ჩვეულებრივი პალია[1] (ლათ. Salvelinus lepechini) — თევზი ორაგულისებრთა ოჯახისა. გარეგნული მსგავსების გამო ადრე ორაგულის გვარში შედიოდა. სხეულის სიგრძე 75 სმ-მდეა, მასა დაახლოებით 9 კგ.[2] ტოფობის სეზონამდე საერთო შეფერილობა მუქია, როგორც წესი, ზემოთ მორუხო-მწვანე და მუცელზე კაშკაშა ნარინჯისფერი ან ყვითელი; აყრია კაშკაშა ნარინჯისფერი წინწკლები. ტუჩები ყვითელი, ნარინჯისფერი ან ვარდისფერია. მკერდის, მუცლისა და ანალური ფარფლები მორუხო-წითელი ან ნარინჯისფერი, კუდის ფარფლი წითელი ან ნარინჯისფერი უკანა მხარითა და თეთრი ან შავი წინა მხარით.[3] გავრცელებულია ფინეთის, ნორვეგიის, შვედეთისა და რუსეთის (კარელია, კოლის ნახევარკუნძული) ტბებში.[2] უმეტესად დიდ ტბებში ბინადრობს, ძალიან იშვიათადაა მდინარეებში. ტოფობს ტბებში, ქვიშა-კენჭიან თავთხელ ნაპირებზე. იკვებება თევზით, ღორტავასებრებით, მოლუსკებით, მწერებით.[3] ადგილობრივი რეწვის ობიექტია.[2]