ლიმნოლოგია

(გადამისამართდა გვერდიდან ტბათმცოდნეობა)

ლიმნოლოგია ან ტბათმცოდნეობა (ბერძ. λίμνεტბა, λόγος — მოძღვრება) — გეოგრაფიულ მეცნიერებათა დარგი, რომელიც შეისწავლის შენელებული წყალცვლის წყალსატევებს (ტბებს, წყალსაცავებს) და მათში მიმდინარე ფიზიკურ, ქიმიურ და ბიოლოგიურ პროცესების კომპლექსს. წყალსატევების კვლევისას ლიმნოლოგია იყენებს ჰიდროქიმიურ, ჰიდროფიზიკურ, ჰიდრობიოლოგიურ, გეოლოგიურ და სხვა მეთოდებს. მჭიდროდ არის დაკავშირებული წყლის ეკლოგიასთან და ჰიდრობიოლოგიასთან. ლიმნოლოგია იკვლევს: ტბის ქვაბულების წარმოშობას, ზომებს, აგებულებასა და ქვაბულის გარდაქმნას, აგრეთვე სანაპიროებსა და სხვა საკითხებს.

ლიმნოლოგიის შესწავლის ობიექტი — ბუნებრივი წყალსატევი
ლიმნოლოგიის შესწავლის ობიექტი — გუბე

ლიმნოლოგიის მთავარი ამოცანაა წყალსატევის ქვაბულის აგებულების და ცვლილებების, ფსკერული ნალექების, ჰიდროლოგიური რეჟიმის, ჰიდროქიმიურ თავისებურებათა, თერმული და ყინულის რეჟიმის, წყლისა და სითბური ბალანსის და სხვ. შესწავლა. ლიმნოლოგია იყენებს ტბის სადგურების, ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიებისა და საექსპედიციო დაკვირვებათა მასალებს. ლიმნოლოგიიის შესწავლის ობიექტია: ტბა, გუბე, მდინარე, წყარო, ნაკადი, წყალ-ჭაობური მიწები. ლიმნოლოგიის კვლევის შედეგებს იყენებენ სახალხო მეურნეობის მთელ რიგ დარგში.

ლიმნოლოგიის ფუძემდებელია შვეიცარიელი ბუნებისმეტყველი — ფრანსუა ალფონს ფორელი (1841-1912), რომელიც მრავალწლიან კვლევებს ატარებდა ჟენევის ტბაზე. მანვე შემოიღო ტერმინი „ლიმნოლოგია“ და შექმნა ტბათმცოდნეობის პირველი სახელმძღვანელო (1901). ამ დისციპლინის მიმართ ინტერესი მალევე გაღვივდა, კერძოდ, 1922 წელს ავგუსტ თინემანმა და ეინარ ნაუმანმა საფუძველი ჩაუყარეს ლიმნოლოგიის საერთაშორისო საზოგადოებას.

დასავლეთში ლიმნოლოგიის ცნობილი მკვლევრები იყვნენ: ეველინ ჰატჩინსონი, ედუარდ სმით დივი, ედუარდ ბირჯი და ჩენსი ჯადაი.[1] რუსეთში ლიმნოლოგიას საფუძველი ჩაუყარეს დიმიტრი ანუჩინმა და ლევ ბერგმა.[2]

საქართველოში ლიმნოლოგიაში ფართოდ მუშაობდა ილია აფხაზავა, რომელმაც 1975 წელს დაწერა მონოგრაფია საქართველოს ტბებზე („საქართველოს ტბები“, რუსულ ენაზე).

ორგანიზაციები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Welch P. S., Limnology, 2 ed., N.Y. — Toronto — L., 1953.
  • Форель Ф. А., Руководство по озёроведению, пер. с нем., СПБ, 1912;
  • Берг Л. С. Современное состояние и задачи озёроведения в СССР, "Изв. АН СССР. Сер. геологическая", 1945, №1;
  • Богословский Б. Б., Озёроведение, М., 1960;
  • Муравейский С. Д., Реки и озера, М.,1960;
  • Хатчинсон Д., Лимнология, пер. с англ., М., 1969.
  1. Frey, D.G. (ed.), 1963. Limnology in North America. University of Wisconsin Press, Madison
  2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 679-680.