პარაგვაის სამზარეულო
პარაგვაის სამზარეულო (ესპ. Gastronomía de Paraguay) — ტრადიციული პარაგვაული კერძების ერთობლიობა, რომელიც შეიქმნა ადგილობრივი გუარანის ხალხისა და იმიგრანტი ესპანელების გასტრონომიების შერწყმით. აღსანიშნავია, რომ მასში მკაფიოდ იგრძნობა პორტუგალიური და იტალიური სამზარეულოების გავლენაც. ესპანურ-გუარანული კულტურების შერწყმით მიღებული პარაგვაის სამზარეულო ერთ-ერთი უმდიდრესია და მას „რეგიონის დედასაც“ უწოდებენ, რამეთუ ესპანელები სამხრეთ ამერიკაში ექსპედიციებს ხშირად სწორედ ასუნსიონიდან იწყებდნენ და მიიჩნევა, რომ სამხრეთ ამერიკაში ბევრი რამ სწორედ პარაგვაიდან გავრცელდა.
ისტორია
რედაქტირებაის მთავარი მახასიათებლები, რომლებიც პარაგვაულ სამზარეულოს ლათინური ამერიკის სხვა გასტრონომიებისაგან განასხვავებენ, სწორედ გუარანის ხალხს უკავშირდება. როგორც ცნობილია, ძველი გუარანელები მზადებისას იყენებდნენ ყველაფერს, რასაც ბუნებაში მოიპოვებდნენ: ხის ფისი, კენკრა, გოგრა და ცხოველის ტყავიც კი. მათ ასევე აქვთ სპეციალური კალათები სიმინდისა და კასავას შესანახად. ჭამისათვის საჭირო, დანისა და ჩანგლის მსგავსი ხელსაწყოები მათ ჯერ კიდევ ესპანელთა გამოჩენამდე გამოიგონეს, რომელთაც ცხოველების ძვლებისაგან ამზადებდნენ. დროის სვლასთან ერთად იცვლებოდა საწარმოო ტექნიკაც, რის გამოც გუარანელებმა თანდათან ძვალი თიხითა და მეტალით ჩაანაცვლეს და უკვე მისგან აკეთებდნენ სხვადასხვა ჭურჭელს.
მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის ამის საჭიროება აღარაა, გუარანელები ტრადიციებს არ ღალატობენ და კვლავ ძველებურ, თიხისა და ლითონებისაგან სახლში დამზადებულ ჭურჭელს იყენებენ.
მას შემდეგ, რაც პარაგვაის მიწებზე ესპანელები გამოჩნდნენ ბევრი რამ შეიცვალა. ესპანელებმა გუარანელებს ბევრი რამ ასწავლეს და პირიქით, რამაც მათი კულტურების შერწყმა და საბოლოოდ ერთიანი, პარაგვაული გასტრონომიის ჩამოყალიბება გამოიწვია. ესპანელებმა მათ ნამცხვრის ცხობა, ყველის ამოყვანა, ღვინის დაყენება, პურის ცხობა და ზღვის პროდუქტების მომზადება ასწავლეს. აღსანიშნავია ისიც, რომ პარაგვაი ძლიერ გავლენას განიცდიდა მეზობლად მდებარე ბრაზილიისაგან, რომელიც თავის მხრივ პორტუგალიის დაქვემდებარებაში იყო. სწორედ აქედან შეაღწია პარაგვაიში მრავალმა პორტუგალიურმა რეცეპტმა და ინგრედიენტმა.
დღეისათვის პარაგვაის სამზარეულო არა მხოლოდ ესპანურ-პორტუგალიურს, არამედ საერთაშორისო გავლენას განიცდის. აქ თანდათან მკვიდრდება იტალიური, ამერიკული, ფრანგული, ინდური, ჩინური და ვიეტნამური კერძები. ეს პროცესი დროსთან ერთად, შეუმჩნევლად მიმდინარეობს, რასაც პარაგვაულ გასტრონომიაში მოჰყვა ისეთი კერძების საჭმელების, როგორებიცაა: ჰამბურგერი, სენდვიჩი, პიცა, ლაზანია, მაკარონი და ა.შ.
ინგრედიენტები
რედაქტირებაპარაგვაის სამზარეულოში ერთობ გავრცელებული პროდუქტებია: ხორცი, კასავა, სიმინდი, ხილი და ბოსტნეული. აქ მწვადის შეწვა სცდება უბრალო კულინარიულ ტექნიკას და სოციალური მოვლენა ხდება, რომელსაც ასადო ეწოდება (იმავეს ვხვდებით სხვა ლათინოამერიკულ კულტურებში, მაგალითად ურუგვაიში). არაერთი კერძი სიმინდის, რძის, ყველისა და ხორცის ფუძეზე მზადდება, ასევე პოპულარულია მდინარეში დაჭერილი თევზი. აღსანიშნავია ისიც, რომ პარაგვაიში ნამცხვრების 70-მდე სახეობა აქვთ, რომელთა უმეტესობაც სიმინდის ფქვილისა და კასავისგან მზადდება.
მთავარი კერძები და დესერტები
რედაქტირებაპარაგვაიში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საკვებია ჩიპა, კვერცხით, ყველითა და კასავის ფქვილით მომზადებული პური. ასევე კასავის ფქვილისაგან მზადდება ისეთი კერძები და დესერტები, როგორებიცაა: ჩიპა-გუასუ და ლამპრეადო. აღსანიშნავია გოგრით, წყლით, მარილით, ზეთით, ხახვით, რძით, ახალი ყველითა და სიმინდის ფქვილით მომზადებული ტრადიციული კერძი, სახელად კივევე.
აქ ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს სოიოს სუპი და სუპი, სახელად ვორი-ვორი, რომელიც მზადდება სიმინდის მარცვლების, სიმინდის ფქვილისა და ყველისაგან, რის გამოც იგი ყვითელი შეფერილობით ხასიათდება.
რაც შეეხება დესერტებს, პარაგვაიში ყველაზე ცნობილი და პოპუალრული დესერტია დულკა-დე-ბატატა, ასევე გავრცელებულია დულკა-დე-ლეჩე. აღსანიშნავია კოსერევაც, რომელიც მზადდება შავი მოლისანითა და ფორთოხლის დამჟავებული კანით.
ლიტერატურა
რედაქტირება- Asunción 1537: Madre de la gastronomía del Río de la Plata y de Matto Grosso do Sul. Vidal Domínguez Díaz (2017).
- Poytáva: Origen y Evolución de la Gastronomía Paraguaya. Graciela Martínez (2017).
- «Mbaipy he’ê: deliciosa tradición paraguaya». Mundo Clubhouse, Los Andes. Consultado el 28 de abril de 2019.
- «Recetas Paraguay. Todas las recetas de Tembi'u Paraguay». Tembi'u Paraguay. Consultado el 24 de abril de 2019.
- «Kivevé, comida semi dulce de Paraguay». Receta de viajes. Consultado el 28 de abril de 2019.
- «El paraguayo que inventó el termo mágico». Diario HOY. Consultado el 23 de abril de 2019.