ჩუმი ადგილი: ნაწილი 2
ჩუმი ადგილი: ნაწილი 2 (ინგლ. A Quiet Place Part II) — 2021 წლის ამერიკული პოსტაპოკალიპტიკური საშინელებათა ფილმი. იგი არის 2018 წლის ფილმის „ჩუმი ადგილი“-ის სიქველი. მისი რეჟისორი და სცენარის ავტორია ჯონ კრასინსკი. ფილმი მოგვითხრობს ოჯახზე პირველი ფილმიდან, რომელიც აგრძელებს ბრძოლას გადარჩენისთვის ზეადამიანური სმენის მქონე უცხოპლანეტელებით დასახლებულ პოსტაპოკალიპტიკურ სამყაროში. ემილი ბლანტი, მილისენტ სიმონდსი, ნოა ჯუპი და ჯონ კრასინსკი იმეორებენ თავიანთ როლებს პირველი ფილმიდან, ხოლო კილიან მერფი და ჯიმონ ჰოუნსოუ უერთდებიან მსახიობებს.
„ჩუმი ადგილი: ნაწილი 2“ | |
---|---|
ჟანრი | ჰორორი, დრამა, ფანტასტიკა |
რეჟისორი | ჯონ კრასინსკი |
პროდიუსერი | |
სცენარის ავტორი | ჯონ კრასინსკი |
ეფუძნება | ბრაიან ვუდსისა და სკოტ ბეკის პერსონაჟებს |
როლებში | |
მწარმოებელი კომპანია | Platinum Dunes |
დისტრიბუტორი | Paramount Pictures |
გამოსვლის თარიღი |
|
ხანგრძლივობა | 97 წუთი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 55-61 მილიონი აშშ დოლარი |
შემოსავალი | 297.4 მილიონი აშშ დოლარი |
წინა | „ჩუმი ადგილი“ |
შემდეგი | „ჩუმი ადგილი: დღე პირველი“ |
Paramount Pictures-მა გაგრძელებაზე მუშაობა დაიწყო 2018 წლის აპრილში, პირველი ფილმის წარმატების შემდეგ. მომდევნო აგვისტოსთვის კრასინსკი სცენარზე მუშაობდა და 2019 წლის თებერვალში დადასტურდა, რომ კვლავ ის იქნებოდა რეჟისორი. თავდაპირველად, კრასინსკის სურდა სიმონდსი ყოფილიყო მთავარ როლში, ვინაიდან, მისი აზრით, სიმონდსის პერსონაჟის თემა იქნებოდა დამაკავშირებელი ფილმებს შორის. წარმოება დასავლეთ ნიუ-იორკში მიმდინარეობდა 2019 წლის ივნისიდან იმავე წლის სექტემბრამდე. სიქველი შეიქმნა დაახლოებით 55–61 მილიონი აშშ დოლარის ბიუჯეტით, რაც სამჯერ აღემატება ორიგინალის ბიუჯეტს.
ფილმის მსოფლიო პრემიერა ნიუ-იორკში 2020 წლის 8 მარტს გაიმართა. COVID-19-ის პანდემიის გამო მრავალი გადადების შემდეგ, ის აშშ-ს კინოთეატრებში გამოვიდა 2021 წლის 28 მაისს. მისი სტრიმინგი ხელმისაწვდომი გახდა Paramount+-ზე ფილმის დებიუტიდან 45 დღის შემდეგ. ფილმმა დაამყარა რამდენიმე რეკორდი და მოიპოვა 297.4 მილიონი აშშ დოლარი მსოფლიო მასშტაბით. მან მიიღო დადებითი შეფასება კრიტიკოსებისგან, რომლებიც აღფრთოვანებულები დარჩნენ ისტორიით და კილიან მერფის პერსონაჟის დამატებით. 2024 წელს, გამოვიდა ფილმის პრიქველი და სპინ-ოფი „ჩუმი ადგილი: დღე პირველი“.
სიუჟეტი
რედაქტირებაბეისბოლის თამაშის დროს, პატარა ქალაქ მილბრუკში, ნიუ-იორკში, ებოტების ოჯახი და სხვა მაყურებლები დაინახავენ მეტეორის მსგავს უცნაური ობიექტს. ცოტა ხნის შემდეგ, მეტეორიდან გამოდიან მტრული არამიწიერი არსებები და იწყებენ ქალაქელების განადგურებას. ბრმა არსებები ფლობენ გამძლე კანს და არაჩვეულებრივი სისწრაფესა და ძალას, და თვალყურს ადევნებენ მსხვერპლს ზეადამიანური სმენით, თავს ესხმიან ყველაფერს, რაც ოდნავ ხმაურსაც კი გამოსცემს.
ერთი წლის შემდეგ, არსებებს მოკლული ჰყავთ დედამიწის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, მათ შორის ლი და ბო. რეგანმა აღმოაჩინა, რომ მაღალი სიხშირის ხმაური მათ დაუცველს ხდის და შეიმუშავა მეთოდი: მისი სასმენი იმპლანტის ხმაურის გასაძლიერებლად პორტატულ მიკროფონს იყენებს. მათი სახლი დანგრეულია, ოჯახი ეძებს სხვა გადარჩენილებს და ახალ თავშესაფარს. შემოღობილ უბანში შესვლისას ეველინი შემთხვევით გაააქტიურებს ხმოვან სიგნალიზაციას და არსებების ყურადღებას მიიქცევს. როდესაც ისინი გარბიან, მარკუსი დათვის ხაფანგში გაებმევა და თავისი ყვირილით იზიდავს არსებას. რეგანი და ეველინი კლავენ არსებას, ათავისუფლებენ მარკუსს და თავს შეაფარებენ მიტოვებულ ფოლადის ქარხანას, სადაც ემეტს შეხვდებიან.
ძველ მეგობარს, ემეტს, მიჰყავს ოჯახი თავის იზოლირებულ მიწისქვეშა თავშესაფარში. ემეტი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ოჯახი დაკარგა და ცხოვრებაზე ცინიკური მსოფლმხედველობა განუვითარდა, დახმარებაზე უარს ამბობს. მარკუსი რადიოში ისმენს სიმღერას "Beyond the Sea" და ემეტი ამბობს, რომ სიმღერა განუწყვეტლივ გადიოდა ეთერში ოთხი თვის განმავლობაში. რეგანი ხვდება, რომ ეს არის მინიშნება იმისა, რომ გადარჩენილები იმყოფებიან ახლომდებარე კუნძულზე სამხრეთ-აღმოსავლეთით. იგი ვარაუდობს, რომ თუ იგი მიაღწევს კუნძულის რადიო კოშკს, სმენის აპარატის მაღალი სიხშირის ხმაური შეიძლება გადაიცეს, რათა სხვა გადარჩენილებმა შეძლონ ხმაურის არსებების წინააღმდეგ გამოყენება. ის მარტო მიდის კუნძულის საპოვნელად, მაგრამ თავს დაესხმევიან; ემეტი იხსნის მას არსებისგან. რეგანი არწმუნებს ემეტს, რომ დაეხმაროს მისიის შესრულებაში. ეველინი მარკუსს და ახალშობილ ბავშვს ტოვებს ქარხანაში, რათა ქალაქიდან სამედიცინო მარაგი მოიტანს. მარკუსი აღმოაჩენს ემეტის მეუღლის ცხედარს. გაოგნებული, ის ხმაურს გამოიწვევს და გაქცევის მცდელობისას შემთხვევით ჩაკეტავს საკუთარ თავს და ახალშობილ ძმას ჰერმეტულ განყოფილებაში.
ემეტი და რეგანი ჩადიან ნავსადგურზე, რათა კუნძულზე გემით მივიდნენ. მათ თავს დაესხმევიან ბანდიტები და ემეტი განზრახ იზიდავს არსებებს, რომლებიც კლავენ თავდამსხმელებს. როდესაც ერთი არსება დაიხრჩო, ის ხვდება, რომ არსებებს ცურვა არ შეუძლიათ. კუნძულზე გადარჩენილთა პატარა კოლონია მშვიდად ცხოვრობს. კოლონიის ლიდერი ცხადყოფს, რომ როდესაც აშშ-ს მთავრობამ აღმოაჩინა, რომ არსებებს არ შეეძლოთ ცურვა, აშშ-ს ეროვნული გვარდია ცდილობდა ხალხის კუნძულებზე გადაყვანას. თუმცა, ჩასხდომის ქაოსმა შექმნა ხმაური, რომელმაც მიიპყრო არსებების ყურადღება და მხოლოდ ორმა ნავმა მიაღწია კუნძულს.
ეველინი ბრუნდება ქარხანაში და ათავისუფლებს შვილებს. სამივე იმალება ბუნკერში, როდესაც არსება ტრიალებს ქარხანაში. მეორე დღეს, კუნძულზე გადასული არსება თავს ესხმის კოლონისტებს და კლავს კოლონიის ლიდერს. რადიოსადგურზე რეგანი გადასცემს მაღალ სიხშირეს სადგურის სიგნალის საშუალებით და უკრავს მას სადგურის დინამიკებზე, რის შედეგადაც არსება ქმედუუნაროა და რეგანი მას ლითონის ბოძით კლავს. ქარხანაში მარკუსი იღებს რეგანის გადაცემას და უკრავს მაღალი სიხშირეს პორტატული რადიოს მეშვეობით, რის შემდეგაც კლავს არსებას. რეგანი ტოვებს სმენის აპარატს დაკავშირებულს რადიოსადგურის მიკროფონთან, რაც მაღალი სიხშირის გამოყენების საშუალებას აძლევს სხვებს.
როლები
რედაქტირება- ემილი ბლანტი - ეველინ ებოტი, ქვრივი, ნოასა და რეგანის დედა.
- კილიან მერფი - ემეტი, ლის მეგობარი.
- მილისენტ სიმონდსი - რეგან ებოტი, ეველინის ყრუ ქალიშვილი.
- ნოა ჟუპი - მარკუს ებოტი, ეველინის ვაჟი.
- ჯიმონ ჰოუნსოუ - ადამიანი კუნძულზე, გადარჩენილთა კუნძულის კოლონიის ლიდერი.
- ჯონ კრასინსკი - ლი ებოტი, ეველინის გარდაცვლილი ქმარი და მისი შვილების მამა.
- ალისა სოფი მალიუკოვა - გოგონა მარინასთან, ბანდიტების წევრი.