არისტიდ ბრიანი
არისტიდ ბრიანი (ფრანგ. Aristide Briand; დ. 28 მარტი, 1862, ნანტი, საფრანგეთის მეორე იმპერია — გ. 7 მარტი, 1932, პარიზი, საფრანგეთი) — საფრანგეთის სახელმწიფო მოღვაწე, გამოჩენილი პოლიტიკოსი, საფრანგეთის მესამე რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი 11-ჯერ: 1909–1911, 1913, 1915–1917, 1921–1922, 1925–1926 და 1929 წლებში, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი 1911–1913, 1919–1921 და 1926–1929 წლებში.
არისტიდ ბრიანი | |
---|---|
ფრანგ. Aristide Briand | |
დაბადების თარიღი | 28 მარტი, 1862[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] |
დაბადების ადგილი | ნანტი[10] |
გარდაცვალების თარიღი | 7 მარტი, 1932[10] [1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] (69 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | პარიზი[10] |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
მეუღლე/ები | |
ჯილდოები | ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში[11] [12] , Cross of Liberty და სამი ვარსკვლავის ორდენი |
1887 წელს დაამთავრა ნანტის უნივერსიტეტი. ახალგაზრდობიდანვე გამოირჩეოდა დიპლომატიური ნიჭითა და ბრძნული საუბრით. ჟიულ ვერნი მისი განუყრელი მეგობარი და მრჩეველი გახდა. პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა 1890-იან წლების დასაწყისში. 1894 წლიდან იყო საფრანგეთის სოციალისტური პარტიის მდივანი. 1909 წელს გაიმარჯვა დემოკრატიულ არჩევნებში და გახდა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი. პირველი მსოფლიო ომის დროს დიპლომატიურ შეთანხმებას მიაღწია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ, დევიდ ლოიდ ჯორჯთან და დიდი როლი ითამაშა ომის საბოლოოდ წარმატებით დასრულებაში.
1920-იანი წლებში ევროპის სახელმწიფოებში პაციფისტური განწყობა დამკვიდრდა. 1926 წელს გაიმართა "პანევროპული" ანუ სრულიად ევროპული კონგრესი, რომელშიც 2,000 მეცნიერი, პოლიტიკოსი, ბიზნესმენი თუ ფსიქოლოგი იღებდა მონაწილეობას. კონგრესზე მიდიოდა მსჯელობა ევროპაში თანამშრომლობისა და მისი შესაძლო გაერთიანების შესახებ. არისტიდ ბრიანმა და გერმანიის კანცლერმა, გუსტავ შტრეზემანმა გადადგეს არაერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით. ორივე პოლიტიკოსი ნობელის მშვიდობის პრემიით დაჯილდოვდა.
1928 წელს ბრიანმა ხელი მოაწერა კელოგ-ბრიანის პაქტს. პაქტს 15 სახელმწიფო შეუერთდა. დოკუმენტი გმობდა ომს, როგორც პოლიტიკის წარმართვის საშუალებას. იმავე წელს წარდგა საფრანგეთის პარლამენტის წინაშე ევროპის კავშირის შექმნის იდეით. მისი იდეოლოგია იზიარებდა ომის საბოლოო და საყოველთაო ლიკვიდაციას, ასევე ეკონომიკურ თანასწორობას.
1929 წლის დეკემბერში ერთა ლიგას წარუდგინა ევროპის ფედერაციის შექმნის გეგმა. მისი გეგმა ითვალისწინებდა ევროპის საბაჟო კავშირის შექმნას. მას მხარი დაუჭირეს ევროპის პატარა ქვეყნებმა, მაგრამ დიდმა სახელმწიფოებმა - გერმანიამ, იტალიამ და ინგლისმა არა. სამივე ქვეყნის მიერ გეგმის უარყოფას საკუთარი მიზეზები ჰქონდა.
ამის შემდეგ არისტიდ ბრიანი თანდათან ჩამოშორდა პოლიტიკას, იმავე წელს გადადგა თანამდებობიდან, მაგრამ მაინც გააგრძელა პარტიაში მუშაობა. მისი სოფლმხედველობა მაშინ არავინ გაიზიარა, მაგრამ გარკვეულწილად დიდი გავლენა მოახდინა ევროკავშირის საბოლოო შექმნაზე. ცხოვრების ბოლო 3 წელი ბრიანმა პარიზში გაატარა. გარდაიცვალა 1932 წლის 7 მარტს.
ბიოგრაფია
რედაქტირებაბავშვობა და ადრეული წლები
რედაქტირებადაიბადა საფრანგეთში, ქალაქ ნანტიში 1862 წელს. მამამისი იყო სასტუმროს შეძლებული მეპატრონე. მან თავისი შვილი თავდაპირველად შეიყვანა „სან-ნაზირი“-ს (Saint-Nazaire) სკოლაში და შემდეგ ნანტის ლიცეუმში. ამ სკოლაში არისტიდ ბრიანი დაუმეგობრდა ჟიულ ვერნის, რომელმაც გაითქვა სახელი, როგორც რომანისტმა და გამომგონებელმა. სკოლაში სწავლობდა სამართალს. ადრეული ასაკიდან ჩაება პოლიტიკურ საქმიანობაში. იყო სინდიკალისტი ჟურნალისტი. შედიოდა მემარცხენე გამოცემების „Le Peuple“, “La Lanterne”, „La Petite République“ და „L’Humanité“ სარედაქციო ჯგუფში. თანამშრომლობდა ფრანგი სოციალისტების ლიდერთან ჟან ჟორესთან.
1902 წლიდან იყო პარლამენტის დეპუტატი. იბრძოდა სახელმწიფოსგან ეკლესიის საბოლოოდ გამოყოფისათვის, რასაც წარმატებით მიაღწია. 1909-1911 წლებში ორი ვადით აირჩიეს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრად. მისი პოლიტიკა მიმართული იყო მოქალაქეთა სოციალური დაცვის უზრუნველყოფისკენ. შემდგომში იყო იუსტიციის მინისტრი მემარჯვენე პრემიერის რაიმონ პუანკარეს მთავრობაში. 1913 წელს ორჯერ ეკავა პრემიერ-მინისტრის პოსტი. პირველი მსოფლიო ომის საწყის პერიოდში მოაწყო ექსპედიცია ბალკანეთში პროფრანგული ბლოკის ფორმირებისათვის. 1915-1917 წლებში ორი ვადით კვლავ დაიკავა პრემიერ-მინისტრის პოსტი.
აქტივიზმი და პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვა
რედაქტირებაარისტიდ ბრიანი აქტიურად ცდილობდა პროფკავშირული მოძრაობების შექმნას და გააქტიურებას. 1894 წელს, ნანტის მშრომელთა შეკრებაზე, მან გაახმოვანა შრომითი კავშირის მიღების იდეა ჟიულ გუდესის მიმდევრების წინააღმდეგ. 1901 წელს გახდა საფრანგეთის სოციალისტური პარტიის გენერალური მდივანი, მომდევნო წელს კი აირჩიეს დეპუტატად. ის საკუთარ თავს აცხადებდა მემარცხენე კავშირის ძლიერ წარმომადგენლად, ეს გაერთიანება ცნობილი იყო „Block”-ის სახელით. 1905 წელს, როდესაც საფრანგეთში სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დაპირისპირებამ შემაშფოთებელ ნიშნულს მიაღწია, მან წარმომადგენელთა პალატის სხვა წევრებთან და კოლეგებთან ერთად, დიდი წვლილი შეიტანა არსებული სიტუაციის განმუხტვასა და დაბალანსებაში. არისტიდ ბრიანმა დარბაზში მსხდომნი დაარწმუნა, რომ აუცილებელია ერთხელ და სამუდამოდ დარეგულირდეს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის არსებული ურთიერთობა, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სინდისისა და აღმსარებლობის თავისუფლება. სწორედ ამ დროიდან, 1905 წლის კანონმა მკაფიოდ გამიჯნა და განსაზღვრა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობის ფორმა.
ჟორჟ კლემანსომ კი შემდეგნაირი შეფასება და ასე ვთქვათ, სამადლობელი განაცხადა
1906 წელს შეუერთდა ჟორჟ კლემანსოს კოალიციურ მთავრობას, რომლის შემდეგაც მან დაიკავა განათლებისა და კულტურის მინისტრის თანამდებობა, მაგრამ ამავდროულად ამ ყველაფერმა, გარკვეულწილად, გამოიწვია კავშირების შესუსტება დანარჩენ სოციალისტებთან, რადგან მათგან განსხვავებით ბრიანი თვლიდა, რომ აუცილებელი იყო ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებში რადიკალებთან თანამშრომლობა.
პრემიერ-მინისტრის პოსტი და პოლიტიკური ვექტორი
რედაქტირება1909 წლის 24 ივლისიდან 1911 წლამდე, არისტიდ ბრიანი ორი ვადით აირჩიეს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრად. ამ პერიოდის განმავლობაში, ყველაზე მნიშვნელოვანი ქმედება, რაც მან განახორციელა სოციალური პოლიტიკის მიმართულებით, იყო კანონპროექტის წამოყენება, რომელიც ეხებოდა მუშახელისა და ფერმერების პენსიებს. მან უზრუნველყო შესაბამისი სტატუსის მქონე ადამიანების საპენსიო ფონდების ფუნქციონირება. 1910 წელს, ავადმყოფებისა და ხანდაზმულებისათვის ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით, წარმოადგინა საკანონმდებლო პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა 8 მილიონამდე სოფლისა და ქალაქის ზემოთ აღნიშნულისეგმენტის დახმარებას. 1913 წელს, მან ისევ დაიკავა პრემიერ-მინისტრის პოსტი და აქაც თავდადებით ცდილობდა საკუთარი ვექტორი სოციალური პროგრამების მიმართულებით არ შეეცვალა და პირიქით, მეტი პროექტი თუ სახელმწიფო კანონი წამოეყენებინა ამ სფეროს განვითარებისთვის, რომელიც საბოლოო ჯამში საზოგადოების კეთილდღეობას მოემსახურებოდა. ამ კუთხით მნიშვნელოვანი იყო ინიციატივა პროგრესული საშემოსავლო გადასახადების სისტემის შემოღების თაობაზე და ასევე რკინიგზის ნაციონალიზაციის პროექტი.
პირველი მსოფლიო ომის პერიოდი
რედაქტირება1914 წლის აგვისტოში დაიკავა იუსტიციის მინისტრის თანამდებობა რენე ვივიანის ახლად დაკომპლექტებულ მთავრობაში, სადაც ის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ჭკვიან პოლიტიკოსად მიიჩნეოდა. პირველი მსოფლიო ომის საწყის ეტაპზე, 1914-1915 წლებში, ბრიანის თაოსნობით მოეწყო ექსპედიცია ბალკანეთში, თავდაპირველად სალონიკში, პროფრანგული ბლოკის შექმნის მიზნით. მას ამ ბლოკში სურდა გაეერთიანებინა სერბეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, ასევე იტალიის საზოგადოებაც, რათა შეექმნა დიდი ბარიერი რუსული ექსპანსიის წინააღმდეგ ბალკანეთში. თუმცა ეს მცდელობა წარმატებული ვერ გამოდგა, რადგან ინტერვენცია, რომელიც სერბეთს უკავშირდება, ვერ შეაკავეს და საბოლოოდ მაინც განხორციელდა.
მიუხედავად ყველაფრისა, 1915 წლის ოქტომბრიდან, მან ისევ გააგრძელა მოღვაწეობა პრემიერ-მინისტრის რანგში, ასევე პირველად გახდა საგარეო საქმეთა მინისტრიც. ფრანგული ბლოკის იდეის წარუმატებლობის შემდეგ საფრანგეთის პოლიტიკურ სპექტრში ბრიანის მიმართ მტრული განწყობები გაძლიერდა, რაც მას საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობების ეფექტიან განხორციელებაში ხელს უშლიდა.
დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს წარმომადგენლებმა, ლორდ ეშერმა და მორის ჰენკიმ, მოამზადეს პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა მოკავშირეთა თანამშრომლობის საკითხებს, ამ პროცესებში ჩართული იყო ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრიც, რომელიც პარიზში 17 ნოემბერს ჩავიდა და ძირითადი მოლაპარაკებები აწარმოა საფრანგეთთან და საბერძნეთთან. თუმცა მოლაპარაკებებამდე, ბრიანის მთავარი ამოცანა იყო ასევე შუამავლობა ეკისრა და კომპეტენციები გადაენაწილებინა საფრანგეთის სამხედრო პირებს, გენერალ ჟოფრისა და გენერალ გალიენს შორის. მას შემდეგ, რაც გერმანიამ შეტევა განახორციელა საფრანგეთის ჩრდილოეთ ფრონტზე, ვერდუნზე, გენერალმა გალიენმა ჟოფრის წინააღმდეგ გააკეთა მკაცრი განცხადება, რომელიც აკრიტიკებდა მის საქმიანობას და ჩატარებულ სამხედრო ოპერაციებს ბოლო თვრამეტი თვის განმავლობაში და ამავდროულად მოითხოვდა მთლიანი მინისტერიალის საქმიანობის კონტროლს, რის შემდეგაც უკვე გათვალისწინებულ ვადაზე ადრე, საკუთარი ნებით დატოვებდა თანამდებობას.
ის ეჭვმიტანილი იყო მთავრობის სამხედრო გზებით გადაგდების მცდელობაში. ბრიანმა იცოდა, რომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში უარყოფითად იმოქმედებდა მთავრობისა და პოლიტიკური კურსის რეპუტაციაზე, ამიტომ მან მოახერხა გენერალი გალიენი დაერწმუნებინა იმაში, რომ ოფიციალურ ვადამდე დარჩენილიყო საკუთარ თანამდებობაზე და მშვიდობიანად მომხდარიყო მისი შეცვლა სხვა პიროვნებით. 1916 წლის ბოლოს გენერალი ჟოფრიც ასრულებს საკუთარ კარიერას საფრანგეთის სამხედრო საქმიანობაში და მის თანამდებობას იკავებს გენერალი პიერ როქი.
ოფიციალური კონფერენციები მშვიდობის შენარჩუნების მიზნით განუწყვეტლივ მიმდინარეობდა, რაშიც საფრანგეთიც აქტიურად იყო ჩართული არისტიდ ბრიანის წარმომადგენლობით. პირველი ოფიციალური კონფერენცია ჩატარდა პარიზში, 1916 წლის 26 მარტს (შეხვედრაში იტალია არ მონაწილეობდა). თუმცა შეიძლება ითქვას, რომ მოლაპარაკების ამ რაუნდმა მცირე შედეგები გამოიღო, რაც ალბათ გამოწვეული იყო იმით, რომ აქცენტი ბრიანს გადატანილი ჰქონდა უფრო მეტად ინგლისზე, დათანხმდა მათ შეთავაზებას საფრანგეთთან მუდმივი წარმომადგენლობის თაობაზე, რის შემდეგაც გაიმართა ინგლისურ-ფრანგული მოლაპარაკებების სამი ეტაპი, რომელთაგან ერთ-ერთი იყო შანტელის კონფერენცია, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდა ასევე ფრანგი გენერალი ჟოფრიც. მანამდე სტრატეგიული სამოქმედო გეგმა უკვე შემუშავებული იყო (საფრანგეთი, იტალია, ინგლისი, რუსეთი, რუმინეთი).
1916 წლის გაზაფხულზე კი, ბრიანმა გამოუვალი მდგომარეობიდან გამომდინარე, ინგლისს მოუწოდა რომ შეენარჩუნებინათ შეტევები ბალკანეთში, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევდა საფრანგეთის ვერდუნის ფრონტიდან ბალკანური ქვეყნების ჯარების გაყვანას, თუმცა ინგლისმა მოსალოდნელი საფრთხიდან გამომდინარე, რომ მას მოწინააღმდეგე მხარეს არსებული მოკავშირეები დაარტყამდნენ, ეს სარისკო ნაბიჯი არ გადადგა.
ბოლოს საფრანგეთის მთავრობა ბრიანის ხელმძღვანელობით იძულებული გახდა, რომ დეპუტატთა პალატის სესიაზე განეხილათ ვერდუნის თავდაცვისა და გაძლიერების საკითხი. კენჭისყრის შედეგებიდან გამომდინარე, ხმების უმრავლესობით აღნიშნული გადაწყვეტილება დადასტურდა, თუმცა ამავდროულად მოთხოვნა იყო, რომ ეფექტიანი ზედამხედველობა განეხორციელებინათ ფრანგულ არმიაზე. აქვე უნდა ითქვას, რომ ბრიანისგან და გენერალი ჟოფრისგან დამოუკიდებლად როქი მოწინააღმდეგე მხარეებთან ცდილობდა გარკვეული დესტრუქციული ნაბიჯების გადადგმას, რის შედეგადაც ახლად ჩამოყალიბებული მთავრობის საქმიანობას პრემიერ მინისტრმა ბრიანმა ის საბოლოოდ ჩამოაშორა და შეცვალა სხვა გენერლით.
1917 წლის თანამდებობის დატოვების შემდეგ, ბრიანი 1921 წელს ისევ ბრუნდება პრემიერ მინისტრად და აქტიურად ერთვება ასევე „ვაშინგტონის საზღვაო მოლაპარაკებებში“, რომელიც ჩატარდა ერთა ლიგის ეგიდით. მსოფლიოს უმსხვილესი საზღვაო ძალები შეიკრიბნენ ვაშინგტონში კონფერენციაზე, რათა განეხილათ საზღვაო შეიარაღება და მზარდი დაძაბულობის განმუხტვის გზები აღმოსავლეთ აზიაში. ბრიანს სურდა, რომ გერმანიას ამ მოლაპარაკებაზე დაკისრებოდა გარკვეული რეპარაციები, რაც თვითონ გერმანული მხარის შეუწყნარებლობისა და ხისტი ქმედებების გამო მაგიდის ფორმატში ვერ განხორციელდა (ეს უკვე წარმატებით განახორციელა პუანკარემ), თუმცა მან მოახერხა და იტალიელი კარდინალი დაითანხმა ფრანგული მთავრობის მიერ კათოლიკე ეპისკოპოსების დანიშვნის საკითხზე, რაც მათ ძალაუფლებას კიდევ უფრო ზრდიდა. აქედან გამომდინარე, არისტიდ ბრიანის როლი და გავლენა პირველი მსოფლიო ომის დროინდელ მოლაპარაკებებსა და კონფერენციებში შესამჩნევი და მნიშვნელოვანია.
ბრიან-კელოგის პაქტი
რედაქტირებაბრიან-კელოგის პაქტი იყო უმნიშვნელოვანესი და წინგადადგმული ნაბიჯი გლობალური მშვიდობის მიღწევის საქმეში, დაიდო 1928 წლის 27 ოქტომბერს, რომელიც ძალაში 1929 წლის 24 ივლისს შევიდა და რაშიც უდავოდ იკვეთება არისტიდ ბრიანის წვლილი და ძალისხმევა ძალის გამოყენების საწინააღმდეგოდ მსოფლიოში. პაქტი, რომლის მიხედვითაც უნდა აკრძალულიყო ომი, როგორც ქვეყნებს შორის ურთიერთოობის მოგვარების მეთოდი, თავდაპირველად საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მიმდინარე მოლაპარაკების საგანი იყო.
მაგრამ აშშ-მა, რომელსაც არ უნდოდა ამის შედეგად რაიმე ვალდებულება აეღო საფრანგეთის წინაშე, წამოაყენა იდეა სხვა ქვეყნებიც ჩართულიყვნენ პროექტში, მაგრამ ამას საფრანგეთიც არ ეწინააღმდეგებოდა, რადგან სხვა სახელმწიფოებთან ერთად, დაბალანსების პოლიტიკის კუთხით, ამერიკაც თანაბარ პირობებში ჩადგებოდა და არ მიეცემოდა შესაძლებლობა ნებისმიერი სახის სამომავლო ინიციატივების წამოყენებისათვის. პაქტის სახელი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არისტიდ ბრიანის და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ფრანკ კელოგის სახელებიდან მომდინარეობს.
მათ შორის იყვნენ მაშინდელი დროის მსოფლიოს მთავარი ძალები, რუსეთის გამოკლებით. ხელმოწერა პარიზში შედგა, ამიტომ ამ შეთანხმებას პარიზის პაქტსაც უწოდებენ. მოგვიანებით მას კიდევ თითქმის 47 სახელმწიფო შეუერთდა. ეს პაქტი მომავალში განხორციელებული დესტრუქციული ქმედებებისა და პროცესების მიუხედავად, საერთაშორისო ურთიერთობებში, იმ დროისათვის უდავოდ წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და დიდ მონაპოვარს საკუთარი მასშტაბებიდან და მით უმეტეს, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე.
არისტიდ ბრიანი და საქართველო
რედაქტირებაარისტიდ ბრიანი იყო სოციალისტური იდეების მიმდევარი და ის მხარს უჭერდა პირველი მსოფლიო ომის შედეგად წარმოქნილი სახელმწიფოების დამოუკიდებლობის იდეას. 1921 წლისათვის, მაშინ, როდესაც ბრიანმა პრემიერ-მინისტრის პოსტი ხელახლა დაიბრუნა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება და მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი, ვარაუდობდა, რომ საკუთარი იდეოლოგიური მოტივებიდან და სიმპათიებიდან გამომდინარე, ბრიანი მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამდა საქართველოსათვის.
1921 წელს, საქართველოსათვის იარაღის მიწოდების საკითხზე, ოფიციალური წარმომადგენელი მიავლინა ლონდონში და ასევე, კონსტანტინეპოლის იარაღის მარაგებიდან შეიარაღების მცირე ნაწილი გადასცა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას.
მას შემდეგ, რაც ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს რესპუბლიკის ოკუპაცია განხორციელდა, ის მაინც აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს, რასაც მოწმობს ოკუპაციის შემდგომი ფაქტი, როდესაც საქართველოს მთავრობამ თავშესაფარი საფრანგეთში მოიპოვა. 1922 წლის იანვარში, ბრიანის ხელმძღვანელობით კანში გამართულ ანტანტის საბჭოს სხდომაზე, მიიღეს რეზოლუცია, რომელიც მოითხოვდა რუსეთის მიერ ჯარების გაყვანას ამიერკავკასიიდან.
უკანასკნელი წლები და გარდაცვალება
რედაქტირება1922 წელს არისტიდ ბრიანი ტოვებს დაკავებულ თანამდებობას, მაგრამ 1925-1926 წლებში ის კვლავ იკავებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას უკვე მერვე, მეცხრე და მეათე ვადით. 1926 წელს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ გუსტავ შტრეზემანთან დადებული შეთანხმების გამო, რომელიც ცნობილია ლოკარნოს ხელშეკრულების სახელწოდებით, მან მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის განმტკიცებაში.
იგი პოლიტიკური აქტივობის ბოლო წლებამდე ცდილობდა შეენარჩუნებინა თავისი როლი საერთაშორისო პოლიტიკაში. 1929 წელს, მას შემდეგ, რაც მეთერთმეტე ვადით რამდენიმე თვით ისევ ჩაუდგა საფრანგეთის მთავრობას სათავეში, აქტურად უჭერდა მხარს და იყო ინიციატორი ევროპის ფედერაციული კავშირის შექმნისა, თუმცა ბრიანის ეს იდეა ევროპაში შექმნილი დაძაბულობებისა და მიმდინარე პოლიტიკის გამო 20 წლის შემდეგ განხორციელდა. ცხოვრების ბოლო სამი წელი არისტიდ ბრიანმა პარიზში გაატარა. გარდაიცვალა 1932 წლის 7 მარტს, კლებერის გამზირზე მდებარე მის საკუთრებაში მყოფ პატარა, მოკრძალებულ სახლში.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Blatt, Joel (1993). "France and the Washington conference". Diplomacy & Statecraft. 4 (3): 192. doi:10.1080/09592299308405900.
- Navari, Cornelia (1992). "Origins of the Briand plan". Diplomacy & Statecraft. 3: 74. doi:10.1080/09592299208405844.
- Briand, Aristide (1930-05-01). Memorandum on the Organization of a System of Federal European Union. France. Ministry of Foreign Affairs - via World * Digital Library. Retrieved 2014-06-19.
- D. Weigall and P. Stirk, eds., The Origins and Development of the European Community (Leicester University Press, 1992), pp. 11–15 ISBN 0718514289.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Menno Spiering, Michael Wintle, Ideas of Europe since 1914, Aristide Briand’s Plan: The Seed of European Unification (p. 32),
- Frederick W. Haberman, Aristide Briand Biographical, Elsevier Publishing Company, Amsterdam, 1972.
- John Simkin, Aristide briand, September 1997 (updated January 2020),
- Othon Guerlac, The Separation of Church and State in France, The Academy of Political Science, (pp. 270-271),
- The Editors of Encyclopaedia Britannica, Aristide Briand prime minister of France,
- Aristide Briand Biography, Life, Interesting Facts, 2017 SunSigns.Org, დაარქივებული 2021-09-26 საიტზე Wayback Machine.
- Robert Boyce, Aristide Briand: defending the Republic through economic appeasement, Centre d'histoire de Sciences Po - “ Histoire@Politique “,
- The Harvard Crimson, Aristide Briand, The University Daily, Est. 1873, January 21, 1932,
- Michael Duffy, Who's Who - Aristide Briand, a multimedia history of world war one, 22 August, 2009,
- Spencer Tucker, World War I: A Student Encyclopedia, (p. 468),
- U.S. Departament of State, The Washington Naval Conference, 1921-1922, January 20-2001,
- Richard Nelsson, The Kellogg-Briand pact: world treaty to outlaw war – archive, 1928, Juny 14-2018,
- Mr. John A. Stewart, Mr. Vasili D. Dumbadze, Maj. Henry G. Opdycke, National republic of Georiga, Washington government printing office 1926, April 1,2 1926, (p. 229),
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 Sycomore / Assemblée nationale
- ↑ 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 4.0 4.1 SNAC — 2010.
- ↑ 5.0 5.1 Discogs — 2000.
- ↑ 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 7.0 7.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 8.0 8.1 GeneaStar
- ↑ 9.0 9.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 10.0 10.1 10.2 Бриан Аристид // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ http://www.nobelprize.org/nobel_prizes/peace/laureates/1926/
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/