საჰარის ატლასი (არაბ. الأطلس الصحراوي) — ქედებისა და მასივების სისტემა მაროკოში, ალჟირსა და ტუნისში. წარმოადგენს ატლასის მთების ნაწილსა და მაღალი ატლასის აღმოსავლეთ გაგრძელებას. საშუალო სიმაღლე 1500 მ, მაქსიმალური 2236 მ (მთა ისა). რელიეფში ჭარბობს კუესტები და მაგიდა მთები; ფართოდაა გავრცელებული მარილშემცველი ქანების გამოსავლები; გვხვდება თაბაშირისა და მარილის კლდეები და გუმბათები. მისი აღმოსავლეთი გაგრძელებაა ორესის მთები.[1]

საჰარის ატლასი
კოორდინატები: 34°00′00″ ჩ. გ. 2°00′00″ ა. გ. / 34.00000° ჩ. გ. 2.00000° ა. გ. / 34.00000; 2.00000
ქვეყანა მაროკოს დროშა მაროკო
ალჟირის დროშა ალჟირი
ტუნისის დროშა ტუნისი
უმაღლესი წერტილი ისა
სიმაღლე 2236 
საჰარის ატლასი — ალჟირი
საჰარის ატლასი

საჰარის ატლასის განშტოებებია დასავლეთით ქსურის ქედი, ცენტრალურ ნაწილში ამურის ქედი და აღმოსავლეთ დაბოლოებაზე ულედ-ნაილის ქედი.[2] მის შემადგენლობაშია აგრეთვე ბელეზმის ქედი, ჰონდის მთები, ნემემჩის ქედი და ზაბის მთები. თელ-ატლასისა და საჰარის ატლასის მთები ერთმანეთს აღმოსავლეთით ებმიან და წარმოქმნიან თებესისა და მედჯერდის მთებს. იგი აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი პლატოა, რომელიც წარმოიქმნა მარჩხი ზღვისა და ალუვიონის ნაფენების დანალექებით გადაფარებული უძველესი მკვიდრი ქანებით.[3]

ჰიდროგრაფიული ქსელი წარმოდგენილია უადებით, რომელთა შორის გამოიყოფა შელიფისა და ტუილის უადები, რომლებიც წყლით მარაგდებიან მხოლოდ წვიმების სეზონში, შესაბამისად, ახდენენ ამურისა და ულედ-ნაილის ქედების დრენირებას. გაბატონებულია ნახევარუდაბნოს მცენარეულობა; მწვერვალებზე ქვამუხის, ალეპოს ფიჭვის, ტუიისა და ღვიისგან შემდგარი მეჩხერი ტყეა. მთა ოუენზას სიახლოვეს მოიპოვება რკინის მადანი, ხოლო ქალაქ თებესასთან ფოსფატი.[4]

  1. Aurès Mountains | British Museum | Information
  2. Shahin, Mamdouh (2007). Water resources and hydrometeorology of the Arab region. p. 40. ISBN 978-1-4020-5414-3.
  3. The New Encyclopaedia Britannica: Macropaedia : Knowledge in depth, Encyclopaedia Britannica, 2003
  4. Saharan Atlas mountains, Africa | Encyclopedia Britannica