცვული იყო.
აღწერა
რედაქტირებაგორასამარხი N1 მიეკუთვნება ცრუ სამარხს.
N2 გორასამარხში, მიწის ზედაპირიდან 1 მეტრ სიღრმეზე, აღმოჩნდა კუთხეებმომრგვალებული დასაკრძალავი ორმო, რომელიც სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით იყო დამხრობილი. მასში დიდი რაოდენობით ქვა იყო ჩაზვინული. ორმოს იატაკი განმარხებული ჰუმუსიდან 1.65 მეტრზე სიღრმეზე ჰქონდა. ორმოში აღმოჩნდა ბრინჯაოს ხვიის ფრაგმენტი და პირამიდულთავიანი, ოთხწახნაგა ღეროს მქონე ისრისპირი, გიშრისა და სარდიონის მძივი. გადარჩენილი იყო მხოლოდ თავის ქალას ფრაგმენტები და ქვედა კიდურის ძვლები.
N3 გორასამარხში ქვაყრილი მხოლოდ დასაკრძალავ ორმოს ჰქონდა. დანარჩენი მიწაყრილი იყო. სამარხი სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავმეთით იყო დამხრობილი.
N4 გორასამარხის დასაკრძალავი ორმო მიწის ზედაპირიდან 1.5 მეტრით ზემოთ მდებარეობდა და დამხრობილი იყო სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთისკენ. კედლის გასწვრივ ესვენა მიცვალებული, რომელიც თავით სამხრეთ-დასავლეთით იყო მიმართული. სამარხის ცენტრალურ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში გამოვლინდა ბრინჯაოს ბოთლისებრი ექვსი ნივთი გამჭოლი ხვრელებითა და გარშემო რელიეფური წერტილებით. ბრინჯაოსავე ყუნწმოტეხილი სატევარი, მიცვალებულის მკერდის არეში - ოქროს თხელი ფურცლისგან დამზადებული მძივები. ოქროსავე მასიური სასაფეთქლე ხვია, სარდიონის სამი მძივი. სამარხში დადასტურდა თიხის რვა ჭურჭელიც.
ქვაყრილიანი იყო ძველი წელთაღრიცხვით III ათასწლეულის დასასრულის N5 გორასამარხი, რომელშიც დასაკრძალავი ორმო ზედაპირიდან 1.5 მეტრ სიღრმეზე გამოვლინდა. ორმო სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთით იყო მიმართული. მის აღმოსავლეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილებში აღმოჩნდა ხის ნაშთები. ორმოს ცენტრში მიცვალებული, რომელიც ესვენა თავით აღმოსავლეთისკენ, ძლიერ მოხრილი კიდურებით. მიცვალებულის ქვედა კიდურებთან გამოვლინდა თიხის ჭურჭელი და ბრინჯაოს ყუნწიანი სატევარი, ორმოს აღმოსავლეთ ნაწილში - სარეცლის კვალი.
იმავე ხანას განეკუთვნება ქვამიწაყრილიანი გორასამარხი N6. დასაკრძალავი აღმოჩნდა მიწის ზედაპირიდან 80 სანტიმეტრის სიღრმეზე, მისი იატაკი კი - განმარხებულ ჰუმუსიდან 1.8 მეტრ სიღრმეზე. ორმო დამხრობილი იყო სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ. მის ცენტრში დადასტურდა ძლიერი ჩაშლილი თავის ქალა, ბარძაყის ძვლები. ყელის არეში - სარდიონის ბრტყელი მძივები, პასტის იოტები და ბრინჯაოს ხვიები. ორმოს აღმოსავლეთ ნაწილში - ერთი თიხის ჭურჭელი. ბრინჯაოს სატევარი ყუნწისა და ფოთლისებრი პირით. ამ გორასამარხშიც გამოვლინდა ხის კვალი, სავარაუდოდ, სარეცლის ნაშთი.
კენოტაფს უნდა წარმოადგენდეს ძველი წელთაღრიცხვით III ათასწლეულის მეორე ნახევრის შუახანების N7 გორასამარხი. მასში გამოვლინდა თიხის ჭურჭელი და ბრინჯაოს პირამიდულთავიანი ისრისპირი. მიცვალებული არ აღმოჩენილა.
N7 გორასამარხის ჩრდილოეთით, 20 მეტრში მდებარეობდა შუა ბრინჯაოს ხანის N8 გორასამარხი. მიწის პირიდან 60-65 სანტიმეტრის სიღრმეზე აღმოჩნდა ქვის წრიული ყრილი, რომელსაც ჰქონდა შიდა წრე. დასაკრძალავი ორმო, რომელიც სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ იყო მიმართული, გამოვლინდა 1.65 მეტრ სიღრმეზე. სამარხში აღმოჩნდა თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, ძვლის რგოლი და საკიდი. ფრაგმენტულად იყო შემორჩენილი მიცვალებულის ჩონჩხი.
გორასამარხი N9 აღმოჩნდა N5 გორასამარხის სამხრეთით, 20 მეტრის მოშორებით. გორასამარხს გარშემოუყვებოდა ვერტიკალურად დაყენებული ქვები. სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დადასტურდა მოზრდილი ქვების დარღვეული წრეები მიწის ზედაპირიდან 30 სანტიმეტრ სიღრმეზე. ცენტრში - ჩაშვებული სამარხის ნაშთი. სამარხის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში გამოვლინდა მიცვალებულის ძვლის და თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, ყუნწიანი, ყუნწზე ნახვრეტით, ბრინჯაოს სატევრის პირი. სამარხი გამართული იყო ცარიელი დასაკრძალავი ორმოს თავზე, რომელიც ზედაპირიდან 95 სანტიმეტრ სიღრმეზე აღმოჩნდა.
გორასამარხი N10 ცრუსამარხია.
N11 გორასამარხის ცენტრში, ზედაპირიდან 0.5 მეტრ სიღრმეზე, აღმოჩნდა დიდი ზომის ქვებით გადახურული, დასაკრძალავი ორმო. მისი იატაკი დადასტურდა განმარხებული ჰუმუსიდან 1 მეტრ სიღრმეზე. გამოვლინდა ხის ნაშთები. დასაკრძალავი ორმო ცარიელი იყო, მხოლოდ მის ჩრდილოეთ ნაწილში აღმოჩნდა წვრილფეხა საქონლის ძვლის ფრაგმენტები.
გორასამარხი N12 წარმოადგენდა ოდნავ შესამჩნევ ქვამიწაყრილიან ბორცვს, რომელშიც მიწის ზედაპირიდან 1.3 მეტრ სიღრმეზე გამოვლინდა დასაკრძალავი ორმო. ორმოს ცენტრში აღმოჩნდა მიცვალებულის თავის ქალის ფრაგმენტები. დაზიანებული იყო ჩონჩხიც, რის გამოც დაკრძალვის პოზის დადგენა ვერ მოხერხდა. ორმოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში გამოვლინდა ცხვრის მთლიანი ჩონჩხი, თავის ქალის ახლოს - წვრილფეხა საქონლის ძვლეგი, დადასტურდა 21 თიხის ჭურჭელი, მათგან 9 ჯამი მოწითალო და მოწითალო-მოყავისფროა. მათი უმრავლესობა ფართო, ოდნავ შიგნით გადახრილი პირითაა. გვხვდება ოდნავ პირმოყრილი და სწორპირიანი ჯამიც. ჭურჭელი ფართო და ბრტყელძირიანია. სამი ჯამის ძირი ოდნავ შეზნექილია. ერთ პირმოყრილ ჯამის პირს ამოღარული კონცენტრული ხაზი გარშემოუყვება. ჭურჭელი ნაძერწია უხეშად. მათი უმეტესობა ასიმეტრიულია. გორასამარხის შვიდი ქილიდან ორი შავპრიალაა, დანარჩენი - მოწითალო-მოყვისფრო, მოშავე-მოყავისფრო და მორუხო-მოყავისფრო შეფერილობის. ზოგ ჭურჭელს მრგვალი, კვერცხისებრი ან მხარში გაზიდული და ძირისკენ შევიწროებული მუცელი აქვს, ერთ ქილას - ოდნავ შეზნექილი ძირი. იგი სხვა ქილებისგან უხეში ძერწვითაც გამოირჩევა. მხოლოდ სამ ქილაზე გვხვდება ამოკაწრული კონცენტრული ხაზები, ტალღური და პრიალა ორნამენტი და ზემოდან დაძერწილი მეჭეჭისებრი კოპები. ქილის მხარს, კოპებთან ერთად, ხუთი მინიატურული ყურიც ამკობს. სამარხში გვხვდება მოშავო-მოყავისფრო, ყავისფრად ანგობირებული და გაპრიალებული, პირვიწრო, ყელდაბალი, მრგვალმუცლიანი ორი კოჭობი. ერთ მათგანს, ყელიდნ მხარზე გადასვლის ადგილას, ამოკაწრული ხაზი შემოსდევს, მეორეს - ოთხი ასეთი ხაზი, რომელთა შორის, ერთმანეთის საპირისპიროდ, მოკლე, ირიბი ხაზებია დატანილი. სამარხეული ორი ქოთნიდან ერთი მოყავისფრო-მოწითალოა, სუსტად ნაპრიალები, პირვიწრო და გადაშლილი, ყელდაბალი. მეორე ქოთანი შავპრიალაა, გადაშლილი პირით. ორივე ქოთნის შუაში გამობერილი მუცელი ძირისკენ შევიწროებულია. გორასამარხის კერამიკულ კომპლექსში დამზადების ტექნიკით და ფორმით გამოირჩევა შავი, სარკისებრნაპრიალები სურა ვიწრო, ოდნავ გადაშლილი პირით, მაღალი, სწორი ყელით, სფერული მუცლითა და ძირშეზნექილი დაბალი ქუსლით. სურას ყელზე მოსდევს რელიეფური სარტყელი.
გაძარცული იყო ქვამიწაყრილიანი გორასამარხი N13, რომელშიც ზედაპირიდან 1 მეტრ სიღრმეში გამოიკვეთა ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთით დამხობილი დასაკრძალი ორმო. მისი იატაკი დადასტურდა განმარხებული ბუმუსიდან 0.5 მეტრ სიღრმეზე.
ქვამიწაყრილიანივე იგო გორასამარხი N14. დასაკრძალავი ორმო აქაც 1 მეტრ სიღრმეზე აღმოჩნდა. მას წაგრძელებული ოვალის ფორმა ჰქონდა და ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ იყო დამხრობილი. ორმოს იატაკი გამოვლინდა განმარხებული ბუმუსიდან 0.8 მეტრ სიღრმეზე. მის ჩრდილოეთ ნაწილში დადასტურდა მიცვალებულოს თავის ქალის ფრაგმენტები, ქვედა კიდურების და მენჯის ძვალი. ძვლები არეულო იყო, თითქოს ერთ მხარეს მიხვეტილი. აღმოჩნდა ასევე მოწითალოდ გამომწვარი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები.
ამავე წლებში შირაქის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ დალის მთის წყალსაცავის სამხრეთით, 1-2 კილომეტრზე, მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე მიაკვლია ათამდე გორასამარხს, რომელთაც პირობითად ეწოდა დალის მთის გორასამარხთა 11 ველი. გორასამარხები უმეტესად გაძარცული იყო. დასაკრძალავი ორმოები მიწის ზედაპირიდან სხვადასხვა სიღრმეზე გამოვლინდა. მათ განსხვავებული დიამეტრი და სიმეტრიულობა ჰქონდათ და სხვადასხვა მხარეს იყვნენ დამხრობილნი. ზოგი ნახანძრალი იყო, ზოგი კი მცირე ან მოზრდილი ზომის ქვებით იყო სავსე. დადასტურდა გადახურვის ხის კონსტრუქციის ფრაგმენტებიც. გორასამარხებში აღმოჩნდა თიხის ჭურჭელი, რომელთაც შავპრიალა, რუხი, მორუხო-მოყავისფრო, ყავისფერი რუხი ლაქებით, მოწითალო, მოყავისფრო-მონაცრისფრო, მოწითალო-მონაცრისფრო, უხეში, კარგად განლექილი, ქვიშანარევი და ასე შემდეგ კეცი ჰქონდა. ზოგ შემთხვევაში ორნამენტირებული ბრინჯაოს სამფრთიანი, დეზიანი სკვითური ისრისპირი, სატევარი, რგოლის ფრაგმენტები, ნიჟარისგან დამზადებული საკიდი რგოლები, სარდიონი მძივსაკიდი, მძივები. ერთ-ერთ გორასამარხში დადასტურებულია კოლექტიური სამარხი - 17 თავის ქალა ერთმანეთში არეული ძვლებით.
მოპოვებული არქეოლოგიური მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საცავში.
2010 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა რაზმმა დაზვერვებისას მიაკვლია გორასამარხების კიდევ ერთ ველს. მათი უმეტესობა ქვამიწაყრილიანია.
ლიტერატურა
რედაქტირება- რუსიაშვილი რ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 321-323.