შანშე ერისთავი
შანშე (პავლე) იასეს (აღაბაბას) ძე ერისთავი (დ. 1765 — გ. 1831) — თავადი, ქსნის ერისთავთა საგვარეულოდან.
იყო ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის ეშიკაღასბაში. 1800 წლიდან იყო დიდი შულავერის მოურავი. ქართლ-კახეთის ანექსიის შემდეგ რუსეთის იმპერიის სამსახურში შევიდა. ჰქონდა პოლკოვნიკის წოდება. 1803 წლიდან ბორჩალოს მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი იყო. 1811 წელს პირადად შეაიარაღა 200 კაცი და მოქმედებდა რუსებთან ერთად ლეკების წინააღმდეგ. ორჯერ აირჩიეს თბილისის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლად. ერთგული სამსახურისათვის რუსეთის იმპერატორმა პავლე I-მა დააჯილდოვა ბრილიანტებით მოჭედილი ოქროს საათით და სათუთუნეთი, ალექსანდრე I-მა კი — ოქროს ხმლით და წმ. ანას II ხარისხის ორდენით. გარდაიცვალა 1831 წლის სექტემბერში. დაკრძალეს იკორთაში.
შანშეს ცოლად ჰყავდა ელენე, თავად იოანე ორბელიანის ასული (დ. 1785 — გ. 1817, შემდეგ — მარიამ ზაქარიას ასული (აბაშიძე?). ჰყავდა 6 შვილი — იასე, მელანია, ელიზბარი, დიმიტრი, ალექსანდრე და გრიგოლი.
ლიტერატურა
რედაქტირება- გოგიტიძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 64.
- ჩიქოვანი ი., ქსნის ერისთავები, თბ., 2010.
- ბერძნიშვილი მ., მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის: II მასალები ბიოგრაფიული ლექსიკონისათვის (ა–ე), თბ., 1980. — გვ. 239–240.