წყალქვეშა კანიონი

წყალქვეშა კანიონი — ღრმა და ციცაბოფერდობიანი V-სებრი პროფილის ხეობა, რომელიც ჩაჭრილია კონტინენტურ კალთაში და სათავით ზოგჯერ შელფშიც იჭრება. ჩაჭრის სიღრმეა 1-3 კმ, ფერდების დახრილობა — 20-45°, მკვრივ ქანებში (ბაზალტი, გრანიტი) თითქმის შვეული კედლებიც გვხვდება. მთავრდება კონტინენტური კალთის ძირას 2-4 კმ სიღრმეზე 300-350 კმ რადიუსით გაშლილი გამოზიდვის კონუსით. კანიონების სიღრმე ფსკერთან შეფარდებით 1000 მ და მეტსაც აღწევს.[1]

სან-გაბრიელისა (A) და ნიუპორტის (B) კანიონები
კონგოს კანიონი
უიტარდის კანიონი
ბერინგის ზღვის წყალქვეშა კანიონები

წყალქვეშა კანიონი წარმოადგენს წყალქვეშა ხეობის ტიპს, რომელიც თავის მხრივ, ზღვის ფსკერის ვიწრო წაგრძელებული დეპრესიაა, რომელიც მორფოლოგიურად მდინარის ხეობას წააგავს. წყალქვეშა ხეობის სიგრძე რამდენიმე ასეულ კმ-ს აღწევს, სიღრმე შელფს არ სცილდება. ჩვეულებრივ იგი დიდი მდინარეების — კონგოს, განგის, მისისიპისა და სხვათა ხეობების წყალქვეშა გაგრძელებაა.[2]

წყალქვეშა კანიონების ტალვეგები ისევე როგორც წყალქვეშა მდინარის ხეობები დახრილია ზღვის მხარეს ცოტად თუ ბევრად მუდმივი კუთხის ქვეშ. რელიეფის მხრივ, წყალქვეშა კანიონი წააგავს ხმელეთის უდიდეს კანიონებს. მათ უმრავლესობას გააჩნია მრავალრიცხოვანი შენაკადი, ხოლო კალთებზე შიშვლდება სხვადასხვაგვარი ქანი. წყალქვეშა კანიონების გვერდებზე გვხვდება მკვიდრი ქანების გამოსავლები; კანიონების ქვედა ნაწილში განლაგებულია გამოზიდვის კონუსები.[3]

ზოგიერთი წყალქვეშა კანიონისთვის დამახასიათებელია კავშირი მდინარის ხეობებთან. ისინი ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიო ოკენის ფსკერზე. ერთ-ერთი უდიდესი წყალქვეშა კანიონი განლაგებულია ბაჰამის კუნძულების რაიონში, — დიდი ბაჰამის კანიონის სახით, რომლის შეჭრის სიღრმე 5 კმ-ზე მეტია. იგი ერთ-ერთი უღრმესი წყალქვეშა კანიონია.[4]

წყალქვეშა კანიონები გვხვდება შავი ზღვის ნაპირების გასწვრივაც. მაგალითად, საქართველოში, ბიჭვინთის ნახევარკუნძულთან მდებარეობს წყალქვეშა კანიონი „აკულა“, რომელიც ყოველწლიურად მდინარე ბზიფის მიერ ზღვაში ჩატანილ ასობით ათას მ³ ნატანს შთანთქავს.[2] საქართველოს მდინარეებიდან უდიდესი წყალქვეშა კანიონები გააჩნიათ: ბზიფს, ენგურს, რიონს, სუფსასა და ჭოროხს. ენგურის წყალქვეშა კანიონი შთანთქავდა როგორც მდინარის მიერ გატანილ პლაჟწარმომქმნელი მასალის უდიდეს ნაწილს, ასევე მასში იკარგება ჩრდილოეთიდან გადაადგილებული ნაპირგასწვრივი ნაკადის მთელი მოცულობაც. წყალქვეშა ფერდის რელიეფი გართულებულია ჭოროხის დღევანდელ შესართავთან და ბათუმის კონცხთან. იქ ნაპირის ხაზთან ახლოსაა განლაგებული ჭოროხისა და ბათუმის წყალქვეშა კანიონების სათავეები, სადაც ფსკერის დახრილობა 15-30° აღწევს.[5]

ბუნებრივ პირობებში ჭოროხს ყოველწლიურად ზღვაში გამოჰქონდა დაახლოებით 5 მლნ მ³ ნატანი, მათ შორის 2,3 მლნ მ³ — პლაჟშემქმნელი ფრაქციის მასალა იყო. შემდგომში მდინარის მყარი ნატანის დიდმა ნაწილმა კარგვა დაიწყო შესართავის წინ არსებული წყალქვეშა კანიონის სიღრმეებში, შესაბამისად ადლია-ბათუმის სანაპიროზე ჩამოყალიბდა ნაპირშემქმნელი ნატანის მწვავე დეფიციტი.[6] აღსანიშნავია, რომ ბათუმის კანიონი იწყება პირდაპირ ნაპირიდან და ის შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე ახლომდებარე კანიონის სათავედ საქართველოს წყალქვეშა კანიონებს შორის.[5]

წყალქვეშა კანიონების წარმოქმნის პრობლემამ აქტიური დისკუსია გამოიწვია. წყალქვეშა კანიონების წარმოშობა, როგორც ფიქრობენ სიმღვრივის ნაკადებთან უნდა იყოს დაკავშირებული. წყალქვეშ მომხდარი მიწისძვრის შედეგად შელფის კიდიდან დაიძვრება წყლის და მასში ატივტივებული წმინდამარცვლოვანი მასის ნარევი, რომელიც სიმძიმის ძალით მიექანება ბექობზე და გზადაგზა აწარმოებს ძლიერ ეროზიულ მოქმედებას. შედეგად ჩნდება წყალქვეშა კანიონი, რომელიც, როგორც წესი შელფის კიდიდან იწყება და მთელი კონტინენტური ბექობის გავლით მის ძირამდე ვრცელდება.

წყალქვეშა კანიონები შელფზეც გვხვდება. იშვიათია კონტინენტის წყალქვეშა კიდეებზე. მათი გენეზისი მდინარეულ ეროზიასთან არის დაკავშირებული. სიმღვრივის ნაკადები დიდი სიჩქარით (70 კმ/სთ) მოძრაობს კალთების ქვემოთ, რომელიც ანგრევს კონტინენტურ კალთას.[7] წყალქვეშა კანიონების დაახლოებით 3 % შეიცავს შელფურ ხეობებს.

აღსანიშნავია: დიდი ბაჰამის კანიონი, ამაზონის კანიონი, ბერინგის კანიონი, კონგოს კანიონი, ჰუდსონის კანიონი, განგის კანიონი, ინდის კანიონი, კაიკოურის კანიონი, სკრიფსის კანიონი, მონტერეის კანიონი და სხვა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ვსევოლოდ ზენკოვიჩი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 360.
  2. 2.0 2.1 სტატიიდან წყალქვეშა ხეობა, ვსევოლოდ ზენკოვიჩი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 362.
  3. Шепард Ф.П. Морская геология. 3-е изд. — Л.: Недра, 1976. — 488 c.
  4. Andrews, James E.; Shepard, Francis P.; Hurley, Robert J., „Great Bahama Canyon“.
  5. 5.0 5.1 შავი ზღვის საქართველოს სექტორის ეკოგეოქიმიის საკითხები
  6. ჰიდროპროექტების მოსალოდნელი გავლენა შავ ზღვაზე
  7. Continental Margin Sedimentation: From Sediment Transport to Sequence Stratigraphy (Special Publication 37 of the IAS) March 2009, by Charles Nittroeur, pg 372.