უნგრეთის რევოლუცია (1956)

1956 წლის უნგრეთის რევოლუცია
ცივი ომის ნაწილი

რევოლუციის დროშა ამოჭრილი კომუნისტური სიმბოლიკით ბუდაპეშტში.
თარიღი 23 ოქტომბერი, 195611 ნოემბერი, 1956
მდებარეობა უნგრეთი
შედეგი რევოლუციის ჩახშობა საბჭოთა არმიის მიერ
მხარეები
საბჭოთა კავშირი
უნგრეთის სახალხო რესპუბლიკა
უნგრელი რევოლუციონერები
მეთაურები
ნიკიტა ხრუშჩოვი (სსრკ),
იური ანდროპოვი (სსრკ),
ივანე კონევი (სსრკ),
ივანე სეროვი (სსრკ),
გიორგი ჟუკოვი (სსრკ),
ერნიო გერიო (უსრ),
ანდრაშ ჰეგედუში,
იანოშ კადარი
იმრე ნადი,
პალ მალეტერი,
მიკლოშ გიმეში,
გეზა ლოშოცნი,
იოჟეშ დუდაში,
ბელა კირაი
ძალები
31 550 ჯარისკაცი,
1 130 ტანკი
უცნობია
დანაკარგები
722 მოკლული,
1 540 დაჭრილი
2 500–3 000 მოკლული,
13 000 დაჭრილი
3 000 მოკლული მშვიდობიანი მოქალაქე
უნგრეთის რევოლუცია ვიკისაწყობში

1956 წლის უნგრეთის რევოლუცია (უნგრ. 1956-os forradalom) — სახალხო აჯანყება უნგრეთში ერთპარტიული კომუნისტური რეჟიმის — უნგრეთის სახალხო რესპუბლიკისა და საბჭოთა კავშირის ჰეგემონიის წინააღმდეგ. საბჭოთა კავშირში ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ დაწყებული ე. წ. დესტალინიზაციის პოლიტიკის პარალელურად უნგრეთში გაძლიერდა მოძრაობა თავისუფალი სიტყვისა და დემოკრატიული რეფორმების მოთხოვნით. საპროტესტო გამოსვლები 1956 წლის ოქტომბერში ბუდაპეშტის ქუჩებში უნგრეთის უშიშროების ძალებთან და საბჭოთა ჯარებთან შეტაკებებში გადაიზარდა. უნგრეთის ჯარის დიდი ნაწილი ხალხის მხარეს გადავიდა. რევოლუციურმა ტალღამ ქვეყანაში ახალი მთავრობა მოიყვანა რეფორმისტი პოლიტიკოსის, იმრე ნადის თავმჯდომარეობით. ახალმა ლიდერმა დადო მრავალპარტიული სისტემის შემოღების პირობა, 1 ნოემბერს უნგრეთი ნეიტრალურ სახელმწიფოდ გამოაცხადა და გაეროს მხარდაჭერისკენ მოუწოდა. დასავლეთის ქვეყნებმა ახალი გლობალური დაპირისპირების შიშით უნგრეთის საქმეებში ჩარევისგან თავი შეიკავეს. 1956 წლის 4 ნოემბერს საბჭოთა არმიამ დაიწყო სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია უნგრეთის რევოლუციის ჩასახშობად. ბუდაპეშტში და ქვეყნის სხვა რეგიონებში ერთკვირიან ბრძოლებს 2 500 უნგრელი და 750 საბჭოთა ჯარისკაცი შეეწირა, უნგრეთის 200 000 მოქალაქე კი ლტოლვილად იქცა. აჯანყება დამარცხდა; ნადი დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს. საპროტესტო მოძრაობა სრულად 1957 წლის იანვარში ჩაახშეს. უნგრეთში საბჭოთა კავშირის პირდაპირმა შეიარაღებულმა ინტერვენციამ და აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში ძალმომრეობითი კონტროლის ზრდამ დასავლეთის მარქსისტულ წრეებში დიდი იმედგაცრუება გამოიწვია; ბევრი კომუნისტური პარტია დაიშალა. სამ ათწლეულზე მეტხანს 1956 წლის რევოლუცია უნგრეთში ტაბუდადებული თემა იყო. 1980-იან წლებში ამ მოვლენის ირგვლივ დისკუსია გახშირდა, 1989 წელს კი 1956 წლის ფართომასშტაბიანი რევოლუციური მანიფესტაციების პირველი დღე — 23 ოქტომბერი — ეროვნულ უქმე დღედ გამოცხადდა.

წინაისტორია რედაქტირება

მეორე მსოფლიო ომის დროს უნგრეთი გერმანიისა და მისი მოკავშირეების მხარეს იბრძოდა. 1944 წელს უნგრეთის მცდელობას დაზავებოდა ანტიჰიტლერულ კოალიციასნ მოჰყვა ნაცისტური ჯარების მიერ მისი ოკუპაცია და მარიონეტული რეჟიმის დამყარება. იმავე წელს უნგრეთის ტერიტორია საბჭოთა კავშირის არმიამ დაიკავა. ოკუპაციის მიუხედავად ქვეყანაში მრავალპარტიანი დემოკრატია დამკვიდრდა, თუმცა უნგრეთის კომუნისტურმა პარტიამ საბჭოთა კავშირის მხარდაჭერით მნიშვნელოვანი გავლენა მოიპოვა, კოალიციურ მთავრობაში ხელთ იგდო ძალოვანი სამინისტროების კონტროლი. კომუნისტებმა შანტაჟის, ცრუ ბრალდებების და მორალური ტერორის გზით ოპონენტები თანდათან ჩამოიცილეს, შეიერთეს სოციალ-დემოკრატიული პარტია და უნგრეთის მშრომელთა სახალხო პარტიის სახელით 1949 წელს ხელისუფლებაში მოვიდნენ. გამოცხადდა უნგრეთის სახალხო რესპუბლიკა, რომელმაც განვითარების გზად სოციალიზმი აირჩია და მჭიდრო ურთიერთობა დაამყარა საბჭოთა კავშირთან. ახალი მთავრობა მათიაშ რაკოშის ხელმძღვანელობით და უშიშროების პოლიციის ძალებზე (Államvédelmi Hatóság, ÁVH) დაყრდნობით შეუდგა ავტორიტარული, რეპრესიული რეჟიმის დამკვიდრებას. შეიზღუდა სიტყვის თავისუფლება, იდევნებოდა კათოლიკური ეკლესია. მნიშვნელოვნად დაქვეითდა ცხოვრების სტანდარტი და გაჩნდა ეკონომიკური კრიზისის ნიშნები.[1]

იოსებ სტალინის გარდაცვალების (1953) შემდეგ საბჭოთა კავშირში დაწყებულმა ე. წ. დესტალინიზაციის პოლიტიკამ ევროპულ კომუნისტურ პარტიებში გარკვეული ლიბერალიზაცია მოიტანა. რაკოში, რომელსაც „სტალინის საუკეთესო მოსწავლეს“ უწოდებდნენ, უნგრეთის მთავრობის თავმჯდომარეობიდან გადადგა და ის რეფორმისტმა იმრე ნადიმ ჩაანაცვლა. გაჩნდა მეტი თავისუფლების განცდა; გამოცოცხლდა პრესა და სტუდენტური მოძრაობა, თუმცა რაკოში გარკვეული ხნით რჩებოდა პარტიის ხელმძღვანელად და მნიშვნელოვან წინააღმდეგობას უწევდა რეფორმებს, ხოლო 1955 წლის აპრილში მან ნადის გადაყენებას მიაღწია.[2]

1956 წელი საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში შიდა დაძაბულობის ზრდით აღინიშნა. საპროტესტო გამოსვლები მოხდა საბჭოთა საქართველოში და კომუნისტურ პოლონეთში. პოლონური მაგალითით გამხნევებულმა უნგრელმა სტუდენტებმა 1956 წლის ოქტომბერში საპროტესტო მოძრაობა დაიწყეს; ისინი საბჭოთა გავლენისგან თავისუფლებას, დემოკრატიულ რეფორმებს და რაკოშის მემკვიდრის, ერნიო გერიოს გადადგომას ითხოვდნენ.[2]

აჯანყება უნგრეთში რედაქტირება

 
საპროტესტო მსვლელობა ბუდაპეშტში 25 ოქტომბერს.

1956 წლის 23 ოქტომბერს სტუდენტურ აქციას ბუდაპეშტში, პარლამენტის შენობის წინ 200 000-მდე დემონსტრანტი შეუერთდა. აქციაზე სტუდენტების და მწერლების მიერ 16 პუნქტად ჩამოყალიბებული მოთხოვნები გაახმოვანეს. გერიომ რადიოგამოსვლაში საჯაროდ დაგმო საპროტესტო მოძრაობა. პასუხად დემონსტრატებმა ბუდაპეშტის ცენტრში დანგრეული ეკლესიის ადგილზე აღმართული სტალინის მონუმენტი დაამხეს. სტუდენტების მეორე ჯგუფმა რადიომაუწყებლის შენობაში შესვლა სცადა ეთერის დათმობის მოთხოვნით, რასაც უნგრეთის უშიშროების პოლიციამ ხალხში სროლით უპასუხა. დემონსტრაცია საერთო აჯანყებაში გადაიზარდა. უნგრეთის დროშა, საიდანაც კომუნისტური ატრიბუტიკა ამოჭრეს, რევოლუციის სიმბოლო გახდა. მთავრობის თავმჯდომარე ანდრაშ ჰეგედიუშმა მოსკოვს დახმარება სთხოვა; რამდენიმე საათში ბუდაპეშტში საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრის, გიორგი ჟუკოვის ბრძანებით ტანკები შევიდნენ, მაგრამ უკვე შეიარაღებული უნგრელი რევოლუციონერების წინააღმდეგობას წააწყდნენ. მღელვარება უნგრეთის სხვა ქალაქებსა და რეგიონებშიც გავრცელდა. შეიქმნა მუშათა რევოლუციური საბჭოები, რომლებმაც ადგილობრივი ხელისუფლების როლი იკისრეს და მოსახლეობას საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდეს. 24 ოქტომბერს აჯანყებულებმა პარლამენტის შენობაზე მიიტანეს იერიში. გერიო და ჰეგედიუში მოსკოვში გაიქცნენ. მთავრობის თავმჯდომარეობა გადაიბარა იმრე ნადიმ, რომელმაც მოსახლეობას მშვიდობის აღდგენისკენ მოუწოდა და რეფორმების გატარების პირობა დადო. მიუხედავად ამისა, ბრძოლები აჯანყებულებსა და, მორე მხრივ, საბჭოთა ჯარებსა და უნგრეთის უშიშროების პოლიციას შორის, არ წყდებოდა. ყოფილი ოფიცრის ბელა კირაის მეთაურობით შეიქმნა ეროვნული გვარდია, რომელიც სასტიკად გაუსწორდა პრო-საბჭოთა კომუნისტებს.[3]

საბჭოთა სარდლობა იძულებული გახდა 28 ოქტომბერს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაედო და ტანკები ბუდაპეშტის ქუჩებიდან ქალაქგარეთ ბაზებზე გაეყვანა. 30 ოქტომბერს ბუდაპეშტში კვლავ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს დემონსტრანტები და უშიშროების პოლიციის ძალების ნაშთები, რომლებიც უკომპრომისო კომუნისტების ერთგული რჩებოდნენ და უნგრეთის სახალხო მუშათა პარტიის შტაბს იცავდნენ, მაგრამ რევოლუციის ლიდერებმა შეძლეს ხალხის დაშოშმინება და ძალადობის დროებით შეჩერება. ათასობით პოლიტიკურმა პატიმარმა დატოვა საპყრობილეები, კომუნისტური რეჟიმის მიერ აკრძალული პოლიტიკური პარტიები კვლავ ლეგალური გახდა. იმავე დღეს, 30 ოქტომბერს, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება შეიარაღებული ჩარევა აღარ განეახლებინა.[2]

რევოლუციის ჩახშობა რედაქტირება

 
ცეცხლმოდებული საბჭოთა ჯავშანმანქანა ბუდაპეშტში ნოემბრის ბრძოლების დროს.
 
ბუდაპეშტის მე-8 რაიონი ნოემბრის ბრძოლების შემდეგ.

1 ნოემბერს ნადიმ რადიოთი მიმართა უნგრეთის მოსახლეობას და ვარშავის პაქტიდან გამოსვლისა და უნგრეთის საერთაშორისო ნეიტრალიტეტის გადაწყვეტილება გამოაცხადა. რამდენიმე საათით ადრე საბჭოთა მთავრობას უკვე შეცვლილი ჰქონდა წინა დღეს მიღებული გადაწყვეტილება; მოსკოვმა უნგრეთის რევოლუციის ძალით ჩახშობა არჩია (ამ მხრივ განსაკუთრებით ვიაჩესლავ მოლოტოვი აქტიურობდა). საბჭოთა მთავრობამ უნგრეთის მოვლენები „კონტრრევოლუციურ“, „ფაშისტურ“ ამბოხად მონათლა და ქვეყანაში მისი ჩარევა „უნგრელი ხალხის სოციალისტური მონაპოვრების“ გადარჩენის მიზნით დახმარებად გამოაცხადა. ოპერაცია „ქარბორბალას“ ფარგლებში უნგრეთში დამატებით 12 საბჭოთა დივიზია გაიგზავნა. ქვეყანაში ინტერვენტენის სამხედრო ძალების საერთო რაოდენობამ 30 000 ჯარისკაცს და 1 000 ტანკს გადააჭარბა. 3 ნოემბრის საღამოს ბუდაპეშტი უკვე ალყაში იყო. დედაქალაქის მახლობლად საბჭოთა ბაზაზე მოლაპარაკებებზე მისული უნგრული დელეგაცია დააპატიმრეს. 4 ნოემბერს, გამთენიისას, საბჭოთა ჯარები მარშალ ივანე კონევის საერთო სარდლობით, ტანკებისა და არტილერიის მხარდაჭერით, ქალაქში შეიჭრნენ. ნადიმ დახმარებისთვის საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა. 4 ნოემბერს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას საბჭოთა კავშირმა ვეტო დაადო. დასავლეთის ქვეყნებმა პირდაპირი ჩარევისგან თავი შეიკავეს. ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობდა უნგრეთის მოვლენებზე ზეგავლენა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ფარული მოქმედებებით მოეხდინა, თუმცა ეს მცდელობები წარუმატებლად დასრულდა. გარკვეული როლი ითამაშა „რადიო თავისუფლებამ“, რომელიც უნგრელებს შეიარაღებული წინააღმდეგობისკენ მოუწოდებდა და ბრძოლის მეთოდებთან დაკავშირებით რეკომენდაციებსაც აძლევდა.[4]

4-9 ნოემბერს საბჭოთა ძალებმა მოახერხეს უნგრეთის სამხედრო ნაწილების სპორადული და არაორგანიზებული წინააღმდეგობის გატეხვა, განაიარაღეს 12 უნგრული დივიზია და მთელი საჰაერო ძალები. ინტენსიური წინააღმდეგობა ინტერვენტებს ბუდაპეშტის ბარიკადებით გამაგრებულ რამდენიმე უბანში (განსაკუთრებით მუშათა კლასის რაიონ ჩეპელში), ქალაქ პეჩთან და სამრეწველო დასახლება სტალინვაროშთან (ახლანდ. დუნაუივაროში) შეხვდათ. 4 ნოემბერს უნგრეთის კომუნისტური პარტიის ახალი თავმჯდომარე იანოშ კადარი აშკარად გადავიდა საბჭოთა კავშირის მხარეს და ქალაქ სოლნოკში „უნგრეთის რევოლუციური მუშათა და გლეხთა მთავრობა“ გამოაცხადა, თუმცა ხალხის მხარდაჭერა მას არ ჰქონია. 11 ნოემბრისთვის საბჭოთა ჯარებმა შეიარაღებული წინააღმდეგობის ბოლო კერები ჩაახშეს. ბრძოლებში 2 500-ზე მეტი უნგრელი დაიღუპა და 20 000-მდე დაიჭრა, საბჭოთა დანაკარგებმა შეადგინა 699 მოკლული, 1 450 დაჭრილი და 51 უგზოუკვლოდ დაკარგული.[5]

უნგრეთის რევოლუციური მთავრობის ლიდერმა ნადიმ თავი იუგოსლავიის საელჩოს შეაფარა, საიდანაც საბჭოთა წარმომადგენლებმა ხელშეუხებლობის პირობით გამოიტყუეს და დააპატიმრეს. 1958 წელს ის საიდუმლო სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამოახრჩვეს. მასთან ერთად სიკვდილით დასაჯეს ასევე გენერალი პალ მალეტერი და ჟურნალისტი და პოლიტიკოსი მიკლოშ გიმეში. რევოლუციური მთავრობის კიდევ ერთი წევრი, გეზა ლოშონცი საპატიმროში შიმშილობის დროს დაიღუპა საკვები ზონდის იძულებითი ჩადგმისას. ცალკეული საპროტესტო აქციები და გაფიცვები 1957 წლის იანვრამდე გაგრძელდა. ამ პერიოდში იანოშ კადარის პროსაბჭოურმა რეჟიმმა ათასობით ადამიანი დააპატიმრა და გაასამართლა; 22 000-ზე მეტს პატიმრობა მიესაჯა, 13 000 ინტერნირებული იქნა, 229 სიკვდილით დასაჯეს. თითქმის 200 000-მა უნგრელმა ლტოლვილმა ავსტრიას მიაშურა. საბჭოთა კავშირმა ჯარები მუდმივად განალაგა უნგრეთში, ადგილობრივი შეიარაღებული ძალების ნარჩენები კი მკაცრ კონტროლს დაუქვემდებარა.[5]

საერთაშორისო რეაქცია რედაქტირება

 
Ruszkik haza! — „რუსებო, წადით სახლში“, წარწერა ბუდაპეშტის ქუჩებში.

უნგრეთის რევოლუციის ძალადობრივმა ჩახშობამ ნათელი გახადა, რომ საბჭოთა კავშირი მზად იყო სამხედრო ძალა გამოეყენებინა ყველგან, სადაც მის ინტერესებს საფრთხე ემუქრებოდა. ცივი ომის რიტორიკის მიუხედავად, დასავლეთის ლიდერები იძულებული გახდნენ ეღიარებინათ, რომ აღმოსავლეთ ევროპის ხალხების გათავისუფლება რევოლუციური გზით არ მოხერხდებოდა. დასავლეთ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამ ქვეყნებში ნებისმიერ დრამატულ მოქმედებას მათთვისვე კატასტროფული შედეგები ექნებოდა, ნატოს გენერალურმა მდივანმა კი უნგრეთის აჯანყებას „მთელი ერის კოლექტიური თვითმკვლელობა“ უწოდა. 1957 წლის ივნისში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაგმო „უნგრელი ხალხის მიმართ რეპრესიები და საბჭოთა ოკუპაცია“, თუმცა ამ რეზოლუციას რეალური ნაბიჯები არ მოჰყოლია. ამერიკის შეერთებულ შტატებში უნგრელი ლტოლვილებისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით აქტიურობდა მუსიკოსი ელვის პრესლი, რომელსაც 2011 წელს, სიკვდილის შემდეგ, ბუდაპეშტის საპატიო მოქალაქეობა მიანიჭეს.

საბჭოთა აგრესიამ დასავლეთის კომუნისტურ და მემარცხენე წრეებში მნიშვნელოვანი იმედგაცრუება გამოიწვია. ბევრი კომუნისტური ორგანიზაცია საერთოდ დაიშალა, სხვების წევრების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ზომიერი კომუნისტური იდეოლოგიის ევროპელი მოღვაწეები საბჭოთა პოლიტიკის კრიტიკით გამოვიდნენ. მათ შორის გამოირჩეოდა ფრანგი ფილოსოფოსი და მწერალი ჟან-პოლ სარტრი.

საერთაოშორისო დაძაბულობა აისახა 1956 წლის ნოემბერ-დეკემბერში მელბურნში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზეც. უნგრეთში საბჭოთა ინტერვენციის მიმართ პროტესტის ნიშნად თამაშებს ბოიკოტი გამოუცხადეს ესპანეთმა, ნიდერლანდებმა და შვეიცარიამ. ოლიმპიურ სოფელში უნგრულმა დელეგაციამ კომუნისტური დროშა თავისუფალი უნგრეთის ალმით შეცალა. საბჭოთა და უნგრულ წყალბურთის გუნდებს შორის ნახევარ-ფინალურ მატჩზე უნგრელების აშკარა უპირატესობას აუზში და ტრიბუნებზე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა („სისხლიანი წყლის მატჩი“). დაზარალებულთა შორის იყო საბჭოთა ნაკრების ქართველი წევრი — პეტრე მშვენიერაძე.

რევოლუციის მემკვიდრეობა რედაქტირება

 
მემორიალური დაფა ბუდაპეშტში, სერბიის საელჩოს შენობაზე, სადაც აჯანყების ჩახშობის დროს იმრე ნადიმ შეაფარა თავი.

დამარცხების მიუხედავად, უნგრეთის 1956 წლის რევოლუციას ქვეყნისთვის შორსმიმავალი შედეგები ჰქონდა. კადარის რეჟიმისთვის სახალხო მოძრაობის უცხოეთის მიერ ინსპირირებულ კონტრრევოლუციურ ამბოხად შერაცხვა ლეგიტიმაციის მთავარი წყარო იყო. ამიტომ რევოლუციის შესახებ ყოველგვარი თავისუფალი დისკუსია იკრძალებოდა და 1956 წელი მხოლოდ კომუნისტური იდეოლოგიით შეზღუდულ ჩარჩოებში, დამახინჯებულად განიხილებოდა. მეორე მხრივ, ახალი პროტესტის შიშით კადარის მთავრობა ცდილობდა საზოგადოების დეპოლიტიზაცია მოეხდინა და საბოლოოდ შეძლო ქვეყნაში ცხოვრების სტანდარტების საგრძნობი გაუმჯობესება. უნგრელი ემიგრანტებისთვის და 1956 წლის ამბების მონაწილეებისთვის რევოლუცია პოლიტიკური იდენტობის მთავარი საზომი იყო, რამაც სახალხო აჯანყების სათანადო შეფასება და მისი აქტივისტების რეაბილიტაცია 1980-იანი წლების დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანად აქცია.[2]

1989 წელს უნგრეთში კომუნისტური სისტემის წინააღმდეგ მოძრაობამ პიკს მიაღწია. იმავე წლის ზაფხულში 200 000-მდე ადამიანი დაესწრო იმრე ნადისა და მისი თანამებრძოლების სათანადო წესით გადასვენებას მოუნიშნავი სამარხიდან. 23 ოქტომბერს, რევოლუციის 33-ე წლისთავზე, უნგრეთში კომუნისტური რეჟიმის მმართველობა მშვიდობიანად დასრულდა. ეს დღე უნგრეთის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა.[2]

1989 წლის შემდეგ უნგრეთის რევოლუცია უფრო აქტიური სამეცნიერო კვლევის საგანი გახდა. 1990 წელს ბუდაპეშტში შეიქმნა სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება „უნგრეთის 1956 წლის რევოლუციის ისტორიის ინსტიტუტი“, რომელმაც დიდი რაოდენობით დოკუმენტური მასალა მოაგროვა და მონაწილეებთან ინტერვიუების საფუძველზე შექმნა ზეპირი ისტორიის ძვირფასი კოლექცია. ამ დროიდან 1956 წლის მემკვიდრეობას უკვე ნაკლებად ჰქონდა უწინდებური გამაერთიანებელი იდეოლოგიური ფუნქცია. უნგრელი ნაციონალისტების თვალში რევოლუცია უპირველეს ყოვლისა ეროვნული დამოუკიდებლობისათვის და საბჭოთა ჰეგემონიის წინააღმდეგ ბრძოლა იყო, მემარცხენეებისთვის — რეფორმირებული სოციალისტური სისტემისთვის სახალხო მოძრაობა, ლიბერალებისთვის კი მთავარი რევოლუციონერთა პროგრამაში მრავალპარტიული სისტემისა და ხელისუფლების გადანაწილების მოთხოვნა იყო.[2]

უნგრეთის რევოლუცია და საქართველო რედაქტირება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის II განყოფილების (პარტიული არქივი) ე.წ. „საიდუმლო ფონდში“ არსებულ დოკუმენტებში უნგრეთში მოქმედ საბჭოთა ჯარებში საქართველოდან გაწვეულებიდან 23 დაღუპული და 4 დაჭრილი ირიცხება (22 რაიონიდან და ქალაქიდან).[6] გარკვეული გამოხმაურება უნგრეთის ამბებს ქართველ დისიდენტებშიც ჰქონდა. 1956 წლის დეკემბერში თბილისის ქუჩებში სკოლის მოსწავლეებმა — მერაბ კოსტავამ და ზვიად გამსახურდიამ საპროტესტო პროკლამაციები გაავრცელეს, რომელშიც უნგრელი ხალხის მიმართ სოლიდარობას გამოხატავდნენ (შსს არქივი, სისხლის სამართლის საქმე №4612). პროკლამაციის ასლი წარმოდგენილია თბილისის საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში.

სქოლიო რედაქტირება

  1. UN General Assembly Special Committee on the Problem of Hungary (1957) Chapter II. A (Developments before 22 October 1956), paragraph 47 (p. 18). (1.47 MB)
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 Laczó, Ferenc (2009) „Hungary, Revolution of 1956“, The International Encyclopedia of Revolution and Protest. John Wiley & Sons. ISBN 9781405198073. 
  3. Szakolczai, Attila. Pál, Germuska; Zoltán, Lux (eds.). Lesson 3: The Days of Freedom. The History of the Hungarian revolution of 1956. Budapest: The Institute for the History of the 1956 Hungarian Revolution.
  4. Minutes of the 290th NSC Meeting (12 July 1956) (PDF). The 1956 Hungarian Revolution, A History in Documents. George Washington University: The National Security Archive (4 November 2002). ციტირების თარიღი: 10 მაისი 2020.
  5. 5.0 5.1 Lendvai, Paul (2010) One Day That Shook the Communist World: The 1956 Hungarian Uprising and Its Legacy. Princeton University Press. ISBN 9781400837649. 
  6. ხატიაშვილი, გიორგი. ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობა 1956 წლის უნგრეთის მოვლენებში. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). 2016. ციტირების თარიღი: 10 მაისი, 2020.