ოგიუსტ მარი ჟოზეფ ჟან ლეონ ჟორესი (ფრანგ. Auguste Marie Joseph Jean Léon Jaurès; დ. 3 სექტემბერი, 1859 — გ. 31 ივლისი, 1914) — ფრანგი პოლიტიკური მოღვაწე, სოციალისტური მოძრაობის წევრი, კოლონიალიზმისა და მილიტარიზმის წინააღმდეგ მებრძოლი. ფილოსოფოსი და ისტორიკოსი. პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში სასტიკად მოკლეს პარიზის ერთ-ერთ კაფეში.

ჟან ჟორესი
ჟან ჟორესი
საფრანგეთის პარლამენტის წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 ივნისი, 1902 – 31 ივლისი, 1914
თანამდებობაზე ყოფნის დრო
8 იანვარი, 1893 – 1 ივნისი, 1898
თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 ნოემბერი, 1885 – 11 ნოემბერი, 1889

დაბადებული3 სექტემბერი, 1859
კასტრი, საფრანგეთი
გარდაცვლილი31 ივლისი, 1914
პარიზი, საფრანგეთი

ბიოგრაფია რედაქტირება

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

ჟან ჟორესი დაიბადა 1859 წლის 3 სექტემბერს ქალაქ კასტრში ლანგედოკის სამხრეთულ პროვინციაში. მისი ოჯახი მიეკუთვნებოდა საშუალო შემოსავლის მქონე ბურჟუაზიას, რომელსაც გამუდმებით უწევდა ბრძოლა არსებობისათვის. მამა წარუმატებელი ბიზნესმენი და ფეოდალი ჟიულ ჟორესი გახლდათ, დედა — ადელაიდა ბერბაზა. ოჯახში შექმნილი რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო ჟორესს უწევდა ე. წ. მფარველის ყოლა, რათა დაემთავრებინა უმაღლესი განათლების მიღება. იგი სწავლობდა კასტრის კოლეჯსა და პარიზის გიმნაზიაში, 1869 წელს მოეწყო უმაღლეს სასწვლებელში. 1881 წელს ჟან ჟორესმა დაასრულა ინსტიტუტი და მიიღო ფილოსოფიაში მეცნიერებათა კანდიდატის წოდება. 1881-1883 წლებში იგი ასწავლიდა ფილოსოფიას ალბის ლიცეუმში. 1883-1885 წლებში მუშაობდა ტულუზის უნივერსიტეტში პროფესორად.

კარიერა რედაქტირება

ჟან ჟორესი მყარად ქადაგებდა რესპუბლიკანურ შეხედულებებს. საკმაოდ დიდ ინტერესს გამოხატავდა პოლიტიკის მიმართ. 1885 წელს ჟორესი ტარნის ოლქიდან ეროვნული ასამბლეის წევრად აირჩიეს. იგი 26 წლის ასაკში მესამე რესპუბლიკის პარლამენტარი გახდა. თანდათანობით ჟან ჟორესი გადავიდა მემარცხენე პოლიტიკის მხარეს და მეტად ემხრობოდა ისტორიის მარქსისტულ გაგებას. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ იგი ბოლომდე არ იყო დამოკიდებული მარქსზე და მის აზრზე, ვინაიდან მისთვის პრიორიტეტს წარმოადგენდა მარქსისტული შეხედულებებისა და ფილოსოფიური იდეალიზმის ერთმანეთთან დაკავშირება. ეს ეკლექტიზმი გამოვლინდა ჟან ჟორესსა და პოლ ლაფაგრს შორის 1895 წელს გამართული დისკუსიის დროს. ჟან ჟორესს გააჩნდა საკმაოდ რადიკალური განცხადებები. პარლამენტში უმეტესწილად მემარცხენე ცენტრისტებთან ერთად აძელვდა ხმას, მხარს უჭერდა ჟიულ ფერის.

საფრანგეთს თავი დაამახსოვრა საკუთარი ორატორული ნიჭითა და სოციალისტური რეფორმების გულმხურვალე მხარდაჭერით. ჟან ჟორესის საპარლამენტო დებიუტი შედგა სახალხო განათლების საკითხის შემოტანით. იმჟამინდელი რადიკალის ჟორჟ კლემანსოს გაზეთმა „La Justice“ ჟორესის პირველ გამოსვლას უწოდა „შესანიშვანი“ და უსურვა პალატას ხშირად მოისმინონ „ასეთი დონის მჭევრმეტყველი და სრული შინაარსის მქონე წინადადებები“. ამის შედეგად ჟორესს არაერთხელ მოუწია მთელი თავისი ძალებით ჟორჟ კლემანსოს წინააღმდეგ სიტყვით გამოსვლა. ამასთანავე საკუთარი მოღვაწეობის პირველ ეტაპზე ჟორესი სოციალზმზე მხოლოდ თეორიულ და არასრულ ინფორმაციას ფლობდა. საპარლამენტო ცხოვრების განმავლობაში იგი ყველანაირად ეცადა განევითარებინა და გაეღრმავებინა საკუთარი ცოდნა ამ მიმართულებით. საკუთარი მემარცხენე მისწრაფებების წყალობით ჟან ჟორესი აირჩიეს 1885-1889 და 1892-1898 წლების მოწვევის კრებებში. იგი დეპუტადად აირჩიეს 1902 წელსაც. ჟან ჟორესი ამტკიცებდა, რომ იგი საკუთარი სამოქალაქო ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ ერთი მიმართულების — სოციალიზმის მომხრე და მიმდევარი იყო, რაც არ არის დადასტურებიული ფაქტებით.

ჟორესის მსოფლმხედველობა დროდადრო იცვლებოდა და ვითარდებოდა, მას არ ჰქონია სტატიკური ხასიათი. პირველ სამწლეულში ჟან ჟორესი მემარცხენე ცენტრში იჯდა და არ შედიოდა რომელიმე კონკრეტული პარტიის შემადგენლობაში. მისი განცხადებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა სოციალისტური პარტია მიიჩნევდა, რომ დეპუტატის ხედვები ძალიან ზედაპირული და ზოგადი იყო. სწორედ, ზემოთხსენებული მიზეზიდან გამომდინარე, არც ერთი სოციალისტური პარტია არ აერთიანებდა მას საკუთარ რიგებში. თუმცა, ჟორესის კარიერის დასაწყისშივე გაკეთებული ცალკეული განცხადებები თავიდანვე იქცევდა ხალხისა და პოლიტიკური კლასის საკმაოდ დიდ ყურადღებას. ზოგიერთი მკვლევარი ჟორესის თავდაპირველ პოლიტიკურ პოზიციებს რადიკალური პარტიის ხედვებთან აკავშირებს. მოღვაწეობის შემდგომ ეტაპზე, ჟან ჟორესმა საკუთარი თავი საზოგადოებას დაამახსოვრა, როგორც ნიჭირმა ორატორმა და სოციალისტური რეფორმების მომხრემ. 1887 წელს იგი თანამშრომლობდა გაზეთ „დეპეშ დე ტულუზ“-თან, რომელიც რადიკალების მთავარ ორგანოდ იყო მიჩნეული. 1889 წელს არჩევნებში ჟან ჟორესი დამარცხდა, რის შედეგადაც იგი დაბრუნდა ტულუზის უნივერსიტეტში. 1892 წელს კი ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მოიპოვა. ჟორესის დისერტაცია, რომელიც მან 1891 წელს დაწერა ტულუზაში, ლათინურ ენაზე იყო შესრულებული: „De primis socialismi germanici lineamentis apud Lutherum, Kant, Fichte et Hegel“. ნაშრომში ცხადად ვლინდებოდა ავტორის სოციალისტური მრწამსი. ამის შემდეგ ჟან ჟორესი კვლავ აგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას. 1890 წელს აირჩიეს ტულუზის მუნიციპალურ მრჩევლად, ამავე წელს დაინიშნა მერის მოადგილედ. ჟორესის ძალისხმევით ადგილობრივ უნივერსიტეტში გაიხსნა სამედიცინო ფაკულტეტი. 1892 წელს იგი გამოვიდა კარმოში მომუშავე ქვანახშირის მაღაროელების დასაცავად. გამარჯვების შემდეგ მათ დეპუტატობის კანდიდატად წარადგინეს და 1893 წლის იანვრის შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში დეპუტატად აირჩიეს. პალატაში ყოფნისას ჟორესი შეუერთდა „დამოუკიდებელ სოციალისტებს“.

სოციალისტური მოძრაობის ლიდერი რედაქტირება

1893 წელს ჟორესი თავიდან აირჩიეს. იგი სოციალისტური პარტიის მეთაურადაც დაინიშნა, მიუხედავად უშუალოდ ამ პარტიებს შორის არსებული უთანხმოებებისა. მას გააჩნდა სურვილი სოციალისტური პარტიების გაერთიანებისა არსებული წესწყობილების წინააღმდეგ. ჟორესი ქადაგებდა „სოციალურ სიძულვილს“, როგორც შემოქმედებით ძალას, რომელსაც შეუძლია ახალი საფუძვლები შექმნას და გარდაქმნას საზოგადოება. უნდა ითქვას, რომ ჟიულ გედიც კი შეუერთდა ჟორესის ამ მოძრაობას. იმ დროისათვის ჟორესი აღირებული იყო საფრანგეთის პარლამენტის საუკეთესო ორატორად. მისი მჭევრმეტყველება მხოლოდ და მხოლოდ ფრაგნულ ტერმინებს ეფუძნებოდა, მისი თითოეული გამოსვლა ასევე რიტორიკული ფრაზებით, მეტაფორებით, დიდი პრინციპებითა და დიდებული პიროვნებების სახელებით იყო მოცული. ამ პერიოდში ჟორესმა დაიმსახურა უდიდესი სიმპატიები არა მხოლოდ მუშათა კლასისგან, არამედ ბურჟუაზიისგან, რომელიც სოციალიზმის მიმართ მტრულად იყო განწყობილი. 1897 წელს ჟორესი აქტიურად გამოდიოდა ალფრედ დრეიფუსის დასაცავად ემილ ზოლასა და კლემასოისთან ერთად. დრეიფუსის საქმეზე არსებული აგიტაციის წყალობით სოციალისტებს შორის გარკვეული განხეთქილება მოხდა: გედისტები ჩამოშორდნენ ჟორესისტებს და ამის შედეგად დაიწყო შიდა დაპირისპირებები. ჟორესი და ნაწილობრივ ჟორესისტები პალატაში დაუახლოვდნენ რადიკალურ ელემენტებს. 1898 წელს ჟორესმა წააგო არჩევნებში, მაგრამ მაინც რჩებოდა საფრანგეთში სოციალისტების მეთაურად. ამავე წელს, იგი გახდა დამოუკიდებელი სოციალისტური გაზეთის „პიტიტ რესპუბლიკის“ თანაგამომცემელი და დირექტორი, სადაც მან გამოაქვეყნა დრეიფუსის საქმის მტკიცებულებები. 1899 წლის დასაწყიში ჟორესმა შეძლო ყველა სოციალისტური პარტიის ფორმალური შერწყმა ერთ ფედერაციულ პარტიაში, მაგრამ მცდელობა ეფემერული აღმოჩნდა. იგი მიიჩნევდა, რომ ნაციონალიზმი და ანტისემისიტიზმი მთავარ საფრთხეს უქმნიდნენ რესპუბლიკის არსებობას. ამავე წელს ჟორესმა მხარი დაუჭირა პიერ ვალდეკ-რუსოს „რესპუბლიკური თავდაცვის“ კაბინეტს და დამოუკიდებელი სოციალისტის ალექსანდრ მილიერანის მასში მონაწილეობას.

ამ პერიოდიდან ჟორესი მხარს უჭერდა ვალდეკ-რუსოს, შემდეგ კი კომბას. ვალდეკ-რუსოსა და კომბეს პერიოდში ჟორესი იყო სოციალისტური კოალიციის მთავარი დასაყრდენი. რუვიეს დაქვემდებარებაში იგი დაჟინებით მოითხოვდა სოციალისტების ბლოკიდან ოფიციალურად გაყვანას, მაგრამ სინამდვილეში იგი კვლავ მხარს უჭერდა მთავრობას. 1904 წელს ამსტერდამის საერთაშორისო კონგრესზე ჟორესმა გამოთქვა მოსაზრება რესპუბლიკური და ბურჟუაზიული პარტიების მოკავშირეობის აუცილებლობის შესახებ, თუ ისინი ადამიანის განთავისუფლების მომხრეები იქნებოდნენ. როგორც უკვე ითქვა ჟორესი გამოდიოდა ფრანგი სოციალისტების გაერთიანებისკენ. მაგრამ მან ვერ შეძლო მიზნის საბოლოოდ მიღწევა, ვინაიდან დროებითი კოალიცია არამდგრადი გახდა. 1900 და 1901 წლებში ჟორესი არ კარგავდა პოპულარულობას არც ბურჟუაზიასა და არც სოციალისტების დიდ ნაწილში. ამავე წლებში მას არაერთი სოციალ-დემოკრატი უპირისპირდება. 1903 წელს ჟან ჟორესი დეპუტატთა პალატის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე აირჩიეს. 1904 წელს ჟან ჟორესმა დააარსა გაზეთი „იუმანიტე“, რომელიც მისი დამსახურებით მემარცხენე გამოცემებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გახდა მთელს საფრანგეთში.

1905 წელს იგი მიიწვიეს გერმანელმა სოციალ-დემოკრატებმა ბერლინში სიტყვით გამოსასვლელად. გერმანიის მთავრობის მკაცრი მოთხოვნა იყო ჟორესს უარი ეთქვა ჩამოსვლაზე. სამაგიეროდ, ჟან ჟორესის ბერლინში სიტყვით გამოსვლის ტექსტი მრავალ გერმანულ გაზეთში დაიბეჭდა და საერთო გერმანული პოპულარობა მოუხვეჭა ფრანგ სოციალისტს. ჟორესი დაემორჩილა 1904 წელს ამსტერდამის კონგრესზე მეორე ინტერნაციონალის გადაწყვეტილებას ერთიანი ეროვნული სოციალისტური ორგანიზაციის შექმნასთან დაკავშირებით. 1905 წელს იგი მონაწილეობდა „საფრანგეთის გაერთიანებული სოციალისტური პარტიის“ ჩამოყალიბების პროცესში, შემდგომში ამავე პარტიაში ერთ-ერთი დომინანტური ადგილი დაიკავა. 1905 წელს იგი გამოდიოდა მაროკოში ფრანგული კოლონიალისტური ექსპანსიის წინააღმდეგ. ჟორესი ყველანაირად აკრიტიკებდა ჟორჟ კლემანსოს და არისტიდ ბრიანის მთავრობებს, მათ პოლიტიკას მუშათა კლასთან მიმართებით. ჟან ჟორესისათვის იდეალური მმართველობის სახეს წარმოადგენდა „სოციალური რესპუბლიკა“, რომელიც ორგანიზებული იქნებოდა სწორხაზოვანი და სუვერენული შრომისაგან. საჭიროდ მიიჩნევდა მსხვილი საწარმოების ნაციონალიზაციასა და მცირე მეწარმეების კოოპერატივების შექმნას. ჟორესი ოცნებობდა სოციალისტური და საერთო დემოკრატიული ღირებულებების შერწყმაზე. იგი მხარს უჭერდა საყოველთაო გაფიცვის იდეას, როგორც ხელისუფლებაზე ზეწოლის საშუალებას რეფორმების განხორციელების მიზნით. მიზნად დასახული ჰქონდა სოციალისტური პარტიების მიერ მშვოდობიანი გზით ხელისუფლების დაკავება.

ანტიმილიტარიზმი რედაქტირება

ჟორესი პაციფისტი გახლდათ და დიდი ევროპული ომის თავიდან ასაცილებლად იბრძოდა. დეპუტატი მოუწოდებდა ხელისუფლებას გერმანიასთან შეთანხმების მიღწევისკენ. 1911 წელს ჟორესმა მონაწილეობა მიიღო ბაზელის ანტისაომარ კონგრესში. იგი ხელმძღვანელობდა პრეზიდენტ კურსივის ტექსტი რაიმონ პუანკარეს მიერ შემოტანილი, სამწლიანი საომარი სამსახურის კანონის წინააღდმეგ მიმართულ კამპანიას. 1913 წლის 25 მაისს ამ კამპანიის ფარგლებში ჟორესმა მოაწყო გრანდიოზული საპროტესო აქცია პარიზში, რომელსაც 150 000 ადამიანი დაესწრო. ჟან ჟორესი იბრძოდა ყველა ქვეყნის პროლეტარიატის ერთიანობისკენ და მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა გერმანელ სოციალ-დემოკრატებთან, რის გამოც შოვინისტთა წრეებში მას გერმანიის აგენტის რეპუტაცია შეექმნა, მას „ჰერ ჟორესის“ სახელიც კი შეარქვეს. 1914 წელს აპრილ-მაისის არჩევნებზე ჟორესის ხელმძღვანელობით სოციალისტებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს. მათ მიიღეს 1385 ხმა და 102 დეპუტატის მანდატი მოიპოვეს. 1914 წლის ივნისში ჟორესის ინიციატივით სოციალისტური პარტია გამოვიდა მთავრობის მიერ დიდი სამხედრო სესხის აღების წინააღმდეგ. სრულიად ევროპული კრიზისის პერიოდში, რომელიც გამოწვეული იყო სერბი ნაციონალისტების მიერ ავსტრიის უფლისწულ ფრანც ფერდინანდის მკვლელობით, ჟან ჟორესმა შეძლო გაფიცვის ჩატარება 14-15 ივლისს. ჟან ჟორესმა უარყო პრემიერ-მინისტრ რ. ვივიანის ყველა ნაციონალისტური და მილიტარისტული წინადადება. 25 ივლისს ლიონში სიტყვით გამოსვლისას, რომელიც ჟორესის პოლიტიკურ ანდერძად იქცა, მოუწოდებდა ყველა ევროპული ქვეყნის პროლეტარიატს ანტისაომარი, ანტიმილირატურისტული გამოსვლებისკენ. 28 ივლისს ჟ. გედთან ერთად გამოდიოდა პარლამენტის აუცილებელი მოწვევის წინადადებით, რათა განეხილათ ომის საკითხი.

გარდაცვალება რედაქტირება

1914 წლის 31 ივლისს, ნაციონალისტური ისტერიის გამოვლინებებისა და ომის წინა პერიოდში, ჟორესი პარიზის კაფეში მოკლა ფრანგმა ნაციონალისტმა. ჟან ჟორესს უწოდებენ ჯერ არდაწყებული ომის პირველ მსხვერპლს. მისი გარდაცვალების შემდეგ მუშათა ინტრენაციონალის ფრანგული განყოფილება და პროფკავშირი გადავიდა მთავრობის დაცვის მხარეს პირველი მსოფლიო ომის პერიოდში. რ. პუანკარეს სიტყვებით:

 
„წმინდა კავშირი ფრანგული პოლიტიკური პარტიებისა შეიქმნა ჟორესის სისხლის დაღვრით.“

ჟან ჟორესის მკვლელს რაულ ვილენს მიესაჯა სამუდამო პატიმრობა, მაგრამ 1919 წელს იგი წარადგინეს სასამართლოს წინაშე, რომელმაც იგი გაამართლა, ვინაიდან მოწინააღმდეგის მკვლელობა ომში გამარჯვებაში წვლილის შეტანად მიიჩნიეს. ვილენი ივისზე დასახლდა და ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს 1936 წელს რესპუბლიკელებმა მოკლეს შპიონაჟის ბრალდებით.

პარიზში ჟან ჟორესს დაუდგეს ძეგლი. 1924 წელს მისი ნეშთი გადაასვენეს პანთეონში. ასევე ჟორესის მკვლელობიდან რამდენიმე დღეში მეტროპოლიტენის ერთ-ერთ სადგურს მისი სახელი გადაექვა. არაერთი ფრაგნული ქუჩა, სკვერი თუ მოედანი ატარებს სოციალისტის სახელს, არა მხოლოდ პარიზში არამედ ტულუზასა და ლილში. ასევე შეიქმნა ჟან ჟორესის სახელობის სოციალისტური პარტიების პოლიტიკური ფონდი. ჟორესის სახელი გადაიქცა პაციფიზმისა და ძმათაკვლის წინააღმდეგ ბრძოლის ერთგვარ ლოზუნგად.

ჟან ჟორესის პატივსაცემად არაერთ ცნობილ მოღვაწეს დაერქვა სახელი: ნობელიანტ ჟორეს ალფიოროვს, საბჭოთა დისიდენტ ჟორეს მედვედევს, საბჭოთა და რუს მწერალ ჟორეს ტროშევს.

პოლიტიკური მოღვაწეობის გარდა ჟან ჟორესი ცნობილი პუბლიცისტი გახლდათ. მისი რედაქტორობით გამოიცა მრავალტომიანი კოლექტიური ნაშრომი „სოციალისტური ისტორია“. ამ ნაშრომის პირველი 4 ტომი ეძღვნებოდა XVIII საუკუნის საფრანგეთის რევოლუციას, რომელიც ჟორესის მიერ იყო სრულად დაწერილი. ჟორესმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია საფრანგეთის XVIII საუკუნის რევოლუციის ეკონომიკურ და სოციალურ ასპექტებს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Bernstein, Samuel. "Jean Jaures and the Problem of War," Science & Society, vol. 4, no. 3 (Summer 1940), pp. 127–164. In JSTOR.
  • Coombes J. E. (1990). „Jean Jaures: education, class and culture“. Journal of European Studies. 20 (1): 23–58. doi:10.1177/004724419002000102.
  • Goldberg, Harvey. The Life of Jean Jaures. Madison, WI: University of Wisconsin Press, 1962.
  • Goldberg, Harvey. "Jean Jaurès and the Jewish Question: The Evolution of a Position." Jewish Social Studies (1958): 67–94. in JSTOR
  • Kurtz, Geoffrey. Jean Jaures: The Inner Life of Social Democracy. University Park, PA: Pennsylvania State University Press, 2014.
  • Noland, Aaron. "Individualism in Jean Jaures' Socialist Thought." Journal of the History of Ideas (1961): 63–80. in JSTOR
  • Tolosa, Benjamin T. "The Socialist Legacy of Jean Jaures and Leon Blum." Philippine Studies (1992): 226–239. in JSTOR; online
  • Tuchman, Barbara W. "The Death of Jaurès", chapter 8 of "The Proud Tower - A portrait of the world before the War: 1890-1914" pp. 407 – 462, (1966).
  • Weinstein, Harold. Jean Jaurès: A Study of Patriotism in the French Socialist Movement (1936)
  • Williams, Stuart, ed. Socialism in France: From Jaurès to Mitterrand (Pinter, 19830)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება