საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მანქანების ქარხანა
საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მანქანების ქარხანა — საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მანქანათსაშენი მრეწველობის ერთ-ერთი მსხვილი საწარმო ქ. თბილისის გარეუბანში. შეიქმნა „საქნავთობის“ სისტემის თბილისის ყოფილი მექანიკური ქარხნის „ნეფტებურმაშის“ ბაზაზე (1959). პირველი პროდუქციის ჩაის პლანტაციებისათვის განკუთვნილი სამთვლიანი თვითმავალი შასების (სშ-ზგ) წარმოება აითვისა 1959 წელს. შემდეგ ამზადებდა მთისა და ბარის მიწათმოქმედების, მევენახეობის, მეჩაიეობის, მეცხოველეობის, მებაღეობისა და სხვა დარგებისათვის საჭირო სხვადასხვა მოდელის მანქანებს, აპარატებს, ტრანსპორტიორებს, ჩაის საკრეფ მანქანა „საქართველოს“, ხელის ჩაის საკრეფ, დასაწვიმებელ აპარატებს (უდვ-08), საირიგაციო მოწყობილობებს. 1958-1979 წლებში ქარხანამ აითვისა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სამოცი სახეობა.
საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მანქანების ქარხნის პროდუქცია ექსპონირებული იყო საერთაშორისო გამოფენებზე — ქ. იზმირში (თურქეთი, 1968; 1969), ქ. ჰანოიში (ვიეტნამი, 1977), ქ. ლაიფციგში (გერმანია, 1977), ქ. თეირანში (ირანი, 1978), ქ. პოზნანში (პოლონეთი, 1978). 1975 წლიდან ქარხნის პროდუქციის ნაწილი იგზავნებოდა საზღვარგარეთ:მონღოლეთში, ბულგარეთში, კუბაში, ვიეტნამში, ანგოლაში, ეთიოპიასა და ირანში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 184-185.