პელაგონიის ბრძოლა
პელაგონიის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
ნიკეა-ლათინთა კონფლიქტის ნაწილი | |||
თარიღი | 1259 წლის ზაფხული ან შემოდგომა | ||
მდებარეობა | პელაგონიის ველი | ||
შედეგი | ნიკეელთა გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
|
პელაგონიის ბრძოლა ან კასტორიის ბრძოლა[1] 一 დაპირისპირება ნიკეის სამეფოსა და ანტინიკეურ ალიანსს შორის, რომელიც გაიმართა 1259 წლის ზაფხულის დასაწყისში ან შემოდგომაზე. ანტინიკეური ალიანსი, თავის მხრივ, აერთიანებდა ისეთ სახელმწიფოებს, როგორებიცაა: ეპირის დესპოტატი, სიცილიის სამეფო და აქაიის სამთავრო. ხშირად ეს ომი მიიჩნევა გადამწყვეტ მოვლენად აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის ისტორიაში, რომელმაც განაპირობა კონსტანტინოპოლის დაპყრობა და ლათინთა იმპერიის საბოლოო დასასრული 1261 წელს.
ნიკეის მზარდმა ძალაუფლებამ ბალკანეთის სამხრეთში და მისი მმართველის, მიხეილ VIII პალეოლოგოსის ამბიციებმა, აღედგინა კვლავ ძველი კონსტანტინოპოლის დიდება, განაპირობა ბალკანელ ბერძენთა გაღიზიანება და სწრაფი მზადება ანტინიკეური კოალიციის შესაქმნელად, რომელსაც სათავეში მიქაელ II კომნენოს დუკა და იმ დროის ლათინთა სამეფოს სხვა მმართველები ედგნენ სათავეში, მათ შორის აქაიის პრინცი, უილიამ ვილარდუინი და მანფრედ სიცილიელი. ბრძოლის დეტალები, აგრეთვე მისი ზუსტი თარიღი და ადგილი დავის საგანს წარმოადგენს, რადგან პირველადი წყაროები ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას იძლევიან. თანამედროვე ისტორიკოსთა უდიდესი ნაწილი ფიქრობს, რომ შეტაკება ივლისში ან სექტემბერში უნდა მომხდარიყო, პელაგონიის დაბლობზე ან, სხვა ვერსიით, კასტორიის მახლობლად. არსებობს ვერსია, რომ პალეოლოგოსის აგენტურამ დიდი როლი ითამაშა ისედაც ცუდი ურთიერთობის მქონე, აწ უკვე „მოკავშირე“ ლათინთა და ეპირიელთა დაშლაში, რამაც, საბოლოოდ, ნიკეელთა გადამწყვეტი გამარჯვება განაპირობა 一 ბრძოლის ველი ლათინებმა მიატოვეს, ეპირიელთა ჯარები მარტო დარჩნენ, ხოლო მიქაელ კომნენოსის მოღალატე ვაჟი, იოანე დუკა, ნიკეელთა მხარეს გადავიდა. საგრძნობი რიცხობრივი უპირატესობის მოპოვების შემდეგ ნიკეელებმა დაარბიეს ლათინთა არმია და გაანადგურეს იგი, ხოლო მრავალი დიდებული, მათ შორის ვილეარდუინი, ტყვედ აიყვანეს.
ამ ბრძოლამ, ფაქტობრივად, გადაწყვიტა 1261 წელს კონსტანტინოპოლის ბედი და ხელი შეუწყო ახალი ბიზანტიის იმპერიის აღდგენას რამდენიმესაუკუნოვანი ინტერვალის შემდეგ. სწორედ ამ დაპირისპირების წყალობით ნიკეელებმა მცირე დროით ალყაში მოაქციეს ეპიროსისა და თესალიისტერიტორიები, თუმცა მიქაელ კომნენოსმა, საკუთარ ვაჟებთან ერთად, სწრაფად შეძლო მათი უკან დაბრუნება. 1262 წელს უილიამ ვილარდუენი ნიკეელებმა გაათავისუფლეს იმის სანაცვლოდ, რომ ეს უკანასკნელნი მორეას ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთში არსებულ სამ ციხეს მიიღებდნენ საჩუქრად. ეს ტერიტორია, მომდევნო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, სწრაფად ვითარდებოდა, რამაც იგი ბიზანტიის იმპერიის ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენად აქცია.
ფონი
რედაქტირება1204 წელს, ბიზანტიის იმპერიის მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის შედეგად დაცემის შემდეგ, მისი იმპერიული მემკვიდრეობის ორ მთავარ კანდიდატს მცირე აზიაში მდებარე ნიკეის იმპერია და ბალკანეთში მდებარე ეპირის დესპოტატი წარმოადგენდნენ.[2] ამან გამოიწვია ერთგვარი მეტოქეობა ღნიშნულ ორ სახელმწიფოს შორის იმის შესახებ, თუ ვინ შეძლებდა კონსტანტინოპოლის ხელში ჩაგდებას. [3][4] ნიკეის სამეფომ სრული უპირატესობა იოანე III-ის მიერ მაკედონიის ანექსიის შემდეგ მოიპოვა.[5] ვატაცეს მაკედონიაში ჩატარებული სამხედრო კამპანიის შემდეგ პელაგონიის რეგიონი იქცა სასაზღვრო ზონად ნიკეის სამეფოსა და ეპირის დესპოტატს შორის. [6]
1254 წელს, იოანე III ვატაცეს გარდაცვალების შემდეგ, ეპირის მმარტველმა, მიქაელ II კომნენოსმა (1230-1268), ალბანეთში ანტინიკეური აჯანყება დააფინანსა და ნიკეის სამფლობელოში შეჭრა განიზრახა, დაიპყრო პრილეპის ციხე, აგრეთვე შეიპყრო ადგილობრივი ნიკეის გუბერნატორი, გიორგი აკროპოლიტი. [7][8][9] მიქაელ II-ის თესალონიკამდე ჩაღწევა ვერ მოხერხდა, სამაგიეროდ, მთლიანი ალბანეთი ხელთ მან სიცილიის სამეფოს დახმარებით იგდო, რომლის ჯარსაც სათავეში მანფრედ სიცილიელი ედგა, აგრეთვე მიაღწია კორფუმდეც. როგორც ადრეულ იტალო-ნორმანთა დინასტიის წარმომადგენელს, მანფრედსაც ჰქონდა საკუთარი ინტერესები ბალკანეთის მიდამოებში, მათ შორის კონსტანტინოპოლის ხელში ჩაგდებაც სურდა. ცნობილია, რომ მისი ნახევარდა, კონსტანცა, რომელიც იყო ვატაცეს ქვრივი, საკუთარ რეზიდენციას ფლობდა ნიკეის სამეფოში, ეს კი, თავის მხრივ, ნიკეის სამეფოს ხელში ჩაგდების საკითხს საკმაოდ ართულებდა. თავის მხრივ, მანფრედს ცოლად შერთული ჰყავდა ელენა, მიქაელ კომნენოსის ქალიშვილი, სწორედ ეს მოვლენა აღმოჩნდა საკვანძო ამ ორი სამეფოს გაერთიანებაში და სწორედ იგი იქცა მიზეზად იმისა, რომ მიქაელმა მანფრედს ალბანეთი და კორფუ უბოძა, როგორც ქალიშვილის „მზითევი“.[7] შედეგად, მიქაელმა ახლა უფრო ფართო ანტინიკეური ალიანსის ჩამოყალიბება შეძლო, რადგან მისი მეორე ქალიშვილი, ანა, აქაიის პრინცზე, უილიამ ვილარდუენზე იყო დაქორწინებული, რომელიც, თავის მხრივ, ათენის საჰერცოგოსა და ნეგროპონტეს ტრიარქებს მეთაურობდა. [10] მიქაელმა ასევე დაათბო საკუთარი ურთიერთობა სერბეთის სამეფოსთან და მისი მმართველის, სტეფანე I უროშის მხარდაჭერაც მოიპოვა. [8][10] ამავდროულად, ნიკეელები ბულგარელებთან ცდილობდნენ საერთო ენის გამონახვას და ვატაცემ საკუთარი ვაჟი, თეოდორე II ლასკარისი ბულგარეთის მეორე იმპერიის მეფის, კონსტანტინე ტიხის ქალიშვილზე, ირინაზე დააქორწინა. [7] მალევე, სანამ ის ეპირის წინააღმდეგ კამპანიას წარმართავდა, გარდაიცვალა და, კანონის თანახმად, ტახტი მის უფროს შვილს, იოანე IV-ს ერგო, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ძალაუფლება ხელში ამბიციურმა არისტოკრატმა, მიხეილ VIII პალეოლოგოსმა იგდო, ჯერ როგორც რეგენტმა, შემდეგ კი როგორც ბიზანტიის პალეოლოგოსთა დინასტიის პირველ იმპერატორმა. [7][11]
ნიკეის ლაშქრობა ეპიროსელთა წინააღმდეგ
რედაქტირებამიქაელ პალეოლოგოსმა იმდენად ძლიერი საყრდენი შეიქმნა და იმდენად დიდი ძალაუფლება მოიპოვა, რომ ინგლისელი ბიზანტიკოსის, დონალდ ნიკოლის თქმით, „საფრთხეს უქმნიდა არა მხოლოდ თესალონიკს, არამედ თვით კონსტანტინოპოლის შიდა მფლობელობასაც კი“. [12] მან შეყოვნებას მოქმედება არჩია და უკვე 1258 წლის შემოდგომაზე მისი არმია დასავლეთში, ევროპისკენ დაიძრა, რომელსაც სათავეში მისი ძმა, იოანე პალეოლოგოსი ჩაუყენა, ეს უკანასკნელი დიდ სამხედრო გამოცდილებას ფლობდა და მოპოვებული ჰქონდა ისეთი წოდება, როგორებიცაა სებასტოკრატორი. მალე იგი მეგა დომესტიკოსს, ალექსი სტრატეგოპულოსის ჯარებს შეუერთდა, როცა მაკედონიაში იზამთრებდა. [13] პარალელურად, პალეოლოგოსი სამ მთავარ ურთიერთმოკავშირესთან, დიპლომატიური ხელშეკრულებების შედგენის თაობაზე, ელჩებს გზავნიდა, იმ იმედით, რომ მათ დიპლომატიური გზით ჩამოიშერობდა გვერდიდან, თუმცა ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. [12]
1259 წლის გაზაფხულზე ნიკეის ჯარები შეტევაზე გადავიდნენ და სწრაფად მიიწევდნენ დასავლეთისკენ, ვია ეგნატიას გასწვრივ. მიქაელ კომნენოსი, რომელიც კასტორიაში იყო დაბანაკებული, იძულებული გახდა უკან დაეხია უკვე მას შემდეგ, რაც პალეოლოგოსის არმიამ ყოფილი ვოდენა (დღევანდელი ქალაქი ედესა) გაიარა. მალე ის ვლორას მახლობლად დაბანაკებულ საკუთარი მოკავშირის, მანფრედ სიცილიელის ჯარს შეუერთდა. 1259 წლის 2 ივნისს, აწ უკვე უკან დახეულმა მიქაელის არმიამ საკუთარი ქალიშვილისა და მანფრედის ქორწილი გადაიხადა. მათი უკან დახევის დროს, რომელიც თითქმის მთელ ღამეს გაგრძელდა, არმიამ სახიფათო უღელტეხილის გავლისას მრავალი ჯარისკაცი დაკარგა, ხოლო ნიკეელებმა ოჰრიდისა და დევოლისის ხელში ჩაგდება მოახერხეს. [14][15]
ძალები
რედაქტირებაეპირის მმართველს, რომელმაც საკუთარი ტერიტორიის უდიდესი ნაწილი დაკარგა, მალე გამოუჩნდა მოკავშირე სიცილიის სამეფოს სახით. მანფრედი, რომელიც იტალიაში გველფების წინააღმდეგ წარმართულ კონფლიქტში იყო ჩართული, პირადად არ ჩართულა, ეს კი ხშირად შეცდომით არის მოხსენიებული სხვადასხვა შუა საუკუნეების მატიანეთა ნარკვევებში, მათ შორის ნიკიფორე გრიგორასა და მატეო სპინელის ჩანაწერებში. სანაცვლოდ, მანფრედმა გაგზავნა 400 რჩეული გერმანელი რაინდი, რომლებიც, სავარაუდოდ, ავლონასთან დაბანაკდნენ და, მოგვიანებით, მიქაელის ჯარს შეუერთდნენ. [16] მორეას ქრონიკის ბერძნულ და ფრანგულ ვარიაციებში მოხსენიებულია ჯარები აქაიიდან, ათენის საჰერცოგოდან, ნეგროპონტეს ტრიარქიიდან და არქიპელაგის საჰერცოგოდან უილიამის მეთაურობით. ექსპედიციაში მონაწილეობა მიიღო აგრეთვე ფრანკთა საბერძნეთის ბევრმა წარჩინებულმა დიდებულმაც. მორეას ქრონიკის მიხედვით, ანტინიკეური არმია შეიცავდა 8000 მძიმე და 12000 მსუბუქად შეიარაღებული ჯარისკაცისგან შემდგარ არმიას, რომელსაც თავში უილიამი ედგა, აგრეთვე ამავე არმიაში ერთიანდებოდა ორი ჰერცოგი, გრაფი და ბარონი. რაც შეეხება ეპირიელთა არმიას, იგი შეიცავდა 8000 მძიმე და 18000 მსუბუქად შეიარაღებული მეომრისგან შემდგარ ჯარს. მიუხედავად ქრონიკებში მითითებული ძალისა, თანამედროვე ისტორიკოსთა დიდი ნაწილი მიჩნევს, რომ ქრონიკაში მითითებული ციფრები გაზვიადებულია.[10][17][18]
რაც შეეხება ნიკეელთა არმიას, იგი შეიცავდა არა მხოლოდ ბერძნული, მაკედონიური და თრაკიელთა კონტიგენტისგან შემდგარ ძალას, არამედ მასში ერთიანდებოდა მრავალი დაქირავებული ჯარისკაცი სხვა ნაციებიდან. მორეას ქრონიკის მიხედვით, ნიკეელთა რაზმებში ერთიანდებოდნენ 300 გერმანელი რაინდი, 1500 უნგრელ რჩეულ მშვილდოსანს, 600 სერბ მხედარს და კიდევ ბულგარელებისგან შემდგარ ქვედანაყოფს. გარდა ამისა, არმიაში შედიოდნენ თურქთა და კუმანთა კავალერისტთა არმია, რომელთაგან პირველი 1500-ს, ხოლო მეორე 一 2000 ერთეულს უტოლდებოდა.[10][19][20] ქრონიკაში აღნიშნულია, რომ გერმანელებს სათავეში „კარენტანის ჰერცოგი“ ედგა, რომელიც, ჩვეულებრივ, იდენტიფიცირებული იყო, როგორც კარინტია. იმ დროისთვის, ამ ტიტულს ულრიხ III ირგებდა, თუმცა სხვა ისტორიული დოკუმენტების მიხედვით, ის ამ ომის დროს უკვე გარდაცვლილი იყო და ბრძოლაში არ იმყოფებოდა. ბერძნული წყაროების მიხედვით, ტერმინი „კარენტანის ჰერცოგი“ ერთგვარ გამოგონილ პერსონაჟს წარმოადგენს, რომელიც სიმამაცესა და თავდადებას სიმბოლიზირებს. საეჭვოა ისიც, ჩართული იყო თუ არა ლათინთა არმია ამ რაზმში, ვინაიდან ბერძნული წყარო ამას არ ადასტურებს. როგორც ასეთი, ნიკეის ჯარის სრული შემადგენლობა არსად არის მითითებული, გარდა ბერძნული წყაროსი, რომელშიც მითითებულია, რომ იგი 27 ქვედანაყოფისგან შედგებოდა.[21][22] თუმცა, ისტორიკოს იოანე გენაკოპლოსის ცნობით, „ქრონიკებში მოყვანილი ინფორმაცია, დიდად სავარაუდოა, რომ გაზვიადებულია, რადგან, ამავე წყაროს მიხედვით, ანტინიკეელთა ჯარმა მეტოქეთა ჯარი დაჯაბნა“, რაც მრავალი ისტორიკოსის აზრით შეუძლებელია.[23]
ბრძოლა
რედაქტირებაძირითადი ბიზანტიური წყაროები, რომელთა ავტორებადაც გიორგი აკროპოლიტი, ნიკიფორე გრიგორა და გიორგი პაქიმერე გვევლინებიან, მნიშვნელოვან განსხვავებებს შეიცავენ ომის სამზადისთან და ჯარის შემადგენლობასთან დაკავშირებით, ანალოგიური სიტუაციაა დასავლურ, სახელდობრ ფრანგულენოვად და ვენეციურ წყაროებშიც. თუმცა, ერთი რამე, რაშიც ყველა წყარო თანხმდება, არის ის, რომ ნიკეელთა ჯარმა უპირატესობის მოსაპოვებლად გარკვეულ ხრიკს მიმართა.
1259 წელს ნიკეის იმპერატორი შეიჭრა თესალიაში, ხოლო სექტემბერში აქაელთა და ეპირის გაერთიანებული ჯარი ჩრდილოეთისკენ გაემართა მათ შესახვედრად. ნიკეის ჯარს სარდლობდა იოანე პალეოლოგოსი, მიხეილ პალეოლოგოსის ძმა (და არა იოანე I დუკა, მიქაელ კომნენოსის ვაჟი, როგორც ეს ნახსენებია მორეს ქრონიკაში). სხვა ყველაფერთან ერთად, ერთი ვერსიით, პალეოლოგოსმა გლეხთა ქვედანაყოფიც შექმნა, რომელიც მთის კალთებზე განალაგა. მრავალი თვლის, რომ სწორედ ეს ფაქტი წარმოადგენდა ერთგვარ მახეს 一 ჯარის საბოლოო განთავსების შემდეგ პალეოლოგოსი მოწინააღმდეგეთა მეთაურებთან, მიქაელთან და უილიამთან აგზავნის შიკრიკს, რომელიც ამ უკანასკნელთ მოწინააღმდეგეთა რიცხოვნობის „სიმცირიზე“ ამცნობს. მეორე ვერსიით, პალეოლოგოსმა შიკრიკის დახმარებით ხმა მიაწოდა „სამთა კავშირის“ არმიას, რომ იგი ლმობიერი იქნებოდა ბრძოლის ველიდან გაქცეულთა მიმართ და არაფერს ავნებდა მათ. ისტორიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორედ ესაა სანდო წყარო, ანუ პალეოლოგოსმა ამ ხრიკით ერთგვარად შეამცირა მოწინააღმდეგეთა რაოდენობა, რამაც მას იერიშზე გადასვლის საშუალება მისცა.
კარიტენის ბარონმა, (ზოგიერთი ვერსიით, ზემოხსენებულმა ულრიხმა) არ შეისმინა შიკრიკის სიტყვები და დიდი ძალისხმევა ჩადო მიქაელის გადაწყვეტილების შეცვლაში, შინ დაბრუნებასთან დაკავშირებით, თუმცა ვერაფერს გახდა, მაგრამ, აქცე უნდა აღინიშნოს, რომ, ზოგიერთი წყაროს თანახმად, მიქაელ II კომნენოსის შინ დაბრუნების მიზეზი საკუთარი შვილის, იოანე I დუკას ღალატი და მისი მოწინააღმდეგეთა რაზმებში გადასვლა აღმოჩნდა. ამან დიდი არეულობა გამოიწვია დიდებულებსა და მხედრებს შორის 一 უფრო მეტიც, უნგრელებსა და გერმანელებს შორის შიდა შეტაკებაც კი მოჰყვა, რითაც ანტინიკეურმა კოალიციამ, კიდევ ერთხელ, დიდი დარტყმა განიცადა. აქაიელთა ჯარისკაცებმა ბრძოლის ველიდან გაქცევა დაიწყეს.
შედეგი
რედაქტირებამიქაელ კომნენოსის ვაჟი იოანე და სხვა ბალკანეთის ბერძნული ნაწილის დიდებულები იოანე პალეოლოგოსს ეახლნენ და ნიკეის იმპერატორს ერთგულება შეჰფიცეს.
სიცილიელთა უმეტესობა ან ბრძოლის ველზე დაიღუპა ან ტყვედ ჩავარდა, თავად სიცილიელთა არმიის მეთაურმა, მანფრედ სიცილიელმა, კი თავს გაქცევით უშველა.
უილიამ ვილარდუენი, აგრეთვე, გაიქცა ბრძოლის ველიდან, თუმცა მისი შეპყრობა მაინც შეძლეს. ფრანკ აქაიელთა მეფეს საკუთარი თავის გათავისუფლება სამი სტრატეგიული ციხის დათმობის სანაცვლოდ მოუხდა, კერძოდ 一 მონემვასის, მაინისა და მისტრას ციხეები, რომელთაგან სამივე მორეის დესპოტატს განეკუთვნებოდა.
აქაიის სამეფოს დამარცხებამ გაწირა სრულიად ლათინური კავშირი, რომელსაც სხვა მოკავშირეები არ დარჩენია. ორი წლის შემდეგ, სახელდობრ 1261 წელს, იგი დაეცა და კონსტანტინოპოლის შეერთებით მიქაელ VIII პალეოლოგოსმა ბიზანტიის იმპერია აღადგინა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Bartusis, Mark C. (1997). The Late Byzantine Army: Arms and Society 1204–1453. Philadelphia, Pennsylvania: University of Pennsylvania Press. ISBN 978-0-8122-1620-2.
- Geanakoplos, Deno John (1953). „Greco-Latin Relations on the Eve of the Byzantine Restoration: The Battle of Pelagonia–1259“. Dumbarton Oaks Papers. 7: 99–141. doi:10.2307/1291057. JSTOR 1291057.
- Lock, Peter (2013). The Franks in the Aegean, 1204–1500. New York and London: Routledge. ISBN 978-0-582-05139-3.
- (1964) Crusaders as Conquerors: The Chronicle of Morea. New York and London: Columbia University Press.
- Macrides, Ruth (2007). George Akropolites: The History – Introduction, Translation and Commentary. Oxford: Oxford University Press. ISBN 978-0-19-921067-1.
- Mihajlovski, Robert (2006). „The Battle of Pelagonia 1259: A New Look through the March Routes and Topography“. Byzantinoslavica. 64: 275–284. ISSN 0007-7712.
- Ostrogorsky, George (1956). History of the Byzantine State. Oxford: Basil Blackwell.
- Rochontzis, Freiderikos (1982). „Η αναβίωση του Ελληνισμού και η παρακμή της Φραγκοκρατίας: μάχη της Καστοριάς (1259 μ.Χ.)“ [The rebirth of Hellenism and decline of Frankocracy: The Battle of Kastoria (1259 AD)]. Makedonika (ბერძნული). 22: 340–357. doi:10.12681/makedonika.528. ISSN 0076-289X.
- Shawcross, Teresa (2009). The Chronicle of Morea: Historiography in Crusader Greece. Oxford and New York: Oxford University Press. ISBN 978-0-19-955700-4.
- Talbot, Alice-Mary (1991). „Morea, Despotate of“. In Kazhdan, Alexander (ed.). Oxford Dictionary of Byzantium. Oxford and New York: Oxford University Press. pp. 1409–1410. ISBN 0-19-504652-8.
- Talbot, Alice-Mary (1991). „Pelagonia, Battle of“. In Kazhdan, Alexander (ed.). Oxford Dictionary of Byzantium. Oxford and New York: Oxford University Press. pp. 1619–1620. ISBN 0-19-504652-8.
- Treadgold, Warren (1997). A History of the Byzantine State and Society. Stanford, California: Stanford University Press. ISBN 0-8047-2630-2.
- Wilskman, Juho (2009–2010). „The Campaign and Battle of Pelagonia 1259“. Byzantinos Domos. 17–18: 131–174. ISSN 1106-1901.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ e.g. Geanakoplos 1953, p. 136; Rochontzis 1982, p. 340–357.
- ↑ Nicol 1993, pp. 10–15, 19–22.
- ↑ Nicol 1993, pp. 13, 15.
- ↑ Rochontzis 1982, p. 342.
- ↑ Mihajlovski 2006, p. 275.
- ↑ Mihajlovski 2006, pp. 275–276.
- ↑ 7.0 7.1 7.2 7.3 Treadgold 1997, p. 731.
- ↑ 8.0 8.1 Nicol 1993, p. 28.
- ↑ Bartusis 1997, pp. 35–36.
- ↑ 10.0 10.1 10.2 10.3 Bartusis 1997, p. 37.
- ↑ Bartusis 1997, pp. 36–37.
- ↑ 12.0 12.1 Nicol 1993, p. 31.
- ↑ Geanakoplos 1959, p. 62.
- ↑ Geanakoplos 1959, pp. 62–63.
- ↑ Nicol 1993, pp. 31–32.
- ↑ Geanakoplos 1953, pp. 121–123.
- ↑ Setton 1976, pp. 87–88.
- ↑ Rochontzis 1982, p. 345.
- ↑ Geanakoplos 1953, pp. 124–125 (esp. notes 116, 117).
- ↑ Setton 1976, p. 85 (esp. note 3).
- ↑ Geanakoplos 1953, p. 124.
- ↑ Lurier 1964, p. 181.
- ↑ Geanakoplos 1953, pp. 124, 125 (esp. note 119).