რუსუდან ფეტვიაშვილი

რუსუდან ფეტვიაშვილი (დ. 25 იანვარი, 1968) — ქართველი მხატვარი. შექმნილი აქვს „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები. ნამუშევრებს ქმნის უნიკალური ტექნიკით: ერთი ხელის მოსმის, სახატავი ზედაპირიდან ხელის აუღებლად.

რუსუდან ფეტვიაშვილი
დაიბადა 25 იანვარი, 1968 (1968-01-25) (56 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
საიტი http://www.petviashvili.net/

ძირითადად ცხოვრობს და მუშაობს თბილისში, წელიწადში რამდენიმე თვეს კი ბერლინში, ჟენევასა და პარიზში ატარებს, სადაც სტუდია აქვს.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ბავშვობა და ოჯახი

რედაქტირება

რუსუდან ფეტვიაშვილი თბილისში 1968 წლის 25 იანვარს ხელოვანების ოჯახში დაიბადა. მამამისი, ვახტანგ ფეტვიაშვილი, მოქანდაკე იყო, დედამისი, მანანა აბრამიშვილი კი – პოეტი და დრამატურგი.

რუსუდანმა ხატვის ნიჭი ადრეული ბავშვობიდანვე გამოამჟღავნა. მან ხატვა წლინახევრის ასაკში დაიწყო. მშობლები ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ მისი ნიჭის თვითმყოფადობა, არ დაეთრგუნათ და არანაირ ჩარჩოებში არ მოექციათ. პატარა რუსუდანს შეეძლო ნახშირით ან ფანქრით პირდაპირ სახლის კედლებზე ეხადა.

მამის მხრიდან რუსუდანის წინაპრები ფიზიკოსები იყვნენ. მისი ბებია სსსრ-ს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის განყოფილებას ხელმძღვანელობდა და აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო. რუსუდანის ბიძა, ვლადიმერ ფეტვიაშვილი, ცნობილი ფიზიკოსია, კადომცევი-ფეტვიაშვილის განტოლების თანაავტორი და კურჩატოვის მედლის ლაურეატი. დედის მხრიდან, მხატვრის წინაპრების ჩვიდმეტი თაობა სასულიერო პირები იყვნენ.

რუსუდანს ჰყავს ორი და და ორი ძმა, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება ასევე ხელოვნებას დაუკავშირეს: მარიამი მხატვარია, ასევე მუშაობს მინანქარზე და თექაზე, სალომე დიზაინერია, გიორგი ბიზნესმენია და რუსუდანის გამოფენებს უწევს ორგანიზებას, დემეტრე კი, მამის მსგავსად, მოქანდაკე გახდა.

1990 წელს რუსუდანი თეიმურაზ ბადრიაშვილზე დაქორწინდა.

ადრეული გამოფენები

რედაქტირება

რუსუდანს პირველი პერსონალური გამოფენა ექვსი წლის ასაკში ჰქონდა. გამოფენაზე წარდგენილი მისი დაახლოებით ასი ნამუშევარი უნიკალური ტექნიკით იყო შესრულებული: ერთი ხელის მოსმით, ფურცლიდან ხელის აუღებლად. 1977 და 1981 წლებში მხატვარს პერსონალური გამოფენები ჰქონდა მოსკოვში. 14 წლის ასაკში მან თავისი ნამუშევრები წარადგინა საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის პარიზში.

შეხვედრა მარგარეტ ტეტჩერთან

რედაქტირება

1987 წელს, პირველად უკანასკნელი 12 წლის მანძილზე, მარგარეტ ტეტჩერი ოფიციალური ვიზიტით ეწვია სსრკ-ს. მან მოსკოვის გარდა, კავშირის სხვა ქალაქების ნახვის სურვილი გამოთქვა და არჩევანი თბილისზე შეაჩერა. საქართველოში ჩამოსული ტეტჩერი ხელოვნების მუზეუმს ეწვია, ძველი თბილისი მოინახულა და რუსუდან ფეტვიაშვილს შეხვდა, რომელმაც მას თავისი ერთ-ერთი ნახატი აჩუქა.

სამხატვრო აკადემიაში სწავლის პერიოდი

რედაქტირება

ფეტვიაშვილი თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა, სადაც იგი გამოცდების გარეშე მიიღეს. სტუდენტობის პერიოდში მან არაერთი გამორჩეული ნამუშევარი შექმნა. რუსუდანის ილუსტრაციებით არაერთი წიგნი გამოიცა, მათ შორის ქართული ხალხული ზღაპრები და შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“. ეს უკანასკნელი მისი სადიპლომო ნამუშევარი გახდა.

სამების ოთხთავის ილუსტრაციებზე მუშაობა

რედაქტირება

სრულიად საქართველოს პატრიაქრი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 1984-2004 წლებში თეოლოგების, მეცნიერებისა და ხელოვანების ჯგუფი უდიდესი ქართულენოვანი ხელნაწერი სახარების შექმნაზე მუშაობდა. ხელოვანთა ჯგუფს რუსუდანი ხელმძღვანელობდა,[1] იგი მათეს სახარებისთვის მინიატურებს თითქმის სამი წლის მანძილზე ქმნიდა. ამჟამად სახარება, რომელიც ნუსხურითაა შესრულებული, ხბოს ტყავის პერგამენტზეა შექმნილი და ას კილოს იწონის, თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარშია გამოფენილი.[2]

ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობა

რედაქტირება

2017 წელს რუსუდანმა ითანამშრობლა გერმანულ კერამიკისა და ჭურჭლის ბრენდთან Villeroy & Boch. კომპანიამ მისი ნახატებით გაფორმებული ფაიფურის ჭურჭელი შექმნა, რომლის შეზღუდულ გამოშვებას ეწოდა „სიყვარული და ჰარმონია ურთიერთობაში“. კომპანიის ხელმძღვანელმა, ნიკოლას ვილეროიმ აღნიშნა, რომ „რუსუდანის ნატიფი ფერები და გამორჩეული ტექნიკა მათ ჭურჭელს უნიკალურობას სძენს.“[3]

2020 წელს რუსუდანმა ითანამშრომლა შვეიცარიულ საათების ბრენდთან Jaquet Droz. ბრენდმა Grand Feu-ის ემალიზაციის მეთოდით შექმნა ექსკლუზიური მაჯის საათი, რომლის ციფერბლატზეც დატანილია რუსუდანის ნახატი „ქალი ფრინველით“.[4] ნამუშევარი ექსკლუზიურად საათის ამ მოდელისთვის შეიქმნა.[4]

რუსუდან ფეტვიაშვილის ყველა ნამუშევარი შესრულებულია ერთი ტექნიკით: სახატავი ზედაპირიდან ხელის აუღებლად, ერთი ხელის მოსმით.

აღიარება

რედაქტირება

რუსუდან ფეტვიაშვილის ნამუშევრები გამოფენილია ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში (თბილისი), აჭარის ხელოვნების მუზეუმში (ბათუმი) და ქუთაისის ხელოვნების მუზეუმში.

მხატვრის ნახატები ინახება ისეთი პოლიტიკური ლიდერების საოჯახო კოლექციებში, როგორებიც არიან ჯორჯ უ. ბუში, ედუარდ შევარდნაძე, ილჰამ ალიევი, მარგარეტ ტეტჩერი, მწერალი და სცენარისტი ტონინო გუერა, დიპლომატები რიჩარდ მაილსი და ფაბრიციო რომანო.

1981 წელს სენტ-იორში (საფრანგეთი) საგანგებო პრეს-კონფერენცია რათა შეესწავლათ ფენომენი, რომელსაც რუსუდან ფეტვიაშვილის ნახატები ეწოდება.[5]

რუსუდან ფეტვიაშვილი შესულია წიგნში „XX საუკუნის ორი ათასი გამოჩენილი პიროვნება“, რომელიც კემბრიჯის ბიოგრაფიულმა ცენტრმა გამოაქვეყნა.[5]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება