შავი ყვავი[1][2] (ლათ. Corvus corone) — ფრინველი ყორნისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 44–56 სმ. ბინადრობს ევროპასა და აზიაში; საქართველოში იშვიათად გვხვდება მიმოფრენისას.[3] გავრცელების არეალის ჩრდილოეთში შავი ყვავი გადამფრენი ფრინველია, სამხრეთში — მობინადრე. ბუდობს ტყეებში, პარკებში, ჭალის კორომებში; ჩვეულებრივ იზამთრებს ქალაქებსა და სხვა დასახლებებში. ბუდეს ხეზე აკეთებს, მისი უქონლობის შემთხვევაში კი — ბუჩქებზე და ლერწმნარებში. მარტის ბოლო–მაისის დასაწყისში დედალი 4–5 კვერცხს დებს. ყოვლისმჭამელია. ალაგ-ალაგ აზიანებს და ანადგურებს სანადირო ფრინველების ბუდეებს, უმთავრესად იხვისას.