პიონონო
პიონონო (ესპ. Pionono) — ესპანური ნამცხვარი გრანადის მხარიდან, რომელიც გამოირჩევა ტკბილი, სავოიარდების მსგავსი გემოთი. იგი პოპულარულია არა მხოლოდ ესპანეთში, არამედ მთელს სამხრეთ ამერიკაში, კარიბებში, სამხრეთ აფრიკასა და ფილიპინებში, რის გამოც არსებობს მისი მრავალი ვარიაცია, მათ შორის არასაკონდიტრო ვარიანტებიც. მას სახელი დაერქვა რომის პაპ პიუს IX-ის პატივსაცემად (ესპანურად „პიო ნონო“ პიუს მეცხრეს ნიშნავს).
ქვეყნები და ვარიაციები
რედაქტირებაესპანეთი
რედაქტირებაპიონონო პატარა საკონდიტრო ნაწარმია, რომელიც ესპანეთში, კერძოდ კი დაბა სანტა-ფეში, გრანადის პროვინციაში გამოიგონეს. მიუხედავად პატარა ზომისა, პიონონო ორი ნაწილისაგან შედგება: პირველი არის ნამცხვრის ზედა, თხელი ფენა, რომელსაც ცილინდრისებური ფორმა აქვს და გაჟღენთილია სხვადასხვა სიროპით, მეორე ნაწილი კი არის ნაზი ბისკვიტი, შიგნით კრემით. ამის გამო, ხშირ შემთხვევაში მას ორად ჭრიან და ამ ნაწილებს ცალ-ცალკე მიირთმევენ.
გრანადაში მისი ყველაზე ცნობილი მწარმოებელია „Pastelerías Casa Isla“, რომელსაც მაღაზიების ქსელი მთელს ქალაქში აქვს. თანდათანობით პიონონო გასცდა ესპანეთის საზღვრებს და დიდი პოპულარობა მოიპოვა მის კოლონიზებულ სახელმწიფოებში, რის გამოც დღეისათვის იგი ლათინურ ამერიკასა და ფილიპინებში უფროა პოპულარული, ვიდრე სხვა ქვეყნებში.
სამხრეთი ამერიკა და კუბა
რედაქტირებასამხრეთ ამერიკის ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: არგენტინა, ურუგვაი, პარაგვაი, ვენესუელა, კოლუმბია და პერუ, ასევე კუბა კარიბების რეგიონიდან, პიონონო ერთობ პოპულარული დესერტია და აქ მისი არაერთი ვარიაცია არსებობს. აქ მისი ბისკვიტის ცომს ფქვილის, კვერცხისა და შაქრისაგან ამზადებენ, რომელსაც შემდეგ სპეციალურ ფურცელში ახვევენ და ასე აცხობენ. ზოგჯერ, სურვილისამებრ, ცომში ემატება ნიგოზი, ან ისეთი ხილი, როგორიცაა მარწყვი, ალუბალი და მოცვი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ რეგიონში პიონინოს მოშუშულ ლორთან, მაიონეზთან, პომიდორთან და ყველთან, ან სავოიარდების სალათთან ერთად მიირთმევენ. კუბასა და სხვა ლათინურ ქვეყნებში მას არა პიონინოს, არამედ ბრასო-დე-გიტანოს, ან ბრასო-გიტანოს უწოდებენ.
პუერტო-რიკო
რედაქტირებაპუერტო-რიკოში პიონინოს ტკბილი გემო სულაც არ აქვს. ადგილობრივები მას პურივით აცხობენ და ცომში ქონდარსაც უმატებენ. ჩვეულებრივ, ბისკვიტში ხილისა და კრემის ნაცვლად ადგილობრივები ყველიან ზღვის პროდუქტებს, ან ხორცის პიკადილიოს უკეთებენ. ამის გამო იგი სენდვიჩს უფრო ჰგავს. ასე მომზადებულ პიონონოს ამოავლებენ ფქვილისა და კვერცხის სოუსში და შემდეგ კარგად წვავენ.
ფილიპინები
რედაქტირებაფილიპინებში პიონონოს ადგილობრივი წარმოთქმის გამო პიანონოს უწოდებენ. ცხადია, აქაური ვარიაციაც ძლიერ განსხვავდება ორიგინალი ნამცხვრისაგან. ფილიპინურ ვერსიას აქვს უფრო ჟელეს რულეტის სახე. მას ამზადებენ კვერცხის, კარგად გაცრილი ფქვილისა და შაქრისაგან. გაციების შემდეგ იგი ჟელეს ემსგავსება, რის გამოც მას სხვა საკონდიტრო ნაწარმთან ერთად მიირთმევენ ხოლმე. ასეთი კონსისტენციის გამო ხშირად ფილიპინელები მას „ღრუბლის ნამცხვარსაც“ უწოდებენ. მისი შესქელებისათვის შეიძლება გამოიყენონ მარგარინი ან კარაქი. თანამედროვე ეპოქაში ფილიპინებში პიონონომ უფრო დიდი პოპულარობა ჰპოვა, რის გამოც ადგილობრივმა მზარეულებმა მის ახალ ვარიაციებზე დაიწყეს მუშაობა.
გალერეა
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Fenix, Mickey (28 August 2014). "'Bibingka,' 'monay,' 'escandaloza' and other curious names of Philippine baked goodies". Inquirer.net. Retrieved 4 December 2014.
- Ocampo, Ambeth R. (9 January 2015). "From Pius IX to 'Pio Nono'". Philippine Daily Inquirer. Retrieved 22 April 2019.
- "Pianono". Ang Sarap. Retrieved 22 April 2019.
- "Pianono (Filipino Sponge Cake Roll)". Kawaling Pinoy. Retrieved 22 April 2019.
- Medina Vílchez, Gavriel. «El Pionono de Santa Fe», Granada: Entorno Gráfico, 2013, p. 13.