შალვა I ქვენიფნეველი
შალვა I ქვენიფნეველი (დ. დაახლ. 1267 — გ. 1301 წლის შემდეგ) — ცხრაზმის (ცხრაზმისხევის) ერისთავი XIII საუკუნის 80-იანი წლებიდან XIV საუკუნის 10-იან წლებამდე, ქვენიფნეველთა საგვარეულოს წარმომადგენელი, ერისთავ ვირშელ (I) ქვენიფნეველის ძე.
ერისთავთა საგვარეულო მატიანის — „ძეგლი ერისთავთას“ მიხედვით შალვა 3 წლის იყო, როდესაც მამამისი გარდაიცვალა. აღიზარდა სამეფო კარზე. როდესაც საქართველოში მონღოლების ბატონობის დროს შექმნილ რთულ პოლიტიკურ სიტუაციაში ძმები დავით VIII და ვახტანგ III ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, შალვა განუდგა მონღოლთა წინააღმდეგ მებრძოლ დავითს და ხუტლუბუღა ნოინის ჯარს უწინამძღვრა, მაგრამ მეფე იხსნა მიუვალმა ციკარეს ციხემ. შალვა ვახტანგ III-ს ურდოშიც გაჰყოლია. საპასუხოდ, დავითმა ააოხრა ქვენიფნეველის მამული ცხრაზმისხევში. ჟამთააღმწერლის მიხედვით შალვა იძულებული გახდა შევედრებოდა ქართლის ერისთავ ჰამადა სურამელს, ეშუამდგომლა დავით მეფესთან და ღალატი „თავზე ნაცრის გადაყრის“ ჟესტით მოუნანიება. მეფეს იგი, მართლაც, შეუწყალებია.
ერისთავთა მატიანის თანახმად, შალვას ცოლად ჰყოლია ოვსთა მეფის ასული ბირდი, „რომელმან განადიდა პატივი მონასტრისა ამის და შექმნა ყოველი სამსახური ეკლესიისა“ (უნდა იგულისხმებოდეს ქვენიფნეველთა საგვარეულო მონასტერი ლარგვისს). მათი შვილებიდან ცნობილია ერისთავი ლარგველი და პიპა, გიორგი მეფის ელჩი ეგვიპტის სულთანთან.
ლიტერატურა
რედაქტირება- „ძეგლი ერისთავთა“, ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 2, თბ., 1965. — გვ. 105-117.
- არახამია გ., ძველი ქართული საგვარეულო მატიანეები, თბ., 1988. — გვ. 92-99.
- ბახტაძე მ., ერისთავობის ინსტიტუტი საქართველოში, თბ., 2003. — გვ. 201.
- ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში: ენციკლოპედიური ლექსიკონი (ხელმძღვ. თ. აბულაძე), თბ., 2017. — გვ. 176-177.
- გვასალია ჯ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 518.