გოგია ღლონტი

(გადამისამართდა გვერდიდან ღლონტი, გოგია)

გოგია ღლონტი (დ. 1893, მელექედური — გ. ~ 1961, საფრანგეთი) — ქართველი სახალხო გვარდიელი, ტერორისტის და რევოლუციონერის საშა ობოლაძის მკვლელი.

გოგია ღლონტი
ნამდვილი სახელი გიორგი ღლონტი
დაბ. თარიღი 1893
დაბ. ადგილი მელექედური, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1961
გარდაცვალების ადგილი საფრანგეთი
ეროვნება ქართველი
ცნობილია, როგორც ალექსანდრე ობოლაძის მკვლელი
მეუღლე(ები) პისტი ქადეიშვილი
მამა მიხეილ ღლონტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა მიხეილ ღლონტის ოჯახში. ჰყავდა სამი დედმამიშვილი: არსენი, ტარასი და რისიმე. გოგია ყველაზე უმცროსი იყო. ღლონტის ოჯახი შეძლებული იყო. სრულწლოვანები რომ გახდნენ, გოგია და ტარასი საცხოვრებლად ქალაქ ოზურგეთში გადავიდნენ მაშინდელი ნატანების (ამჟ. კოსტავას) ქუჩის დასაწყისში სადაც „რვათვალ“ ოდაში დასახლდნენ. არსენი მშობლიურ სახლში დარჩა, რომელიც 1990-იან წლებამდე იყო შემორჩენილი. ღლონტი მსახურობდა ვლადიმერ გოგუაძესთან ერთად ჯავშნოსან მატარებელთა რაზმზე. გოგია ღლონტმა მეუღლედ თანასოფლელი პისტი ქადეიშვილი შეირთო. შვილი არ ეყოლათ.

1921 წლის 18 მარტიდან ოზურგეთის მაზრაში შეიქმნა სამაზრო რევოლუციური კომიტეტი და მილიციის განსაკუთრებული რაზმი „ჩონი“ (Части Особого Назначения). მისი ძირითადი დანიშნულება იყო ბრძოლა სახალხო გვარდიის ყოფილ წევრებთან. „ჩონმა“ დაიწყო ნადირობა გოგია ღლონტზეც. „ჩონს“ იაკინთე ქილიფთარი და ალექსანდრე ობოლაძე ხელმძღვანელობდნენ. თავდაპირველად ხელისუფლებამ თითქოს შემოირიგა ღლონტი და მისი რაზმი და მათ კურორტ ბახმაროს ყაჩაღებისგან დაცვა დაავალა. ამის გამო ღლონტის რაზმი „ბახმაროს დამცველი რაზმის“ სახელით გახდა ცნობილი, თუმცა მალე გამოჩნდა, რომ შეთანხმება მოჩვენებითი იყო. „ჩონმა“ ღლონტი და მისი თანამებრძოლები ოზურგეთში ვერ ჩაიტყუა. ღლონტი რაზმში 11 ადამიანი იყო: სიმონ თალაკვაძე, ფილიპე მეგრელაძე, მიშა დათუნაშვილი, ექვთიმე კვაშალი, კონსტანტინე ჭელიძე, ვასო ჩხაიძე, გიორგი ღლონტი, ილიკო კოტრიკაძე, ილიკო მეგრელაძე, დათიკო ერქომაიშვილი, გიორგი ლომინაძე.

1923 წლის 10 თებერვალს საშა ობოლაძეს ცრუ ცნობა მიაწოდეს, რომ გოგია ღლონტი ლიხაურის თემში, სოფელ ქაქუთში ლომჯარიებისა და ხავთასების ოჯახში ქეიფობდა. ობოლაძე ასი ცხენოსნით დაესხა თავს სოფელს და რამდენიმე სახლი გადაწვა. 12 თებერვალს, უკან, ოზურგეთისკენ დაბრუნებულ ობოლაძის ეტლს და ცხენოსნებს გოგია ღლონტი თავისი რაზმით თედორე ლომჯარიასთან ერთად დახვდა კვაჭალათში. ჩასაფრებულებმა ყუმბარები დაუშინეს ჯარს, ყუმბარა მოხვდა ობოლაძის ეტლს, სადაც მასთან ერთად ისხდნენ ოფიცრები პლატონ ჩუბინაშვილი და პოლიკარპე სანიკიძე. ობოლაძე მისი ორივე მხლებლით ადგილზე გარდაიცვალა, გოგია ღლონტი მხარში დაიჭრა.

ობოლაძის მკვლელობამ გააძლიერა ტერორი მაზრაში. „ჩონის“ ხელმძღვანელად ვალიკო ტალახაძე დაინიშნა. საგანგებო კომისიამ 80-მდე კაცი დახვრიტა, უმთავრესად სოფლის მასწავლებლები, რომლებსაც არც ობოლაძის და არც ღლონტის შესახებ არ გაეგონათ.[1]60-მდე ადამიანი დახვრიტეს ზვანში, შემდგომში ჩაის ფაბრიკის ტერიტორიაზე.[2]ღლონტს საქართველოში აღარ დაედგომებოდა და თურქეთში გაიპარა. მას დისწული ალექსი ცომაია დაეხმარა, რომელიც შემდეგ აღარ უნახავთ და სავარაუდოდ რეპრესიების მსხვერპლი გახდა. ღლონტი თურქეთიდან საფრანგეთში გადავიდა, საიდანაც ოჯახის წევრებს წერილებსა და სურათებს უგზავნიდა 1961 წლამდე.

 
ბახმაროს დამცველი რაზმი

პოპულარულ კულტურაში

რედაქტირება

ობოლაძის მკვლელობის შესახებ შეიქმნა ხალხური ლექსი

 
„ატყდა სროლა კვაჭალათზე

ჩააძაღლეს ობოლაძე
გურიაში რა გინდოდა

თუ სიკვდილი არ გინდოდა“

გოგია ღლონტის, როგორც ყაჩაღისა და ხალხის მტრის სახე ასახულია 1966 წლის საბჭოთა ფილმში „შეხვედრა წარსულთან“. ღლონტის მიერ საშა ობოლაძეზე ტერაქტის მოწყობის ისტორია ასახულია აკა მორჩილაძის მოთხრობაში „ცეცხლისმფრქვევლები“, რომლის მიხედვითაც გადაღებულია ანიმაციური ფილმი „გავარდნილები“.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გოგუაძე ე., „ხალხის ქომაგი გოგია ღლონტი“ — თბილისი, 1991 წ.
  1. ქიქოძე გ. [1954] (2003). „თანამედროვის ჩანაწერები“. თბილისი: „არეტე“, გვ. 62. ISBN 99940-745-6-3. 
  2. „ლენინის დროშა“ 31 ოქტომბერი 1989 გვ. 3
  გურიის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები გურიის შესახებ.