ტროგი

(გადამისამართდა გვერდიდან ტროგული ხეობები)

ტროგი, ტროგული ხეობა (გერმ. Trog — ვარცლი) — მყინვარის მიერ გამომუშავებული მაღალმთიანეთის ხეობა, რომელიც გამოირჩევა ვარცლისებრი მოხაზულობით (U-სებრი) და დამუშავებულია მყინვარის მიერ. ტროგული რელიეფი განეკუთვნება ძველი გამყინვარების რელიეფის ფორმებს, რომელიც გავრცელებულია მსოფლიოს მრავალ ადგილას.[1][2]

ტროგის ტიპური მაგალითი
ტროგი ალთაიში

ტროგი სხვა მყინვარულ ფორმებთან ერთად იქმნება მყინვარული ეროზიის — დახვნის შედეგად. დამახასიათებელია ფართო ძირი და ციცაბო ფერდობები. წარმოადგენს მთის ხეობას, რომელშიც მოძრაობდა მყინვარი და რომელმაც გამოიმუშავა ალუვიური ტერასები და ბრტყელი კალაპოტი. ხშირად ჩაკეტილია მყინვარული ცირკებითა და მორენებით.[3]

იქ, სადაც მყინვარი აღწევს ან აღწევდა ზღვის დონეს ტროგული ხეობა გრძელდება ფიორდის სახით, რომელიც თავის მხრივ, ზღვითაა დაძირული. ტიპური ტროგული ხეობები ფართოდ არის გავრცელებული ალპებსა და კავკასიაში. შუა აზიაში ტროგი სუსტად არის გამოხატული. აქ, მყინვარების გიგანტური ზომების მიუხედავად, რელიეფში მთავარი ადგილი მაინც გადარეცხვის ეროზიულ ფორმებს უკავია. სხვა მყინვარულ ფორმებთან ერთად ტროგი ეგზარაციის შედეგია.[3]

ყველაზე დიდი ტროგები სიგრძით რამდენიმე ასეულ კმ-ს აღწევს. ხასიათდება ფართო, დამრეცად ჩაზნექილი ფსკერით და ციცაბო, კლდოვანი ფერდობებით. ფსკერზე ხშირია საფეხურები; მდინარის ხეობისაგან განსხვავებით სწორხაზოვნადაა გავრცელებული.[1]

ტროგული ხეობის ფერდობზე მყინვარის მიერ მოშანდაკებული, შედარებით დამრეცი ტერასისებური ზედაპირი ტროგის მხარის სახელწოდებითაა ცნობილი, რომლის ზედა კიდე ხეობის მყინვარით ამოვსების მაქსიმალური დონის მაჩვენებელია.[1]

საქართველოში ტროგული ფორმები საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული, განსაკუთრებით კავკასიონის მთავარი ქედის მაღალმთიან ქედებზე. აღნიშნულია გაგრის ქედზე, ბზიფის ქედზე, კოდორის ქედზე, ლეჩხუმის ქედზე, გერმუხის ქედზე, ქართლის ქედზე და სხვა. მცირე ტროგები გვხვდება სამხრეთ საქართველოშიც.[4]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 გეომორფოლოფიური ლექსიკონი, გამომცემლობა ნეკერი, თბილისი, 1996.
  2. Трог | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-01. ციტირების თარიღი: 2021-01-26.
  3. 3.0 3.1 Ахромеев Л.М. Геоморфологический словарь-справочник. БГУ, Брянск, 2002 г., 320 стр.,
  4. ლევან მარუაშვილი. საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია. თბილისი, 1964. გვ. 194