ღვიძლის ხავსები[1] (ლათ. Marchantiophyta, ან Hepaticae) — უმაღლესი მცენარეების განყოფილება. ენათესავებიან ღეროფოთლოვან ხავსებს. მოიცავს 6–8 ათას სახეობას.[2] საქართველოში გვხვდება 200-მდე სახეობა.[3] ღვიძლის ხავსების მთავარი მრავალფეროვნება მოდის იუნგერმანიალეების (Jungermanniopsida) და მარშანციების (Marchantiales) კლასებზე. ღვიძლის ხავსები ძირითადად ხმელეთის მცენარეებია, რომლებიც ბინადრობენ ძლიერ ტენიან რეგიონებში ეკვატორიდან არქტიკამდე და ანტარქტიკამდე (რამდენიმე სახეობა წყლისაა). ყველაზე მრავალფეროვანნი არიან ტროპიკულ წვიმის და მთის ტყეებში, ტუნდრაში. მათ შორის არიან ნიადაგზე და კლდეებზე მზარდი სახეობები, ტყეებში ასევე გვხვდებიან ეპიფიტები და ეპიქსილები (ვითარდებიან გაშიშვლებულ ლპობად მერქანზე). ღვიძლის ხავსების უმრავლესობა იზრდება კორდებად, ზოგიერთი მათგანი ქმნის საკუთარ კორდებს ან ერთსახეობიან რაყებს.[2]

ღვიძლის ხავსები

ღვიძლის ხავსების მრავალფეროვნება
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ზეგანყოფილება:  ხავსისნაირნი
განყოფილება:  ღვიძლის ხავსები
ლათინური სახელი
Marchantiophyta
Stotler & Stotl.-Crand., 1977
კლასები და რიგები

როგორც წესი, ღვიძლის ხავსები წარმოადგენენ სუბსტრატზე გართხმულ წვრილ მცენარეებს სიგრძით 1–2 მმ-დან 2–3 სმ-მდე; მათგან ყველაზე მსხვილები იზრდებიან 12–15 სმ-მდე. ყველა ღვიძლის ხავსის სასიცოცხლო ციკლში ჭარბობს დამოუკიდებლად მცხოვრები გამეტოფიტი. ფესვების ნაცვლად მას უვითარდება ერთუჯრედიანი რიზოიდები. იუნგერმანიალეების და ზოგიერთი სხვა ღვიძლის ხავსის გამეტოფიტი წარმოდგენილია ბრტყელი ყლორტების სახით ზურგის მხარეს ორ რიგად და მუცლის მხარეს ერთ რიგად განლაგებული უფრო წვრილი ფოთლებით. ფოთლები მრავალფეროვანია ფორმით და დანაწევრების ხარისხით, მაგრამ ყოველთვის მარტივი და მჯდომარეა, თანაფოთლების და ძარღვების გარეშე, შედგება უჯრედების ერთი შრისგან. ღეროები შედგება ეპიდერმისისგან და ცენტრალური პარენქიმისგან, გამტარი ქსოვილები მათში არ არის. დანარჩენი ღვიძლის ხავსების გამეტოფიტები უფრო ხშირად წარმოდგენილია ლენტისებრი ან როზეტისებრი, მთლიანად პარენქიმული თალუსების სახით. მარშანციებში ამ უკანასკნელებს მუცლის მხარეზე აქვთ ერთშრიანი გამონაზარდები (ამფიგასტრიუმები), ხოლო ზურგის მხრიდან მათში მდებარეობს ასიმილაციური კამერები, რომლებიც ჰაერთან დაკავშირებულია ცრუ ბაგეებით.[2]

ღვიძლის ხავსებს შორის არიან ორსქესიანი და ცალსქესიანი ორგანიზმები, ზოგიერთ მათგანში გამოვლენილია სასქესო ქრომოსომები. ანთერიდიუმები განლაგებულია ფოთლების იღლიებში ან თალუსის ღრმა ამონაჭრებში, რომლებიც გარემოში იხსნება ვიწრო ხვრელით. არქეგონიუმები განლაგებულია ჯგუფებად, რომელთა გარშემო შეზრდილი ფოთლებისგან ან ჯამისებრად გაზრდილი ღეროს ან თალუსის ქსოვილებისგან წარმოიქმნება დამცავი საფარი.[2]

ღვიძლის ხავსების სპოროფიტი უმეტესწილად შედგება ჰაუსტორიისგან, ფეხისა და კოლოფისგან, რომელშიც ყალიბდება სპორები და მათ შორის მდებარე ლენტისებრი უჯრედები (ელატერები). მოუმწიფებელი ელატერები საკვებ ნივთიერებებს ატარებენ განვითარებადი სპორებისკენ, ხოლო მომწიფებულები კვდებიან და ჰიგროსკოპული მოძრაობებით ხელს უწყობენ სპორების გაბნევას. სპოროფიტი თითქმის მთელ სიცოცხლეს ატარებს არქეგონიუმის შეზრდილ მუცელში, იკვებება რა ჰაუსტორიის მეშვეობით გამეტოფიტისგან. სპორების მომწიფების შემდეგ ფეხი ძლიერ გრძელდება, გამოაქვს რა კოლოფი არქეგონიუმის მუცლის და დამცავი საფრის გარეთ. კოლოფის გახსნის და სპორების გამოთავისუფლების შემდეგ სპოროფიტი კვდება. სპორებიდან იზრდებიან გამეტოფიტები.[2]

ღვიძლის ხავსებს პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვთ, თუმცა მცურავ რიჩიას (Riccia fluitans) ზოგჯერ ზრდიან როგორც აკვარიუმის მცენარეს. ღვიძლის ხავსების ბევრი სახეობა შეტანილია IUCN-ის წითელ წიგნში.[2]

  1. Marchantiophyta — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 Тимонин А. К. Печёночники // Большая российская энциклопедия. т. 26. — М., 2014. — стр. 150.
  3. ხავსები // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 413.