შატილი (დუშეთის მუნიციპალიტეტი)

ციხე-სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში
(გადამისამართდა გვერდიდან შატილი (დუშეთის რაიონი))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შატილი.

შატილი — ციხე-სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში, კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, პირიქითა ხევსურეთში, საქართველო-ჩეჩნეთის საზღვარზე, შატილისწყლისა და არღუნის შესართავთან, მდინარე არღუნის მარცხენა ნაპირას, ზღვის დონიდან 1400 მეტრზე, დუშეთიდან 115 კილომეტრში. თარიღდება შუა საუკუნეებით . შატილი საუკუნეთა განმავლობაში დარაჯობდა ქვეყნის ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს. სოფელი შატილის თემის ცენტრია.

სოფელი
შატილი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი დუშეთის მუნიციპალიტეტი
თემი შატილი
კოორდინატები 42°39′30″ ჩ. გ. 45°09′25″ ა. გ. / 42.65833° ჩ. გ. 45.15694° ა. გ. / 42.65833; 45.15694
ცენტრის სიმაღლე 1400
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 22[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
შატილი (დუშეთის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
შატილი (დუშეთის მუნიციპალიტეტი)
შატილი (დუშეთის მუნიციპალიტეტი) — მცხეთა-მთიანეთის მხარე
შატილი (დუშეთის მუნიციპალიტეტი)
შატილი (დუშეთის მუნიციპალიტეტი) — დუშეთის მუნიციპალიტეტი
შატილი (დუშეთის მუნიციპალიტეტი)

ციხე-სოფელი განლაგებილია მიუვალი კლდის კეხზე. უკავია მცირე ტერიტორია და ერთმანეთზე მიდგმული ციხე-სახლებით ქმნის ერთ მთლიან თავდაცვით სისტემას. 1970 წელს აქ სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო სპეციალურმა სამეცნიერო-სარესტავრაციო საწარმო გაერთიანებამ. 1972 წელს ჩატარდა 12 კოშკის არქეოლოგიური გამოკვლევა. ციხე-სოფლის საიმედოდ ჩაკეტილი ზღუდე, რომელიც რელიეფს მიჰყვება, ერთმანეთთან მიჯრით მდგარი შენობების გარეთა კედლებია. სოფელში შესასვლელი სამხრეთ-აღმოსავლეთიდანაა, მდინარეზე გადებული ხის მორების ხიდით, რომელიც საჭიროების დროს ადვილად აიყრებოდა სოფლის ჩასაკეტად. თავდაცვითი საჭიროებით იყო განპირობებული რელიეფის შესაბამისად ტერასულად განლაგებული შენობების სიმჭიდროვეც, სადაც ერთი სახლის სახურავი მეორის ბანია და ა. შ. სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ქვის კიბით იწყება ვიწრო ქუჩა, იგი აუყვება შენობებს შორის რთულ რელიეფს და სოფელს ჩრდილოეთის კიდემდე აღწევს.

შატილის სახლები შეიძლება XVII საუკუნით ან XVIII საუკუნის დასაწყისით დათარიღდეს.

არქიტექტურა

რედაქტირება

სოფლის განაშენიანების ძირითადი ნაგებობებია ციხე-სახლები ანუ ქვიტკირები, კოშკური საცხოვრებლები და კალოიანი სახლები. ძირითადი სამშენებლო მასალაა ნატეხი ქვა, რიყის ქვა და ფიქალი. ქვითკირის ერთ მთლიან მოცულობაში მოქცეულია გომური, საცხოვრებელი და თავდაცვითი სართულები. 1-ლი სართული გომურია, მე-2 სართული ‒ საცხვარე, მე-3 და მე-4 სართულები – საცხოვრებელი, ხოლო ბოლო, მე-5 სართული ‒ თავდაცვითი დანიშნულებისაა. სართულები ერთმანეთს ჭერში გაჭრილი კვადრატული ხვრელებით უკავშირდება. საცხოვრებელ სართულზე მოწყობილი იყო კერა, იდგა ოჯახის უფროსის სავარძელი, გრძელი ზურგიანი სკამი და გეომეტრიული ჩუქურთმით შემკული ავეჯი. სასინათლო ან საკვამლე სარკმელთან ახლოსაა ოთახის კუთხესთან, კერის ზემოთ, ჩამოკიდებული საქვამე ჯაჭვის მოწყობილობა. კერის ზემოთ გადახურვის ხის კოჭები ცეცხლისგან დაცულია ფიქლის დიდი ფილებით. თავდაცვითი სართულის ოთხივე კედელში სათოფურებია მოწყობილი. ამ სართულს ზაფხულობით საძილედაც იყენებენ. შენობის გადახურვა ბრტყელია – ბანიანი. ზედა სართულს, გარდა ამისა, ყოველ მხარეს თითო ან ორ-ორი ე. წ. ჩარდახი ანუ მაშიკულები აქვს.

სოფელში შემორჩენილია ქუჩებისა და შესასვლელების თავზე ხის გადასასვლელების ნაშთები, რომლებიც შიშიანობის დროს სახლების ზედა სართულებს ერთმანეთთან აკავშირებდა. სოფლის დასაწყისში, დასავლეთის კიდესთან, დგას ოთხკუთხა, ცალმხრივ გახსნილი, ფიქლით ნაგები სახურავჩამოშლილი შენობა ‒ საფიხვნო – მამაკაცთა საჭირბოროტო საკითხებზე სამსჯელო თავშესაყრელი ადგილი. იქვე ახლოს ე. წ. სამრევლოა, თითოოთახიანი, პატარ-პატარა შენობების ჯგუფი, განკუთვნილი მხოლოდ ქალთათვის, სადაც ქალები გარკვეული დროით ბინავდებოდნენ, ცხოვრების ზოგიერთ სპეციფიკურ პერიოდში. აქვეა საბძლური, ერთსართულიანი, ორფერდსახურავია სახლი საქონლისათვის და სალუდე.

სოფელში ასევე რამდენიმე კალოიანი სახლია. მთის ფერდობზე მიშენებული, ზურგით მიწაში შეჭრილი სამსართულიანი კალოიანი სახლის პირველი სართული, რომელსაც სახლს უწოდებენ, ადამიანთა საცხოვრებელი და პირუტყვის სადგომიცაა. დაწნული კედლით ერთმანეთისგან გამოყოფილია საძროხე, კერა-საცხოვრებელი და პროდუქტის დასამზადებელი ნაწილი. მეორე სართული ანუ ჭერხო მამაკაცთა სადგომიცაა და პროდუქტის შესანახიც. მესამე სართული ბანია. ბანის უკან პურის სალეწი გადახურული კალოა. აქვეა ნივთების, საურვლისა და იარაღუს შესანახი ფარდული. ნაგებობის გეგმარება არასტანდარტულია და ერთმანეთისგან განსხვავებულია.

სოფლისაგან განცალკევებულად, სამხრეთით, კლდის ძირთან და ორივე მდინარის წყალგაღმა, მდინარე შატილისწყლის ვიწრო ტოტთან წისქვილებია ჩამწკრივებული. სოფლის დასავლეთით რამდენიმე ასეულ მეტრზე, წყალგაღმა, სოფლის სასაფლაოა.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 22 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1926[2] 213 108 105
2002[3]   68 35 33
2014[1]   22 14 8

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. სერგი მაკალათია, „ხევსურეთი“ (მეორე გამოცემა), თბილისი, ნაკადული, 1984 წ., გვ. 16.
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.