ტაბაკონის დიხაგუძუბა
ტაბაკონის დიხაგუძუბა, ძველი კოლხეთის ვენეცია — ნამოსახლარი, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ნეძში მდებარეობს. სოფლის ტერიტორიაზე არქეოლოგიურ გათხრებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის არქეოლოგები ერთობლივად აწარმოებდნენ.
ტაბაკონის დუხაგუძუბა | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
კოორდინატები | 42°23′34″ ჩ. გ. 41°42′14″ ა. გ. / 42.39278° ჩ. გ. 41.70389° ა. გ. |
ისტორია | |
პერიოდები | ძვ.წ. 2480 - ძვ.წ. 2430 |
კულტურები | კოლხური კულტურა |
წინასწარი კველვების მიხედვით ტაბაკონის დიხაგუძუბა 4000-4500 წლისაა. სავარაუდოდ, ის რამდენიმე მცირე ზომის დასახლებული პუნქტისაგან შედგებოდა, რომლის გარშემოც არხი იყო შემოვლებული. აქ მცხოვრებლები მთავარ სამოსახლოს სწორედ არხების საშუალებით უკავშირდებოდნენ.[1]
არქეოლოგიური გათხრებისას მოპოვებული არტეფაქტები შესასწავლად გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის სპეციალურ ლაბორატორიაშია გადაგზავნილი.
სახელწოდება
რედაქტირებააღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლი მიწის ამობურცულ ტერიტორიაზეა განლაგებული. სწორედ აქედან მომდინარეობს ობიექტის მეგრული სახელწოდება „ტაბაკონის დიხაგუძუბა“, რაც ქართულად ბორცვზე მოკიდებულ მიწას ნიშნავს.
არქეოლოგიური გათხრები
რედაქტირებასოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯონი აფაქიძე ტაბაკონის დიხაგუძუბას შესახებ ამბობდა: „ეს არის ტიპური კოლხური ნამოსახლარი, რომელიც ხელოვნურ ბორცვებზე იყო გაშენებული. ხელოვნური ბორცვების აგება ხდებოდა, იმიტომ რომ ეს არის ჭაობიანი რეგიონი. ჯერ მოზვინავდნენ ამ ადგილებს და შემდეგ ფენა-ფენა ხდებოდა მისი ამაღლება ისტორიის მანძილზე. ამგვარ ხელოვნურ ნამოსახლარ ბორცვებს გასდევს ერთი ან ორი არხი. ეს არის აუცილებელი ატრიბუტი, რადგანაც წყლის დრენაჟის როლს თამაშობდა, ამ ადგილებში ადამიანებს მშვიდად რომ შეძლებოდათ ცხოვრება. ანუ ერთ ხეში ამოღებული ნავებით, როგორც ქსენოფონტე წერს, ისინი აქ დაცურავდნენ, იმიტომ რომ ჭაობიანი ადგილი იყო“.[1]
სპეციალისტთა ვარაუდით, ძველი კოლხები ხელოვნურად გაყვანილი არხების საშუალებით მდინარე რიონამდე გადიოდნენ. გადაადგილებისთვის, ძირითადად, ხის მორებისგან ამოჭრილ ნავებს იყენებდნენ.[2]
პროფესორი და არქოლოგი, ვახტანგ ჯაფარიძე გათხრების შესახებ ამბობს: „ჩვენ ახლა კოლხეთის დაბლობზე ვიმყოფებით, ძალიან ახლოს ანაკლიასთან. პირდაპირი ხაზით 12 კილომეტრში ფიჩორია. აქ სწორედ ამგვარი ძეგლია აღმოჩენილი. ეს არის ერთი კულტურული წრე. რა არის აქ მნიშვნელოვანი? ჩვენ შეგვიძლია თვალი გავადევნოთ განვითარებას, თუ როგორ გადადის ადრე კოლხური პერიოდი კოლხურ პერიოდში“.[2]
არქეოლოგების განცხადებით, კოლხური კულტურის მსგავსი მასშტაბის აღმოჩენა ბოლო 30 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა.[2]
არტეფაქტები
რედაქტირებაარქეოლოგებმა ხელოვნურ არხებში აღმოაჩინეს ხის ნაგებობების ნაშთები, რომლებიც, სავარაუდოდ, 4000-4500 წლის წინაა შექმნილი. მოპოვებული მასალები დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმს გადაეცა, ხოლო ცალკეული არტეფაქტების ნიმუშები გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის სპეციალურ ლაბორატორიაშია გადაგზავნილი.
პროფესორ ვახტანგ ჯაფარიძის თქმით გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის ლაბორატორიაში დასახლებაში აღმოჩენილ ნიმუშებს სპეციალური მეთოდით გამოიკვლევენ: „ეს არ იქნება მხოლოდ 1-2 ნიმუში, ჩვეულებრივ რისი შესაძლებლობაც ჰქონდათ ქართველ არქეოლოგებს, არამედ ჩვენ გვექნება მთელი სერიები სხვადასხვა ფენებზე ფიზიკური თარიღებისა და ეს მოგვცემს საშუალებას ამ სამოსახლოს განვითარების კარგი ქრონოლოგიური შკალის შესადგენად. ეს ძალიან მიშვნელოვანია არქეოლოგიაში. ყველა ფენა გერმანულ ლაბორატორიებში შეისწავლება და მათი ასაკი ფიზიკური, ანუ ნახშირბადის დაშლის მეთოდით განისაზღვრება“. მისივე განცხადებით სამუშაოებში მონაწილეობას მიიღებენ არა მხოლოდ არქეოლოგები, ასევე ბოტანიკოსები, რომლებიც ტერიტორიის მცენარეულ საფარს შეისწავლიან. არქეოლოგების ინფორმაციით, ჯერ ჯერობით შესწავლილია ბორცვის ზედა ფენა და ობიექტზე მუშაობა კვლავ გაგრძელდება.[3]
სოფლის ცენტრიდან 800 მეტრში მდებარეობს წაშლილი ბორცვი, რომელზედაც, სავარაუდოდ ასეთივე ნასახლარი არსებობდა თხრილით. ამავე ტერიტორიაზე აღმოჩენილია ბრინჯაოს მასალა და სარდიონის ძვირფასი სამკაულები. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ბორცვი ძველი კოლხების სასაფლაოს წარმოადგენდა.[4]
ხის არქიტექტურა
რედაქტირებაპროექტზე მომუშავე არქეოლოგებმა აღმოჩენილი ხის ნაშთების შესახებ განაცხადეს: „ეს ხის არქიტექტურა განეკუთვნება, როგორც მას უწოდებენ და როგორც ეს სპეციალურ ლიტერატურაშია აღნიშნული პროტოკოლხურ პერიოდს. ანუ ეს წინ უსწრებს იმ კოლხურ პერიოდს, რომელიც ცნობილია გვიანი ბრინჯაოსა და ადრეული რკინის ხანის კულტურის სახით და რომელსაც ძალიან ფართო კონტაქტები ჰქონდა დასავლეთის: ტროასა და დუნაის აუზის მიმართულებით. აღმოჩენილი არქეოლოგიური ობიექტი არის იმ პერიოდის, რომელიც მას უშუალოდ წინ უსწრებს. ხის ნაგებობები, შეიძლება მინიმუმ 4000 წლით განისაზღვროს, იმიტომ, რომ ჩვენ ხის კონტრუქციის ზედა დონიდან გვაქვს გერმანიის კვლევითი ლაბორატორიების შედეგები რადიო კარბონული თარიღებით, რომელთა მიხედვით ობიექტი ძველი წელთაღრიცხვით მე-20-მე-19 საუკუნეებში არსებობდა. არსებობს ქვედა ფენებიც, რომლებიც, ჩვენი ვარაუდით, უფრო ძველი უნდა იყოს.“
ლიტერატურა
რედაქტირება- ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ისტორიანი, №10 (46), 10.2014 წ.
- აფაქიძე ა., კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები, თბ., 1966;
- ბერძენიშვილი ნ., ერთი ფურცელი ისტორიულ-გეოგრაფიული დღიურიდან, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1960, ტ. 1;
- აფაქიძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 221.
- აფაქიძე ა., მინდიაშვილი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 98.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ისტორიანი, №10 (46), 10.2014 წ., გვ. 8
- ↑ 2.0 2.1 2.2 ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ისტორიანი, №10 (46), 10.2014 წ., გვ. 9
- ↑ ზუგდიდის სოფელში კოლხურ ნამოსახლარს მიაკვლიეს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება
- ↑ ქართულ-გერმანული ექსპედიცია YouTube-ზე