ეპოპეა
ეპოპეა (ძვ. ბერძნ. ἐποποιΐα, epopoiïa < ἔπος, epos – სიტყვა, თხრობა და ποιέω, poieō – შექმნა) — პოეტური ეპოსის, პოემის სახეობა, ვრცელ ამბავზე აგებული ეპიკური ჟანრის ნაწარმოები.
ეპოპეაში ასახულია დიდმნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენები, გმირთა თავგადასავალი, რომლებიც გაერთიანებულია საერთო კომპოზიციით. ეპოპეის ნიმუშებია: ჰომეროსის „ილიადა“, „ოდისეა“, ქართულ ლიტერატურაში — „ამირანდარეჯანიანი“, „ვეფხისტყაოსანი“.
ეპოპეას ახასიათებს სიტუაციების სირთულე, პერსონაჟების სიმრავლე, მძაფრი დრამატული კონფლიქტები, ასახვის ფართო მასშტაბი და მრავალმხრივობა, რაც შუა საუკუნეების დასასრულიდან ნიშანდობლივი გახდა რომანისათვის. ეპოპეას უწოდებენ ისტორიულ რეალობაზე აგებულ ვრცელ პროზაულ ნაწარმოებსაც (ლ. ტოლსტოის „ომი და მშვიდობა“, კ. გამსახურდიას „დავით აღმაშენებელი“ და სხვ.).
ლიტერატურა
რედაქტირება- ალანია ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 29.