შილონგის პლატო
შილონგის პლატო, ასამის მთები (ინგლ. Shillong Plateau) — მთიანეთი ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში. მისი დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი ესკარპები ცნობილია შესაბამისად, გაროს, კჰასისა და ჯაინტიის ბორცვების სახელწოდებით.[1]
შილონგის პლატო | |
---|---|
კოორდინატები: 25°34′55″ ჩ. გ. 91°59′56″ ა. გ. / 25.582000° ჩ. გ. 91.999000° ა. გ. | |
ქვეყანა | ინდოეთი |
ტერიტორიული ერთეული | მეგჰალაია |
უმაღლესი წერტილი | შილონგის პიკი |
სიმაღლე | 1961 მ |
სიგრძე | 350 კმ |
აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ, მდინარე ბრაჰმაპუტრის ხეობასა და აღმოსავლეთ ბენგალის დაბლობებს შორის გადაჭიმულა 350 კმ-ზე. მაქსიმალური სიმაღლე 1961 მ (შილონგის პიკი). ძველი კრისტალური ფუნდამენტის შვერილია, რომელიც დაყოფილია განივი ნასხლეტებით კულისისებურად განლაგებულ ბლოკებად.[2]
გეოლოგიურად ინდოეთის ფარის ნაწილია. აგებულია კამბრიუმამდელი გნაისებით, გრანიტებითა და ბაზალტებით, ხოლო სამხრეთით — ქვიშაქვებითა და კონგლომერატებით.[3] შილონგის პლატოს დასავლეთი ნაწილი დანაწევრებულია დაბალი გუმბათისებური ბორცვების, დამრეცი მწვერვალების მქონე მთებისა და ღრმად ჩაჭრილი მდინარეთა ხეობების ჯგუფით. აღმოსავლეთი ნაწილი — ზეგანია ციცაბო ფლატოვანი სამხრული კალთებით.[4]
შილონგის პლატოს სამხრეთი მონაკვეთი დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე ნოტიო ადგილია; ქალაქ ჩერაპუნჯში, რომელიც ზღვის დონიდან 1430 მ სიმაღლეზე მდებარეობს წელიწადში 11,777 მმ ნალექი მოდის.[5] პლატოზე ჭარბობს ბუჩქნარი რაყები და ნოტიო ტროპიკული ტყეები; იქ, სადაც ტყეები გაკაფულია, კალთები ძლიერაა ეროზირებული. გვხვდება ჩაისა და ციტრუსების პლანტაციები. არის ქვანახშირის, რკინის მადნისა და კირქვის საბადო.[1]
შილონგის პლატო სეისმურად აქტიური რეგიონია; იყო ასამის მიწისძვრის ეპიცენტრი 1897 წლის 12 ივნისს.[6]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Shillong Plateau | Encyclopedia Britannica
- ↑ Facts and Figures about Shillong
- ↑ Stress and fault simulation of Shillong Plateau and its adjoining area in Northeast India, Bangladesh and Myanmar. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-09-30. ციტირების თარიღი: 2021-09-30.
- ↑ A. B. Roy, Ritesh Purohit. Indian Shield: Precambrian Evolution and Phanerozoic Reconstitution. 2018
- ↑ Cherrapunji, India: Climate, Global Warming, and Daylight Charts and Data
- ↑ The Shillong Plateau and the great 1897 Assam earthquake. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-09-30. ციტირების თარიღი: 2021-09-30.