სპირიდონ ნორაკიძე

სპირიდონ ლევანის ძე ნორაკიძე, ნარაკიძე, (დ. 1847, სოფ. ხორში, ახლანდ. სენაკის მუნიციპალიტეტი, — გ. 31 იანვარი, 1909, თბილისი) — ქართველი საზოგადო მოღვაწე — განათლების პროპაგანდისტი („სახალხო მასწავლებელი“), ქველმოქმედი.

დაიბადა ზუგდიდის მაზრის აზნაურის ოჯახში. დაწყებითი განათლება სოფლის ორკლასიან სკოლაში მიიღო. 1884 წელს დანიშნეს სოხუმის ოკრუგის სოფელ გინძე-ეწერის[1] გ. შარვაშიძისეული მდიდარი მამულების გამგედ. ამ მამულების ხე-ტყის წარმოებამ მისი ხელმძღვანელობით დიდ წარმატებას მიაღწია. 1885 წელს ნორაკიძის ინიციატივით, ხელშეწყობით და დაფინანსებით ზუგდიდში, ფოთსა და ხობში მოეწყო ბიბლიოთეკა-სამკითხველოები. აქტიურად მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების (რომლის დამფუძნებელი წევრიც იყო) საქმიანობაში და მისი ოჩამჩირის განყოფილების ჩამოყალიბებაში. 1895 წელს ნორაკიძემ დააარსა მუშათა არტელი „რიონის მშრომელთა ამხანაგობა“, რომელიც რუსეთის მთავრობამ მალევე დახურა. იმავე წელს იგი აქტიურად ჩაერთო თედო სახოკიას მიერ დაფუძნებულ „ქართული პარტიის“ მუშაობაში, რომლის ძირითადი მიზანს აფხაზეთში რუსეთის კოლონიურ პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენდა.

1905 წლის რევოლუციის დროს ნორაკიძე აწყობდა საიდუმლო კრებებს, მონაწილეობდა სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის მიერ ორგანიზებულ იარაღის შემოტანა-დარიგების საქმეში. იმავე წელს დააპატიმრეს ე. წ. ზუგდიდის რესპუბლიკის საქმეზე და საქართველოდან გადაასახლეს, თუმცა 1906 წლის ამნისტიის შემდეგ კვლავ აფხაზეთში დაბრუნდა და გააგრძელა სამეურნეო და საგანმანათლებლო საქმიანობა. ნორაკიძე გაურკვეველ გარემოებებში მოკლეს 1909 წელს თბილისში. დაკრძალეს მშობლიურ სოფელში სამეგრელოში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • "სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები" : საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს სახალხო განათლების სახელმწიფო მუზეუმი // კრებული მესამე. - თბილისი, "განათლება", 1968.
  • სპირიდონ ნორაკიძის მოკვლა // ჩვენი საქმე. - 1909.-5 თებერვალი. - N1. - გვ.2.
  • სპირიდონ ნორაკიძის მოკვლის გამო... // ჩვენი საქმე. - 1909.-8 თებერვალი. - N4. - გვ.3.
  • ს. ხორში : (სამეგრელო) // დროება. - 1909.-17 თებ.. - N36. - გვ.4.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ამჟამად ნასოფლარია სამურზაყანოს დაბლობზე, მდ. ოქუმსა და გაგიდას შორის.