სამეცნიერო პოეზია

სამეცნიერო პოეზიაფრანგი კრიტიკოსისა და პოეზიის თეორეტიკოსის — რენე გილის მიერ შემუშავებული თეორია; წარმოადგენს ლიტერატურის (პოეზიის) ერთგვარ სახეს, რომელიც თავის პოეტურ ნარატივში სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის მოტივებს იყენებს. თუმცა კი, სამეცნიერო პოეზია, როგორც ერთგვარი მხატვრული ლიტერატურა, ჯერ კიდევ ცნობილი იყო მრავალი საუკუნით ადრე: 2100 წლის წინ ტიტუს ლუკრეციუს კარუსმა დაწერა პოემა „საგანთა ბუნებისათვის“, რომელშიც მწყობრ პოეტურ ფორმაში ასახა თავისი თეორია. ეს ნაწარმოები თითქმის მთლიანად მისი ავტორის მეცნიერული იდეების პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად. იგივე შეიძლება ითქვას ვერგილიუსის გეორგიკებზეც.

ემილ ზოლას ექსპერიმენტული რომანის მსგავსად, რენე გილი შეეცადა მიესადაგებინა ლიტერატურა სამეცნიერო მიღწევებისთვის. იგი ამით დაუპირისპირდა სიმბოლიზმს. ამ თეორიას იყენებდნენ ჟიულ რომენი და ნაწილობრივ — დიუმაელი — პოეტური უნანიმიზმის განსავითარებლად. აღსანიშნავია, რომ ამგვარი ტენდენცია მჭიდროდ უკავშირდება ევროპული რაციონალიზმის განვითარებას.

რენე გილი მიიჩნევდა, რომ პოეტებისთვის იდეოლოგიის წყარო, თემები, ფორმები და სიტყვების მარაგი უნდა გამხდარიყო სამეცნიერო მსოფლმხედველობა და არა — „მოძველებული მითოლოგია“. მისი აზრით, სამეცნიერო პოეზიის მიზანი უნდა იყოს არა მხოლოდ სამეცნიერო აღმოჩენების ლექსების ფორმაში გადმოტანა და ასახვა, არამედ მეცნიერების ახალი იდეებით გამდიდრებაც. ეს პოეზია უნდა გახდეს აზრების გამომვლენელი, დამბადებელი: მხოლოდ ცოცხალი გამოვლინებით, ცოცხალი ფორმით, და არა — სქემატურად. მის თემად მიიჩნევა თანამედროვე ცხოვრება, რომლის მეშვეობითაც არა მხოლოდ უნდა აღიწეროს, არამედ გაანალიზდეს კიდეც ჩვენ გარშემო არსებული სამყარო. სხვა სახის პოეზიისგან განსხვავებით, სამეცნიერო პოეზიის შექმნის დროს არსებითი უნდა იყოს გამომგონებლითი აზრი და არა ემოციები ან განწყობა. ამ მიმართულების საპროგრამო ტრაქტატად იქცა „ტრაქტატი სიტყვის შესახებ“ („Traité du verbe“) (1886 წელი).

მეცნიერებისა და ხელოვნების გაერთიანებას ღრმა ფესვები აქვს. რენე გილი ასახელებს სამეცნიერო პოეზიის წინამორბედ ავტორებად ლუკრეციუსს, გოეთესა და შილერს. რენე არკოსი მე-19 საუკუნემდელ პოეტებად, რომლებიც სამეცნიერო პოეზიას ქმნიდნენ, კულტურებისა და ქრონოლოგიის მიხედვით ასახელებს ავტორებს: ძველ საბერძნეთში პარმენიდეს, ემპედოკლეს; რომში: ლუკრეციუსს, მანოლიოსსა და პრუდენციუსს; შუა საუკუნეებში — გოტიე დე მეცს; მე-16 საუკუნეში: დიუ-ბარტსა და აგრიპა დ’ობინიესს; მოგვიანებით გერმანიაში: გოეთეს, ინგლისში: შილერს; საფრანგეთში: ემილ ვერჰარნს. ტიპურ, კლასიკურ სამეცნიერო პოეზიის ჟანრში წერდნენ რენე არკოსი, ჟ. დიუმელა, ჟიულ რომენი, შარლ ვილდრაკი. ყველაზე წარმატებულ კრებულად მიიჩნევა ემილ ვერჰარნის „La Multiple Splendeur“, რომელიც პრაქტიკულად გვიჩვენებს სამეცნიერო პოეზიის შესაძლებლობას ყოფიერებაში.

რენე გილისა და მისი მიმდევრების წყალობით ეს თეორია ესთეტიკური თეორიის სიმაღლემდე ავიდა, მაგრამ თვით მხატვრული შემოქმედება წარმატებული არ ყოფილა. რენე გილმა თვითონვე შეთხზა ეპოპეა „CEuvre“, რომელშიც აღწერდა მოვლენებს დედამიწის შექმნის პირველი კოსმოლოგიური პროცესებიდან თამანედროვე სოციალურ ცხოვრებამდე. პოეტური თვალსაზრისით ეპოპეა არ აღმოჩნდა წარმატებული ნარაცივის ენის სიმძიმის გამო.

რუსული სამეცნიერო პოეზია

რედაქტირება

რუსულ ლიტერატურაში სამეცნიერო პოეზიის ელემენტებს ვხვდებით მიხეილ ლომონოსოვის რამდენიმე ლექსში: „დილის ფიქრები ღმერთის დიდებულებაზე“ („Утреннее размышление о божием величестве“), „საღამოს ფიქრები ღმერთის დიდებულებაზე“ („Вечернее размышление о божием величестве“), „წერილი მინის გამოყენების შესახებ“ („Письмо о пользе стекла“). ასევე, სამეცნიერო პოეზიის ნიმუშების მოძებნა შეიძლება ვალერი ბრიუსოვის შემოქმედებაშიც: „სამყარო ელექტრობის“ („Мир электрона“) და სხვა.[1]

  1. В.Я. Брюсов, Литературная жизнь Франции. Научная поэзия.http://dugward.ru/library/brusov/brusov_literaturnaya_jizn.html