ჭაქვინჯის ციხე — ციხესიმაგრე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯიხაშკარში, მდინარე ჭანისწყლის ნაპირას, მაღალ მთაზე[1].

ჭაქვინჯის ციხე

ჭაქვინჯის ციხეს (ჯიხას) იხსენიებს XVIII საუკუნის ცნობილი ქართველი ისტორიკოსი და გეოგრაფი ვახუშტი ბატონიშვილი, როგორც საისტორიო წყაროებიდან ჩანს ციხის ტერიტორიის მიდამოებში საზაფხულო სასახლე ჰქონდათ სამეგრელოს მთავრებს - დადიანებს. ამ სასახლეში 1813 წელს დაბადებულია სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი დავით ლევანის ძე დადიანი.

 

ხალხში ამბობენ, რომ ჯიხა XIV - XVII საუკუნეებშია აგებული თურქების მიერ, მაგრამ ციხის შესასვლელთან მითითებულია XVII საუკუნე. ასევე არის მეორე მოსაზრება, რომ ციხე სოფელში მცხოვრებმა მოსახლეობამ ააშენა ჭანისწყლის ქვებით. თურმე ხალხის მიერ იყო შექმნილი ცოცხალი ჯაჭვი და ერთმანეთს ხელიდან ხელში აწვდიდნენ ქვებს. ამ მუშათა შორის ყველაზე ადრე ის ორი მომკვდარა, რომლებიც თავში და ბოლოში იდგნენ.

ფეოდალიზმის ეპოქაში სამხედრო სტრატეგიული თვალსაზრისით ჯიხაშკარის ციხეს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. აქ ქართველ მხედრებს მრავალჯერ დაუმარცხებიათ თურქი დამპყობლები.

1905 წელს რევოლუციის პერიოდში ადელხანოვის ჯარებს გადაუწვავთ ჯიხაშკარი, ჭაქვინჯი და მათი მიმდებარე სოფლები. მოსახლეობის საგრძნობი ნაწილი ამოუჟლიტავთ. სახლ-კარ გადამწვარი მოსახლეობა თავს აფარებდა ციხეს და მის ფართო გალავანს.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთვის ბრძოლის დღეებში მენშევიკების რაზმებმა დაიკავეს ჯიხაშკარის ციხე, საიდანაც ტყვიას უშენდნენ ადგილობრივ მოსახლეობას. მენშევიკები განდევნილ იქნა ბოლშევიკების მიერ.

შესწავლა

რედაქტირება
 
ხედი ციხიდან მდინარე ჭანისწყალზე

ციხის ტერიტორიის არქეოლოგიური შესწვლა და არქიტექტურულ ნაგებობათა ფიქსაცია წარმოებულ იქნა 1968-1969 წლებში. პირველი წლის ექპედიციის ხანგრძლივობა 45 დღით შემოიფარგლა, მეორე წლისა კი 30 დღით. ციხის შიგნით იმყოფება აკლდამა, რომელიც ჰგავს პატარა ბეღელს. როგორც ადგილობრივი მოხუცნი ამბობენ, ეს აკლდამა ძველ დროში ყოფილა სასაფლაო მიცვალებულთათვის ომიანობის დროს, როდესაც კაცის გვამის გატანა გარეთ არ შეიძლებოდა. შიგ ციხეში ახლაც არის ჩანგრეული ძველი ეკლესია ციტადელის ჩრდილო აღმოსავლეთით. იგი ძალიანაა დაზიანებული, მაგრამ ძირითადი ფორმების დადგენა მაინც ხერხდება.

ციხის შუა ადგილას არის ჭა, რომელიც სიღრმით იქნებოდა 40 საბჯენი. ჭაში გადებულია რკინის კარი და "ხაჯალურები". ციხიდან ჩრდილოეთისაკენ, საკმაოდ დაშორებულ მანძილზე არის კიდევ მეორე პატარა ციხე. ამ ორ ციხეს შუა, თურმე დაკარგული სავალი ყოფილა (და ახლაც არის). როცა დიდ ციხეში მყოფთ ომიანობის დროს მტრების მიერ გარშემორტყმულთ, ჭის წყალი შემოელეოდათ, ამ დაფარული გზით მიდიოდნენ პატარა ციხეში და იქიდან მოჰქონდათ თურმე წყალი.

ციხის მშენებელთა წინაშე წყლით მომარაგების საკითხი ყოველთვის უპირველეს ყოვლისა იდგა _ მშენებლები ამაზე წინასწარ ფიქრობდნენ და ეძებდნენ ისეთ ადგილს, რომელიც სტრატეგიულად გამართლებული იქნებოდა და წყაროც შიგ ექნებოდათ. თუ ასეთი ადგილი არ იყო, მაშინ მდინარის პირას დგამდნენ ციხეს და წყლამდე გვირაბი გაჰყავდათ. თუ ასეთიც არ იყო, მაშინ ჭას თხრიდნენ ეზოში. ჭა ადვილი გასათხრელი იყო ვაკეზე, დაბლობზე, მაგრამ მთაზე შეუძლებელი ან ძნელი. ჭაქვინჯშიც ასეთ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე. ციტადელი რადგან მთაზე დგას, ჭა მეტად ღრმა უნდა ყოფილიყო. ციხის სახელიც ამ ჭიდან უნდა მომდინარეობდეს "ჭაქვინჯი" ქართულად ითარგმნება როგორც "ჭის ძირი".

გვიან საუკუნეებში, როცა ციტადელის ჩრდილოეთით ვრცელი გალავანი ააშენეს, მაშინ იქვე ხევში მომდინარე წყარო გალავანში მოაქციეს. დიდი ციხიდან ჩრდილო-დასავლეთისკენ დაახლოებით 80 საბჯენით დგას ერთი დამტვრეული ბუხარი, სადაც ყოფილა ძველად სასახლე სამეგრელოს მფლობელის ლევან დადიანისა. ამ ნაბუხარსა და დიდ ციხეს შუა არის კიდევ ქვით გაკეთებული ფარული სავალი.

ჯიხაში ყოფილა დამნაშავეთა საპყრობილე. ძველად, მთავრობის დროს, ქურდების გასასამართებლად შემდეგ საშუალებას ხმარობდნენ: ბრალდებულ კაცს ხელის გულზე დაადებდნენ სამი ქაღალდის ნაჭერს და ჩაუგდებდნენ ხელის გულში ცეცხლით გახურებულ შანთს-რკინას და თუ სამჯერ წინ გადააგდებდა და ხელი უვნებელი დაურჩებოდა, მაშინ გაანთავისუფლებდნენ, თუ ხელი დაეწვებოდა დამნაშავედ ცნობდნენ და დაკარგულის საფასურს გადაახდევინებდნენ შვიდჯერ მეტს. დამნაშავეს დაბორკავდნენ "ხაჯალურებით" და ციხეში ჩააგდებდნენ.

 

პროფ. პარმენ ზაქარაიას განმარტებით ჭაქვინჯის ციხე - სიმაგრე შედგება ციტადელისა და ქვედა ციხისაგან. არქეოლოგიურმა გათხრებმა მშენებლობის რამდენიმე ფენა გამოავლინა. I ფენა მიეკუთვნება III-IV სს. II ფენა მიეკუთვნება VIII-IX სს, ხოლო მესამე XVI-XVII ს-ებს. ციტადელი აღმართულია მაღალი მთის თავზე გარს ერტყმის გალავანი, რომლის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთ მხარეებზე სხვადასხვა დროს ჩაშენებულია 4 კოშკი. ციტადელი ქვედა ციხეს უკავშირდება ჩრდ. ფერდობზე გაყვანილი გვირაბით, რომლის ბოლოშიც კოშკი დგას. ქვედა ციხის ჩრდ. ნაწილში წყარო იყო. ციხის ეზოს სამხრეთ მონაკვეთის ცენტრში მდებარეობდა X საუკუნის პალატი, რომლისაგან დარჩენილია მხოლოდ პირველი სართული.

ციხე ძალიან დაზიანებულია. ნანგრევებში არა თუ თავდაპირველი სახის დადგენა, არამედ ზოგჯერ კედლების მიმართულების გარკვევა შეუძლებელია. ციხე შედგება ორი ნაწილისაგან. ერთია ციტადელი, რომელსაც მთის მაღლობი ეკავა, ხოლო მასზე მობმული ციხის დიდი ეზო ჩრდ. _ რთულ რელიეფზეა. გათხრების შედეგად ამ ეზოს გეგმა თითქმის აღსდგა. აქ არის ასევე კოშკები. გალავნის ჩრდ-აღმოსავლეთ მონაკვეთში მდგარი კოშკი საგანგებო დანიშნულების ყოფილა. იგი აგებულია გვირაბთან ერთად. საკმაოდ მაღალი და განიერი გვირაბი ციტადელს უკავშირდება. იგი გარნიზონის შიდა სამოძრაოდ იქნებოდა განკუთვნილი. რთული სვლებით კი, გარემოცვის დროს კოშკიდან შეეძლოთ მოულოდნელი თავდასხმა მოეწყოთ. ციტადელი ძირითადად IV - V საუკუნეებისაა, გვირაბი და კოშკი XV -XV ს-ებისა.

აქ სამი ქრონოლოგიური ფენაა — ადრეშუასაუკუნეებისა, მოწიფული ფეოდალური ხანისა და გვიანი საუკუნეებისა. ბოლო პერიოდის ციხის ისტორია უშალოდ დაკავშირებულია დადიანებთან.

ციტადელის ტერიტორიის მთლიანი გათხრების შემდეგ სამშენებლო ფენები გაიმიჯნა.იგი განლაგებულია გრძელ, ელიფსურ გორაზე. მშენებლებს კარგად გაუთვლიათ რელიეფის თავისებურება. ძნელად მისადგომ ადგილებზე გალავნებით დაკმაყოფილებულან, ხოლო ჩრდილოეთით, სადაც ადგილი მისადგომია გალავანში 3 კოშკი ჩაურთავთ. ყველაფერი ეს შეიძლება დათარიღდეს ეგრისის სამეფოს საწყისი პერიოდით. ამ ფენამ მომდევნო ეპოქებში რამდენიმეჯერ იცვალა სახე, მაგრამ ძირითადი შენარჩუნებული იქნა.

შესამჩნევი რეკონსტრუქცია განიცადა ციხემ XIII-XIV სს. ძლიერი მტრის დარტყმებმა მეტად დააზიანა. ციტადელის აღმ. ბოლოში აშენდა ერთი კოშკი, ხოლო ჩრდ. შიდა კოშკი ხელახლა აიგო.

მომდევნო საუკუნეებში მტრის შემოსევები ხშირდება, რაც იწვევს ციხის დაზიანებას. დიდი აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს XVI ს-დან. ამ ეპოქის სარესტავრაციო და დამატებითი სამუშაოები ყველგან ჩანს.

ციხეზე გზა ამჟამად ადის სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით და ციტადელს აღმოსავლეთიდან უვლის. მაგრამ ადრე, გზა, როგორც ჩანს, ციტადელს დასავლეთით ადგებოდა. იქვე იყო მცირე კარი, ხოლო ქვედა ციხის ეზოში შესასვლელი ჭიშკარი უფრო ზემოთ, წყაროს მიდამოებში უნდა ყოფილიყო, მაგრამ არა აქ და არც მოპირდაპირე მხარეს ქვედა ციხეში ჭიშკრის კვალი კი არა, გალავნის კვალიც არ ჩანს. ციტადელს კი მთავარი შესასვლელი ჩრდილოეთით აქვს.

ციხის თავდაპირველი სახის, მისი ზრდისა და შემდეგი ცვლილებების სრული სახით წარმოდგენა შეუძლებელია, რადგან არავითარი გრაფიკული მასალა არ შემოგვრჩენია, ხოლო ისტ. წყაროებში იგი ფაქტობრივად XVII საუკუნემდე არ იხსენიება.

ვახუშტი ბაგრატიონი მეფე ვახტანგ V-ის ცხოვრების აღწერისას საკმაოდ ვრცლად წერს ლევან II-ის (დადიანის) მოღვაწეობაზე და სიკვდილზე. შემდეგ ვამეხის გადადიანებაზე. ამას მოსდევს აღწერა, თუ როგორ დამორჩილდა სკანდას მდგომი თეიმურაზ I მეფე ვახტანგ VI-ეს. აქდან დაბრუნებულმა ვახტანგმა ქუთაისი აიღო, იმერეთი დაიპყრო და ოდიშს გადავიდა:

 
„ვერ წინააღუდგა დადიანი, არამედ ილტვოდა სვანეთს, ხოლო ბრძანებითა მეფისათა შეუჩინა დისშვილმა სოსიამ კაცი და მოკლეს დადიანი მუნ. მაშინ მეფემან მოსტყუენა ოდიში და აღიხუნა ციხენი. მერმე მოადგა ჭაქვინჯის ციხესა შინა მყოფს ცოლ-შვილსა დადიანისასა. მცირედ ხანსა შინა გამოიყვანა იგინი და გამოიხუნა საჭურჭლენი მრავალნი დადიანისანი და ჰპოვა მუნ ხატი ოჯონისა, რომელი დაშთა მეფესა სვიმონს.“

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ჭაქვინჯის შესახებ ორიოდე წინადადება აქვს გამოქვეყნებული ნიკოლოზ სევეროვს. იგი წერს:

 
„ Чаквинджа в известной мере отражает архитектуру сванских башен “

ჭაქვინჯის ციხეს მოკლედ აღწერს ეთნოგრაფი სერგი მაკალათია. ციხის თარიღად იგი იღებს XVI-XVII სს.

არქიტექტურა

რედაქტირება

ჭაქვინჯის ციხისთვის მაღალ მთებში ადგილი ისე მოხერხებულადაა შერჩეული, რომ იქ მჯდომი ძალიან დიდ მანძილზე ზვერავდა. შორს, ქვემოთ კოლხეთის დაცემული დაბლობი მოჩანს მზიან ამინდში, საღამოჟამს, ზღვაც კი აირეკლება.

 
ციხის გეგმა

ციხის ქვემოთ ფერდობი ნელ-ნელა ეშვება მდინარე ჭანისწყლისაკენ. ციხეზე გზა ამჟამად სამხრეთიდან ადის, მაგრამ ძველად იგი ციტადელს დასავლეთიდან ადგებოდა. იქვე იყო მცირე კარი, ხოლო ქვედა ციხის ეზოში ჭიშკარი უფრო ზემოთ, წყაროს მიდამოებში უნდა ყოფილიყო.

ციხე ძლიერ დაზიანებულია. ნანგრევებში არამცთუ თავდაპირველი სახის დადგენა, არამედ ზოგჯერ კედლების მიმართულების გარკვევაც შეუძლებელია. 1968-1969 წლებში ჩატარებული არქეოლოგიური კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ციხე ძირითადად შედგება ორი ნაწილისაგან - ერთია ციტადელი და მეორე მასთან დაკავშირებული ქვედა ციხე დიდი ფართობით. ციტადელი მაღლობზე დგას, ხოლო მასზე მობმული ციხის დიდი ეზო მდებარეობს ჩრდილოეთით, რთულ რელიეფზე, მეორე ნაწილიდან თითქმის აღდგა გალავნის მოხაზულობა, ხოლო ფაქტობრივად დარჩენილია ბოლო კოშკის ნაშთი, ჩრდილო განაპირას და ჩრდილო-აღმოსავლეთით, საიდანაც გამოდიოდა გვირაბი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩრდილო-დასავლეთის მონაკვეთში მდებარე წყარო ჩართული იყო გალავანში.

ციხის განხილვამ მიგვიყვანა იმ დასკვნამდე, რომ აქ ძირითადად სამი ქრონოლოგიური ფენაა - ადრეშუასაუკუნეების, განვითარებული შუასაუკუნეებისა და გვიანშუასაუკუნეებისა.

ციტადელი

რედაქტირება

ციტადელის ტერიტორიის მთლიანი გათხრის შემდეგ სამშენებლო ფენები გაიმიჯნა. ციტადელი განლაგებულია გრძელ, ელიფსურ გორაზე. მშენებლებს კარგად გაუთვლიათ რელიეფის თავისებურება. ძნელად მისადგომ მხარეებზე გალავნებით დაკმაყოფილებულან, ხოლო ჩრდილოეთით, სადაც ადვილი მისადგომებია, გალავანში სამი კოშკი ჩაურთავთ. ყველაფერი ეს შეიძლება დათარიღდეს ეგრისის სამეფოს საწყისი პერიოდით - IV-V საუკუნეებით. ამ ფენამ საუკუნეების განმავლობაში არაერთხელ იცვალა სახე, მხოლოდ ძირითადის შენარჩუნებით.

შესამჩნევი რეკონსტრუქცია განიცადა ციხემ XII-XIV საუკუნეებში. ძლიერი მტრის დარტყმებმა ციხე მეტად დააზიანა. აშენდა ციტადელის აღმოსავლეთის ბოლოში ერთი კოშკი, ხოლო ჩრდილოეთის შუა კოშკი ხელახლა იქნა აგებული. იმავე ხაზზე მდებარე განაპირა კოშკები შესამჩნევად გადაკეთდა.

მომდევნო საუკუნეებში მტრის შემოსევები ხშირდება, რაც იწვევს ციხის დაზიანებასაც. დიდი აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს XVI საუკუნიდან. ამ ეპოქის სარესტავრაციო და დამატებითი სამუშაოები თითქმის ყველგან ჩანს. განსაკუთრებით ეს ემჩნევა სამხრეთით, გალავნის ხაზს, XVI-XVII საუკუნეებშია დამატებული სათოფეებიანი ფენა.

ციხის ქვედა, ჩრდილოეთის მონაკვეთი, საკმაოდ რთული და დიდი ფართობისა ყოფილა. სამწუხაროდ, თითქმის მოსპობის გამო, მის შესახებ ბევრი ვერაფერი ითქმის. ცხადია, რომ იგი განკუთვნილი იყო გარნიზონის სამოქმედოდ.

ციხის ქვედა ეზოს ჩრდილო-აღმოსავლეთის მონაკვეთში მდგარი კოშკი აგებულია გვირაბთან ერთად, საიდანაც გვირაბი ადის ციტადელის კარამდე. აქედან მალულად იმოძრავებდნენ მეომრები და გარემოცვის შემთხვევაში, კოშკიდან გამოსულები, მოულოდნელად მტერს თავს დაესხმოდნენ. ეს ხერხი ახალი არ არის, იგი ხშირად გვხვდება ანტიკურ და შუა საუკუნეების ციხეებში. თავისთავად კოშკი და გვირაბი აგებული ჩანს XV და XVI საუკუნეებში. გათხრებმა ციტადელის ეზოში გამოავლინა პალატი და ეკლესია. არის რამდენიმე ნაგებობის ნაშთი, მაგრამ მათი გეგმის აღდგენა შეუძლებელია. ქვევრებიც ბლომად იყო ეზოში.

პალატი სამხრეთის გალავანთანაა. მისგან დარჩენილია ერთი მეტრის სიმაღლის კედლები. მას შესასვლელი ჩრდილოეთის კედლის ცენტრში ჰქონია. პალატის გეგმა გრძელი ოთხკუთხედია. მის ცენტრში ორი სვეტი დგას. ეტყობა, მათზე გადადიოდა თაღები, რომლებიც კამარებს იმაგრებდნენ. პირველი სართული დამხმარე უნდა ყოფილიყო. მეორე სართული საცხოვრებლად იქნებოდა განკუთვნილი. საერთო მონაცემებით პალატი IX-X საუკუნეებით თარიღდება.

ეკლესია ციტადელის აღმოსავლეთის მონაკვეთში, გარნიზონისა და შიგ მცხოვრებთათვის დარბაზული ეკლესია აუგიათ. იგი გარედან თლილი ქვის კვადრებით ყოფილა შემოსილი. სამხრეთის ფასადზე დეკორატიული თაღებიცაა გამოყენებული. ეკლესია XII-XIV საუკუნეთა მიჯნით თარიღდება.

ეკლესია ზომებით მინიატურულია. მართალია, იგი, როგორც ეძახიან, "კარის ეკლესიაა", მაგრამ მაინც ძალიან პატარაა. ციტადელში ჩვეულებრივი ციხის უფროსის გარდა, ადგილობრივი მფლობელიც იქნებოდა, თუ ყოველთვის არა, განსაკუთრებულ შემთხვევებში მაინც. თანაც არც ისაა გამორიცხული, რომ ეკლესიის აგების მომენტში ჭაქვინჯა ციხე კი არა, ციხე-დარბაზი ყოფილიყო. ისტორიამ არც იმის ცნობა მოგვცა, თუ როდის დაინგრა ეს ეკლესია. ამაზე პირდაპირი პასუხის გაცემა არც ნანგრევებში ნაპოვნ ნივთებს შეუძლია, მაგრამ ზოგიერთის აქ მოყვანა მაინც საჭიროა. ეკლესიის გათხრისას აღმოჩნდა ვერცხლის ხატის რამდენიმე ნატეხი. ერთი მათგანი მედალიონს წარმოადგენს. მასზე გამოსახულია ვეშაპის დამთრგუნავი ამხედრებული წმ. გიორგი. იგი დაშტამპვითაა მიღებული. ეს ტექნიკა გვიან საუკუნეებში იყო გავრცელებული. მედალიონი და იმ ხატის ფრაგმენტებიც სტილისტურად სწორედ XVII-XVIII სს-ზე მიგვითითებს. აქვე იყო აღმოჩენილი ერთი მოოქრული ვერცხლის ხატის ფრაგმენტი. მასზე ორნამენტია გამოსახული და ფორმის მიხედვით ხატის ჩარჩოს ნაწილი უნდა იყოს.

ეკლესიის საკურთხევლის იატაკზე ნაპოვნი იყო ათი ცალი ვერცხლის მონეტა. ისინი მოჭრილია ქ. მისრასა და ისტამბულში (კონსტანტინოპოლში). მონეტებს თარიღებად უზის 1757, 1773 და 1788 წლები. იატაკზე ამ მონეტებთან ერთად პოვნა თავისთავად შეიძლება კატასტროფაზე უთითებდეს. შესაძლებელია XVIII ს. მიწურულში მტერმა (ოსმალომ) აიღო ციხე, დააზიანა და ეკლესიაც დაანგრია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზაქარაია პ., საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები, თბ., 1973.
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 387.
  • ზაქარაია პ., საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები, თბ., 1988.
  • მაკალათია ს., სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბ., 1941.
  • პ. ზაქარაია, თ. კაპანაძე - „ციხეგოჯი-არქეოპოლისი-ნოქალაქევის ხუროთმოძღვრება“, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბ. 1991 წ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9035