უბატონო თემები
უბატონო თემები — დაღესტნელი ფეოდალების მიერ XVIII საუკუნის პირველ ნახევარში აღმოსავლეთ კახეთში ჩამოყალიბებული თემები. დასახლებული იყო ხუნძებითა და წახებით.
ისტორია
რედაქტირებაXVI-XVII საუკუნეებში ოსმალ-ყიზილბაშთა და დაღესტნელ გლეხთა განუწყვეტელი შემოსევების შედეგად კახეთის სამეფოს ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარე მთლიანად დაქვეითდა, მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა. დაცარიელებული ტერიტორიები ლეკებმა დაიკავეს. მათ ადგილობრივი გლეხები ყმებად გაიხადეს. ამის შედეგად ეს მხარე მოწყდა კახეთის სამეფოს. ხუნძებმა შექმნეს ექვსი თემი: ჭარის, ბელაქნის, კატეხის, თალის, მუხახის და ჯინიხის. წახებმა შექმნეს ოთხი თემი: წახურის, სუვაგილის, ყარადულაკის და ელისუს. უბატონო თემები თავის მხრივ იყოფოდა თავისუფალ ლეკთა სოფლებად და დამორჩილებულ ინგილოთა და მუღალების სოფლებად. ინგილოები და მუღალები იხდიდნენ გადასახადს — ქეშქელს. კახელი თავადაზნაურობა ამ ტერიტორიაზე ლეკთა ჯამაათმა შეცვალა.
1803 წლიდან უბატონო თემები რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობაში მოექცნენ და 1830 წლიდან უშუალოდ შეუერთდნენ იმპერიას. 1832-1840 წლებში ეს მხარე საქართველოს გუბერნიის, ხოლო 1840-1845 წლებში საქართველო-იმერეთის გუბერნიის ნაწილი იყო. 1845-1860 წლებში არსებობდა ჭარ-ბელაქნის სამხედრო ოკრუგი, ხოლო 1860-1917 წლებში ზაქათალის ოკრუგი. 1918-1921 წლებში ტერიტორია იყო სადავო საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის და მისი ბედი საერთაშორისო არბიტრაჟს უნდა გადაეწყვიტა. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, 1921 წელს, ის მიეკუთვნა აზერბაიჯანის სსრ-ს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- პაპუაშვილი, თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 96.
- პაპუაშვილი, თ. ჭარ-ბელაქანი, თბილისი, 1972
- ბერძენიშვილი, ნ., „საქართველოს ისტორიის საკითხები“, წიგნი 3, თბილისი, 1966