ფრედერიკ IV
ფრედერიკ IV (დან. Frederik 4., ნორვ. Frederik IV; დ. 11 ოქტომბერი, 1671 — გ. 12 ოქტომბერი, 1730) — ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი. დანიის მეფე კრისტიან V-ისა და დედოფალ შარლოტა ამალია ფონ ჰესენ-კასელის ვაჟი. დანიისა და ნორვეგიის მეფე 1699-1730 წლებში. იგი დანიისა და ქრისტიანული ევროპის ისტორიაში ერთადერთი მონარქია, რომელსაც ერთდროულად ორი ცოლი ჰყავდა. შვედეთთან აწარმოებდა ჩრდილოეთის ომს (1700-1721), რომელიც შვედების მარცხით დასრულდა. მის დროს დაიწყო გრენლანდიის კოლონიზაცია.
ფრედერიკ IV | |
---|---|
დანიისა და ნორვეგიის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 25 აგვისტო, 1699 |
მმართ. დასასრული: | 12 ოქტომბერი, 1730 |
წინამორბედი: | კრისტიან V |
მემკვიდრე: | კრისტიან VI |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 11 ოქტომბერი, 1671 |
დაბ. ადგილი: | კოპენჰაგენი, დანია |
გარდ. თარიღი: | 12 ოქტომბერი, 1730, (59 წლის) |
გარდ. ადგილი: | ოდენსე, დანია |
დაკრძ. ადგილი: | როსკილეს კათედრალი, დანია |
მეუღლე: |
ლუიზა მეკლენბურგ-გიუსტროველი (ქ. 1695 - გარდ. 1721) ელიზაბეთ ელენა ფონ ვიერეგი (ქ. 1703 - გარდ. 1704) (ორცოლიანობა) ანა სოფია რევენტლოვი (ქ. 1721) |
შვილები: |
კრისტიან VI, დანიის მეფე შარლოტა ამალია |
დინასტია: | ოლდენბურგები |
მამა: | კრისტიან V, დანიის მეფე |
დედა: | შარლოტა ამალია ფონ ჰესენ-კასელი |
რელიგია: | ლუთერანიზმი |
ხელმოწერა: | |
ბიოგრაფია
რედაქტირებაფრედერიკი დაიბადა 1671 წლის 11 ოქტომბერს კოპენჰაგენში. იგი იყო დანიისა და ნორვეგიის მეფე კრისტიან V-ისა და მისი ცოლის, დედოფალ შარლოტა ამალია ფონ ჰესენ-კასელის უფროსი ვაჟი და კრონპრინცი. 1699 წელს მამამისი, მეფე კრისტიანი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, რის გამოც ტახტზე ფრედერიკ IV ავიდა. 1700 წელს მან თავის მამიდაშვილთან, შვედეთის მეფე კარლ XII-თან ომი დაიწყო, რაც ისტორიაში ჩრდილოეთის ომის სახელითაა ცნობილი. მისი მეფობა თითქმის მთლიანად ამ ომში გაილია. 1700 წელს შვედების ჯარი შეიჭრა დანიაში და დედაქალაქს ალყა შემოარტყეს, მაგრამ დამარცხდნენ, რის გამოც 18 აგვისტოს მათ დანიელებთან სამშვიდობო ხელშეკრულება დადეს.
1709 წელს, მას შემდეგ რაც პოლტავას ბრძოლაში რუსებმა შვედები დაამარცხეს, დანია კვლავ ჩაება ომში. 1712 წელს ფრედერიკმა შვედები გადებუშის ბრძოლაში დაამარცხა. მიუხედავად გამარჯვებისა, დანიამ ვერ დაიბრუნა შვედეთთან დაკარგული სამხრეთული მიწები. ამის მთავარი მიზეზი მისი ბიძაშვილის, შლეზვიგ-ჰოლშტაინის ჰერცოგ ფრედერიკ IV-ის შვედების მხარეს გადასვლა იყო. საბოლოოდ 1721 წელს ომი შვედების მარცხით დასრულდა, მაგრამ ფრედერიკმა ვერ მოახერხა მიწების დაბრუნება.
ომის დასრულებისთანავე, ფრედერიკმა დატოვა ქვეყანა და იტალიაში გაემგზავრა სამოგზაუროდ. უკან დაბრუნებულმა მეფემ, იტალიურ სტილში ორი ახალი სასახლე ააგო, რომლებიც ჩრდილოეთის ომის დასრულების ერთგვარ სიმბოლოდ იქცა.
ხანგრძლივი და გაწელილი ომის დასრულების შემდეგ, დანიაში აყვავდა კულტურა და ვაჭრობა. შეიქმნა დანიის თეატრი და მისი დრამატული დასი. ფრედერიკ IV-ის ბრძანებით, ჰანს ეგედემ დაიწყო გრენლანდიის კოლონიზაცია. იმ ფაქტმა, რომ მეფემ შლეზვიგ-ჰოლშტაინთან დაახლოების მიზნით რევენტლოვების ოჯახის წარმომადგენელზე იქორწინა, არისტოკრატიაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
ფრედერიკი დანიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან და წინდახედულ მონარქად მიიჩნევა. სწორედ მან მიანიჭა დანიის სამეფო საბჭოსა და მინისტრებს თავისუფლება, რომლებიც ქვეყნის მართვაში აქტიურად ჩაებნენ. მას არ აინტერესებდა იურიდიულ-ადმინისტრაციული საკითხები, თუმცა ღრმად იყო განსწავლული ხელოვნებასა და არქიტექტურაში.
მისი შიდა პოლიტიკური რეფორმებიდან აღსანიშნავია 1702 წელს უორნდკაკების განთავისუფლება. უორნდკაკები იყვნენ ზელანდიელი გლეხები, რაც აქამდე იგივე იყო, რაც მონა. ყოველივე ამან თანდათან საფუძველი ჩაუყარა გლეხთა განთავისუფლებასა და ბატონ-ყმობის გადავარდნას.
ფრედერიკის მეფობის პერიოდში კოპენჰაგენში ორი დიდი კატასტროფა მოხდა: 1711 წელს შავი ჭირის ეპიდემია, ხოლო 1728 წელს დიდი ხანძარი, რომელმაც ნახევარი ქალაქი გადაწვა. ასტოლოგებმა ეს მეფის აღვირახსნილი ცხოვრების წესით გაამართლეს და ფრედერიკს წესიერებისკენ მოუწოდეს. 1709 წლიდან იგი იტალიელ გრაფ ჯო ბატისდა დი ველოს დაუახლოვდა, რომელიც თავის სრულუფლებიან ელჩადაც კი მიავლინა ვენაში.
ფრედერიკ IV გარდაიცვალა 1730 წლის 12 ოქტომბერს, 59 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს როსკილეს კათედრალში. მის შემდეგ ტახტზე მისი ვაჟი კრისტიან VI ავიდა.
ოჯახი
რედაქტირება1695 წლის 5 დეკემბერს, ფრედერიკმა ცოლად შეირთო ლუიზა მეკლენბურგ-გიუსტროველი, რომელთანაც ხუთი შვილი შეეძინა:
- კრისტიანი (1697-1698), გარდაიცვალა ჩვილი;
- კრისტიან VI (1699-1746), დანიისა და ნორვეგიის მეფე 1730-46 წლებში, ცოლად შეირთო სოფია მაგდალენა ბრანდენბურგ-კულმბახელი, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა;
- ფრედერიკ კარლი (1701-1702), გარდაიცვალა ჩვილი;
- ჯორჯი (1703-1704), გარდაიცვალა ჩვილი;
- შარლოტა ამალია (1706-1782), სახელი დაარქვეს ბებიის, დედოფალ შარლოტა ამალია ფონ ჰესენ-კასელის პატივსაცემად, გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო;
ჯერ კიდევ მაშინ, როცა დედოფალი ლუიზა ცოცხალი იყო, ფრედერიკმა 1703 წლის 6 სექტემბერს ცოლად შეირთო ელიზაბეთ ელენა ფონ ვიერეგი, რითაც ერთდროულად ორი ცოლი ჰყავდა, თუმცა იგი დედოფალი არ გამხდარა, ვინაიდან ქრისტიანული წესის მიხედვით მეფეს ქორწინება მხოლოდ დაქვრივების, ან განქორწინების შემდეგ შეეძლო, დედოფლის ტახტი კი უკვე დაკავებული იყო. მას ელიზაბეთ ელენასთან მხოლოდ ერთი ვაჟი შეეძინა, რომლის მშობიარობასაც გადაჰყვა იგი 1704 წელს, 25 წლის ასაკში:
- ფრედერიკი (1704-1705), გარდაიცვალა ჩვილი;
მას შემდეგ, რაც დედოფალი ლუიზა 1721 წლის 15 მარტს, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა, ფრედერიკი ამავე წლის 4 აპრილს მესამედ დაქორწინდა თავის საყვარელ ანა სოფია რევენტლოვზე, რომელიც დედოფლად დასვა და რომელთანაც სამი შვილი შეეძინა:
- კრისტიანა ამალია (1723-1724), გარდაიცვალა ჩვილი;
- ფრედერიკ კრისტიანი (1726-1727), გარდაიცვალა ჩვილი;
- კარლი (1728-1729), გარდაიცვალა ჩვილი;
დედოფალი ანა სოფია გარდაიცვალა 1743 წლის 7 იანვარს, 49 წლის ასაკში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Frederiksberg Slots historie Archived 2011-08-26 at the Wayback Machine. In Danish. Retrieved 9 January 2010.
- http://www.denstoredanske.dk/Danmarkshistorien/Den_lange_fred/Det_gamle_samfund/%C3%98konomisk_krise/Den_n%C3%B8dvendige_politik
- Huberty, Michel; Giraud, Alain; Magdelaine, F. and B. (1994). L'Allemagne Dynastique Tome VII Oldenbourg. Le Perreux-sur-Marne, France. pp. 125, 155. ISBN 2-901138-07-1.
- Huberty, Michel; Giraud, Alain; Magdelaine, F. and B. (1994). L'Allemagne Dynastique Tome VII Oldenbourg. Le Perreux-sur-Marne, France. pp. 115, 129. ISBN 2-901138-07-1.
- Huberty, Michel; Giraud, Alain; Magdelaine, F. and B. (1994). L'Allemagne Dynastique Tome VII Oldenbourg. France. pp. 110, 129, 151–152. ISBN 2-901138-07-1.