სამუელ ეტო’ო

(გადამისამართდა გვერდიდან სამუელ ეტოო)

სამუელ ეტო’ო ფილსი (დ. 10 მარტი, 1981, დუალა, კამერუნი) — კამერუნელი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. ეტოოს უთამაშია ისეთ კლუბებში, როგორიცაა: „რეალი“, „ბარსელონა“, „ინტერი“, „ჩელსი“, „ევერტონი“ და ა.შ. 2003, 2004, 2005 და 2010 წლებში მოიპოვა აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება. ასევე დაიკავა მესამე ადგილი ფიფა-ს წლის ფეხბურთელის ტიტულის ნომინანტთა შორის 2005 წელს.

სამუელ ეტო’ო
ეტოო 2011 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
სამუელ ეტოო ფილსი
დაბადების
თარიღი
10 მარტი, 1981 (1981-03-10) (43 წლის)
დაბადების
ადგილი
დუალა, კამერუნი
სიმაღლე 180 სმ.
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
1992-1996 კაჯის სპორტული აკადემია
1996-1997 რეალი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1997-2000 რეალ მადრიდი 3 (0)
1997-1998   ლეგანესი 30 (4)
1999   ესპანიოლი 0 (0)
2000   მალიორკა 19 (6)
2000-2004 მალიორკა 120 (48)
2004-2009 ბარსელონა 145 (108)
2009-2011 ინტერი 67 (33)
2011-2013 ანჟი 53 (25)
2013-2014 ჩელსი 21 (9)
2014-2015 ევერტონი 14 (3)
2015 სამპდორია 18 (2)
2015-2018 ანთალიასფორი 76 (44)
2018 კონიასფორი 13 (6)
2018-2019 კატარ სკ 17 (6)
სულ 587 (293)
ეროვნული ნაკრები
2000 კამერუნი 23 წლ. 6 (1)
1997-2014 კამერუნი 118 (56)
სამწვრთნელო კარიერა
2015-2016 ანთალიასფორი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

„ბარსელონაში“ გატარებული 5 სეზონის მანძილზე ეტოომ 100-ზე მეტი გოლის გატანა მოახერხა. ის არის ლა ლიგის რეკორდსმენი, როგორც აფრიკელ ფეხბურთელთა შორის ყველაზე მეტი ჩატარებული მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში. ეტოო გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ე.წ. ტრებლის (ჩემპიონატი, თასი, ჩემპიონთა ლიგა) მოგება ზედიზედ ორ სეზონში შეძლო (2009 წელს „ბარსელონაში“ და 2010 წელს „ინტერში“). ის გახდა ისტორიაში მეორე ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ორ ფინალში შეძლო გოლის გატანა. ასევე ის არის იმ ოთხ ფეხბურთელთა (ჟერარდ პიკე, პაულო სოუსა და მარსელ დესაი) შორის, რომელთაც ზედიზედ შეძლეს ჩემპიონთა ლიგის მოგება სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში.

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

1996 წელს ეტოო შეუერთდა „მადრიდის რეალს“, თუმცა მხოლოდ მეორე გუნდთან ერთად უწევდა ვარჯიში. „რეალ მადრიდ ბ“ ესპანეთის რანგით მესამე ჩემპიონატში დაქვეითდა, სადაც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეებს არ ჰქონდათ თამაშის უფლება. ამის გამო ეტოო 1997 წელს „ლეგანესში“ არენდით გადავიდა, სადაც 30 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა. 1999 წელს ასევე არენდით კამერუნელი კატალონიურ „ესპანიოლში“ ჩაირიცხა, თუმცა ვერცერთი მატჩის ჩატარება ვერ მოახერხა.

2000 წელს სამუელ ეტოო იჯარის წესით ლა ლიგაში მოასპარეზე „მალიორკაში“ გადავიდა, სადაც 19 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა. სეზონის დასრულების შემდეგ კლუბმა კამერუნელი 4.4 მილიონ გირვანქა სტერლინგად გამოისყიდა. ეტოომ გუნდში 2004 წლამდე ითამაშა, ჩაატარა 120 შეხვედრა და გაიტანა 48 გოლი. ასევე გახდა ესპანეთის სამეფო თასის გამარჯვებული 2003 წელს, რომლის ფინალშიც „რეკრეატივოს“ წინააღმდეგ დუბლის შესრულება მოახერხა. ის კლუბის ისტორიაში დღემდე ყველაზე მეტი გოლის ავტორია.

 
ეტოო ჩემპიონთა ლიგის ფინალში პატრის ევრას წინააღმდეგ, 2009

ბარსელონა

რედაქტირება

2004 წლის ზაფხულში სამუელ ეტო’ო „ბარსელონაში“ გადავიდა. კლუბმა მის სანაცვლოდ 24 მილიონი ევრო გადაიხადა. მისი დებიუტი შედგა 29 აგვისტოს ლა ლიგის პირველ ტურში, „სანტანდერის რასინგის“ წინააღმდეგ. პირველივე სეზონში ეტოომ ლა ლიგის მოგება მოახერხა. 2005-2006 წლების სეზონი კიდევ უფრო წარმატებული გამოდგა. კამერუნელი გახდა ესპანეთის ჩემპიონატის, ესპანეთის სუპერთასისა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. ასევე მოიპოვა ლა ლიგის ბომბარდირის ტიტული. 2006 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში „არსენალის“ წინააღმდეგ ეტოომ მოახერხა გოლის გატანა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ მატჩი 2-1 დასრულდა.

მომდევნო წელი საკმაოდ წარუმატებლად დაიწყო, ვინაიდან ეტოომ სექტემბერში „ვერდერის“ წინააღმდეგ მენისკის ტრავმა მიიღო. კამერუნელს თითქმის ხუთი თვე დასჭირდა სრულად გამოსაჯანმრთელებლად. აღნიშნული სეზონი წარუმატებელი გამოდგა გუნდისთვისაც, რადგან „ბარსელონამ“ ვერცერთი ტიტულის მოპოვება ვერ შეძლო 2007 წელს. ასევე 2007-2008 წლების სეზონიც უტიტულო აღმოჩნდა ესპანური გუნდისთვის.

2008 წლის ზაფხულში გუნდში ხოსეპ გვარდიოლა მოვიდა. მან სრულიად ახალი „ბარსელონა“ ჩამოაყალიბა, რომლის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო სამუელ ეტოო. კამერუნელმა ლიონელ მესისა და ტიერი ანრისთან ერთად შეკრა თავდასხმის ტრიო, რომელმაც ჯამში ზუსტად 100 გოლის გატანა მოახერხა. 25 ოქტომბერს ეტოომ კლუბის ისტორიაში უსწრაფესი ჰეტ-ტრიკი შეასრულა (23 წუთში 3 გოლი) „ალმერიას“ წინააღმდეგ. მალევე, 8 ნოემბერს მან „ვალიადოლიდის“ წინააღმდეგ პირველივე ტაიმში შეძლო 4 გოლის გატანა. ჯამში ესპანეთის ჩემპიონატში 30 გოლის გატანა მოახერხა და მხოლოდ დიეგო ფორლანს ჩამორჩა პიჩიჩისთვის (ესპანეთის ჩემპიონატის ბომბარდირი) ბრძოლაში. ეტოოს უკანასკნელი მატჩი „ბარსელონაში“ ჩემპიონთა ლიგის ფინალი იყო 2009 წელს, „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ, სადაც ანგარიშის გახსნა მოახერხა. საბოლოოდ მატჩი 2-0 დასრულა და ესპანური გუნდი ტრებლის მფლობელი გახდა.

2009 წლის ზაფხულში „ბარსელონამ“ „ინტერს“ ზლატან იბრაჰიმოვიჩის სანაცვლოდ 46 მილიონი ევრო გადაუხადა. ასევე თანხას კამერუნელი ფეხბურთელი დაუმატა და შედეგად ის იტალიური კლუბის რიგებში ჩაირიცხა. პირველივე სეზონი ეტოოსთვის წარმატებული გამოდგა, მან წინა სეზონის მსგავსად ყველა ტურნირის მოგება მოახერხა. 2010 წლის ზაფხულში გუნდი დატოვა ტრიუმფატორმა ჟოზე მოურინიომ, რის შემდეგაც გუნდმა რეგრესი დაიწყო. რაფაელ ბენიტესმა ვერ შეძლო წინამორბედის მსგავსი შედეგების ჩვენება, რის გამოც თანამდებობა ახალ წლამდეც კი ვერ შეინარჩუნა. თუმცა კონკრეტულად სამუელ ეტოოსთვის 2010-2011 წლების სეზონი კარგი გამოდგა, ვინაიდან წინა სეზონთან შედარებით 21 გოლით მეტი გაიტანა (37) და 8 ასისტით მეტი გააკეთა (15).

2011 წლის 23 აგვისტოს სამუელ ეტოო „მაჰაჩყალის ანჟიში“ გადავიდა, რომელიც მილიარდელმა სულეიმან კერიმოვმა შეიძინა. ამის შემდგომ კლუბში სენსაციური ტრანსფერები გაკეთდა, როგორცაა ეტოოს, რობერტო კარლოსის, ლასანა დიარას და სხვა. ასევე გუნდი მზად იყო „ბარსელონასთვის“ მესის სანაცვლოდ 250 მილიონი ევრო გადაეხადა და თავად არგენტინელისთვის უდიდესი ხელფასი დაენიშნა, თუმცა მესიმ მშობლიურ კლუბში დარჩენა ამჯობინა. ეტოო კლუბის ბომბარდირი გახდა ორჯერ, რის შემდეგაც 2013 წელს გუნდი დატოვა.

ამის შემდეგ იყო „ჩელსი“, „ევერტონი“, „სამპდორია“. ახლა კი კამერუნელი თურქულ „ანტალიასპორში“ თამაშობს. 2015 წლის 7 დეკემბრიდან 2016 წლის 6 იანვრამდე ანტალიასპორში მოთამაშე-მწვრთნელის ფუნქცია ჰქონდა, სანამ მთავარ მწვრთნელად ჟოზე მორაეში დაინიშნებოდა.

ტიტულები და მიღწევები

რედაქტირება

მალიორკა

  • კოპა დელ რეი (1): 2003

ბარსელონა

  • ლა ლიგა (3): 2004-2005; 2005-2006; 2008-2009
  • კოპა დელ რეი (1): 2008-2009
  • ესპანეთის სუპერთასი (2): 2005; 2006
  • უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა (2): 2005-2006; 2008-2009

ინტერი

  • სერია ა (1): 2009-2010
  • კოპა იტალია (1): 2009-2010
  • იტალიის სუპერთასი (1): 2010-2011
  • ფიფა-ს საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი (1): 2010
  • უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა (1): 2009-2010

ჩელსი

  • უეფა-ს სუპერთასი: ფინალისტი: 2013

სანაკრებო

რედაქტირება

კამერუნი

  • აფრიკის ერთა თასი (2): 2000; 2002
  • ოლიმპიადა-ოქროს მედალი (1): 2000

ინდივიდუალური

რედაქტირება
  • წლის საუკეთესო ახალგაზრდა აფრიკელი ფეხბურთელი (1): 2000
  • წლის საუკეთესო აფრიკელი ფეხბურთელი (4): 2003; 2004; 2005; 2010
  • ფიფპრო საუკეთესო თერთმეტეული (2): 2005; 2006
  • უეფა-ს წლის გუნდი (2): 2005; 2006
  • ფიფა-ს ოქროს ბურთი - მესამე ადგილი (1): 2005
  • აფრიკის ერთა თასის ბომბარდირი (2): 2006; 2008
  • ლა ლიგის ბომბარდირი (1): 2006
  • ჩემპიონთა ლიგის ფინალის საუკეთესო ფეხბურთელი (1): 2006
  • უეფა-ს წლის თავდამსხმელი (1): 2006
  • ფიფა-ს საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს ბურთი (1): 2010
  • კოპა იტალიას ბომბარდირი (1): 2010-2011
  • რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი (1): 2012-2013
  • აფრიკის ერთა თასის ყველა დროის ბომბარდირი
  • მალიორკას ყველა დროის ბომბარდირი
  • კამერუნის ყველა დროის ბომბარდირი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: