შელფური მყინვარი — მოტივტივე ან ფსკერთან ნაწილობრივ მიყრდნობილი მყინვარი, რომელიც მოემართება კიდისკენ შესქელებული ფილაქნის სახით ნაპირიდან ზღვაში. ჩვეულებრივ, წარმოადგენს მიწისზედა მყინვარული საფრის გაგრძელებას, იშვიათად წარმოიქმნება ზღვის ყინულზე თოვლის დაგროვებითა და სხვა. შელფური მყინვარების სისქე უკანა მხარეს, იქ, სადაც დაყრდნობის ხაზი გადის, 200–1300 მ-ია, ხოლო ზღვის კიდესთან, რომელსაც მყინვარული ბარიერი ეწოდება 50–400 მ.

ანტარქტიკის უდიდესი შელფური მყინვარები (2007)[1]
  როსი (472 960 კმ²)
  ფილხნერ-რონე (422 420 კმ²)
  ეიმერი (62 620 კმ²)
  ლარსენი (48 600 კმ²)
  ფიმბული (41 060 კმ²)
  შეკლტონი (33 820 კმ²)
  ჯორჯ VI (23 880 კმ²)
  დასავლეთი (16 370 კმ²)
  უილკინზი (13 680 კმ²)
როსის შელფური მყინვარი

კვების არე მოიცავს თითქმის მთელ ზედა ზედაპირსა და ქვედა ზედაპირის ზღვისპირა ნაწილს, სადაც მიმდინარეობს ყინულის გათოშვა. ხარჯი ძირითადად ხორციელდება მყინვარული ბარიერებისგან მოწყვეტილი მაგიდა აისბერგებით, აგრეთვე კიდურ ზონაში ყინულის ლღობით 1 მ-მდე წელიწადში. მოძრაობის სიჩქარე იზრდება კიდურ ნაწილში 300–800 მ-დან გარე მხარეში 1800 მ-მდე. შელფური მყინვარების მასა გაწონასწორებულია წყლის ჰიდროსტატიკური წნევით; ხახუნის ძალა ფსკერულ ზედაპირზე ძალიან მცირეა. ზოგიერთ შედარებით უფრო პატარა ადგილში შელფური მყინვარი ზღვის ფსკერს ეხება, რასაც ხშირად თან სდევს მყინვარული გუმბათის წარმოქმნა.

შელფური მყინვარები დამახასიათებელია კვების საზღვრის დაბალი მდებარეობის მქონე ადგილებისთვის. ამჟამად შელფური მყინვარები უმთავრესად მხოლოდ ანტარქტიდაშია თავმოყრილი, სადაც მათი საერთო ფართობია 1541 ათ. კმ².[2] ანტარქტიდის უდიდესი შელფური მყინვარია როსის შელფური მყინვარი, რომლის ფართობია 472 960 კმ², ხოლო მეორე ადგილზეა ფილხნერ-რონეს შელფური მყინვარი, რომლის ფართობი 422 420 კმ² აღწევს. ამას გარდა, შელფური მყინვარები გვხვდება გრენლანდიაში, ჩრდილოეთ კანადასა და რუსეთის არქტიკაში. შელფური მყინვარები ანტარქტიკასა და არქტიკაში გაცილებით ფართოდ იყო გავრცელებული გამყინვარების ზრდის ეპოქაში.

დეგრადაციის სტატიის მიხედვით, გამოიყოფა შელფური მყინვარის ოთხი გენეტიკური ტიპი: ნორმალური, სემირელიქტური, რელიქტური და დარჩენილი.

ნორმალური შელფური მყინვარი კავშირს ინარჩუნებს კონტინენტურ მყინვარულ საფართან და მისი ზედაპირი მთლიანადაა გაწოლილი კვების საზღვრის ზემოთ; მასის ბალანსი შეიძლება იყოს ნებისმიერი. ამ ტიპს მიეკუთვნება ანტარქტიკის შელფური მყინვარების უმეტესობა.

სემირელიქტური შელფური მყინვარი წარმოიქმნება კონტინენტური მყინვარული საფრისგან გამოყოფილი ნორმალური ტიპით გამყინვარების დეგრადაციის დროს, თუმცა მათი ზედაპირი მთლიანად ან ნაწილობრივ არის მოქცეული კვების საზღვრის ზემოთ; მასის ბალანსი ჩვეულებრივ, სუსტად უარყოფითია. ასეთ მყინვარებს მიეკუთვნება შეკლტონის შელფური მყინვარი, ლარსენის შელფური მყინვარი ანტარქტიდაში, მატუსევიჩის შელფური მყინვარი ჩრდილოეთის მიწაზე.

რელიქტური შელფური მყინვარი წარმოიქმნება სემირელიქტური ტიპით კვების საზღვრის აწევის შედეგად; მათი კვება მიმდინარეობს ყინულის გათოშვის ხარჯზე ფსკერულ ზედაპირზე. მასის ბალანსი მკვეთრად უარყოფითია, მყინვარები სწრაფად იმტვრევა. ასეთი შელფური მყინვარის მაგალითია მოზრდილი უორდ-ჰანტის შელფური მყინვარი კანადის არქტიკულ არქიპელაგში.

დარჩენილი შელფური მყინვარი წარმოიქმნება რელიქტური მოტივტივე ნაწილების სრული დანგრევის შედეგად. მათ შედარებით მცირე ზომა ახასიათებთ და არსებობენ ქარბუქიანი დანალექების ხარჯზე. ასეთ მყინვარებს მიეკუთვნება არქტიკული კუნძულების მრავალრიცხოვანი მცირე მყინვარები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Гляциологический словарь / Под ред. члена-корр. АН СССР В. М. Котлякова. — Л.: Гидрометеоиздат, 1984.