ჩინური მუსიკა
ჩინეთის მუსიკალური კულტურა მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესია. ამაზე მეტყველებს ჯერ კიდევ ძვ. წ. II ათასწლეულში არსებული მაღალგანვითარებული ჩინური ხალხური სიმღერები და ცეკვები. ძვ. წ. XI-VI საუკუნეების ტექსტებში სიტყვა „იუე“ (მუსიკა) ფართო გაგებით იხმარება, იგი აღნიშნავს პოეზიას, ცეკვას, სახვით ხელოვნებას. ხალხური სასიმღერო შემოქმედების შესანიშნავი ძეგლია „სიმღერათა წიგნში“ („შიძინი“) წარმოდგენილი 3000 ხალხური სიმღერა. თავად წიგნი კი აღიარებულია ჩინური მუსიკის ისტორიის ფუძემდებელ ნაშრომად. ძვ. წ. VI საუკუნეში სიმღერა გამოეყო ციკვას და ხელოვნების დამოუკიდებელ სახედ იქცა. ძველი ჩინეთის ფილოსოფოსები მუსიკას პრაქტიკულ მნიშვნელობასაც აძლევდნენ.
უძველესი დროიდან ჩინეთში არსებობდა სამუსიკო სისტემა ლიუი (წყობა, ზომა), რომლის შექმნაც მიეწერება მითურ მმართველს ხუან-დის. ძვ. წ. VII საუკუნეში ჩინური ენის ინტონაციური ბუნების განვითარებასთან ერთად მუსიკაში გამოიკვეთა 5 მნიშვნელოვანი ბგერა, რომლის საფუძველზეც შეიქმნა პენტატონური ბგერათრიგი. ტრადიციული ჩინური ორკესტრი 100 საკრავისგან შედგება (უმრავლესობა სიმებიანია). სიმებიანი საკრავებია: სე, ცინი, პიპა, ხუ; სასულე-ფლეიტები — სიაო, პაისიაო, შენი; დასარტყამი — დოლები, ზარები. ჩინური ხალხური სიმღერა ერთხმიანია. მას ახასიათებს განმეორებადი რიტმი, შესრულების მანერაში ფალცეტური, ყელისმიერი ბგერა. ძვ. წ. V საუკუნეში კონფუციანელობის გავლენით ჩინური მუსიკა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. კონფუცის დოქტრინის ძირითადი კატეგორიები — „ჟენი“ (ჰუმანურობა) და „ლი“ (რიტუალი, მორალურ-ეთიკური პრინციპების სისტემა) მყარად უკავშირდება მუსიკას. III-VI საუკუნეებში ჩინურ მუსიკაზე გავლენა იქონია ამ პერიოდში გავრცელებულმა დაოსურ-ბუდისტურმა მსოფლმხედველობამ. მუსიკამ, რომელიც ადრე მხოლოდ საზოგადოებრივ კატეგორიად ითვლებოდა, შეიძინა ინდივიდუალური, მისტიური მნიშვნელობაც. ჩვენამდე მოღწეული პირველი წერილობითი პროფესიული ნაწარმოებია პიესა ცინისათვის „იულანპუ“ („მარტოხელა ორქიდეა“), რომელიც მიეწერება ციუ მინს (VI საუკუნე). VII-X საუკუნეებში კულტურის საერთო აღმავლობასთან ერთად მკვეთრად ამაღლდა მუსიკალური განათლების დონეც (714 წელს გაიხსნა 5 სპეციალური სამუსიკო სასწავლებელი დაწესებულება), შეიქმნა პირველი საკარო პროფესიული აქტიორული ჯგუფები, მათ შორის „მსხლის ბაღი“ (ლიიუანი), რომელიც მრავალ მუსიკოსს აერთიანებდა. მნიშვნელოვანი მუსიკალური თეორიული თხზულებაა დუან ანძეს ტრაქტატი „ჩანაწერები მუსიკაზე“ (X საუკუნე).
სუნის პერიოდში (X-XIII საუკუნეები) რამდენადმე შეცვლილი სახით კვლავ აღორძინდა კონფუცის მუსიკალური თეორია. ახალი თეორიის მიხედვით მთავარი იყო მუსიკის ეთიკური ზეგავლენა, ხოლო მისი ესთეტიკური პრინციპები: მუსიკალური ფილოსოფია, თეორია — მეორეხარისხოვანი. XIII საუკუნეში განვითარდა დეკორატიული მუსიკალური ჟანრები, მათ შორის თეატრთან მჭიდროდ დაკავშირებული ხალხური სასიმღერო ხელოვნება: ოთხაქტიანი დრამა ძაძიუი ემყარებოდა ჩრდილოეთ ჩინეთის სახალხო სიმღერებს. მრავალაქტიანი დრამა ჩუანცი კი სამხრეთ მუსიკალურ ფოლკლორს. XV-XVI საუკუნეებში მუსიკალური თეატრის განვითარების მაღალი დონე განაპირობა კომპოზიტორისა და მსახიობის ვეი ლიანფუს შემოქმედებამ. ჩინეთის კლასიკური მუსიკის განვითარების დასკვნითი პერიოდი ემთხვევა მინის დინასტიის ბატონობას (XIV-XVII საუკუნეები), ჯუ ძაიიუიმ (XVI საუკუნე) სრულყო თანაზომიერად ტემპერირებული 12-საფეხურიანი ბგერათრიგი და მით დაასრულა ლიუის სისტემის განვითარება. XVII საუკუნიდან ჩვენს დრომდე ჩინური მუსიკა ტრადიციულად ვითარდება. XVIII საუკუნიდან შეინიშნება ევროპული გავლენა, რაც განსაკუთრებით გაძლიერდა XX საუკუნეში. „4 მაისის“ მოძრაობის შემდეგ (1919) რევოლუციურად განწყობილი ჩინური ახალგაზრდობა მუსიკალურ განათლებას იღებს ევროპაში. 1932 წელს კომპოზიტორებმა ნე ერმა (ავტორია „მოხალისეთა მარშისა“, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნად იქცა) და ლიუი ძიმ შექმნეს მუსიკოსების რევოლუციური ჯგუფი, რომელიც პატრიოტულ სიმღერებს ქმნიდა იაპონიის წინააღმდეგ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პერიოდში. ჩსრ-ის შექმნის (1949) პირველ წლებში მუსიკის განვითარებას ხელი შეუწყო მთავრობის ორგანიზაციულმა ღონისძიებებმა. 1949 წელს შეიქმნა სრულიად ჩინეთის ლიტერატურისა და ხელოვნების ასოციაცია, რომელთანაც 1953 წელს ჩამოყალიბდა კომპოზიტორთა კავშირი. 1950-იანი წლების დასასრულიდან ჩინურ მუსიკაში შეიმჩნევა გაუბრალოების, ვულგარიზმის ტენდენციები. 1960-იანი წლებში, განსაკუთრებით „კულტურული რევოლუციის“ პერიოდში, მუსიკა ჩინეთის მმართველი წრეების პოლიტიკური ლოზუნგების ილუსტრაციას წარმოადგენდა. აიკრძალა საფორტეპიანო მუსიკა, ანადგურებდნენ მუსიკალურ საკრავებს (ფორტეპიანოებსა და როიალებს). შეწყდა 1966 წლამდე დაწერილი საზღვარგარეთული და ჩინური მუსიკალური ნაწარმოებების შესრულება. 70-იანი წლებში საკონცერტო ესტრადაზე ასრულებდნენ მხოლოდ იმ ნაწარმოებებს, რომლებიც ეთანხმებოდნენ მაო ძედუნის იდეებს, ხალხური მუსიკის შესრულება აეკრძალა თვითმოქმედ და პროფესიონალურ კოლექტივებს. მომღერლები და შემსრულებლები ფიზიკურ სამუშაოზე გაიწვიეს. 1972 წელს გამოიცა კრებულები „ბრძოლის ველის სიმღერები“, რომლებიც ასახავდნენ „კულტურული რევოლუციის“ პერიოდს. 1970-იანი წლების დასაწყისში ჩინეთში იყო 3 კონსერვატორია (პეკინში, ტიანძინსა და შანხაიში), 4 მუსიკალური ინსტიტუტი (უხანში, ჩენდუში, შენიანსა და სიანში).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 133.