უფლისციხის ორსვეტიანი დარბაზის კომპლექსი

არქიტექტურული კომპლექსი

უფლისციხის ორსვეტიანი დარბაზის კომპლექსიარქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის ნაქალაქარ უფლისციხის შიდა ქალაქის შუა უბნის ცენტრში, ხელოვნურად მოსწორებულ ტერასებზე, მის ჩრდილო მონაკვეთში. თარიღდება ანტიკური ხანით. როგორც არქიტექტურული თემით, ისე ყველა დეტალით მიეკუთვნება უფლისციხის კლდეში ნაკვეთი ანსამბლის ძირითადად ნაგებობათა რიცხვს. ორსვეტიანი დარბაზის კომპლექსი, მისგან ჩრდილოეთით მდებარე თანადროული ოთხსვეტიანი დარბაზის კომპლექსთან ერთად, საქართველოში (მათ შორის უფლისციხის შიდა ქალაქის ნაგებობათა შორისაც) ანტიკური ხანის ყველაზე ღირსშესანიშნავი, თავისებური და რთული არქიტექტურული ანსამბლია. იგი განკუთვნილი იყო წარმართული ხანის საზეიმო საკულტო ცერემონიისთვის. კომპლექსის გამაგრებასა და კონსერვაციას აწარმოებს სპეციალურ სამეცნიერო-სარესტავრაციო საწარმო გაერთიანება (ხელმძღვანელი თ. იაქაშვილი). ორსვეტიანი დარბაზის კომპლექსი შედგება ორსვეტიანი ცენტრალური დარბაზის, მის ორივე მხარეს მდებარე სათავსების, ამაღლებული და ღია ბაქნებისა და ეზო-კარიბჭისაგან. ორსვეტიანი დარბაზი (თამარის დარბაზი) კვადრატულია (9,15x9,1 მეტრი; სიმაღლე 5,6 მეტრი). გეგმით ემსგავსება ცეცხლის ტაძარს. გამოკაფულია კლდეში. გამოვლენილია ოთხივე ფასადით და ბანით. კედლები ფაქიზადაა მოსწორებული. ნაგებობა დაზიანებულია: შემორჩენილია დარბაზის აღმოსავლეთ კედლის ნაშთი (1-1,7 მეტრი), ბურჯების რვაწახნაგიანი ბაზისები და მათი კაპიტელის ბალიშის კვადრატის კონტური „მზიდი კოჭის“ სიბრტყეზე, პილასტრიანი ოთახის ჩრდილო კედელი და დანარჩენი კედლების ცოკოლები, აღმოსავლეთ ფასადის სამხრეთ ნაწილში ტრომპის მსგავსი პატარა დეტალი, რომლის ცენტრიდან ქვევითკენ მიემართება მკვეთრი ვერტიკალური ღარი (დეტალის ზედა ფორმა, კედლების გამოფიტვის გამო, გაურკვეველია), სამხრეთ ფასადის მომიჯნავე სათავსის კვალი (ამჟამად მის ადგილას ფეოდალური ხანის ორმოები და თონეებია); სამხრეთ სათავსის ბოლოში ჩანგრეულია გადახურვა. დარბაზი საუკუნეთა მანძილზე, მისი საცხოვრისად გამოყენების დროს, მრავალჯერ გადაუკეთებიათ. ჩამოუტეხიათ ჭერის, ჩრდილო გვერდითი სათავსის, დასავლეთის ამაღლებული ბაქნის კდლის ზედაპირი, აგრეთვე დასავლეთ თაღებისა და სარკმლების ტიმპანები, რაც ამახინჯებს ინტერიერის არქიტექტურას. ყველა კედელში ამოუკვეთიათ ულაზათო თაროები და თახჩები; ჩრდილო სათავსში და სამხრეთ სათავსის იატაკში ამოუღიათ ქვევრების, თონეებისა და კერის ჩასადგმელი ორმოები; აღმოსავლეთ ფასადის ჩრდილო მხარეს და შენობის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში ამოუჭრიათ ვერტიკალური ფორმის საკვამლე მილები, რის გამოც მოუტეხიათ ფასადის ნაწილები. ფეოდალურ ხანაში დარბაზს უკვე აღარ ჰქონია წინა კედელი და სვეტები; დარბაზისა და ეზო-კარიბჭის იატაკი 1,5 მეტრზე მიწითა და ნანგრევებით ყოფილა დაფარული. ამას მოწმობს შემორჩენილ ფასადზე ამ დონეზე გამართული უფრო განიერი შესასვლელი და ორივე ადგილის ხელუხლებელი იატაკი. ფეოდალურ ხანაში კარიბჭის ცოკოლზე აუშენებიათ მაღალი ქვითკირის კედლები; მოუჭრიათ დარბაზის ბაქნიდან დიდ ეზოში ჩასასვლელი განიერი ოთხსაფეხურიანი კიბის დიდი ნაწილი. ორსვეტიან დარბაზს შესასვლელი აღმოსავლეთ ფასადის ცენტრში აქვს. შესასვლელი თაღოვანი ყოფილა. მის ორივე მხარეს, კედლის ქვედა ნაწილში, ნიშებია ამოკვეთილი. დასავლეთ კედელში, შესასვლელი პირდაპირ, ორი ტიმპანიანი თაღოვანი სწორკუთხა ღიადია, მის უკან — ამაღლებული დაბალჭერიანი ბაქანი. ამ კედლის ჩრდილო ნაწილში სარკმელია, რომელიც კედელს უკან მოთავსებულ სათავსს ანათებს. დასავლეთ კედლის ღიადებსა და სარკმლებს თაღები სხვადასხვა დონეზე აქვთ. სარკმლები დარბაზის გრძივ კედლებშიცაა, ორი — სამხრეთისაში, სამი — ჩრდილოეთისაში. ყველა სარკმელი ოთხკუთხა, აქვს თაღი და ტიმპანი. გრძივ კედლებში გაჭრილი სარკმლები გადის დარბაზის ორივე მხარეს მდებარე სათავსებში, რომლებიც დარბაზს მხოლოდ ამ სარკმლებით უკავშირდებიან. პროფილირებულია პილასტრებისა და თაღების კაპიტელები. პილასტრების კუთხეები კარგადაა გამოკვეთილი. ჭერი ძელური გადახურვის იმიტაციაა. განივი ღერძის მიმართულებით გამოკვეთილია მძლავრი „მზიდი კოჭი“, რომელიც ორად ყოფს გადახურვის გრძელ მალს. „მზიდი კოჭის“ ორივე მხარეს „გადებულია“ მცირე კვეთის, ბრტყელი „კოჭები“. კედლებზე გამოწეულია „შემკვრელი ლავგარდანი“. „კოჭები“ და „ლავგარდანი“ პროფილირებულია. „მზიდი კოჭი“ ეყრდნობა ორ სვეტს. დარბაზის გვერდის სათავსებს შესასვლელები აღმოსავლეთ კედელში აქვს. ჩრდილო მცირე სათავსის შესასვლელი კი ცალკეა, დასავლეთ კედელში სათავსების იატაკი 1,25 მეტრით მაღალია დარბაზის იატაკზე, უსწორდება სარკმლების ქვედა დონეს. სათავსებისა და დასავლეთ ბაქნის ჭერი დანაწევრებულია კვადრატულ მონაკვეთებად. თითოეულ მონაკვეთში გამოკვეთილია ორფერდა გადახურვა. დასავლეთ ბაქანსა და ჩრდილო სათავსს შორის მცირე სათავსია (3,65x3,4 მეტრი), რომელსაც შესასვლელი ბაქნიდან აქვს, დარბაზს კი უკავშირდება სარკმლით. სამხრეთ განაპირა სათავსი დარბაზის მხოლოდ დასავლეთ თაღოვან კედელს აღწევს. ამ სათავსიდან დარბაზის სამხრეთ კედლის ბოლომდე პილასტრიანი ოთახი ყოფილა. დარბაზის წინ ეზო-კარიბჭეა, რომელიც მის ირგვლივ მოსწორებული ბაქნიდან 0,6 მეტრით ჩაღრმავებულია. იგი გადახურული უნდა ყოფილიყო, რასაც ამტკიცებს ვერტიკალურად ჩაჭრილი ეზო-კარიბჭის ცოკოლი, საიდანაც სამი წყვილი პილასტრია გამოწეული (სავარაუდოა, რომ პილასტრებზე მსუბუქი გადახურვისთვის ქვის სვეტები იყო აღმართული). ეზოს ცენტრში ამოკვეთილია ფართო წრე (დიამეტრი 1,42 მეტრი; სიღრმე 0,11 მეტრი), რომელიც, შესაძლოა, რიტუალური დანიშნულებისა იყო. ეზოსა და სამხრეთ სათავსის წინ ღია ბაქანია. იგი, ეზოსთან ერთად, დამხრობილია ჩრდილოეთისკენ — მთის აღმართისკენ, რაც ერთადერთი შემთხვევაა შიდა ქართლში. ბაქნის აღმოსავლეთ ნაწილში ხის სვეტების ჩასადგმელი სამი მოზრდილი ორმო და ვარცლის მსგავსი ღრმა აუზებია. ბაქნის ქვეშ, ქუჩის პირას, გამოქვაბულის მსგავსი უფასადო სათავსია. ეზოსა და ბაქანს სხვადასხვა სიგრძის, კარგად ნაკვეთი ოთხი კიბე აქვს, რომლებიც დაბლა, მთავარი ქუჩის დონეზე მდებარე ეზოში ჩადის. ეზო დიდია, სამკუთხა. ეზოს ჩრდილო მხარეს, კიბეების პირდაპირ, ერთსაფეხურიანი ჩასასვლელებია, რომლებიც ორსვეტიანი დარბაზის კომპლექსს ოთხსვეტიანი დარბაზის კომპლექსთან აკავშირებენ.

ლიტერატურა

რედაქტირება