შრი აურობინდო
შრი აურობინდო (ბენგ. অরবিন্দ ঘোষ, Arabinda Ghoṣ, Arabinda Ghosh; დ. 15 აგვისტო, 1872, კოლკატა, ინდოეთი — გ. 5 დეკემბერი, 1950, პონდიშერი, იქვე) — ინდოელი პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი, ჰინდუ-მისტიკოსი, იოგი და გურუ. მისი წერილები, ლექსები და ფილოსოფიური ჩანაწერები ხელმოწერილია შრი აურობინდოთი და ამ სახელითაა გამოქვეყნებული. თავის პიროვნებაში იგი აერთიანებს დასავლეთის ჰუმანისტურ განათლებასა და ცოდნას ინდოეთის სიბრძნის სწავლებებთან და სპირიტუალურ ტრადიციებთან.
შრი აურობინდო | |
---|---|
მშობლიური სახელი | অরবিন্দ ঘোষ |
დაბადების თარიღი |
15 აგვისტო, 1872 ინდოეთი, კოლკატა |
გარდაცვალების თარიღი |
5 დეკემბერი, 1950 პონდიშერი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი, ჰინდუ-მისტიკოსი, იოგი და გურუ |
ცნობილი ნაშრომები |
„ღვთიური ცხოვრება“ (The Life Divine), „იოგას სინთეზი“ (The Synthesis of Yoga), „ესეები გიტას შესახებ“ (Essays on the Gita), „ვედას საიდუმლო“ (The Secret of The Veda), „ჰიმნები მისტიკურ ცეცხლს“ (Hymns to the Mystic Fire), „უპანიშადები“ (The Upanishads), „ინდური კულტურის საფუძვლები“ (The Foundations of Indian Culture), „ომი და თვითგამორკვევა“ (War and Self-determination), „ადამიანის განვითარების ციკლი“ (The Human Cycle), „ერთიანი კაცობრიობის იდეალი“ (The Ideal of Human Unity) „მომავლის პოეზია“ (The Future Poetry). |
ხელმოწერა |
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული ცხოვრება (1872-1884)
რედაქტირებააურობინდო ჰოსე დაიბადა 1872 წლის 15 აგვისტოს კოლკატაში. ადრეული ბავშვობა გაატარა კულნაში, ბენგალში. მამამისი, დოქტორი კრიშნა დჰან ჰოსე 1864 წლიდან დაქორწინებული იყო იმ დროისათვის 12 წლის სვარნალატა ბოსეზე. მისი მშობლები ჰინდუისტური რეფორმაციული მოძრაობის, ბრაჰმო სამაჯის, ტრადიციების მიხედვით იყვნენ მონათლულნი. თუმცა აურობინდოს თანახმად მამამისი ათეისტი იყო. თავისი ინგლისური სულისკვეთებისა და ინგლისში მედიცინის ორწლიანი სწავლის (1869 - 1871) გავლენით ბენგალური და ინდური კულტურა მამამისისთვის უცხო იყო. შესაბამისად, ცდილობდა, რომ თავისი შვილებიც დაეცვა ინდური გავლენისგან და მათთვის ევროპული განათლება მიეცა. ამიტომ აურობინდო და მისი და-ძმა დარჯილინგში ლორეტოს სამონასტრო სკოლაში სწავლობდნენ (1877-1879). აურობინდოს ოთხი დედმამიშვილი ჰყავდა: ორი ძმა, ბენოი ბჰუსჰანი და მონო მოჰანი, და ერთი უმცროსი და სახელად საროჯინი; მესამე ძმა, ბარინდრა, 1879 კროიდონში, ინგლისში დაიბადა. აურობინდოს თანახმად მამამისმა, რომელიც ოცნებობდა, რომ მისი ვაჟები მნიშვნელოვანი მოღვაწეები ყოფილიყვნენ, მას ეს სახელი უცაბედი ინსპირაციის შედეგად დაარქვა, როგორც განსაკუთრებული და ერთადერთი მსოფლიოში. ასეთივე უნდა ყოფილიყო მისი მომავალიც. თუმცა ბედის ირონიით მამამისი აურობინდოს ინოდეთში დაბრუნებასა და მისი სახელის ინდოეთის თავისუფლებისთვის ბროძლით განთქმას ვერ მოესწრო. 1879 წელს შვიდი წლის აურობინდო თავის ძმასთან ერთად ინგლისში გაგზავნეს. ისინი მანჩესტერში სასულიერო მოღვაწე დრეუვატთან ცხოვრობდნენ. სანამ მისი ძმა სკოლაში იყო, რევერენდ დრეუვატი მას ინგლისურს, ლათინურსა და ბერძნულს ასწავლიდა. მისი ცოლი კი ისტორიაში, გეოგრაფიაში, არითმეტიკასა და ფრანგულში ამეცადინებდა.
ახალგაზრდობა ლონდონში (1884-1890)
რედაქტირება1884 წელს ძმები ქალბატონ დრეუვატთან ერთად ლონდონში გადავიდნენ საცხოვრებლად. აურობინდო იქ ხუთი წელი დადიოდა დასავლეთ კენსინგტონის წმინდა პავლეს სკოლაში. მოხუცი დრეუვატი თავგამოდებული მისიონერი იყო და სამი ძმის გაქრისტიანებას ცდილობდა. როდესაც მისმა მცდელობამ კრახი განიცადა, ძმები იძულებულები გახდნენ, მისი სახლი დაეტოვებინათ. რასაც სიღატაკის მძიმე დრო მოჰყვა. მამის გამოგზავნილი ფული სრულიად არ იყო ცხოვრებისთვის საკმარისი და ხშირად არც აღწევდა მათამდე. მიუხედავად ხელმომჭირნედ ცხოვრებისა ხშირად საჭმელიც არ ჰქონდათ, ტანსაცმელი არ იყო საკმარისად თბილი, ბინა კი, რომელშიც ცხოვრობდნენ, ნესტიანი და ცივი იყო. ყველაფრის მიუხედავად აურობინდო კარგად სწავლობდა. როგორც კი სკოლის დავალებებს დაამთავრებდა, ინგლისურ და ფრანგულ ლიტერატურას ეცნობოდა და ევროპის ისტორიას სწავლობდა, მეცადინეობდა იტალიურში, გერმანულსა და ესპანურში. ბევრ დროს უთმობდა საკუთარ ნაწერებსაც. ფლობდა ჯოლდოებს ისტორიასა და ლიტერატურაში.
კემბრიჯში სწავლა (1890-1892)
რედაქტირებააურობინდომ წმინდა პავლეს სკოლიდან მიიღო წლიურად 80 ფუნტის ოდენობის სტიპენდია, რისი საშუალებითაც კემბრიჯის სამეფო კოლეჯში სწავლის გაგრძელება შეძლო. თუმცა ეს პერიოდიც განსაკუთრებული სიდუხჭირით გამოირჩეოდა. მიუხედავად ამისა მისი დიპლომები მის დიდ წარმატებებს და მაღალ აკადემიურ მოსწრებას მოწმობენ. ის იღებდა უამრავ ჯილდოს და მისი ერთ-ერთი პროფესორი მას ძველი ენების საუკეთესო ფილოლოგს უწოდებდა. სწავლის დასრულების შემდეგ მამამისის სურვილის შესაბამისად მოხელის კარიერას უნდა შესდგომოდა. ბენგალის გუბერნატორის ოჯახური კონტაქტების საშუალებით მამამ არაჰის რაიონში კარგი ადგილი უშოვა. მამის ხათრით მოხელეობისთვის საჭირო მისაღები გამოცდები ჩააბარა. თუმცა მოგვიანებით შესაბამისი საქმიანობის სურვილი გაუქრა და წერით გამოცდებში კარგი ნიშნების მიუხედავად მუდმივად არიდებდა თავს ჯირითობაში გამოცდას. რის გამოც, საბოლოოდ, ლორდ კიმბერლეიმ ინდური საჯარო სამსახურიდან მისი დისკვალიფიკაცია მოახდინა. ამ გადაწყვეტილებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ მამამისისგან განსხვავებით აურობინდო სულაც არ იყო ინგლისით აღფრთოვანებული. ის აღფრთოვანებული იყო ინგლისური და დასავლური ლიტერატურით, ფილოსოფიით და ისტორიით, მაგრამ არა ადამიანებით, რომლებსაც ის ხვდებოდა. ეროვნული სტუდენტური გაერთიანების, „ინდური მეჯლისის“ წევრობისა და მდივნობის ფარგლებში გამოდიოდა რევოლუციური სიტყვით, რამაც მისი საჯარო სამსახურიდან გამოძევებაში შეიტანა წვლილი. 1893 წელს აურობინდო ინდოეთში დაბრუნდა. 21 წლიდან მან 14 წელი ინგლისში გაატარა. გემის ჩამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე მამამისი გულის შეტევით გარდაიცვალა.
პროფესიული და პოლიტიკური საქმიანობა (1893-1908)
რედაქტირებარადგანაც აურობინდო ინდოეთში ინგლისურ საჯარო სამსახურში არ დაუშვეს, ბენგალის გუბერნატორის ერთმა კეთილად განწყობილმა ნათესავმა ბარადოს სათავადოში უშოვა მოხელის ადგილი. თავიდან საფოსტო მარკების, საგადასახადო და საფოსტო განყოფილებაში უშაობდა, მოგვიანებით კი საკუთარი სურვილით ბორადოს კოლეჯში ინგლისური ენისა და ლიტერატურის ლექტორად გადავიდა. საბოლოოდ კოლეჯის პრორექტორობას მიაღწია. გარდა ამისა, აურობინდო მაჰარაჯას მდივანი და თანაშემწეც იყო. ბარადოში ის სწავლობდა სანსკრიტს და სხვა ინდურ ენებს, განსაკუთრებით მარათს, გუჯარათს და თავის მშობლიურ ენა ბენგალურს. 1901 წელს ბარადოშივე დაქორწინდა მრინალი ბოსეზე, რომელიც 1918 წელს ნაადრევად გარდაიცვალა. 1906 წელს აურობინდომ დატოვა ბაროდა და კოლკატაში ახლად დაარსებული „ეროვნული ბენგალური კოლეჯის“ მმართველად გადავიდა. 1906 წელსვე დაიწყო ჟურნალ „ბანდე მატარამ“-ის გამოცემა, რომელიც „ეროვნული პარტიის“ მეგაფონად იქცა. მას დამოუკიდებლობის იდეის თანამემამულეებში გავრცელება და ამავდროულად პარტიისა და მთელი ერის ინტესიური და ორგანიზებული პოლიტიკური აქტივობისკენ დარაზმვა სურდა. აურობინდოს უპირველესი მიზანი იყო ჟურნალში ინდოეთის სრული დამოუკიდებლობის როგორც პოლიტიკური მიზნის ღია და ხანგრძლივი პროპაგანდა. ის იყო პირველი პოლიტიკოსი ინდოეთში, რომელმაც ამის საჯაროდ გაკეთება გაბედა. „ბანდე მატარამ“-ის საშუალებით ამ საქმიანობამ ის საყოველთაოდ ცნობილი გახადა. აქედან მოყოლებული ის პარტიის ყველაზე ცნობილი ლიდერად იქცა. პოლიტიკური აქტივობის დროსვე დაინტერესდა იოგას სწავლებითა და ვარჯიშებით. მისი ინტერესი განსაკუთრებით გაძლიერდა 1907 წელს გურუ ვიშნუ ბჰასკართან შეხვედრის შემდეგ. მისი დახმარებით აურობინდოს ცოდნა და გამოცდილება იოგაში იმდენად გაღრმავდა, რომ მან იოგას განვითარების საკუთარი იდეა შეიმუშავა. 1908 წელს აურობინდო დააპატიმრეს.
ნაციონალისტობიდან იოგამდე (1908-1909)
რედაქტირებაკოლკატასთან ახლოს მდებარე ციხეში, სადაც აურობინდომ ერთი წელი დაჰყო, მან საბოლოოდ მიატოვა ეროვნული მოძრაობა და მთლიანად იოგათი დაკავდა. 1904 წელს მან ყოველგვარი გურუს სწავლების გარეშე დაიწყო იოგას შესწავლა; 1908 წელს მნიშვნელოვანი დახმარება მიიღო გურუ ვიშნუ ბჰასკარისგან და საკუთარი სადჰანას საფუძვლები აღმოაჩინა. ციხის აყალ-მაყალშიც ახერხებდა სრულყოფილ მედიტაციას. თან ჰქონდა ბჰაგავად გიტა და უპანიშადები. იოგაში ვარჯიშობდა გიტას მიხედვით, ხოლო მედიტაციას უპანიშადების საშუალებით განაგძობდა. მხოლოდ ამ ორ წიგნში იპოვა მან ინსტრუქცია და მითითებები. სწორედ ამან ათქმევინა შემდეგი სიტყვები ჰინდუიზმზე: „ეს არის რელიგია, რომელიც ამ ქვეყნის წიაღში ინახებოდა დიდი ხნის მანძილზე. ამ რელიგიის საქადაგებლად აღსდგება ინდოეთი. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ინდოეთი აღსდგება არა საკუთარი თავის გამო ან სუსტების დასაჩაგრად, როდესაც ის გაძლიერდება. ინდოეთი აღსდგება იმ მარადიული სინათლის მოსაფენად მსოფლიოსთვის, რომელიც მას აქვს მინდობილი“. საგამომძიებლო პროცესი, რომელიც მის დაპატიმრებას მოჰყვა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ინდოეთის ეროვნული მოძრაობისთვის. 49 ადამიანი გასაჩივრდა და 206 მოწმე დაიკითხა, 400 დოკუმენტი დაერთო აქტებს და 5000 მტკიცებულება იქნა ამოღებული, მათ შორის ბომბები და რევოლვერები. თავის დროზე ინგლისელი მოსამართლე ბეეხქროფტიც აურობინდოს მსგავსად კემბრიჯში სწავლობდა. აურობინდოს დაცვა ჩიტარანჯან დასმა აიღო საკუთარ თავზე. პროცესი მთელ წელიწადს გაგრძელდა. 1909 წლის 6 მაისს აურობინდო იყო ის ერთადერთი მსჯავრდებული, რომელიც გაანთავისუფლეს.
პონდიშერის აშრამი (1910-1945)
რედაქტირებაროგორც კარმაიოგინის გამომცემელი ის უწყებებს თვალში ეკლად ესობოდა. მოსალოდნელი დაპატიმრებისგან თავის დასაღწევად მან დატოვა ბრიტანეთის ინდოეთი და ფრანგული ინდოეთის ჩანდანაგარს მიაშურა. შემდეგ კი სამხრეთ ინდოეთის პონდიშერში გადაინაცვლა. აქ მან განავითარა „ინტეგრალური იოგა“, როგორც ცნობიერების თანამედროვე, პროგრესული და ყოველმხრივი განვითარება. 1914 წელს პონდიშერში ჩამოვიდნენ მირა ალფასა და მისი მეუღლე პაულ რიჩარდი. ამ უკანასკნელის რჩევით აურობინდომ დაიწყო ჟურნალ „არიას“ („Arya”) გამოცემა, რომელშიც 1920 წლამდე თავის ძირითად ნაწარმოებებს ბეჭდავდა პირველად. „არია“-ს ბოლო ნომერი 1921 წლის 15 იანვარს გამოვიდა. ამავე დროს დაიწყო თავისი წერილებისა და სტატიების „შრი აურობინდოს“ სახელით ხელმოწერა. 1920 წელს, იაპონიაში მრავალწლიანი ცხოვრების შემდეგ, მირა ალფასა დაბრუნდა აურობინდოსთან უკან და სიცოცხლის ბოლომდე პონდიშერში დარჩა. ის განაგებდა საოჯახო მეურნეობას, რომელიც შრი აურობინდოს გარშემო წარმოიქმნა და რომელსაც 1926 წლის 24 ნოემბერს შრი აურობინდოს „აშრამი“ ხოლო ამ დღეს „სიდჰის დღე“ ეწოდა. იმ დროისთვის აშრამში 25 მოსწავლეც აღარ ცხოვრობდა. იმავე წლის დეკემბერში აურობინდომ გადაწყვიტა, საჯარო ცხოვრებას სრულიად განსდგომოდა და აშრამზე მთელი პასუხისმგებლობა მირა ალფასს გადააბა, რომელსაც ღვთიურ დედას ეძახდა. 1927 წელს აურობინდო და „დედა“ რუე ფრანკოს მარტინში გადავიდნენ, სადაც დარჩენილი ცხოვრება გაატარეს. 1928 წლისთვის აშრამს 80-მდე წევრი ჰყავდა, აქედან რამდენიმე ბავშვი.1926 წლიდან შრი აურობინდო თავისი მოსწავლეების კითხვებს წერილობით ამომწურავად პასუხობდა. 1928 წელს გამოიცა წიგნი „დედა“; 1933 წელს - წერილების კრებული „სამყაროს ამოცანა“. 1938 წელს წაქცევის შედეგად აურობინდომ მარჯვენა ფეხი დაიზიანა. რეგულარული მიმოწერა თავის იოგ მოსწავლეებთან დასრულდა. მხოლოდ 1940 წელს მოიმატა აშრამის წევრების რიცხვმა, მათ მიეკუთვნებოდნენ რამდენიმე მშობელიც თავიანთ შვილებთან ერთად. 1943 წლის 2 დეკემბერს დაარსდა აშრამის სკოლა.
მოკავშირეების დახმარება (1939-1945)
რედაქტირებანაციონალ-სოციალიზმისა და მეორე მსოფლიო ომის დროს აურობინდომ და მირა ალფასამ ჰიტლერისა და ნაციონალ-სოციალიზმის საწინააღმდეგო პოზიცია დაიკავეს, რაშიც ისინი არაადმიანურ, უბოროტეს ძალას ხედავდნენ.
ის ფინანსურ შეწირულობას ეხმარებოდა ფრონტს და სხვებსაც დახმარებისკენ ან არმიაში შესვლისკენ მოუწოდებდა.
ინდოეთის დამოუკიდებლობა (1947 წლის 15 აგვისტო)
რედაქტირებაამონარიდი რადიო-მიმართვიდან, რომელიც შრი აურობინდომ ინდოეთის განთავისუფლების და თავის 75-ე დაბადების დღეს გააკეთა:
„1947 წლის 15 აგვისტო არის თავისუფალი ინდოეთის დაბადების დღე. 15 აგვისტო ჩემი საკუთარი დაბადების დღეცაა. რა თქმა უნდა, სიხარულით მავსებს, რომ ამ დღემ ასეთი ფართო მნიშვნელობა შეიძინა. ამ დამთხვევას შემთხვევად არ აღვიქვამ... დღეს ვხვდები, რომ მსოფლიოს თითქმის ყველა მცდელობა, რისი წარმატების ნახვის იმედიც მქონდა, თავის დასასრულს უახლოვდება და წარმატების გზაზე დგას, მიუხედავად იმისა რომ თავის დროზე აუსრულებელ ოცნებებად ითვლებოდა...
ყველა ამ პროცესში თავისუფალ ინდოეთს მნიშვნელოვანი როლის თამაში და წამყვანი ადგილის დაკავება შეუძლია. ჩემი პირველი ოცნება იყო იმ რევოლუციორი განვითარების ნახვა, რომელიც თავისუფალი და ერთიანი ინდოეთის წინაპირობა იქნებოდა. თუმცა დღეს ინდოეთი თავისუფალია, მაგრამ არა ერთიანი... სეპარაცია უნდა გაქრეს, ერთიანება უნდა აღსდგეს და აღსდგება კიდეც! ... ჩემი მომდევნო ოცნება ეხებოდა აზიელი ხალხების აღორძინებას და განთავისუფლებას... ამისათვის კიდევ უფრო ცოტაა გასაკეთებელი; და ეს დღეს ან ხვალ მოხდება. ... ჩემს მესამე ოცნებაში მე ვხედავდი მსოფლიოს გაერთიანებას, რომელმაც მთელი კაცობრიობის სამართლიანი, ბედნიერი და ღირსეული ცხოვრების გარე საფუძველი უნდა შექმნას. ეს გაერთიანება თავის გზას ადგას. ... შემდეგი ოცნება პრაქტიკულად უკვე ისხმას ფრთებს. ინდოეთის სპირიტუალურობა ევროპასა და ამერიკაში იდგამს ფესვებს. ეს მოძრაობა კიდევ უფრო გაიზრდება. ... ჩემი ბოლო ოცნება მოიცავს ევოლუციის საფეხურს, რომელიც ადამიანებს უფრო მაღალ და ყოვლისმომცველ ცნობიერებამდე აიყვანს და იმ პრობლემების გადაწყვეტას შეაძლებინებს, რომლებიც ადამიანს აზროვნების დაწყებიდან მოყოლებული აწუხებს და სტანჯავს...“ |
1945 წლის შემდგომი პერიოდი
რედაქტირებაშრი აურობინდო თავის დავალებად მიიჩნევდა „ზესულის“ მიწიერ ცნობიერებამდე დაახლოებას. 1945 წლიდან აურობინდო და მირა ალფანსე გეგმავენ შრი აურობინდოს საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნას და სულიერი თავისუფლების სამომავლო ქალაქს, რომელიც ყველა ადამიანის სამშობლო უნდა ყოფილიყო და სადაც ადამიანები მშვიდად იცხოვრებდნენ და თვითგავითარებით დაკავდებოდნენ. აურობინდო გარდაიცვალა 1950 წლის 5 დეკემბერს ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ. მისი ნეშტი დაკრძალეს აშრამის ეზოში. ამ დროისათვის აშრამში ცხოვრობდა დაახლოებით 800 ადამიანი. 1956 წლის თებერვალში მირა ალფასს, როგორც თავად იხსენებდა, აშრამის სპორტულ მოედანზე მედიტაციის დროს ჰქონდა ხილვა, რომელსაც ის „დედამიწაზე ზესულის მანიფესტაციას“ უწოდებდა. მან იხილა, როგორ იდგა მასიური ოქროს კარიბჭის წინ, რომელიც დედამიწასა და ღვთიურ სამყაროს ჰყოფდა. მან ერთი დარტყმით დაანგრია კარიბჭე, რის შემდეგაც ზესულიერი სინათლე და ძალა ერთ ნაკადად გადმოედინა დედამიწაზე. მირა ალფასის ახსნით მსოფლიოში ჯერ კიდევ დიდი დაბრკოლებები არსებობს და მომავალში უცაბედი სასწაული არ მოხდება, თუმცა დაჩქარებული და სტაბილური ევოლუციური პროცესი შესაძლებელია.
შრი აურობინდოს ძირითადი ნაწარმოებები
რედაქტირებაპაულ რიჩარდის გავლენით აურობინდომ 1914 წელს ფილოსოფიური ჟურნალ „არია“-ს გამოცემა დაიწყო. ამ 64 გვერდიან თვიურ ჟურნალში მომდევნო 6 წლის განმავლობაში იგი აქვეყნებდა თავის მნიშვნელოვან ნაწარმოებებს. ესენია: „ღვთიური ცხოვრება“ (The Life Divine), „იოგას სინთეზი“ (The Synthesis of Yoga), „ესეები გიტას შესახებ“ (Essays on the Gita), „ვედას საიდუმლო“ (The Secret of The Veda), „ჰიმნები მისტიკურ ცეცხლს“ (Hymns to the Mystic Fire), „უპანიშადები“ (The Upanishads), „ინდური კულტურის საფუძვლები“ (The Foundations of Indian Culture), „ომი და თვითგამორკვევა“ (War and Self-determination), „ადამიანის განვითარების ციკლი“ (The Human Cycle), „ერთიანი კაცობრიობის იდეალი“ (The Ideal of Human Unity) და „მომავლის პოეზია“ (The Future Poetry).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Savitri, das größte Werk Aurobindos (ინგლისური)
- Die Savitri-Lesung von Heinz Kappes დაარქივებული 2016-01-23 საიტზე Wayback Machine. (გერმანული)
- აღსანიშნავი ნაშრომები
- Die Botschaft Sri Aurobindos zur Indischen Unabhängigkeit (15. August 1947) დაარქივებული 2015-12-19 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- Aurobindo über Deutschland
- Vortrag über Aurobindos Philosophie
- Aurobindos Bücher დაარქივებული 2012-10-29 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური), PDF
- Seite zu Sri Aurobindos Hauptwerk Savitri in deutscher Sprache დაარქივებული 2020-08-12 საიტზე Wayback Machine.