პოლდერი (ნიდერლ. polder) — სანაპიროს ამოშრობილი და დამუშავებული მიწის მონაკვეთი, რომელიც ჩვეულებრივ განლაგებულია ზღვის დონეზე დაბლა და გარშემო არსებული წყლებისგან დაცულია ნაყარით, ჯებირითა და სხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობებით.[1] პოლდერებში გრუნტის წყლების დონე რეგულირდება დრენაჟული მოწყობილობებით. მათთვის დამახასიათებელია ნიადაგის მაღალი ლამიანი ნოყიერება. ზღვის დონეზე დაბლა მდებარე ნიადაგის აღდგენისათვის წყალი ჯებირის გავლით უნდა იქნას ამოტუმბული.

პოლდერი (გერმანია)
პოლდერი. სოფელი კინდერდეიკი

შეიცავს დიდი რაოდენობით მარილს, რის გამოც მცენარულობა მასზე არ ხარობს. მარილების თავიდან ასაცილებლად იყენებენ სადრენაჟო საშუალებებს. პოლდერი ძირითადად გავრცელებულია ჩრდილოეთი ზღვის სანაპიროზე (ნიდერლანდები, დანია, გერმანია, ბელგია), აგრეთვე პოლონეთში, იაპონიაში და აშშ-ის ატლანტური სანაპიროს ზოგიერთ რაიონში. ბანგლადეშში 123 პოლდერია განლაგებული. პოლდერები ნიშანდობლივია ასევე შავი ზღვის უკრაინის სანაპიროსათვის, კერძოდ, კუგურლუისა და კატლაბუხის ტბებისთვის. რუსეთის პოლდერული სავარგულების 80% განლაგებულია კალინინგრადის ოლქის ფარგლებში.[2]

უმსხვილესი პოლდერები შეიქმნა ზეიდერზეეს პროექტის ფარგლებში ნიდერლანდებში, სადაც სპეციალურად არის აშენებული მრავალი კაშხალი და ჯებირი, რომლებიც სანაპირო დაბლობს დატბორვისაგან იცავს. პოლდერების ყველაზე კარგი მაგალითია ეისელმერის ტბის სანაპიროზე არსებული პოლდერების სისტემა. საერთო ჯამში ნიდერლანდებში დაახლოებით 3000-მდე პოლდერია. პირველი პოლდერები XI საუკუნეში ააშენეს. ჩაუძირავი და ჩაძირვადი პოლდერები ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ნებისმიერი სახის პოლდერი სასოფლო-სამეურნეო მიწების პროდუქტიულობის ამაღლების ეფექტიანი საშუალებაა.[3]

ნიდერლანდებში განასხვავებენ პოლდერების სამ ტიპს: დროგმაკერეი (რომელიც იქმნება ყოფილი ტბის, ყურის ან სხვა მუდმივი წყალსატევის ადგილას), ინდეიკინგი (შექმნილი პერიოდულად დატბორილი ტერიტორიის ადგილას, მაგალითად, მდინარის სალეკ მდელოზე ან ზღვის ფსკერზე, რომელიც შიშვლდება ვატების დროს) და ონტგინინგი (რომელიც ჭაობის ადგილას წარმოიქმნება).

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება