ჩეჩნები

(გადამისამართდა გვერდიდან ჩეჩენი)

ჩეჩნები (ჩეჩ. ნოხჩი/Noxçi) — ეთნიკური ჯგუფი ჩრდილოეთ კავკასიაში. საკუთარ თავს უწოდებენ „ნოხჩებს“ (მხოლობითში „ნოხჩო“, მრავლობითში „ნოხჩიჲ“).

ჩეჩნები
შეიხი მანსური ქუნტა ჰაჯი პიოტრ ზახაროვ-ჩეჩენეცი
ტარა ჩერმოეფი ხანფაშა ნურადილოვი მილანა ტერლოევა
საერთო მოსახლეობა
1,500,000
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
ჩეჩნეთის დროშა ჩეჩნეთი 1,050,000[1]
რუსეთის დროშა რუსეთი 300,000[1]
დაღესტნის დროშა დაღესტანი 115,000[1]
ინგუშეთის დროშა ინგუშეთი 103,000[1]
ევროპის დროშა ევროპა 100,000[2]
ყაზახეთის დროშა ყაზახეთი 35,000[1]
თურქეთის დროშა თურქეთი 30,000[1]
იორდანიის დროშა იორდანია 10,000[1]
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი 5,000[2]
ეგვიპტის დროშა ეგვიპტე 5,000[2]
სირიის დროშა სირია 4,000[2]
საქართველოს დროშა საქართველო 10,000 (ქისტების ჩათვლით)
ერაყის დროშა ერაყი 2,500[3]
აშშ-ის დროშა აშშ 500
კანადის დროშა კანადა 100
ენები ჩეჩნური
რელიგიები სუნიტური ისლამი

იზოლირებულმა, მთებით გარშემორტყმულმა ტერიტორიამ და სტრატეგიულად ხელსაყრელმა მდებარეობამ მიიზიდა ჩეჩნები და შემდგომში ხელი შეუწყო მათი, როგორც ეთნოსის უნიკალური ნაციონალური ხასიათის ჩამოყალიბებას.

სახელწოდების წარმოშობა

რედაქტირება

სიტყვა „ჩეჩენი“ პირველად მოხსენიებულია მერვე საუკუნის არაბულ წყაროებში. რუსები ამ ეთნოსს სწორედ „ჩეჩნებს“ უწოდებდნენ, რაც მომდინარეობს ჩეჩნურ სოფელ ჩეჩენ-აულთან 1732 წელს მომხდარი შეტაკებიდან, რომელშიც რუსები დამარცხდნენ. თუმცა, რუსულ წყაროებში ის მანამდე, 1692 წლიდანაც გვხვდება, რაც სავარაუდოდ განპირობებულია იმით, რომ ყაბარდოელები ჩეჩნებს „შაშნებს“ ეძახდნენ, რაც რუსებმა თავისებური ინტერპრეტაციით გადაიღეს.

განსახლება

რედაქტირება

ჩეჩნები ჩეჩნეთის ძირითად მოსახლეობას შეადგენენ. ასევე ცხოვრობენ ინგუშეთში, დაღესტანსა და მოსკოვში.

ჩეჩნური დიასპორებია საქართველოში, ყაზახეთში, თურქეთსა და არაბულ სამყაროში (განსაკუთრებით დიდია მათი რაოდენობა იორდანიასა და სირიაში)[2]. ამ ადამიანების ნაწილმა რუსეთ-ჩეჩნეთის ომის დროს დატოვა სამშობლო და ამჟამად ლტოლვილის სტატუსით ცხოვრობს სხვა ქვეყანაში, ნაწილმა უფრო ადრე, 1850 წელს რუსეთის იმპერიის მიერ ჩეჩნეთის ანექსიის პერიოდში, დანარჩენებს კი 1944 წელს სტალინის ბრძანებით იძულებით დაატოვებინეს სამშობლო და ყაზახეთში გადაასახლეს. 2002 წლიდან ათი ათასობით ჩეჩენი ლტოლვილის სტატუსით ცხოვრობს ევროპის ქვეყნებში[2].

ჩეჩნები სარწმუნოებრივად მუსლიმი სუნიტები არიან. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში მათში ვაჰაბიზმაც მოიკიდა ფეხი.

ქრისტიანობა

რედაქტირება

აქ თავდაპირველად ქრისტიანობა იყო გავრცელებული, რომელიც აქ VIII-IX საუკუნეებში საქართველოდან გავრცელდა. თუმცა მთის სოციალური და ეკონომიკური პირობები ქრისტიანობის მყარად გავრცელებას ხელს ვერ უწყობდა, ასე რომ ამ რელიგიის მხოლოდ ზედაპირული გავრცელების საშუალება იყო მხოლოდ ამ რეგიონში. არღუნის ხეობაში ბოლო დრომდე იყო შემორჩენილი, ეკლესიის ნანგრევები და ქვის ჯვრები.

საქართველოდან ჩეჩნეთში ქრისტიანობის შეღწევის დამადასტურებელია ზოგიერთი ჩეჩნური სიტყვა, ასე მაგალითად: ჩეჩნურად კვირას ეწოდება „კვირა“; პარასკევს — „პერისკა“; შაბათს — „შუოთდე“; მარხვას — „მარხ“ და სხვა.

ჩეჩნეთში XVI საუკუნეში დაღესტნიდან შედის ისლამი, მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აქ მან XVIII საუკუნემდე ფეხი ვერ მოიკიდა. აქ მაჰმადიანობას ყუმუხები და ხუნძები ავრცელებდნენ, ხოლო მოლები აქ მწყემსებად მუშაობდნენ, რომელთა უმნიშვნელოვანესს მიზანს ჩეჩნეთში ისლამის გავრცელება წარმოადგენდა. საბოლოოდ ისლამი ჩეჩნეთში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის პერიოდში გავრცელდა და მყარად მოიკიდა ფეხი კავკასიელ მთიელებში.

რწმენა-წარმოდგენები

რედაქტირება

ჩეჩნეთში შემორჩენილია ასევე, ქრისტიანობამდელი რწმენა-წარმოდგენებიც. ჩეჩნებს ჰქონდა ღვთაებათა პანთეონიც, რომლის სათავეშიც იდგა უზენაესი ღვთაება — დიელა. ჩეჩნეთში თაყვანს სცემდნენ მუხას, წიფელს. ჩეჩნურ ღვთაებათა პანთეონში იყო მიწათმოქმედების, უხვლოსავლიანობის შემწე ღვთაებებიც. ქართველ მთიელებთან მათ ბევრი საერთო ჰქონდათ, ურთიერთობდნენ ყველანაირი მიმართულებით, მათ შორის რელიგიური კუთხითაც. სწორედ აღსანიშნავი ფაქტია, რომ მათ ჰქონდათ საერთო სალოცავები ქართველ მთიელებთან. ასე მაგალითად ანატორის ჯვარი, მართალია ის ხევსურთა სალოცავი იყო, თუმცა ნადირის მფარველ ღვთაებაზე, ქისტებიც კი ლოცულობდნენ. უწინ ქისტეთის სოფელ ჯგარეგოში ანატორის ჯვარის კი იდგა.

თანამედროვე ვითარება

რედაქტირება

დღეს ჩეჩნეთი მოსახლეობის დიდი ნაწილისაგან დაცლილია. ბევრი ჩეჩენი ლტოლვილობაშია. დიდი რაოდენობით ცხოვრობენ ისინი თვით რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა ოლქებში. არაერთი ჩეჩენი რუსეთში მსხვილი ბიზნესმენია. რუსეთში მცხოვრები ჩეჩნები ინარჩუნებენ ტრადიციებს, მენტალიტეტს. ისინი ვინც ჩეჩნეთში ცხოვრობენ მუსლიმი სუნიტები არიან ძირითადად.

მეურნეობა

რედაქტირება

ჩეჩნების მეურნეობა მთასა და ბარში ერთმანეთშიგან განსხვავდებოდა. ეს განპირობებული იყო სხვადასხვა ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობებით.

ჩეჩნების ძირითადი საქმიანობა ძველთაგანვე მიწათმოქმედება და მესაქონლეობა იყო. მთის ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობებიდან გამომდინარე ჩეჩნეთის მთაში მიწათმოქმედებას შეზღუდული ხასიათი ჰქონდა. ფაქტობრივად მათთვის აქ მეურნეობის ეს დარგი მეორეხარისხოვანი იყო. მიუხედავად ამისა, მთიან ჩეჩნეთში მიწის ყველა გოჯი მაქსიმალურად იყო გამოყენებული და მუშავდებოდა. მთიან ჩეჩნეთში მოსახლეობის ბარში მიგრაციის მიუხედავად, XIX საუკუნის მეორე ნახევარში ერთ სულზე საშუალოდ 0,01-დან 0,04-მდე დესეტინა მიწა მოდიოდა. ისევე როგორც კავკასიის სხვა მხარეებში, აქაც მიწის ნაკვეთები ტერასებზე იყო განთავსებული. ტერასები ყველაზე დიდი რაოდენობით მთაში და მაღალმთაში იყო.

რაც შეეხება ბარის ჩეჩნეთს, მარცვლეული კულტურების მოყვანით ჩრდილოეთ კავკასიაში ერთ-ერთი წამყვანი რაიონი იყო. სასოფლო თემის მცხოვრებლებს შორის სახვნელი და სათიბი მიწების პერიოდული გადანაწილება ოჯახებზე შემოიღეს. საძოვარი და ტყე კი საერთო გაუყოფელ სარგებლობაში შედიოდა. სახვნელი მიწების გადანაწილება, ჩვეულებრივ, ხუთ წელიწადში ერთხელ ხდებოდა, სათიბებს კი ისინი ყოველწლიურად ყოფდნენ. მთებში მიწათსარგებლობის სისტემა ბევრად განსხვავდებოდა ბარის ჩეჩნეთის მიწათსარგებლობის სისტემისაგან. სახვნელი და სათიბი მიწები აქ კერძო საკუთრებაში იყო, სათემო მფლობელობა მხოლოდ სათიბებსა და ტყეებზე ვრცელდებოდა.

ჩეჩნეთში დაბლობში უპირატესად სიმინდი, საშემოდგომო ხორბალი, ქერი და ფეტვი მოჰყავდათ, მთაში კი ძირითად პურეულ კულტურას ქერი წარმოადგენდა, იშვიათად თესავდნენ ხორბალსაც.

მთაში, სადაც მესაქონლეობა იყო განვითარებული, მიწას აპატივებდნენ. მინდვრის სამუშაოების დროს ნათესავებმა და თანასოფლელებმა ურთიერთდახმარება იცოდნენ. დაბლობში ძირითადად ჰყავდათ მსხვილფეხარქოსანი საქონელი, როგორც სარძევე, ისე გამწევი: ძროხები, ხარები, კამეჩებიც კი; მთებში კი უპირატესად მეცხვარეობა იყო განვითარებული.

შინამრეწველობიდან ჩეჩნებში განსაკუთრებით ნაბდისა და ქეჩის სხვა ნაწარმთა დამზადება იყო განვითარებული. 1893 წლის მონაცემებით ჩეჩნეთში ნაბდების დამზადებას 500 ოჯახი მისდევდა. ეს 500 კომლი წელიწადში დაახლოებით 73.300 რუბლის ღირებულების 7400 ნაბადს ამზადებდა. ჩეჩნურ ნაბდებზე დიდი მოთხოვნილება იყო მეზობელ კაზაკურ რეგიონებშიც.

ნაბდების წარმოება ძირითადად დაბლობის ჩეჩნეთისათვის იყო დამახასიათებელი; მთის რაიონები კი მას ძირითადად ნედლეულს აწვდიდნენ. ჩეჩნეთი ცნობილი იყო მცენარეული და ცხოველური ორნამენტით მორთული ხალიჩების დამზადებითაც, აქ ყველა მხარეში მზადდებოდა მსგავსი ტიპის ხალიჩები. არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საოჯახო მაუდის ქსოვასაც. ჩეჩნეთის ბევრ სოფელში მისდევდნენ ტყავის დამუშავებას. მნიშვნელოვნად იყო განვითარებული იარაღისა და სპილენძის ჭურჭლის წარმოება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • როლანდ თოფჩიშვილი, კავკასიის ხალხთა ეთნოლოგია, თბ., 2012.
  • ისტორიანი : ჟურნ., თბ.: მედიაპალიტრა, 2012, № 4(16), ISSN 2233-3843.