ფარელის ქედი
ფარელის ქედი — რელიეფში კარგად გამოხატული საშუალომთიანი ქედი საქართველოში, ცაგერის მუნიციპალიტეტში. დასავლეთით ესაზღვრება მდინარე ცხენისწყლის ხეობა, ხოლო აღმოსავლეთით მდინარე ლაჯანურის ხეობა.[1] ფარელის ქედის სიგრძეა 6 კმ, სიგანე 1 კმ-ზე მეტი. მაქსიმალური სიმაღლე 1354,1 მ (მთა ფარელი).[2]
ფარელის ქედი | |
---|---|
კოორდინატები: 42°39′19″ ჩ. გ. 42°48′31″ ა. გ. / 42.65528° ჩ. გ. 42.80861° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ცაგერის მუნიციპალიტეტი |
უმაღლესი წერტილი | ფარელი |
სიმაღლე | 1354,1 მ |
სიგრძე | 6 კმ |
სიგანე | 1 კმ |
ამგებელი ქანები | კირქვა და ნაწილობრივ მერგელი |
დასავლეთით იწყება ცხენისწყლის მარცხენა მხარეზე, ქალაქ ცაგერის ჩრდილოეთით. ვრცელდება ჯერ აღმოსავლეთით, ხოლო შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთით და მთავრდება მდინარე ლაჯანურის მარჯვენა მხარეზე, ორბელის კლდეკართან, სოფელ ორბელის სიახლოვეს. აგებულია ცარცული და ეოცენური კირქვებითა და ნაწილობრივ მერგელებით.[3]
კარსტი და ჰიდროგრაფიული ქსელი სუსტად არის განვითარებული. ტექტონიკურად რაჭა-ლეჩხუმის სინკლინის ჩრდილო ფრთის შემადგენლობაშია. ქედის სამხრეთ-დასავლეთი საზღვარი კარგად არის გამოხატული და გადის დაახლოებით ორბელ–ცაგერის შემაერთებელი გზის გასწვრივ. კარგად იკვეთება საზღვარი ჩრდილო-აღმოსავლეთითაც, განსაკუთრებით მის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილში, ხოლო შუაში, სადაც ხდება ამ ქედის დაკავშირება მთა ფარელიდან გამოყოფილი ტოტით ჩრდილოეთით მდებარე ქედთან, — შედარებით სუსტად.[4]
ქედის თხემური ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი ვიწროა, ხოლო მთა ფარელის შემდეგ, მისი სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი რამდენადმე ვაკიანია. ქედი დაფარულია ტყით და მისი ფერდობები ფლატიანია. მთა ფარელის ჩრდილო-დასავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ქედის თხემური ნაწილი თანდათანობით დაბლდება და ცხენისწყალსა და ლაჯანურთან მიახლოებისას ციცაბოდ წყდება დაახლოებით 400 მ-ანი სიმაღლის ფლატით.[4]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, გეოგრაფიულ-გეოლოგიურ მეცნიერებათა სერია, ტ. 90. თბ., 1963
- ↑ Топографическая карта, лист K-38-50. Масштаб 1:100000. Издание 1989 г.
- ↑ კაჭარავა ი. რაჭა-ლეჩხუმის აუზი და მოსაზღვრე რაიონები პალეოგენის დროს. გეოლოგიური სერია, ტ. II (VIII), თბ., 1944
- ↑ 4.0 4.1 ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის შრომები : ტომი XX, თბ., 1964