პოდესტა

უმაღლესი ადმინისტრაციული პირი XII–XVI საუკუნეების იტალიის ქალაქ-კომუნებში.

პოდესტა (იტალ. podestà, ლათ. potestas-დან — „ხელისუფლება“) — უმაღლესი ადმინისტრაციული პირი (აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების მეთაური) XII–XVI საუკუნეების იტალიის მრავალ ქალაქ-კომუნაში. ირჩევდნენ (როგორც წესი, სხვა ქალაქის მცხოვრებს) 6 თვიდან 1 წლამდე ვადით. XII საუკუნის მე-2 ნახევარში იმპერატორმა ფრიდრიხ I ბარბაროსამ თავის თავს მიანიჭა პოდესტას დანიშვნის უფლება, რამაც ეს თანამდებობა იმპერატორის ხელისუფლების წარმომადგენლად აქცია. ლენიანოს ბრძოლის (1176) შემდეგ ქალაქებმა კვლავ მოიპოვეს მისი არჩევის უფლება. XIII საუკუნის შუა ხანებიდან პოპოლანების წარმატებულმა ბრძოლამ ნობილების წინააღმდეგ მრავალ ქალაქში (ბოლონია, ფლორენცია და ბევრი სხვა) პოდესტას ხელისუფლების დასუსტება და ხალხის კაპიტნის ინსტიტუტის გაძლიერება გამოიწვია. XIV–XV საუკუნეებში პოდესტას მხოლოდ სასამართლო ფუნქციები გააჩნდა. XVI საუკუნის დასაწყისში ადგილი დაუთმო მოსამართლეთა კოლეგიას. შუა საუკუნეების ზოგიერთ მსხვილ იტალიურ ქალაქ-სახელმწიფოში (ვენეცია, გენუა, ფლორენცია) მათ დაქვემდებარებაში მყოფ ტერიტორიებზე არსებული ქალაქების მმართველები აგრეთვე პოდესტად იხსენიებოდნენ, მათ ცენტრალური ხელისუფლება ნიშნავდა.

პოდესტას სასახლე, პარმა

1926 წელს ფაშისტური იტალიის ქალაქებში შემოიღეს ამავე სახელწოდების უმაღლესი ადმინისტრაციული თანამდებობა, რომელსაც მთავრობის მიერ დანიშნული პირები იკავებდნენ. 1946 წლის იანვარში ფაშისტური რეჟიმის მარცხთან ერთად პოდესტას თანამდებობა გაუქმდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Рутенбург В.И. Подеста // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 20 — М., 1975.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება