ოსმალეთის იმპერიის წარმოშობა
ოსმალეთის იმპერიის წარმოშობა (თურქ. Osmanlı İmparatorluğu Kuruluş Dönemi; 1299 - 29 მაისი, 1453) — პერიოდი ოსმალეთის იმპერიის ისტორიაში, ოსმან I გაზის დამოუკიდებელ მმართველად გახდომიდან, მეჰმედ II-ის მიერ კონსტანტინოპოლის აღებამდე, როცა ოსმალეთის იმპერია მხოლოდ ძლიერდებოდა და ფართოვდებოდა.
ოსმალეთმა პირველ რიგში ანატოლიას დაადგა თვალი, რადგან მისი აღება ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა მათთვის. სასულთნოს შეემატებოდა მრავალი სანჯაყი და ამასთან ერთად ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაძლიერდებოდა. ოსმალეთმა ანატოლიის დაპყრობა მოახერხა.
ოსმალეთის გაძლიერებასთან ერთად სუსტდებოდა ბიზანტიის იმპერია, რომელსაც დაცემის ხანა ოსმალეთის გაჩენამდე ჰქონდა დაწყებული და ოსმალეთის გაძლიერებამ, მისი რუქიდან გაქრობა უფრო მეტად დააჩქარა. თუმცა ყველაფრის მიუხედავად, ოსმალთა სულთანთათვის დიდი ხნის განმავლობაში აუღებელი რჩებოდა ბიზანტიის სატახტო ქალაქი კონსტანტინოპოლი, რომლის აღების მცდელობა მრავალჯერ ჰქონდათ ოსმალეთის სულთნებს, განსაკუთრებით ბაიაზიდ I-ს. კონსტანტინოპოლის აღებას ასეთი დიდი მნიშვნელობა იმიტომ ჰქონდა რომ, მისი აღებით ოსმალეთის სასულთნო იმპერიად ჩამოყალიბებდოდა და გახდებოდა აღმოსავლურ-დასავრული ურთიერთობების ცენტრში.
განვითარების პერიოდში ოსმალეთს ანარქიაც ახსოვს, რომელიც ბაიაზიდ I-ის დროს, თემურლენგის წინააღმდეგ გამართული ანგორის ბრძოლის შედეგად დაიწყო. თემურლენგმა ტყვედ წაიყვანა სულთან ბაიაზიდი და ამასთან ერთად, სულთნის ვაჟებმა ისედაც გაუბედურებული ოსმალეთი რამდენიმე ნაწილად გახლიჩეს და ერთმანეთს დაუწყეს ბრძოლა. იხ. ოსმალეთის იმპერიის უმეფობის ხანა.
ოსმან I-დან უმეფობის ხანამდე
რედაქტირებაოსმან I
რედაქტირება1299 წელს, თურქთა ურდოებმა, რომელთა ბეგიც სწორედ ოსმანი იყო, მიიღეს მისი სახელი და იწოდებოდნენ ო ს მ ა ნ ე ბ ა დ ანუ ოსმალებად. სწორედ ამიტომ უწოდებენ მას ოსმალეთის იმპერიის დამაარსებელსა და მის პირველ სულთანს. ოსმანი იყო ბეგი, რომელსაც სულთნადაც მოიხსენიებდნენ. მისი მმართველობის პერიოდში ოსმალეთის მოიცავდა უამრავ ვასალურ სახელმწიფოს. ოსმანის დროს ოსმალეთის სასულთნომ დაიპყრო მნიშვნელოვანი ქალაქები, ბურსა (რომელიც დედაქალაქი და სატახტო ქალაქი გახდა) და ნიკეა. მიუხედავად იმისა, რომ მას სულთნადაც მოიხსენიებდნენ, ოსმანს ოფიციალურად არ ჰქონდა ეს ტიტული მიღებული. ოსმანის შემდეგ ტახტზე ავიდა მისი ერთ-ერთი ვაჟი, ორჰან I.
ორჰან I
რედაქტირებაორჰან I-ის მმართველობის პერიოდში ოსმალეთის იმპერიამ საკმაოდ კარგი ურთიერთობა დაამყარა მოსისხლე მტერ ბიზანტიის იმპერიასთან. მან მხარი დაუჭირა იმპერატორ იოანე V პალეოლოგოსს. რადგან მათ შორის კარგი ურთიერთობა იყო და იმპერატორს ეშინოდა მისი გაფუჭების, ორჰან I-ს დაეხმარა ნახევარკუნძულ გალიპოლის აღებაში, რომელიც გახდა ოსმალეთის დასაყრდენი ევროპაში. ორჰანი მთლად არ ენდობოდა ბიზანტიის იმპერატორს, ამიტომ თავად გაჰყვა ჯარს ევროპაში და ნახევარკუნძულის დაპყრობის შემდეგ, მის საზღვრებთან თურქები ჩაასახლა, რათა გალიპოლის საზღვრები დაცული ყოფილიყო როგორც ბიზანტიისგან, ისე ბულგარეთისგან. ორჰანის მმართველობის პერიოდში ოსმალეთის ხელისუფლება ანატოლიაში კიდე უფრო გაძლიერდა და ჯარი შეივსო პირველი იანიჩარების კორპუსით. მის დროს მოჭრეს ოსმალეთის პირველი ვერცხლის ფული აქჩე. მის შემდეგ ტახტზე ავიდა მურად I.
მურად I
რედაქტირებამურად I-მა თავიდან დაიპყრო სრულიად თრაკია. 1365 წელს სასულთნოს დედაქალაქად ედირნე გამოაცხადა და ის გახდა მესამე დედაქალაქი სოღუთისა და ბურსას შემდეგ. მის დროს კიდევ უფრო გაძლიერდა იანიჩარების კორპუსი. ბულგარელებმა, ვალახებმა და სერბებმა აღიარეს მისი უზენეასობა და გახდნენ მისი ვასალები. 1383 წელს მურადმა მიიღო სულთნის ტიტული, რასაც დიდ ხანს ელოდნენ მისი წინაპრები. 1386 წელს საბოლოოდ დაიპყრო მთელი მცირე აზია.
კოსოვოს ბრძოლა
რედაქტირებამისი მმართვეოლობის პერიოდში, სულთნის ტიტულის მიღებასთან ერთად, ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო კოსოვოს ბრძოლა, სადაც ოსმალეთის არმია იბრძოდა სერბი ფეოდალებისა და ბოსნიის სამეფოს ერთიანი ძალების წინააღმდეგ. ის თავად იყო არმიის მეთაური შვილებ, ბაიაზიდსა და იაკუბთან ერთად. ეს ბრძოლა მოხდა 1389 წელის 28 ივნისს. მტრის არმიას მეთაურობდნენ პრინცი ლაზარი, ვუკ ბრანკოვიჩი და ვლატკო ვუკოვიჩი. ვუკ ბრაკოვიჩი და ვლატკო ვუკოვიჩი ბრძოლაში დაიღუპნენ, ხოლო პრინცი ლაზარი ტყვედ ჩავარდა და შემდგომში დასაჯეს სიკვდილით. მიუხედავად იმისა, რომ მურადმა ბრძოლის ველზე გამარჯვება მოიპოვა, სიკვდილს მაინც ვერ გადაურჩა: მილოშ ობილიჩი ღამით მალულად შეიპარა მის კარავში და მოკლა. მურადის ტახტი დაიკავა ბაიაზიდ I-მა.
ბაიაზიდ I
რედაქტირებაბაიაზიდ I აწარმოებდა დამპყრობლურ პოლიტიკას ანატოლიასა და ბალკანეთში. ტახტზე ასვლისთანავე დაიპყრო სერბია, 1393-1396 წლებში იბრძოდა ბულგარეთის დასაპყრობად და საბოლოოდ დაიპყრო კიდეც. ასევე, ანგორის ბრძოლამდე მოასწრო მაკედონიისა და თესალიის დაპყრობა. 1402 წლამდე რამდენიმეჯერ ჰქონდა კონსტანტინოპოლის აღების მცდელობა და მას ალყა შემოარტყა, თუმცა აღება მაინც ვერ მოახერხა.
ანგორის ბრძოლა
რედაქტირება1402 წლის 28 ივლისი მისთვის საბედისწერო გამოდგა. სწორედ ამ დღეს გაიმართა ანგორის ბრძოლა თემურლენგის წინააღმდეგ. ანკარაში შესვლამდე თემურლენგს დაკავებული ჰქონდა სივასი. თავდაპირველად, ოსმალეთის არმიამ დიდი უპირატესობა მოიპოვა და ჩანდა, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვებულის ვინაობა უკვე გარკვეული იყო, მაგრამ სულთან ბაიაზიდს ანატოლიელმა ბეგებმა უღალატეს და გადავიდნენ მონღოლების არმიის მხარეს. ამ ღალატის გამო ოსმალეთის არმია დამარცხდა, ხოლო თემურლენგმა სასტიკად ააოხრა სრულიად ოსმალეთი და ტყვედ წაიყვანა სულთან ბაიაზიდი, რომელმაც მემკვიდრის დასახელება ვერ მოასწრო და ტახტი დაუტოვა ოთხ შვილს. ამ დღიდან დაიწყო ოსმალეთის იმპერიის უმეფობის ხანა, რომელიც 1413 წლმდე გაგრძელდა.
უმეფობის ხანა
რედაქტირებაუმეფობის ხანის მთავარი მონაწილენი იყვნენ სულთან ბაიაზიდის შვილები: მეჰმედი, ისა, სულეიმანი და მუსა. სულეიმანმა თავი ედირნეს სულთნად გამოაცხადა, ისამ — ბურსას, ხოლო მეჰმედი თავს ანატოლიის სულთნად თვლიდა. მეოთხე ძმა - მუსა კი ყველაზე უმცროსს, მეჰმედის მხარეს იყო და თავიდან ტახტისთვის არ იბრძოდა.
მეჰმედს თავდაპირველად გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ბრძოლა გაეჩაღებინა ისას წინააღმდეგ და დაეპყრო ბურსა. 1405 წელს, მათ არმიებს შოროს პირველი შერკინება მოხდა, მაგრამ გამარჯვებული არც ამ შერკინებას და არც მომავალ რამდენიმე შერკინებას გამოუვლენია. მაგრამ 1406 წელს, ერთ-ერთი შერკინების დროს ისა სასიკვდილოდ დაიჭრა და მეჰმედმა იოლად დაამარცხა მეთაურის გარეშე დარჩენილი ჯარი.
მეჰმედი მაქსიმალურად ფრთხილობდა და იცოდა, რომ თუ ანატოლიას სულეიმანთან საბრძოლველად დატოვებდა, მაშინ შანსი გაიზრდებოდა, რომ სულეიმანს აეღო აიდინი, ამიტომ მის მომხრე მუსას სთხოვა გამგზავრებულიყო ედირნეში სულეიმანთან საბრძოლველად. მუსამაც უარი არ უთხრა ძმას და გაემგზავრა სულეიმანთან საბრძოლველად. მან მალე და იოლად მოახერხა სულეიმანის დამარცხება, თუმცა მეჰმედისთვის მოულოდნელად ანატოლიაში დაბრუნების ნაცვლად თავი ოსმალეთის ევროპული ნაწილის სულთნად გამოაცხადა.
მეჰმედი რა თქმა უნდა ძალიან გაბრაზდა ძმაზე, მაგრამ 4 წლით მისთვის ომი არ გამოუცხადებია. 1411 წელს კი ჩათვალა, რომ უკვე დრო იყო და თავისი არმია შემართა ძმის წინააღმდეგ. მათ შორის პირველი შერკინებაც სწორედ ამ წელს მოხდა, მაგრამ ამ შერკინების შედეგად გამარჯვებულის ვინაობა ვერ გამოვლინდა. მეჰმედი ცოტა ხნით კვლავ დაბრუნდა აიდინში, სადაც ბიზანტიის იმპერატორ, მანუელ II პალეოლოგისს სთხოვა დახმარება. იმპარატორმა უარი არ უთხრა შეჰზადეს, რადგან თვლიდა, რომ ტახტზე სწორედ ის ავიდოდა და ოსმალეთთან კარგი ურთიერთობდა, ბიზანტიისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა. 1413 წელს მეჰმედი რუმელიაში დაბრუნდა გაორმაგებული ძალებით და მუსა დაამარცხა, რომელიც ვლახეთში გაიქცა და იქ მალევე გარდაიცვალა. ოსმალეთის მთელი ტერიტორია ერთი სულთნის ხელში გაერთიანდა.
მეჰმედ I და მურად II
რედაქტირებამეჰმედ I
რედაქტირებამეჰმედ I-ს თემურლენგის მიერ დანგრეული სახელმწიფოს აღსადგენად ახლოს მყოფ ქვეყნებთან კარგი ურთიერთობა სჭირდებოდა. ამიტომ ბიზანტიასთან და ევროპის ქვეყნებთან მშვიდობიანი ურთიერთიება დაამყარა. ანატოლიის ბეილიქებში ძალაუფლება აღადგინა 1415 წელს. მათ თავისუფლება მიღებული ჰქონდათ ანგორის ბრძოლის შემდეგ. 1416 წელს მათი საზღვაო ფლოტი პირველად შეერკინა ვენეციის საზღვაო ფლოტს, თუმცა წარმატების მიღწევა ვერ მოახერხა. ამავე 1416 წელს ბედრედინ მაჰმუდ სიმავის რელიგიური სახის აჯანყება დაიწყო. აჯანყებულებმა ორჯერ დაამარცხეს სულთნის არმია, მაგრამ ბრძოლაში, რომელიც სმირნასთან გაიმართა საბოლოოდ დამარცხდნენ და მეჰმედის ბრძანებით აჯანყების მოთავე სიკვდილით დაისაჯა.
მურად II
რედაქტირებამურად II-ის ტახტზე ყოფნის პირველი პერიოდი სრულიად მიმართული იყო მისი ტახტის მოცილეების დასამარცხებლად. მას ტახტს ედავებოდნენ ბიძა, მუსტაფა ჩელები და ძმა, შეჰზადე მუსტაფა. მურადმა მოახერხა ორივეს დამარცხება და მთლიანი ძალაუფლება ხელთ იგდო. 1422 წელს მან განაახლა ომი ბიზანტიასთან, რომელიც მამამისს ჰქონდა შეწყვეტილი და ალყა შემოარტყა კონსტანტინოპოლს. რამდენიმე თვე ალყა გრძელდებოდა უშედეგოდ და მან ის მხოლოდ მაშინ მოხსნა, როცა მანუელ II პალეოლოგოსი დათანხმდა მისთვის ხარკის გადახდას. მისი მმართველობის პერიოდში 25-წლიანი კონფლიქტი მიმდინარეობდა ანატოლიის ბეილიქების წინააღმდეგ. მას ასევე კონფლიქტი ჰქონდა ბალკანეთის ქრისტიანების წინააღმდეგაც.
კონსტანტინოპოლის აღება
რედაქტირებამურად II-ის შემდეგ ტახტზე ასული მეჰმედ II-ის მიზნები თავიდანვე ცნობილი იყო. ახალგაზრდა მმართველს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი "აუღებელი ქალაქის" კონსტანტინოპოლის აღება. 1453 წლის 5 აპრილს მეჰმედმა კონსტანტინოპოლს შეუტია. მას ჰყავდა თითქმის 160 000 მეომარი, ხოლო კონსტანტინე XI-მ მხოლოდ 9 000 მეომარის გამოყვანა შეძლო, რომელთა ნახევარზე მეტი უცხოელები იყვნენ. ბიზანტიელები დავალებულ მისიებს ცუდად ასრულებდნენ და ამით მტერსა და მის ლაშქარს უწყობდნენ ხელს. 18 აპრილს, ინჟინერ ორბანის მიერ აგებული ზარბაზნით პირველი შეტევა მოხდა, თუმცა მისი მოგერიება მოხერხდა. მეჰმედ II-მ ოქროს რქაში შეიყვანა ფლოტი და ამით დაემუქრა კონსტანტინოპოლის გალავნის მეორე მხარეს, მაგრამ 7 მაისის შეტევაც უშედეგოდ დასრულდა. 28 მაისს ღამით კი უკანასკნელი შეტევა დაიწყო. ბიზანტიელებმა მტერი ორჯერ უკუაგდეს. მეჰმედმა იანიჩარებს უხმო. ამასთან, ძლიერ დაიჭრა თავდაცვის ხელმძღვანელიც, ბრძოლის გაგრძელება ვეღარ მოახერხა და ფლოტში უფრო დიდი არეულობა გამოიწვია ამ ყველაფერმა. იმპერატორი თავგანწირვით იბრძოდა, მაგრამ თურქებმა ხელთ იგდეს მიწისქვეშა გვირაბი და მცველებს ზურგიდან დაესხნენ თავს. დაიღუპა კონსტანტინე XI და ოსმალებმა ქალაქი აიღეს. 30 მაისს, დილით, სულთან მეჰმედი საზეიმოდ შევიდა ქალაქში. 1453 წლის 29 მაისი ისტორიაში შესულია კონსტანტინოპოლის დაცემის სახელით. მეჰმედ II-მ იგი დედაქალაქად გამოაცხადა. იგი ამ სტატუსს 1922 წლამდე ინარჩუნებდა. ოსმალებმა უწოდეს მას სახელი "სტამბოლი". თუმცა 1922 წლამდე მაინც კონსტანტინოპოლის სახელით მოიხსენიებოდა და მხოლოდ ამ წელს ეწოდა ოფიციალურად სტამბოლი. კონსტანტინოპოლის აღება ოსმალეთის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს გამარჯვებად ითვლება. მისი აღების შედეგად ოსმალეთის სასულთნო იმპერიად ჩამოყალიბდა და ბიზანტია რუქიდან გაქრა.
ამ მოვლენით დასრულდა ოსმალეთის იმპერიის წარმოშობა. მის შემდეგ კი მოდის ოსმალეთის იმპერიის განვითარება.
გალერეა
რედაქტირება-
ოსმან I
-
ორჰან I
-
მურად I
-
ბაიაზიდ I
-
მეჰმედ I
-
მურად II
-
მეჰმედ II
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- The rise of the Turks and Ottoman empire დაარქივებული 2012-06-28 საიტზე Wayback Machine.
- The rise of the Ottoman empire დაარქივებული 2015-06-19 საიტზე Wayback Machine.