ქილაკუპრა
ქილაკუპრა, მეორე ახტალა — ტალახის ვულკანი საქართველოში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ივრის ზეგანზე, ქვაბების სერის ჩრდილოეთ პერიფერიაზე, ქილაკუპრის ანტიკლინის ღერძის სამხრეთით, ზღვის დონიდან 450 მ სიმაღლეზე.[1]
ქილაკუპრა | |
---|---|
კოორდინატები: 41°20′02″ ჩ. გ. 45°46′11″ ა. გ. / 41.33389° ჩ. გ. 45.76972° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 450 მ |
შეფარდებითი სიმაღლე | 15–20 მ |
მთის მასივი | ივრის ზეგანი |
ქედი | ქვაბების სერი |
ტიპი | ტალახის ვულკანი |
უმარტივესი მარშრუტი | დედოფლისწყარო → გამარჯვება → შარაგზა |
მორფოლოგიურად ქილაკუპრის ტალახის ვულკანის რაიონი დაბალი, დამრეცფერდობებიანი ქედების, ბრტყელი ვაკეების, მცირე სიღრმის ქვაბულების, ხევებისა და ხრამების არსებობით ხასიათდება. გარეგნულად მოგრძო, მოთეთრო ბრტყელთავიანი ბორცვია, ფერდობები ვიწრო ხრამებითაა დანაწევრებული, რომლებიც ვულკანის ცენტრალური ნაწილიდან რადიალურად მიემართებიან და ერთი შეხედვით ბარანკოსების შთაბეჭდილებას ტოვებენ.[2]
ქილაკუპრის ტალახის ვულკანი 15–20 მ შეფარდებითი სიმაღლის ელიფსის ფორმის წაკვეთილი კონუსია. ვულკანის თხემურ სიბრტყეზე, რომლის ფართობი 0.02–0.03 კმ²-ია გაფანტულია 40-მდე გრიფონი, რომელთა დიდი ნაწილი ჩამქრალია, ხოლო მოქმედია რვა, რომლებიც თხევად ტალახსა და მცირე რაოდენობით აირს გამოყოფენ. გრიფონები სხვადასხვა ზომისაა და ერთიმეორისაგან დაშორებულია 15–20 მ-ით. უდიდესი გრიფონის დიამეტრი 2–2.5 მ აღწევს.[3]
გრიფონებიდან ტალახი გამუდმებით ამოედინება აირთან ერთად. ზემოდან ტალახს ნავთის ბრკე აქვს. ქილაკუპრის ტალახს ნამდვილ ვულკანიზმთან არავითარი კავშირი არ აქვს და თავის საბოლოო თვისებებს როგორც მექანიკურს, ისე ფიზიკურ-ქიმიურს, უშუალოდ სასულეში ღებულობს ქანის, მინერალური წყლისა და აირის ხანგრძლივი კონტაქტის პირობებში.[2]
ვულკანს გარს უვლის მშრალი ხევი, რომელშიც ზოგჯერ ერთ ნაკადად თავს იყრის სასულეებიდან ჩამონადენი ტალახი. ვულკანის ზედაპირზე სასულეები პატარა ქვაბულებს ქმნიან. ბორცვი და მისი მიდამოები აგებულია აღჩაგილური ნაცრისფერი და ღია მურა თიხებით, რომლებთანაც მორიგეობს კონგლომერატები, ფხვიერი ქვიშაქვები და ნაცრისფერი ქვიშიანი თიხები.[3]
ქილაკუპრის სამკურნალო ტალახის ქიმიური და მექანიკური შედგენილობა ახტალის ვულკანის ტალახის ანალოგიურია. ადგილობრივი მცხოვრებლები ტალახს რევმატიზმით და იშიასით დაავადებათა წინააღმდეგ იყენებენ. ზამთარში ამავე მიზნით ტალახს სახლში ეზიდებიან.[2]
ქილაკუპრა ცნობილია აგრეთვე „მეორე ახტალის“ სახელწოდებით. როგორც არაორგანული ბუნების ძეგლი შეტანილი იყო საქართველოს სსრ წითელ წიგნში.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ კობა ხარაძე. საქართველოს ბუნების ფენომენები. თბილისი, 2014, გვ. 268–271
- ↑ 2.0 2.1 2.2 დავით უკლება, „მეორე ახტალის“ ტალახის ვულკანის შესახებ, „მოამბე“, ტ. XV, 1954, № 1, გვ. 21–24
- ↑ 3.0 3.1 3.2 საქართველოს სსრ წითელი წიგნი, „საბჭოთა საქართველო“, გვ. 215, წ. 1982.