სოფია ამალია ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელი

სოფია ამალია ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელი (გერმ. Sophie Amalie von Braunschweig-Lüneburg, დან. Sophie Amalie af Braunschweig-Lüneburg; დ. 24 მარტი, 1628 — გ. 20 თებერვალი, 1685) — ჰანოვერის დინასტიის წარმომადგენელი. დანიისა და ნორვეგიის დედოფალი 1648-70 წლებში როგორც ფრედერიკ III-ის მეუღლე. მეფე კრისტიან V-ის დედა. მას დიდი გავლენა ჰქონდა დანიურ კულტურასა და პოლიტიკაზე, მისი ბრძანებით ააგეს პირველი დანიური ოპერა.

სოფია ამალია ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელი
დანიისა და ნორვეგიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 28 თებერვალი, 1648
მმართ. დასასრული: 9 თებერვალი, 1670
წინამორბედი: ანა კათარინა ბრანდენბურგელი
მემკვიდრე: შარლოტა ამალია ფონ ჰესენ-კასელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 24 მარტი, 1628
დაბ. ადგილი: გეტინგენი, საღვთო რომის იმპერია
გარდ. თარიღი: 20 თებერვალი, 1685, (56 წლის)
გარდ. ადგილი: კოპენჰაგენი, დანიის სამეფო
დაკრძ. ადგილი: როსკილეს კათედრალი, დანია
მეუღლე: ფრედერიკ III, დანიის მეფე
შვილები: კრისტიან V, დანიის მეფე
ანა სოფია, საქსონიის კურფიურსტი
ფრედერიკა ამალია, ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგინია
ვილჰელმინა ერნესტინა, პფალცის კურფიურსტი
ჯორჯი, დიდი ბრიტანეთის მეფე-კონსორტი
ულრიკა ელეონორა, შვედეთის დედოფალი
დინასტია: ჰანოვერები
მამა: გეორგი, ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგი
დედა: ანა ელეონორა ჰესენ-დარმშტადტელი
რელიგია: ლუთერანიზმი

ადრეული წლები

რედაქტირება

სოფია ამალია დაიბადა 1628 წლის 24 მარტს გეტინგენში. იგი იყო ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგ გეორგისა და მისი ცოლის, ჰერცოგინია ანა ელეონორა ჰესენ-დარმშტადტელის ქალიშვილი.

1643 წლის 1 ოქტომბერს, გლუქსბურგის სასახლეში შედგა სოფია ამალიასა და დანიის მეფე კრისტიან IV-ის შუათანა ვაჟის, პრინცი ფრედერიკის ქორწინება. ამის შემდეგ, ახლად დაქორწინებულები ბრემენში ცხოვრობდნენ. 1646-47 წლებში ისინი ფლენსბურგში გადასახლდნენ. მას შემდეგ, რაც მეფე კრისტიანის უფროსი ვაჟი გარდაიცვალა, ტახტის მემკვიდრედ ფრედერიკი გამოცხადდა, რის გამოც ისინი კოპენჰაგენში გადასახლდნენ.

1648 წლის 28 თებერვალს, კრისტიან IV-ის გარდაცვალების შემდეგ მეფე ფრედერიკ III გახდა, სოფია ამალია კი დანიისა და ნორვეგიის დედოფლად გვევლინება. ახალ მეფე-დედოფალს მეტად მტკიცე ქორწინება ჰქონდათ, რომელშიც რვა შვილი შეეძინათ. მათი შვილებიდან აღსანიშნავია მომავალი მეფე კრისტიან V და შვედეთის დედოფალი ულრიკა ელეონორა დანიელი.

დედოფალი

რედაქტირება
 
მეფე ფრედერიკ III და დედოფალი სოფია ამალია

ახალ დედოფალს უყვარდა ნადირობა და მიუხედავად იმისა, რომ მის სამეფოს ეკონომიკურად უჭირდა, იგი მაინც სრულფასოვნად და ფუფუნებაში ცხოვრობდა. მას უყვარდა იშვიათი და ძვირადღირებული ნივთები. სოფია ამალიას აგრეთვე ძალიან მოსწონდა მოდა, თეატრი, ოპერა, ორგანიზებას უწევდა მასკარადებს. შეიძლება ითქვას, რომ მან დანიის სამეფო კარზე ნამდვილი ფრანგული ცხოვრების წესი შეიტანა, რამაც გამოაცოცხლა სასახლე და არისტოკრატია. დედოფალი სამეფო კარის ცხოვრების ცენტრალურ ფიგურად იქცა.

დანიის სამეფო კარმა ფრანგული და გერმანული სამეფო კარებიდან აიღო მოდელი. 1649 წლიდან დედოფალზე დიდი მითქმა-მოთქმა დაიწყო. მან კოპენჰაგენში ჩაიყვანა გერმანელი პასტორები, ფრანგული ორკესტრი და ასევე ფრანგი ბალეტის მასწავლებელი. სამეფო კარისათვის დაიქირავა იტალიელი სოპრანო, ხოლო მასზე ლექსების საწერად ესპანელი პოეტები. 1655 წელს, დედოფალმა თავის შვილებთან ერთად თვითონ გამართა თეატრალური წარმოდგენა, რომელსაც დანიური არისტოკრატიის ნაღები ესწრებოდა. მართალია მისი ამ ქმედებების გამო დანიური კულტურა აღორძინებას განიცდიდა, მაგრამ ისედაც გაკოტრებული ეკონომიკა კიდევ უფრო უარეს დღეში ჩავარდა.

პოლიტიკური გავლენები

რედაქტირება
 
დედოფალი სოფია ამალია 1678 წელს

ფრედერიკ III-ის მეფობა აღსანიშნავია იმით, რომ მასზე დიდწილად გავლენას დედოფალი სოფია ამალია და მათი უფროსი ვაჟი, პრინცი კრისტიანი ახდენდნენ. 1650 წელს სოფია ამალიამ სამეფო კარიდან გააძევებინა ფრედერიკის საყვარელი ლეონორა კრისტინა ულფელდი, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა სამეფო წყვილს. აგრეთვე ცნობილია, რომ დედოფლის ბრძანებით სამეფო კარი დაატოვებინეს მეფის ნახევარ-დებსაც, რომლებიც მეფე კრისტიან IV-ს თავის მეორე ცოლისგან ჰყავდა, რომელზეც დედოფლის გარდაცვალების შემდეგ მალულად იქორწინა. ცნობილია, რომ სოფია ამალიას აინტერესებდა პოლიტიკაც, რის გამოც იგი ქმარს ყოველთვის თან დაჰყვებოდა ოფიციალური ვიზიტებისას.

როგორც ბარონმა ლუდვიგ ჰოლბერგმა განაცხადა, დედოფალს „დიპლომატისა და ჯარისკაცის უნარები“ ჰქონდა. იგი ასევე აღფრთოვანებას გამოხატავდა მისდამი, იმის გამო, რაც მან მისი ქმრის საყვარელს გაუკეთა.

ითვლება, რომ 1657 წელს დანია-შვედეთის ომი სწორედ მისი წაქეზების გამო დაიწყო. სოფია ამალიას სურდა დანია საფრანგეთის მსგავს სახელმწიფოდ ექცია, რის გამოც სურდა აბსოლუტური მმართველობა დაემყარებინა. ამის გამო დანიელმა არისტოკრატებმა შვედეთის მეფეს შეაფარეს თავი, რასაც ომის დაწყება მოჰყვა. 1658 წელს შვედებმა კოპენჰაგენს შემოარტყეს ალყა, მაგრამ ამაოდ. როგორც ცნობილია, ალყის დროს დედოფლის ბრძანებით დიდი მასკარადი გაუმართავთ სამეფო კარზე, რაც იმის დემონსტრაცია იყო, რომ კოპენჰაგენი არ დაეცემოდა და ამაზე დანიელები არც კი ღელავდნენ. 1662 წლიდან, თავისი მიზნის მისაღწევად, მთელი დანიის მასშტაბით უამრავი დიდებულის ქონების კონფისკაცია მოხდა. 1663 წელს, მისი ბრძანებით დააპატიმრეს ფრედერიკის ყოფილი საყვარელი ლეონორა კრისტინა. დედოფლის განუზომელი ძალაუფლება 1665 წელს, ახალი კონსტიტუციის შემოღების შემდეგ შემცირდა. გამწარებულმა დიდებულებმა მას არა მხოლოდ ჩამოართვეს უფლებების უმეტესობა, არამედ ოდესმე რეგენტად დანიშვნის შანსიც წაართვეს. ამის გამო, მან თავისი ვაჟისა და ქალიშვილების პოლიტიკურად დაქორწინება განიზრახა. იგი ფიქრობდა, რომ უცხოელი მოკავშირეების შეძენით დააშინებდა დიდებულებს და აღიდგენდა პოზიციებს. 1670 წელს მისი ქმარი გარდაიცვალა და მეფე მისი ვაჟი კრისტიან V გახდა, რითაც მან საბოლოოდ დაკარგა თავისი ძალაუფლება.

უკანასკნელი წლები

რედაქტირება

დედა-დედოფალი სოფია ამალია მთელი ძალებით ცდილობდა საფრანგეთის მეფესა და საღვთო რომის იმპერატორთან ალიანსის შექმნას, მაგრამ ამაოდ. აღსანიშნავია, რომ იგი გამუდმებით ეჩხუბებოდა თავის რძალს, ახალ დედოფალ შარლოტა ამალია ფონ ჰესენ-კასელს სამეფო ეტიკეტის საკითხზე.

1673 წელს დასრულდა სოფია ამალიას სასახლის მშენებლობა, რომელიც მან 1669 წელს დაიწყო. მას ამალიენბორგის სასახლე ეწოდა, სადაც დასახლდა იგი და გაატარა თავისი უკანასკნელი წლები. ამის შემდეგ იგი სამეფო კარზე სულ უფრო იშვიათად, მხოლოდ მნიშვნელოვან ღონისძიებებზეღა ჩნდებოდა.

სოფია ამალია ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელი გარდაიცვალა 1685 წლის 20 თებერვალს, 56 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს როსკილეს კათედრალში, ფრედერიკ III-ის გვერდით.

სახელი პორტრეტი დაიბადა გარდაიცვალა ზოგადი ცნობები
კრისტიან V   15 აპრილი, 1646,

ფლენსბურგი,

დანია

25 აგვისტო, 1699,

კოპენჰაგენი, დანია,

(53 წლის)

დანიისა და ნორვეგიის მეფე 1670-99 წლებში. ცოლად შეირთო შარლოტა

ამალია ფონ ჰესენ-კასელი, რომელთანაც შეეძინა რვა შვილი, მათ შორის

მეფე ფრედერიკ IV. საყვარლებისაგან მას ასევე ჰყავდა ექვსი

არალეგიტიმური შვილი.

ანა სოფია   1 სექტემბერი, 1647,

ფლენსბურგი,

დანია

1 ივლისი, 1717,

პრეტინი, გერმანია,

(69 წლის)

ცოლად გაჰყვა საქსონიის კურფიურსტ იოჰან გეორგ III-ს, რომელთანაც

შეეძინა ორი ვაჟი: საქსონიის კურფიუსტი იოჰან გეორგ IV და

პოლონეთ-ლიტვის მეფე ავგუსტ II ძლიერი.

ფრედერიკა ამალია   11 აპრილი, 1649,

კოპენჰაგენი, დანია

30 ოქტომბერი, 1704,

კილი, გერმანია,

(55 წლის)

ცოლად გაჰყვა ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგ კრისტიან ალბერტს,

რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი.

ვილჰელმინა ერნესტინა   20 ივნისი, 1650,

კოპენჰაგენი, დანია

22 აპრილი, 1706,

ლიხტენბურგი,

გერმანია,

(55 წლის)

ცოლად გაჰყვა პფალცის კურფიურსტ კარლ II-ს, თუმცა შვილები არ ჰყოლია.
ფრედერიკი 11 ოქტომბერი, 1651 14 მარტი, 1652

(5 თვის)

გარდაიცვალა ჩვილობაში.
ჯორჯი   2 აპრილი, 1653,

კოპენჰაგენი, დანია

28 ოქტომბერი, 1708,

ლონდონი,

დიდი ბრიტანეთი,

(55 წლის)

ცოლად შეირთო ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის დედოფალი ანა I,

რომელთანაც ცამეტი შვილი შეეძინა, თუმცა მათგან ყველა ჩვილობაში

დაიღუპა.

ულრიკა ელეონორა   11 სექტემბერი, 1656,

კოპენჰაგენი, დანია

26 ივლისი, 1693,

სტოკჰოლმი,

შვედეთი,

(36 წლის)

ცოლად გაჰყვა შვედეთის მეფე კარლ XI-ს, რომელთანაც შეეძინა შვიდი

შვილი, მათ შორის შვედეთის მეფე კარლ XII და შვედეთის დედოფალი

ულრიკა ელეონორა.

დოროთეა 16 ნოემბერი, 1657 15 მაისი, 1658,

(4 თვის)

გარდაიცვალა ჩვილობაში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Danske dronninger i tusind år, ISBN 87-00-66322-0
  • Karl-Erik Frandsen: "1536-ca. 1720" (i: Claus Bjørn: Det danske landbrugs historie II: 1536-1810; Landbohistorisk Selskab, Odense 1988; ISBN 87-7526-074-3)
  • J.A. Fridericia: "Sophie Amalie" (Dansk biografisk Lexikon; XVI. Bind. Skarpenberg - Sveistrup; Kjøbenhavn 1902; s. 169-172)
  • Bo Fritzbøger: Skove og skovbrug på Falster 1662-1685; Landbohistorisk Selskab 1989; ISBN 87-7526-085-5
  • Jørgen Hein: "Uden et lagen" (Skalk 1989 nr. 6; s. 26-29)
  • C.L. Løvenskiold: "Kong Frederik den Tredies og Dronning Sophie Amalies Sarkophager i Roskilde Domkirke" (Historisk Tidsskrift, Bind 4. række, 6; 1877)
  • Wivan Munk-Jørgensen: "Hvor fordum hofmænd vandrede" (kronik i Skalk 1991 nr. 6; s. 18-27)