სანელსაცხებლე
სანელსაცხებლე, ბალზამარიუმი, უნგენტარიუმი — სურნელოვანი ზეთებისა და ნელსაცხებლების შესანახი და გადასატანი ჭურჭელი. ძვ. წ. II ათასწლეულში მინის სანელსაცხებლების დამზადება დაიწყეს ეგვიპტესა და სირიაში — ძვ. სამყაროში ნელსაცხებლის უმთავრეს მწარმოებელ და ექსპორტიორ ქვეყნებში. უძველესი სანელსაცხებლები მზადდებოდა ფერადი გაუმჭვირვალე მინისაგან, რისთვისაც იყენებდნენ ე. წ. თიხის გულგულას. ამ მეთოდით დამზადებული მინის სხვადასხვა ფორმის სანელსაცხებლები (ამფორისკები, არიბალოსები, ალაბასტრონები, ოინოქოიები) განსაკუთრებით გავრცელდა ძვ. წ. VI—IV საუკუნეებში და დიდი რაოდენობით გადიოდა ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებიდან (სირია, ფინიკია, ძველი ეგვიპტე).
ამ დროის სანელსაცხებლეები ნაპოვნია საქართველოშიც (წალკა, ბრილი, ვანი, ფიჭვნარი). ამავე მეთოდით არის დამზადებული თბილისში აღმოჩენილი ძვ. წ. I — ახ. წ. I საუკუნეები ფერადი მინის ალაბასტრონი. უნიკალურ სანელსაცხებლებს ამზადებდნენ ქვისაგან (ალებასტრი, მარმარილო, მთის ბროლი, აქატი და სხვა) და ძვირფასი ლითონისაგანაც. მასობრივ წარმოებაში მინას კონკურენციას მხოლოდ თიხა უწევდა, განსაკუთრებით ადრინდელი ანტიკური და ელინისტურ ხანაში.
ძვ. წ. VI—IV საუკუნეებში საბერძნეთში ამზადებდნენ სხვადასხვა ფორმის თიხის სანელსაცხებლებს (არიბალოსები, ალაბასტრონები, ამფორისკები, ლეკითოსები, ასკოსები და სხვა). ძვ. წ. IV საუკუნის დასასრულიდან თითისტარის ფორმის თიხის სანელსაცხებლების (უნგვენტრიუმების) წარმოება ფართოდ გავრცელდა მთელ ელინისტურ სამყაროში და შემორჩა რომაულ ხანამდე, სანამ მას საბოლოოდ გამოდევნიდა მინის სანელსაცხებლები. ელინისტური და რომაული ხანის თიხის უნგვენტარიუმები და ამფორისკები აღმოჩნდა საქართველოშიც (ვანი, დაბლაგომი, ეშერა, სამადლო, ჟინვალი, ურბნისი). ზოგიერთი მათგანი ადგილობრივი ნაწარმია. ახ. წ. I საუკუნიდან ფართოდ გავრცელდა გამობერვის წესით დამზადებული მინის სანელსაცხებლები, რომლებიც უკვე გამჭვირვალე მინისა იყო და გამოირჩეოდა ფორმათა მრავალფეროვნებით. I—III საუკუნეებში მათი წარმოება ანტიკური სამყაროს მრავალ პუნქტშია დადასტურებული (სირია, ეგვიპტე, იტალია, რაინის ოლქი, ჩრდილოეთი შავიზღვისპირეთი და სხვა). სანელსაცხებლებს ძველად იყენებდნენ არა მარტო ყოფაში, არამედ სამგლოვიარო რიტუალშიც. ამიტომ ხშირად გვხვდება სამარხებში. სანელსაცხებლები დიდი რაოდენობითაა აღმოჩენილი საქართველოში გათხრილ I—III საუკუნეების სამაროვნებშიც (ურეკი, ბორი, კლდეეთი, ზღუდერი, სამთავრო, ურბნისი და სხვა). ისინი ძირითადად შემოტანილია IV საუკუნიდან კი საქართველოში აღმოჩენილი მინის სანელსაცხებლების უმრავლესობა ადგილობრივი ნაწარმია. VI—VIII საუკუნეებში სანელსაცხებლები საქართველოდან მეზობებ ქვეყნებშიც გაჰქონდათ.
ლიტერატურა
რედაქტირება- საგინაშვილი მ., ურბნისის სამაროვანის მინის ჭურჭელი, თბ., 1970;
- უგრელიძე ნ., ადრეულ შუასაუკუნეთა ქართლში მინის წარმოების ისტორიისათვის, თბ., 1967;
- Гагошидзе Ю. М., Самадло, Тб., 1979;
- Fossing P., Glass Vessels before Glass-Blowing, Cph., 1940
- საგინაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 80.