ალექსანდრე ქუთათელი

ქართველი მწერალი
(გადამისამართდა გვერდიდან ქუთათელი, ალექსანდრე)

ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ქუთათელი (ოფიციალური სახელი ალექსანდრე ქუთათელაძე) (დ. 29 ოქტომბერი, 1898, ქუთაისი — გ. 1 მაისი, 1982, თბილისი) — ქართველი მწერალი.

ალექსანდრე ქუთათელი
დაბადების თარიღი 6 სექტემბერი, 1897(1897-09-06) ან 29 ოქტომბერი, 1898(1898-10-29)
დაბადების ადგილი ქუთაისი ან ქუთაისი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1 მაისი, 1982(1982-05-01)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა პოეტი და მწერალი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი
ჯილდოები შრომის წითელი დროშის ორდენი, ხალხთა მეგობრობის ორდენი და შრომითი მამაცობის მედალი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ბავშვობა ქუთაისში გაატარა. 1908 წელს უფროსმა ძმამ ყმაწვილი თბილისში ჩამოიყვანა და მესამე კლასიკურ გიმნაზიაში მიაბარა. 1916-1918 წლებში იგი კიევის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტია. 1918 წელს დაბრუნდა თბილისში და სწავლა განაგრძო მშობლიური უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. აქ ნიჭიერმა ახალგაზრდამ გრიგოლ წერეთლის ყურადღება დაიმსახურა. გამოჩენილმა მეცნიერმა განიზრახა ა. ქუთათელი ბერძნული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით აღეზარდა. საგულისხმოა, რომ 1923 წელს ა. ქუთათელმა დაწერა ბერძნულ მითზე აგებული დრამა „ჰხრისეს გველი“, რომელიც მადლიერმა ავტორმა გრიგოლ წერეთელს უძღვნა.

ლიტარატურული მოღვაწეობა ადრე დაიწყო. მისი პირველი ნაწარმოებები 1921 წელს გამოქვეყნდა ქართულ პრესაში. მას შემდეგ რესპუბლიკის ჟურნალ-გაზეთებში სისტემატურად იბეჭდებოდა და ცალკე წიგნებად გამოდიოდა მწერლის თხზულებანი: მისი კომედია „ნაშუაღამევს“ „1928“ წელს დადგა კოტე მარჯანიშვილმა. ა. ქუთათელი ნაყოფიერად იღწვოდა როგორც პოეზიაში ასევე პროზაში. ლექსების პირველი წიგნი 1934 წელს გამოიცა. 1958 წელს კი გამოქვეყნდა პოემა „ბედი მდევარი“, რომელშიც ასახულია გრიგოლ ორბელიანის ცხოვრება. მნიშვნელოვანია მისი ღვაწლი მთარგმნელობით საქმიანობაშიც. მან ქართველ მკითხველს გააცნო ესქილეს „მიჯაჭვული პრომეთე“, გოეთეს „ფაუსტი“, რუსი და სხვა ხალხთა პოეტებისა და პროზაიკოსების ნაწარმოებები.

მაგრამ მწერალს ნამდვილი აღიარება მოუტანა ოთხ ტომიანმა რომანმა „პირისპირ“, რომელსაც ავტორმა 25 წელი შეალია. იგი თარგმნილია გერმანულ, ჩეხურ, რუსულ, უკრაინულ, ბელორუსულ და სხვა ენებზე. ა. ქუთათელი მრავალი საინტერესო მოთხრობის ავტორიცაა. მათ შორის აღსანიშნავია მწერლის უკანასკნელ წლებში შექმნილი რომანი „სათვალთვალო“, სადაც გაცოცხლებულია იმ ადამიანთა სახეები, რომელთა გვერდითაც უხდებოდა ავტორს ცხოვრება და მოღვაწეობა.

ქართული მწერლობის წინაშე დიდი დამსახურებისათვის ა. ქუთათელი დაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშისა და ხალხთა მეგობრობის ორდენებით, მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ნატროშვილი, გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 569.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 349, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება