ლიტორალი, ლიტორალური ზონა (ლათ. litoralis — ნაპირისა) — ზღვის ფსკერის ზონა, რომელიც მიქცევისა და მოქცევის შედეგად დღე-ღამეში ორჯერ იფარება წყლით და შიშვლდება. ფსკერის დახრისა და მიქცევ-მოქცევის ამპლიტუდის მიხედვით ლიტორალი შეიძლება რამდენიმე მეტრიდან მრავალ კილომეტრამდე სიგანისა იყოს. ზოგი მკვლევარი ლიტორალს უწოდებს ზღვის ფსკერს 200 მ (მცენარეთა გავრცელების ზონა), ზოგი კი 40-50 მ (ტალღების მოქმედების ქვედა საზღვარი) სიღრმემდე.[1]

ლიტორალი განლაგებულია წყლის დონეებს შორის ყველაზე დაბალ მიქცევასა და ყველაზე მაღალ მოქცევაში. ვერტიკალის მიხედვით იყოფა სამ ნაწილად: ქვედა, — რომელიც განლაგებულია სიღრმეების ნულსა და კვადრატურული მიქცევის დონეს შორის, შუა, — კვადრატურული მიქცევისა და მოქცევის დონეებს შორის, და ზედა, — კვადრატურული და სიზიგიური მოქცევის დონეებს შორის. ლიტორალის მაღლა განლაგებულია სუპრალიტორალი, ქვევით — სუბლიტორალი. მოქცევის სიმაღლისა და ფსკერის დახრილობის გათვალისწინებით ლიტორალის სიგანე შეიძლება მერყეობდეს ასეული მეტრიდან რამდენიმე კმ-მდე. გამოყოფენ ზომიერად დაცულ, ღია ზღვის, ღია ოკეანური სანაპიროების, ლაგუნებისა და ესტუარების ლიტორალებს.[2]

გრუნტის ხასიათის მიხედვით განასხვავებენ: ლამიან, ქვიშიან, ქვიან და კლდოვან ლიტორალებს. ლიტორალური ზონისთვის დამახასიათებელია სინათლის სიუხვე, წყლის მაღალი მოძრაობა, წყლის ტემპერატურისა და მარილიანობის მკვეთრი რყევები. ლიტორალური ზონის ცოცხალი ორგანიზმები შეგუებული არიან პირობების ცვალებადობას. ქვედა ნაწილში ისინი წყლიდან მოკლე დროით შიშვლდებიან ერთხელ მოქცევის ციკლის დროს, შუაში — წყლით იფარებიან და მისგან შიშვლდებიან ორჯერ ყოველი ციკლის დროს, ზედაში — მოკლე დროით წყლით იფარებიან ერთხელ ციკლის განმავლობაში.[2]

ლიტორალის ფლორა ძირითადად შედგება ფუკუსისაგან, ფსკერის დიატომური წყალმცენარეებისაგან და სხვა. უდიდეს განვითარებას აღწევს ზომიერ სარტყელში, ტროპიკებში ხშირად მანგროთია წარმოდგენილი. ლიტორალის ფაუნის შემადგენლობაში შედის მრავალი უხერხემლო — ღრუბლები, ხავსელები, ნაწლავღრუიანები, ჭიაყელები, კიბოსნაირნი, მოლუსკები, კანეკლიანები; თევზები. ლიტორალური ფაუნა მეტად მრავალფეროვანი და მდიდარია ტროპიკებში; ეკვატორის მიმართულებით პოლუსისაკენ იგი ღარიბდება. ზოგჯერ ლიტორალს განიხილავენ როგორც ქარისმიერი ტალღების ზემოქმედების სანაპირო ზონას, ხოლო ტბებში როგორც უმაღლესი წყლის მცენარეულობის აღმოცენების ზონას. ლიტორალიდან ძველთაგან მოიპოვებენ და მოჰყავთ საჭმელი ზღვის ორგანიზმები.[2]

ტერმინი „ლიტორალი“ შემოიღეს ედვარდ ფორბზმა და სილვანუს ჩარლზ თორპ ჰენლიმ 1853 წელს.[2]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება