ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი

ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტითბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ბაზაზე არსებული სამეცნიერო ინსტიტუტი.

ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი
დაფუძნდა 1950
ატარებს სახელს ელეფთერ ანდრონიკაშვილი
ტიპი კვლევითი ინსტიტუტი
მისამართი თბილისი, თამარაშვილის ქუჩა № 6
ქალაქი თბილისი
ქვეყანა საქართველო
ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი — საქართველო
ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი
https://www.aiphysics.tsu.ge/

ფიზიკის ინსტიტუტი 1950 წლის დეკემბერში დაარსდა, რომელიც 2006 წლამდე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შემადგენლობაში შედიოდა. ინსტიტუტის დაარსების იდეა აკადემიკოს ელეფთერ ანდრონიკაშვილს ეკუთვნოდა. 1999 წელს ინსტიტუტს მისი სახელი მიენიჭა.

სხვადასხვა დროს ფიზიკის ინსტიტუტს ხელმძღვანელობდნენ აკადემიკოსები: ელეფთერ ანდრონიკაშვილი და გიორგი ხარაძე.

სამეცნიერო კვლევა-ძიება

რედაქტირება

ფიზიკის ინსტიტუტმა თანამედროვე სამეცნიერო პოტენციალი შეიძინა პროფესორ ელეფთერ ანდრონიკაშვილის ძალისხმევით. ელეფთერ ანდრონიკაშვილი ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა თითქმის 40 წლის განმავლობაში და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ფუძემდებლური ექსპერიმენტების წყალობით - თხიერი ჰელიუმის ზედენადი თვისებების შესწავლისას.

1992 წლიდან ფიზიკის ინსტიტუტს მიღებული აქვს 90-ზე მეტი საერთაშორისო, 100-ზე მეტი ადგილობრივი და 50-ზე მეტი ინდივიდუალური გრანტი.

ფიზიკის ინსტიტუტში 1959-1990 წლებში ფუნქციონირებდა ბირთვული რეაქტორი, ხოლო 1959-1986 წლებში კი კოსმოსური სხივების შემსწავლელი მაღალმთიანი ლაბორატორია ცხრაწყაროს უღელტეხილზე.

პირველი საერთაშორისო კონფერენცია ინსტიტუტში 1955 წელს ჩატარდა, მას შემდეგ ფიზიკის ინსტიტუტი სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებებში იღებს მონაწილეობას. ფიზიკის ინსტიტუტი ყოველწლიურად საშუალოდ 125-მდე ნაშრომს აქვეყნებს. ინსტიტუტი წარმატებით თანამშრომლობს წამყვან უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ცენტრებთან (ბრაზილია, ჩეხეთი, ლატვია, იაპონია, უკრაინა).

 
ჯუმბერ ლომინაძე, ნოდარ ცინცაძე, ელეფთერ ანდრონიკაშვილი, ალბერტ თავხელიძე და დევი ღარიბაშვილი

ინსტიტუტის მეცნიერები ჩართული არიან მაგალითად, ისეთ საერთაშორისო პროექტებში, როგორიცაა: ბირთვული გამოკვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN — ცერნი, შვეიცარია, ჟენევა) დიდ ადრონულ ამაჩქარებელზე (LHC) მიმდინარე ATLAS ექსპერიმენტი. ინსტიტუტი აგრეთვე აქტიურად თანამშომლობს ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტთან (დუბნა) და ჰელსინკის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან (ფინეთი).

ადგილობრივი და საერთაშორისო გრანტების საფუძველზე, ინსტიტუტის მეცნიერები მუშაობენ გამოყენებითი კვლევების მიმართულებითაც. მაგალითად, ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა: ავტოტრანსპორტის მავნე, ტოქსიკური გამონაბოლქვის შემცირება ნანოტექნოლოგიის კომბინირებული მეთოდების გამოყენებით, რადიაციულად მდგრადი კონსტრუქციული კერამიკის დამუშავება ექსტრემალურ პირობებში მომუშავე ფრიქციული კვანძებისათვის (საცდელი ნიმუშის შექმნა და გამოცდა) და სხვა.

1951-1988 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი იყო აკადემიკოსი, ელეფთერ ანდრონიკაშვილი.

სწორედ ამ პერიოდში ანდრონიკაშვილმა თავის მოწაფეებთან ერთად პირველმა შეისწავლა კოსმოსური სხივების ნაწილაკებით გამოწვეული ურთიერთქმედების პროდუქტების განივი იმპულსები, რამაც შესაძლებლობა მისცა მათ დაესვათ საკითხი ელემენტარული ნაწილაკების შინაგანი სტრუქტურის არსებობის შესაძლებლობის შესახებ. ეს ფუნდამენტური შედეგები შევიდა რამდენიმე ენციკლოპედიური და მონოგრაფიული ხასიათის გამოცემაშიც.

 
ვიკა სირაძე და ელეფთერ ანდრონიკაშვილი ფიზიკის ინსტიტუტში

ელეფთერ ანდრონიკაშვილის ხელმძღვანელობით, ფიზიკის ინსტიტუტის რეაქტორთან შეიქმნა მსოფლიოში პირველი ინდიუმ-გალიუმის რადიაციული კონტური - გამა სხივების მძლავრი წყარო. პროფესორის ხელმძღვანელობით შემუშავდა რეაქტორის ცივი მარყუჟები, რომლებშიც ხდება დაბალი ტემპერატურის მქონე ნიმუშების დასხივება. ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო ახალი მიმართულების - დაბალტემპერატურული რადიაციული მასალათმცოდნეობის ჩამოყალიბებას, რომელშიც ფიზიკის ინსტიტუტს წამყვანი როლი ეკუთვნოდა საბჭოთა კავშირში. ამ მიღწევის შემდგომ ელეფთერ ანდრონიკაშვილი დაინიშნა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის მყარი სხეულების რადიაციული ფიზიკის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე.

ელეფთერ ანდრონიკაშვილის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით ფიზიკის ინსტიტუტში შეიქმნა უზუსტესი კალორიმეტრები, რამაც შესაძლებელი გახადა ბიომაკრომოლეკულების ფიზიკისადმი თერმოდინამიკური მიდგომის განხორციელება.

 
ნილს ბორი და ელეფთერ ანდრონიკაშვილი

1969 წელს ფიზიკის ინსტიტუტს მიენიჭა შრომის წითელი დროშის ორდენი კოსმოსური სხივების ფიზიკის სფეროში მიღწეული წარმატებებისათვის და მაღალკვალიფიციური სამეცნიერო პერსონალის მომზადებისათვის. ფიზიკის ინსტიტუტს სამეცნიერო ვიზიტით ეწვივნენ ისეთი გამოჩენილი მეცნიერები, როგორებიც იყვნენ: მსტისლავ კელდიში [1] და ნილს ბორი [2].

1988–2006 წლებში ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი იყო აკადემიკოსი გიორგი ხარაძე.

ბირთვული რეაქტორი

რედაქტირება

ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის, აკადემიკოს ელეფთერ ანდრონიკაშვილის ინიციატივით, თბილისის მახლობლად, კერძოდ სოფელ მუხათგვერდთან 1957 წელს დაიწყო ფიზიკის ინსტიტუტის კვლევითი ბირთვული რეაქტორის მშენებლობა, ხოლო 1959 წლის 21 ნოემბერს მოხდა მისი ოფიციალური გახსნა. მას შემდეგ რამდენჯერმე განხორციელდა აღნიშნული რეაქტორის რეკონსტრუქცია, რომლის დროსაც გაძლიერდა მისი სიმძლავრე.

1990 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დადგენილებით ბირთვულმა რეაქტორმა შეწვიტა ფუნქციონირება ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილის უარყოფითი დამოკიდებულების გამო და რეაქტორის აქტიურ ზონიდან ბირთვული საწვავი იქნა ამოღებული, ხოლო 1998 წელს საქართველოდან მთლიანად გატანილ იქნა რეაქტორზე დარჩენილი, როგორც გამოყენებული, აგრეთვე გამოუყენებელი ბირთვული საწვავი.

ინსტიტუტის სტრუქტურა

რედაქტირება

ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში 189 თანამშრომელი მუშაობს, აქედან 104 მეცნიერ-თანამშრომელია. ინსტიტუტში მოქმედებს ხუთი სამეცნიერო განყოფილება, აგრეთვე ბიბლიოთეკა და მექანიკური სახელოსნო.

ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის შენობა თავდაპირველად თბილისში, ლადო გუდიაშვილის მოედანზე მდებარეობდა, შემდგომში თამარაშვილის ქუჩაზე ინსტიტუტისთვის აშენდა სპეციალური შენობა.

დირექტორები

რედაქტირება
სახელი ვადის დასაწყისი ვადის დასასრული
ელეფთერ ანდრონიკაშვილი 1951 1988
გიორგი ხარაძე 1988 2006
გელა გელაშვილი 2006 დღემდე

სამეცნიერო თანამშრომლობა

რედაქტირება

1985 წლიდან დღემდე მიმდინარეობს აქტიური ურთიერთთანამშრომლობა თსუ-ს ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტსა და ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიის პლაზმის ფიზიკის ინსტიტუტს შორის (ტოკამაკის პლაზმის ფიზიკაში), განახლება ხდება ყოველ 5 წელიწადში.

სამეცნიერო მიმართულება/კვლევა

რედაქტირება

ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის მიზანს წარმოადგენს სამეცნიერო კვლევები თეორიული, ექსპერიმენტული და გამოყენებითი ფიზიკის ძირითადი მიმართულებებით:

თანამედროვე ვითარება

რედაქტირება

ამჟამად ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენლობაშია [3][4], როგორც დამოუკიდებელი სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი. 2006 წლიდან დღემდე, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორია, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, გელა გელაშვილი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • იშხნელი ვ. „ფიზიკოსების შესახებ“, 1980 წ.
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.1.-თბ., 1975 წ. - გვ.449
  • ენციკლოპედია „თბილისი“: თბ., 2002 წ. - გვ.870

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. First President of the Georgian Academy of Sciences Nikoloz Muskhelishvili and President of the USSR Academy of Sciences Mstislav Keldysh in the Institute of Physics, 1967.
  2. Niels Bohr in the Institute of Physics, 1961.
  3. Ministry of Education and Science of Georgia. სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებები დაარქივებული 2015-06-17 საიტზე Wayback Machine. (науково-дослідні установи) (ქართ.)
    სსიპ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებად რეორგანიზებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები
    2010 წელს:

    ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტი
    На відповідній англомовній сторінці Scientific Research Institutions დაარქივებული 2015-06-17 საიტზე Wayback Machine. немає жодного науково-дослідного інституту
  4. Ivane Javakhishvili Tbilisi State University. Institutes and Centers დაარქივებული 2015-06-17 საიტზე Wayback Machine.