ტუღრა ან თუღრა (ოსმ. طغرا; თანამედროვე თურქ. tuğra) — მონეტებსა და საბუთებზე აღბეჭდილი კალიგრაფიულად გაფორმებული სულთნის სახელი. პირველად გვხვდება სელჩუკი ემირის ასჰაკ იბნ ალიასის (1374 - 1390 წწ.) საბუთებზე. თუღრას იყენებდნენ აგრეთვე ყირიმის ხანები, ირანელები, ავღანელები და სხვა. თუღრა აღბეჭდილია თბილისში XVIII ს-ში მოჭრილ მონეტებზეც – აშრაფი, ონლიქი, ბეშლიქი, ნიმბეშლიქი.

სულთან მაჰმუდ II-ის ტუთრა. იკითხება შემდეგნაირად: მაჰმუდ ხან შვილი აბდულჰამიდის მარად გამარჯვებული. არაბულად: محمود خان بن عبدالحميد مظفر دائماً (Mahmūd Ḫān bīn Abdülhamid el-muẓaffer dāʾimā)

ეტიმოლოგია

რედაქტირება

XI საუკუნის თურქი ლექსიკოგრაფი მაჰმუდ ალ-ქაშღარი თავის ნამუშევარში diwān lughāt at-turk (თურქული დიალექტების კრებული) იხსენიებს ოღუზურ ტერმინს ტუღრაღ, რომელიც, მისი თქმით, ოღუზი დიდებულების ბეჭედს, შტამპსა და მონოგრამას აღნიშნავს. სიტყვის საბოლოო სახე – ტუღრა შეიძლება აიხნას ოღუზური სიტყვისაგან უკანასკნელი უკანასასისმიერი ბგერის – –ს ჩამოშორებით, რაც თურქული ენისთვის დამახასიათებელია. მაჰმუდ ალ–ქაშღარი იცნობს ასევე ზმნას tughraghlanmak (დოკუმენტის მიხედვით, ნიშნავს ტუღრაღ–ის მიღებას). სიტყვა ტუღრაღ–ის ეტიმოლოგიის შესახებ მაჰმუდ ალ–ქაშღარი ამბობს მხოლოდ ერთს: „wa-lā adrī aslahu“ (ამ სიტყვის წარმომავლობა მე არ ვიცი). აქედან გამომდინარე ვარაუდობენ, რომ ტუღრა თურქული ეტიმოლოგიის სიტყვაა, თუმცა მისი პირველადი მნიშვნელობა უცნობია.

სიტყვა ტუღრას სხვა ეტიმოლოგიური განმარტებები ემყარება ლეგენდარულ ფრინველს – ტუღრი, არაბულ სიტყვას – ტურრა, რაც დოკუმენტის ზედა კიდეს ნიშნავს. ასევე არსებობს ვერსიები tur-gha(y) (დაე იყოს ასე), ან doghru (სიმართლე) სიტყვებიდან წარმომავლობის შესახებ.

ოსმალური ტუღრის ტექსტი და აგებულება

რედაქტირება

კლასიკური, XVI საუკუნის ტუღრა თავის მოხაზულობაში აერთიანებს არაბული დამწერლობით დაწერილ ოსმალი დიდებულის სახელს, მამის სახელს, სპარსული ან მონღოლური წარმომავლობის ტიტულს და ასევე არაბულ სიტყვებს. ტუღრა შესაძლოა შესრულებული იყოს როგორც ოსმალური, ასევე არაბული კალიგრაფიით.

დღემდე შემონახული უძველესი და ყველაზე მარტივი, ორჰან ღაზის ტუღრიდან სულეიმან I–ის მდიდრულად მორთულ ტუღრამდე, მონოგრამის ამ სახემ მნიშვნელოვანი განვითარების ეტაპები გამოიარა. ტუღრები თანდათანობით უფრო და უფრო მეტ ტექსტს შეიცავდნენ და მეტ დეკორატიულობას იძენდნენ (განსაკუთრებით ბაიეზიდ II–ის შემდეგ). ამავდროულად მისი ზომაც იცვლება და მერყეობს დაახლოებით 7 სმ–დან (ორჰან ღაზი) 40 სმ–მდე (სულეიმან I) იმის მიხედვით, თუ რა ზომისაა დოკუმენტი, რომელსაც ახლავს ტუღრა. ყველა ტუღრას საერთო ის აქვს, რომ მასში ჩაწერილი ტექსტის სიტყვები ერთმანეთშია შერწყმული. ქვემოთ მოცემული ტექსტი აღწერს ტუღრის მფლობელებს, ტუღის ტექსტის ტრანლიტერაციასა და მის ქართულ თარგმანს:

მფლობელი ტუღრის ტექსტის ტრანსლიტერაცია [1][2] თარგმანი
ორჰან ღაზი Orḫān bin Osmān [3] ორჰან, ოსმანის ძე
ბაიეზიდ I Bāyezid bin Murād ḫān [3] ბაიეზიდ, მურად ხანის ძე
მურად II Murād bin Meḫmed ḫān muẓaffar [3] მურად, მეჰმედ ხანის ძე, გამარჯვებული
მეჰმედ II Meḫmed bin Murād ḫān muẓaffar dā'imā [3] მეჰმედ, მურად ხანის ძე, ყოველთვის გამარჯვებული
სელიმ I Selīm şāh bin Bāyezid ḫān al-muẓaffar dā'imā [3] შაჰ სელიმ, ბაიეზიდ ხანის ძე, ყოველთვის გამარჯვებული
სულეიმან I Süleymān şāh bin Selīm şāh ḫān al-muẓaffar dā'imā [3] შაჰ სულეიმან, შაჰ ხან სელიმის ძე, ყოველთვის გამარჯვებული

ტუღრა ქვემო მარჯვენა კუთხიდან ზედა მარცხენა კუთხემდე მიმართულებით იკითხება, თუმცა, ზოგჯერ სიტყვათა თანმიმდევრობაში დარღვევებიც ხდება.

მაგალითისათვის მოყვანილია სულეიმან I–ის ტუღრა:

 
ტუღრის განვითარება; პირველი ტუღრები მე–14 საუკუნიდან
 
ტუღრის შემადგენელი ნაწილები
 
მაჰმუდ I–ის ტუღრა, ანიმაცია გვიჩვენებს ტუღრის კალიგრაფიის სტრუქტურას

მომდევნო პერიოდის ტუღრები სტანდარტული "სულეიმანური" ტუღრისაგან მხოლოდ იმით განსხვავდებიან, რომ მათ ტექსტში მფლობელისა და მისი მამის ტიტულები შაჰ და ხან ხშირად გამოიტოვებოდა და როგორც მაგალითად მეჰმედ V-ის ტუღრაში, ემატება დამატებითი სახელი Reşad. გარდა ამისა ზოგიერთი ტუღრა შეიცავს დამატებით დეკორატიულ ნიშნებსა და ხაზებს. ტუღრის შემქმნელი იშვიათად უთითებდა საკუთარ სახელსაც.

ტუღრის შემადგენელი ცალკეული ნაწილების კლასიფიკაცია ამგვარია (პაულ ვიტეკის მიხედვით, ამ ტერმინებიდან ყველა არ არსებობდა ოსმალეთის პერიოდში):

  • sere (ხელის გული) – ადგილი, სადაც იწერება სახელი.
  • beyze (კვერცხი, ოვალი) – მარყუჟები.
  • tuğ (ბუჩქი ბალახისა) – შვეული ხაზები zülfe–ებთან (დალალი), მრუდ ხაზებთან ერთად.
  • hançer (ხანჯალი) ან kol (მკლავი) – გრძელი ხაზები მარჯვნისაკენ.

ოსმალური ტუღრის კალიგრაფიული ფორმის განვითარება უკვე ორჰან ღაზისა და მურად I–ის ტუღრებიდან იწყება. მათი ფოტოების (მარჯვნივ) შედარებით კარგად ჩანს, როგორ წარმოიქმნა შემდგომში beyze–დ წოდებული ოვალური ხაზები. არაბული ასო ნუნის (ن) ხაზმა თანდათანობით ზემოთ აიწია და ოვალური წრე შეკრა. არაბული ასო ალიფი (ا}, რომელიც ტუღრებში , და ხმოვნების ჩასაწერად გამოიყენება, ქმნის სამ შვეულ ხაზს, ე. წ. tuğ–ს, რომლებსაც ორჰან ღაზის 1348 წლის ტუღრაში უკვე პატარა ოვალური ხაზები, zülfe–ები ემატება.

მოცემული ანიმაცია (მარცხნივ) გვიჩვენებს მაჰმუდ II–ის ტუღრის (1785-1835) აგებულებას. ნაცრისფრად რჩება ის ხაზები, რომლებსაც ტუღრის დეკორატიული გაფორმება აკისრია.

ფუნქცია და გამოყენება

რედაქტირება

სულთანთა ტუღრები დოკუმენტებში

რედაქტირება

ოსმალური ტუღრის გამოყენებისა და მისი დანიშნულების შესახებ ინფორმაციას გვაწვდის მრავალი დოკუმენტი, რომლებსაც ახლავს მისი შემდგენლის ტუღრა. ამ მხრივ განსხვავებული სიტუაციაა ოსმალური ტუღრის შესაძლო წინამორბედებთან – ოღუზურ და სელჯუკურ ტუღრებთან და ბეჭდებთან დაკავშირებით; მათ შესახებ მხოლოდ მცირე ინფორმაციაა დღეისათვის ცნობილი.

 
დოკუმენტი ბაიეზიდ II–ის ტუღრით (1486)
 
სულთან მუჰამედ I–ის ფირმანი, განსაკუთრებით მდიდრულად მორთული ტუღრა (1741)

ოსმალური ტუღრა იყო ოსმალთა სულთნების ოფიციალური განსაკუთრებული კალიგრაფიით მოხაზული ხელმოწერა. საიმპერატორო დოკუმენტებზე ტუღრის არსებობა მიანიშნებდა დოკუმენტის სინამდვილეზე. ტუღრები, სულთნების გადაწყვეტილების, ეპოქის, დოკუმენტის შინაარსისა და მისი ადრესატის მიხედვით, სადად და უბრალოდ მოხაზული (იხ. სურათი მარცხნივ), ან მდიდრულად გაფორმებული, ძვირფასი ფერებით გაფერადებული (მარჯვნივ) შეიძლება ყოფილიყო.

ოსმალური ტუღრების უმრავლესობა დღემდე კარგადაა შემონახული, რადგან ის ფურცლები, რომლებზეც ტუღრებია გამოსახული, დახვეული, შეფუთული და აბრეშუმის ჩანთაში ან სპეციალურ ყუთში იყო შენახული. ზოგიერთი ძალიან მდიდრულად მორთული ხელაწერი სიგელი რვეულების სახით მყარი ყდებით იყო დაცული.

სულთან სულეიმან I–ის ზეობის განმავლობაში შეიქმნა დაახლოებით 150000 ხელნაწერი დოკუმენტი, რომელთა უმრავლესობას ზედა ნაწილში თან ახლავს უცვლელი ფორმის ხელით შესრულებული ტუღრა. მხოლოდ რამდენიმე ტუღრა ითვლება მექანიკურ რეპროდუქციად. ტუღრის საიმპერატორო დანიშნულების აღსანიშნავად ზოგიერთი მათგანის ქვემოთ მითითებულია: tevki-i refi'-i hümāyun („დიდებული სულთნის ნიშანი“), ni-şân-ı şerîf-i âlişân-ı sultanî („კეთილშობილი და მაღალი სულთნის ნიშანი“), tuğrâ-yı gârâ-yı sâmimekân-ı hakanî („მაღალი რანგის ტუღრა დიდი ხანისა“) ან alâmet-i şerîfe („დიდებულობის ნიშანი“).

ტუღრით დამოწმებული შესაძლოა ყოფილიყო თანამდებობის ან ჩინის მინიჭების დოკუმენტი, მოწმობები, უძრავი ქონების მინიჭების, სასამართლოსთან ან დიპლომატიურ საელჩოებთან დაკავშირებული და სხვა ნებისმიერი საიმპერატორო მწერლობის დოკუმენტი. ისინი ძირითადად თანამედროვე თურქულისაგან ძლიერ განსხვავებულ ოსმალურ ენაზე იყო შესრულებული. გამონაკლისს წარმოადგენდა რამდენიმე დოკუმენტის არაბულ ენაზე შესრულებული ორიგინალები, ასევე არაბულ ენაზე მოლაპარაკე მებატონეებისათვის მიწერილი წერილები.

  1. Suha Umur, Istanbul 1980
  2. Ayşegül Nadir, London 1986, S. 11-14
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 „bin“ სამეცნიერო ლიტერატურაში ხშირად „ben“–ით ან „ibn“–ით იცვლება; „muẓaffar“ და „al-muẓaffar“ კი „muẓaffer“–ითა და „el-muẓaffer“–ით; „dā'imā“ არაბული გრამატიკისგათავლისწინებით ხშირად იწერება როგორც „dā'iman“ geschrieben;

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Schrötter V., Wörterbuch der Münzkunde, B.—Lpz., 1930;
  • ჯალაღანია ი., ქსე, ტ. 5, გვ. 29, თბ., 1980