შარლოტა ამალია ფონ ჰესენ-კასელი

შარლოტა ამალია ფონ ჰესენ-კასელი (გერმ. Charlotte Amalie von Hessen-kassel, დან. Charlotte Amalie af Hessen-Kassel; დ. 27 აპრილი, 1650 — გ. 27 მარტი, 1714) — დანიისა და ნორვეგიის დედოფალი 1670-99 წლებში როგორც კრისტიან V-ის მეუღლე. მეფე ფრედერიკ IV-ის დედა. მის პატივსაცემად ჰქვია სახელი ქალაქ შარლოტ-ამალიას, აშშ-ს ვირჯინის კუნძულებზე.

შარლოტა ამალია ფონ ჰესენ-კასელი
დანიისა და ნორვეგიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 9 თებერვალი, 1670
მმართ. დასასრული: 25 აგვისტო, 1699
წინამორბედი: სოფია ამალია ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელი
მემკვიდრე: ლუიზა მეკლენბურგ-გიუსტროველი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 27 აპრილი, 1650
დაბ. ადგილი: კასელი, გერმანია
გარდ. თარიღი: 27 მარტი, 1714, (63 წლის)
გარდ. ადგილი: კოპენჰაგენი, დანია
დაკრძ. ადგილი: როსკილეს კათედრალი, დანია
მეუღლე: კრისტიან V, დანიის მეფე
შვილები: ფრედერიკ IV, დანიის მეფე
კრისტიანი
სოფია ჰედვიგი
კარლი
ვილჰელმი
დინასტია: ჰესენელები
მამა: ვილჰელმ VI, ჰესენ-კასელის ლანდგრაფი
დედა: ჰედვიგ სოფია ბრანდენბურგელი
რელიგია: ლუთერანიზმი

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

შარლოტა ამალია დაიბადა 1650 წლის 27 აპრილს კასელში. იგი იყო ჰესენ-კასელის ლანდგრაფ ვილჰელმ VI-ისა და მისი მეუღლის, ლანდგრაფინია ჰედვიგ სოფია ბრანდენბურგელის ქალიშვილი. მისი მშობლები დაინტერესებულნი იყვნენ შვილების განათლებულ ადამიანებად აღზრდით, ამიტომაც გოგონებსაც და ვაჟებსაც კარგ განათლებას აძლევდნენ. შარლოტა ამალია სწავლობდა ისტორიას, გეოგრაფიას, ფილოსოფიას, აგრეთვე ფრანგულსა და იტალიურს. იგი მშობლებმა ღრმად მორწმუნე ლუთერანად აღზარდეს, რის გამოც მთელი ცხოვრება ამ რელიგიის ერთგული დარჩა. დედამისი მკაცრი რეფორმატორი და პრო-ბრანდენბურგული პოლიტიკის გამტარებელი ქალი იყო. ამან შარლოტაზეც დიდი გავლენა იქონია, რომელიც ხასიათით ძალიან დაემსგავსა დედას.

ქორწინება

რედაქტირება
 
შარლოტა ამალია

1665 წლიდან, დანიისა და ნორვეგიის დედოფალმა სოფია ამალია ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელმა თავისი უფროსი ვაჟის, კრონპრინც კრისტიანის საქორწინო მოლაპარაკებები წამოიწყო ჰესენელებთან. დანიელებმა თავიანთი არჩევანი ჰესენზე რელიგიის გამო შეაჩერეს, რადგან ლუთერანული მრსწამსის პრინცესები ევროპაში არც ისე ბევრნი იყვნენ. მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და შარლოტა ამალია კრისტიანზე დაინიშნა, რის გამოც მალევე დატოვა ჰესენი და დანიაში გაემგზავრა.

შარლოტა ამალია 1667 წლის 25 ივნისს დაქორწინდა კრისტიანზე. აღსანიშნავია, რომ მას დედამთილთან ძალზედ რთული ურთიერთობა ჰქონდა. დედოფალ სოფია ამალიას სურდა თავისი რძალი ბოლომდე ეკონტროლებინა, შარლოტა ამალია კი პირიქით, თავისუფლებისკენ ისწრაფვოდა და ხშირად არღვევდა სამეფო კარის ეტიკეტს, რაც დედოფლის გაბრაზებას იწვევდა. კრისტიანსა და შარლოტა ამალიას ქორწინებაში რვა შვილი გაუჩნდათ, მათ შორის მომავალი მეფე ფრედერიკი. 1670 წელს კრისტიან v დანიისა და ნორვეგიის ტახტზე ავიდა, რითაც შარლოტა ამალია დედოფალი გახდა.

დედოფლობა

რედაქტირება
 
დედოფალი შარლოტა ამალია თავის შვილთან ერთად, 1690 წელი.

დედოფალი შარლოტა, თავისი დედამთილისაგან განსხვავებით, პოლიტიკურად დიდად არ აქტიურობდა. 1688 წელს მას უფლება მიეცა დანიის რეფორმაციული ეკლესიის დაფუძნებაში მიეღო მონაწილეობა, რომელიც აქამდე პატარა საბჭოს წარმოადგენდა. მას ასევე დაერთო ნება, თავისი რელიგიური შეხედულებები თავისუფლად გამოეხატა, თუმცა ამან ლუთერანულ ეკლესიასთან კონფლიქტი გამოიწვია.

მისი და მისი დედამთილის კიდევ ერთი კონფლიქტის თემას წარმოშობდა ის ფაქტი, რომ დედოფალი შარლოტა თავის ყველა შვილს ძუძუთი კვებავდა, რაც ეტიკეტის მკაცრი დარღვევა იყო. ტრადიციისამებრ, სამეფო ბავშვები დაბადებისთანავე უნდა მოსცილებოდნენ დედას და ქალაქგარეთ მშვიდად, ძიძასთან უნდა გაზრდილიყვნენ და მხოლოდ ათი წლის ასაკში ეძლეოდათ სამეფო კარზე დაბრუნების უფლება.

კრისტიან V ყველანაირად ცდილობდა, რომ შარლოტას არანაირი პოლიტიკური გავლენა არ ჰქონოდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ მას არ მოსწონდა დედამისი, რომელიც მამამისის ნაცვლად მართავდა ქვეყანას. ამასთან, სოფია ამალიასა და კრისტიანს, ერთნაირად არ მოსწონდათ შარლოტას პრო-ბრანდენბურგული პოლიტიკური ალღო.

 
დედოფალი შარლოტა ამალია

დედოფალი შარლოტა ამალია აღწერილია როგორც მომხიბვლელი და ტაქტიანი, თუმცა არა ლამაზი. მან მალევე ისწავლა დანიური ენა, რასაც სამეფო კარზე აფასებდნენ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მას ქმართან არასოდეს ჰქონია სასიყვარულო ურთიერთობა. მიუხედავად ამისა, ორივე იაზრებდა ამ ქორწინების ნამდვილ არსს და მეფე-დედოფალი ერთმანეთს ყოველთვის პატივისცემით ეპყრობოდა. 1672 წლიდან, შარლოტამ თავის დედამთილთან ურთიერთობების დალაგება დაიწყო. თანდათანობით ისინი ერთმანეთის ურთიერთპატივისმცემი და თბილი მეგობრები გახდნენ. შარლოტა, როგორც დედოფალი, სრული პატივისცემითა და პრივილეგიებით სარგებლობდა და არასოდეს ყოფილა მივიწყებული, როგორც ეს ხშირად ემართებოდათ დედოფლებს. იგი ასევე ძალიან ახლოს იყო თავის შვილებთან და აღწერილია როგორც კარგი დედა.

დედა-დედოფლობა

რედაქტირება

1699 წელს მეფე კრისტიან V ნადირობისას დაიღუპა, რის გამოც მეფე მათი ვაჟი ფრედერიკ IV გახდა. როგორც დედა-დედოფალი, შარლოტა დიდი გავლენით სარგებლობდა. ამავე წელს მან ააგო თავისი სასახლე, რომელსაც შარლოტენბორგის სასახლე ეწოდა. მოგვიანებით, 1754 წლიდან აქ ხელოვნების აკადემია გაიხსნა.

1700 წელს, დედა-დედოფალი შარლოტა მონაწილეობდა კოპენჰაგენის დაცვაში, როდესაც ჩრდილოეთის ომის დროს შვედეთის მეფე კარლ XII-მ დანიის დედაქალაქს ალყა შემოარტყა. შვედები დამარცხდნენ და უკან გაბრუნდნენ, მაგრამ დედოფლის ამგვარმა გმირობამ შარლოტას ხალხში დიდი პოპულარობა მოუტანა.

შარლოტა ამალია გარდაიცვალა 1714 წლის 27 მარტს, 63 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს როსკილეს კათედრალში, მისი ქმრის გვერდით.

მის პატივსაცემად, წმ. თომას კუნძულზე ქალაქს შარლოტ-ამალია დაარქვეს. დღეისათვის ეს კუნძული აშშ-ს საკუთრებაა. ამასთან, მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად დაარსდა დედოფალ შარლოტას ღირსების ორდენი, რომელიც დღემდე გამოიყენება დანიაში.

  1. ფრედერიკ IV (1671-1730), დანიის მეფე 1699-1730 წლებში, პირველად იქორწინა ლუიზა მეკლენბურგ-გიუსტროველზე, მისი გარდაცვალების შემდეგ მალულად იქორწინა ელიზაბეთ ელენა ფონ ვიერეგზე, რომელიც დედოფალი არ ყოფილა, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ ცოლად ანა სოფია ფონ რევენტლოვზე. მას სამივე ცოლთან სულ ცხრა შვილი ჰყავდა;
  2. კრისტიან ვილჰელმი (1672-1673), გარდაიცვალა ჩვილი;
  3. კრისტიანი (1675-1695), გარდაიცვალა დაუოჯახებელი;
  4. სოფია ჰედვიგი (1677-1735), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
  5. კრისტიანა შარლოტა (1679-1689), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  6. კარლი (1680-1729), გარდაიცვალა დაუოჯახებელი;
  7. მკვდარშობილი გოგონა (1683);
  8. ვილჰელმი (1687-1705), გარდაიცვალა დაუოჯახებელი;

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Louis Bobé: Charlotte Amalie, Königin zu Dänemark, Prinzessin zu Hessen-Cassel und die Anfänge der deutsch und französisch reformierten Kirche zu Kopenhagen. Munksgaard, Kopenhagen 1940.
  • Pauline Puppel: Die Regentin. Vormundschaftliche Herrschaft in Hessen 1500–1700 (= Geschichte und Geschlechter. Band 43). Campus, Bonn 2004, ISBN 3-593-37480-3, S. 247–248 (books.google.com).
  • Charlotte Amalie von Hessen-Kassel. In: Carl Frederik Bricka (Hrsg.): Dansk biografisk Lexikon. Tillige omfattende Norge for Tidsrummet 1537–1814. 1. Auflage. Band 3: Brandt–Clavus. Gyldendalske Boghandels Forlag, Kopenhagen 1889, S. 440