სომხეთის ტავრი
სომხეთის ტავრი, აღმოსავლეთი ტავრი (თურქ. Güneydoğu Toroslar) — ქედი თურქეთში. ტავრის აღმოსავლეთი ნაწილი. განლაგებულია ანატოლიის ზეგნისა და სომხეთის მთიანეთის სამხრეთი კიდის გასწვრივ. განედური მიმართულებით დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია 500 კმ-ზე, სიგანე 35–100 კმ. გეგმაში რკალისებრია, ახასიათებს ასიმეტრიულობა.[1][2]
სომხეთის ტავრი | |
---|---|
კოორდინატები: 38°13′15″ ჩ. გ. 37°45′05″ ა. გ. / 38.22083° ჩ. გ. 37.75139° ა. გ. | |
ქვეყანა | თურქეთი |
სიმაღლე | 3090 მ |
სიგრძე | 500 კმ |
სიგანე | 35–100 კმ |
სომხეთის ტავრი მდინარეების მურათისა და ტიგროსის აუზების წყალგამყოფია. საშუალო სიმაღლეები 2200–2300 მ, მაქსიმალური სიმაღლე 3090 მ. უღელტეხილების სიმაღლე ზოგადად არ აჭარბებს 1500 მ-ს. სტრუქტურულ-ეროზიული ნაგებობაა.[1]
შუა და აღმოსავლეთი ნაწილი აგებულია პალეოზოური მეტამორფული ქანებით, ხოლო დასავლეთი ნაწილი კარბონული და პერმული ასაკის ქანებით. სამხრეთი კალთების გასწვრივ შეინიშნება ცარცული ასაკის დანალექი ქანები. შედგება აჰირის, ენგიზექის, მალათიის, ერგანის, ნურჰაკის, ჰაჩრეშის, ბითლისდაღისა და ჰაქიარის ქედებისაგან. დანაწევრებულია მდინარეების ჯეიჰანის, ევფრატისა და ტიგროსის გამჭოლი ხეობებით.[1]
ჩრდილოეთი მშრალი კალთების ქვედა სარტყელში გავრცელებულია ნახევარუდაბნო, უფრო ზევით სტეპი. სამხრეთი კალთები შემოსილია მაკვისის ტიპის რაყებით, ზევით მუხის პარკული ტყე ფსტისა და ღვიის ნათელი ტყეები, მთის სტეპი და ალპური მდელოებია. ბითლისისა და ფაზარჯიქის გასასვლელებში გაყვანილია სარკინიგზო და საავტომობილო გზები. არის რკინის მადნის, ქრომიტების, სპილენძის, სამხრეთ მთისწინეთში ნავთობის საბადოები.[2]